თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი

festგასულ კვირას ფურცელზე ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ვცხოვრობდი, რაც თბილისის საერთაშორისო კინოს ფესტივალით იყო გამოწვეული. ფილმებიც ფესტივალის გახსნამდე 4-5 დღით ადრე ავარჩიე და ყველანაირად შევეცადე უნივერსიტეტი, სამსახური და ფესტივალი საუკეთესოდ შემეხამებინა ერთმანეთისათვის. საბოლოო ჯამში მოვახერხე 8 სრულმეტრაჟიანი და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა.

თუმცა სანამ კონკრეტულად ფილმებზე მოგიყვებოდეთ, 1-2 სიტყვას ორგანიზაციულ საკითხებს დავუთმობ; არ მესმის, ასეთი მასშტაბის ფესტივალის დროს რატომ უნდა იქმნებოდეს ისეთი პრიმიტიული პრობლემები, როგორებმაც „რუსთაველსა“ და „ამირანში“ წარმოიჩინა თავი. პირველ რიგში დასწრების საკითხი არის სახსენებელი. ხშირი იყო, როცა სეანსებზე უბილეთო მსურველთა რიგი იდგა, რასაც ორგანიზატორები იმით შველიდნენ, რომ ადგილების გავსებიდან რამდენიმე წუთში დანარჩენ ხალხს „შეყრიდნენ“ კიბეებზე. ყოველივე ამის გამო მაღალრეიტინგული ფილმების სეანსებზე გაუსაძლისი იყო დარბაზში სუნთქვა. პრობლემები შეიქმენა ასევე ბილეთებთან დაკავშირებით, როდესაც რამდენიმე ადამიანს (მათ შორის მეც) შემთხვევით მიჰყიდეს ჟიურის წევრებისთვის გამოყოფილი ბილეთი. ერთ-ერთ სეანსზე გარეგნულად ჩრდილოევროპელ მამაკაცს თავაზიანად მოვახსენე, რომ ჩემს ადგილზე იჯდა, მან კი ისეთი ამბავი ამიტეხა, მე ჟიური ვარ, აქ რა გესაქმებაო, რომ თავჩახრილი უკანა რიგში გადავბარგდი.

ცალკე უნდა ითქვას ასევე სუბტიტრებზეც. როდესაც ფრანგულ, რუმინულ, გერმანულ ფილმს უჩვენებ და ზედ რუსულ ტიტრებს ადებ, ცოტა არი იყოს და მაყურებლისთვის დამღლელი ხდება მისი ყურება. თანაც ტიტრებისთვის თვალის დევნებამ შეიძლება რომელიმე შესანიშნავ კადრზე არ მიგაქცევინოს ყურადღება, რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული თემაა. კარგი იქნება თუ ყველა ფილმი ითარგმნება ქართულ ენაზე (ინგლისურზე და რუსულზე მაინც) ან სუბტიტრები მაინც იქნება ქართული. მიუხედავად ამისა, ეს პრიმიტიული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი ამოსაძირკვია და იმედი მაქვს შემდეგ ფესტივალზე თავს აღარ შეგვახსენებენ.

რაც შეეხება ფილმებს, კინომცოდნის სტატუსით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მითუმეტეს, რომ რიგითი კინომოყვარული ვარ და მეტი არაფერი, ასე რომ ჩემი შეფასებებიც ამ კუთხით მიიღეთ:

(more…)

შვიდი დღე ტიბეტში

ისე როგორ უნდა გასულიყო პროექტი, რომ ჩვენი სახელწოდების გუნდს ერთი ღონისძიება მაინც არ მიგვეძღვნა დათო ტურაშვილის წიგნისადმი “ტიბეტი არ არის შორს“ ?!  სწორედ ამიტომ, „ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ „ერთი გასროლით ორი კურდღელი მოგვეკლა“ და ეკრანზე რეჟისორ გიო მგელაძის ფილმი “შვიდი დღე ტიბეტში“ გვეჩვენებინა. ვისაც ტურაშვილის ეს საოცარი წიგნი გაქვთ წაკითხული იქ ხშირად გადააწყდებით გიო მგელაძის სახელს; ეს ის ადამიანია, რომელთან ერთადაც წავიდა ტურაშვილი ტიბეტში სამოგზაუროდ. მოგვიანებით, როდესაც ამ მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, დათომ წიგნი დაწერა, გიომ კი – დოკუმენტური ფილმი შექმნა, ფილმი, რომელიც ჩვენ პარასკევს შევთავაზეთ მაყურებელს.

(more…)

რენე მაგრიტი – ეს არ არის ჩიბუხი !

*პოსტში გამოთქმული ყველა ანალიტიკური მოსაზრება არის ავტორისეული.


1928-29 წლებში, ბელგიელმა სურეალისტმა რენე მაგრიტმა დახატა, ერთი შეხედვით უმარტივესი სურათი; ტილოზე გამოსახულია ჩიბუხი, რომლის ქვემოთაც აწერია ფრაზა „Ceci n’est pas une pipe“ (ეს არ არის ჩიბუხი). რა არის ეს? აშკარაა, რომ მხატვარი ისწრაფვის არა მომხიბვლელი ნახატის შესაქმნელად, რომელიც მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, არამედ მას სურს შექმნას რაიმე ისეთი, რაც თავისი სიმარტივით გარკვეულ შეტყობინებას დაუტოვებს მაყურებელს.

ფრანგი ფილოსოფოსი, მიშელ ფუკო თავის ერთ-ერთ ესეში წერს: „ეს ნახატი ისეთივე მარტივია, როგორც ბოტანიკის სახელმძღვანელოდან ამოხეულ ფურცელზე გამოსახული ფიგურა, რომლის ქვეშაც განთავსებული წარწერა ამავე ფიგურაზე მიუთითებს“. ფუკოს ამ ციტატიდან ჩანს, რომ მაგრიტმა შეძლო ტილოში სიმარტივის ეფექტის შენარჩუნება – ხორცისფერ ფონზე, ყავისფერი ჩიბუხი შავი ტარით სრულიად მარტივი აღსაქმელია მაყურებლისთვის. იმავე შავ ფერშია შესრულებული მთავარი წარწერაც. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩიბუხის თავზე არეკლილი სინათლე, უფრო მეტ სიმსუბუქეს სძენს ნახატს. (more…)

ქვაში ალაპარაკებული კამასუტრა

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში, ჩხატარპურის რეგიონში, მდებარეობს პატარა ქალაქი კაჯურაჰო. თუ ინდოეთის მოსახლეობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კაჯურაჰო ქალაქის სახელსაც კი არ იმსახურებს, რადგან სულ რაღაც 20 ათას მოსახლემდე ჰყავს და იმათშიც კი დიდი ნაწილი ტურისტები არიან. კაჯურაჰოს ფართობი მხოლოდ 25 კვადრატული კილომეტრია, თუმცა ეს სულაც არ უშლის მნახველთა სიჭარბეს ხელს ამ პატარა დასახლებაში. მოსახლეობა ლაპარაკობს ჰინდიზე, ასევე უმეტესობამ იცის ინგლისური ენაც, რაც უმთავრესად გამოწვეულია ტურისტებთან ურთიერთობის აუცილებლობით. რაც შეეხება  რელიგიას – როგორც მთელ ინდოეთში – ის სხვადასხვაგვარია, მაგრამ ძირითდად ჭარბობენ ინდუიზმის მიმდევრები.

გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, კაჯურაჰო მთვარის ღმერთის, შარდრას ძის – ღმერთ შარდრავარმანის მიერაა დაარსებული. მოგზაურ იბნ ბატუტას წყაროებიდან (ძირითადი ნაწილი ჩაწერილია 1335 წელს) ვიგებთ, რომ ოდესღაც მთელ კაჯურაჰოს დიდი გალავანი ერტყა, რომელსაც 8 გრანდიოზული კარიბჭე ჰქონდა. თითოეულ კარიბჭეს ამშვენებდა ორი ოქროს პალმა. ქალაქის გარშემო, არ არსებობდა რაიმე დასახლება, ამიტომაც სხვა ქალაქებთან შედარებით, კაჯურაჰო დაცული სივრცე იყო. (more…)

ლასე ჰოილი – ანესთეზირებული ხელოვანი

ვინ მოსთვლის რამდენს უჭირავს ხელში აპარატი და ფოტოებს იღებს , მაგრამ მკვდარ ფოტოს სიცოცხლე მიანიჭო და უბრალო სიტუაცია ხელოვნების ნიმუშად აქციო, ამას იშვიათები თუ ახერხებენ. ფოტოგრაფიაში განსწავლული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არის ფოტოები, რომლებსაც შევხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები მასში რაღაც ახლობელი რომ დევს, რომ თითქოს მასში რაღაც სათქმელი სპეციალურად ჩემთვის ჩადო ავტორმა. სხვაა აგაღელვოს ფოტომ და მისმა სიუჟეტმა ტანში გაგცრას – ამას ბევრი ახერხებს დღეს, მაგრამ ათასგზის დამუშავებულ და „ნაკომპიუტერალ“ ფოტოს რომ ორგანულობას უნრაჩუნებ, ეს უფრო დიდი ხელოვნებაა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იშვიათ ხელოვანზე მინდა გიამბოთ ახლა;

ლასე ჰოილი ჩემთვის In Absentia-თი დაიწყო 2009 წლის პირველ თვეებში, როცა Porcupine Tree-ს 2002 წლის ალბომის გარეკანი ვნახე და მაშინვე აღვფრთოვანდი. იშვიათად თუ მენახა მსგავსი რამ – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროგრესივ-როკ-არტი და მეორე შეხედვით ერთგვარი მედიატორი ბენდის მუსიკისა. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ემოცია, რომელსაც ალბომის მოსმენა ბადებდა, ზუსტად ეს ფოტო იყო, რომელზეც თავად დანიელი ხელოვანი იყო გამოსახული. მერე გავარკვიე, რომ ამ ბენდის ყველა DVD-სა და ალბომის გარეკანს,  Artwork-ებს და კონცერტის ვიზუალურ ეფექტებს ეს კაცი ამზადებდა, ამიტომაც უფრო და უფრო დავინტერესდი მისი შემოქმედებით. თუმცა ეს მერე იყო, როდესაც კონცერტი ანესთეზია ვიხილე, მანამდე კი ალბომის გარეკანებითა და ფოტოებით ვტკბებოდი.

(more…)

ძმები ლიმბურგების “ბრწყინვალე ჟამნი”

ყველაფერი ისე აეწყო, რომ ჩემს ამსემესტრულ სწავლებას ორჰან ფამუქთან ზიარება მოჰყვა და ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს თუ ვიტყვი, რომ მხატვრული მინიატურისადმი ინტერესი გამეზარდა. ამ სფეროში უვიცი და ხეპრე ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვერც მცოდნეობაზე დავიკვეხნი . ჩემი დღევანდელი პოსტიც მხატვრულ მინიატურებზე არის. მთლად ფამუქის გზას არ გავყვები და მცირე აზიის ნახევარკუნძულს არ მივაშურებ, მაგრამ წარმოგიდგენთ XV საუკუნეში, გვიანი გოთიკის ხანაში მოღვაწე ჰოლანდიელ მხატვრებს – ძმებ ლიმბურგებს და მათ უმთავრეს ნამუშევარს სახელწოდებით „ბრწყინვალე ჟამნი“.

(more…)

თუთიის ასი ჯარისკაცი

               -ოდესმე ძველ წიგნსაცავში, ანდაც დიდი ბიბლიოთეკის წიგნის თაროებს შორის თუ გიმოგზაურიათ? საოცარი განცდაა, არა ? უფანჯრებო, ბუნდოვნად განათებულ დერეფანში მიაბიჯებ და ფიქრობ. ფიქრობ და ელოდები, მაგრამ ვერ ხვდები რას, და მეტიც – იმასაც ვერ ხვდები საერთოდ რამეს თუ ელოდები. ამას მერე აღმოაჩენ, როცა ბუნდოვნად განათებული დერეფნიდან გამოდიხარ და მტვერით გაჟღენთილ სუფთა გარემოში იქ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებ. მანამდე კი, მიდიხარ უფანჯრებო, ჩაბნელებულ ბილიკზე და ყველა ნაბიჯს რაღაც მოყვება, რაღაც ამოუცნობი გრძნობა, ტანში ზოგჯერ სიცივე რომ დაჰკრავს და ზოგჯერ მონარინჯისფრო სითბო.

მანაც ისე იმოგზაურა თავის წარსულში, თითქოს წიგნის თაროებს შორის მოგზაურობდა. ხელში კალმის მაგივრად „ჯადოსნური ლამპარი“ აიღო და თავისი ცხოვრების ბუნდოვნად განათებულ, უფანჯრებო დერეფანს გაუყვა. მეგზურებადაც ჩვენ გაგვიყოლა და ჩვენ გაგვიზიარა სიცოცხლისა თუ სიკვდილის ყველაზე ინტიმური დეტალები. სიკვდილი კი დაბადებიდანვე გვერდში ედგა, როგორც ყველაზე ერთგული მეგობარი. დადიოდა ამ ლამპრით ხელში და თაროზე შემოდებული თითოეული ძველი წიგნი, ყდითვე ახვედრებდა მის მეხიერებას თუ რა მოგონება უნდა ამოეტივტივებინა ინგმარის დაჭმუჭნულ ტვინში. ისიც არ ჩქარობდა, ყველა ყდას გულდასმით აკვირდებოდა და ბოლოს, როგორც იქნა, გაიარა თავისი დერეფანი.
(more…)

My Top 10 Albums 2011

ესეც ასე, იწურება 2011 წელი და აღარ მგონია რამე ნორმალური ალბომი ან EP დაიდოს დარჩენილ 21 დღეში, გასულ 344-ში გამოსულებიდან კი მინდა ჩემი რჩული ათეული შემოგთავაზოთ. მოკლედ, ჯეოსტარის ჟიურისავით კი გამომივა ეს ნათქვამი, მაგრამ „მართლა ძალიან გამიჭირდა ათეულის შედგენა.“ ბევრი კარგი ვიგემეთ და ბევრიც ცუდი. წლის დიდ ჩავარდნად „რადიოთავებისა“ და „წიწაკების“ კოშმარი მიმაჩნია, მოულოდნელად კარგ ნაშრომებად კი Yes-ის, Pendragon-ისა და Foo Fighters-ის ალბომები. იყო სხვა ბევრი კარგი ალბომი თუ EP-ც, მაგალითად: ქართულმა ჯგუფმა U.R.-მა შესანიშნავი EP შემოგვთვაზა სახელწოდებით  X-Craft. წლის დასაწყისში აღმოჩენილმა Combination Head-მაც პროფესიონალური და გემოვნებიანი ალბომი Museum დადო. მომეწონა Megadeth-ის ახალი ალბომიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ათეულში ვერ მოხვდა (ალბათ 2005 წლის Sol29-ის გადამეტებული სიყვარულის გამო), უგემრიელესი იყო Nosound-ის შესანიშნავი ალბომიც. ასევე კარგი ნაშრომი შემოგვთავაზა ნორვეგიულმა Gazpacho-მ. გამიკვირდა Arena-სა და Whitesnake-ს კარგი ჩანაწერებიც. წლის საუკეთესო ლეიბლად კი KScope მიმაჩნია, რომელმაც უბრალოდ არცერთი შეცდომა არ დაუშვა თავის სამუშაო პროცესში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ესეც ჩემი ათეული.
(more…)