უფრო მაღალი ჩრდილები – 5 – ნინია

umc
შაბათს შუადღით ქრისტეფორე საყიდლებზე წავიდა. იყიდა ერთი დიდი შანდალი და წვრილი ლურსმნების შეკვრა. მერე საეკლესიო მაღაზიაში შეიარა და ოცი სხვადასხვა ზომის ხატი შეიძინა. მაღაზიაში აქცია ჰქონდათ, ყოველ შეძენილ სამ ხატზე მეოთხეს უფასოდ გჩუქნიდნენ. ასე რომ მხოლოდ თხუთმეტი ხატის საფასურის გადახდა მოუწია. ის კი არადა, მადლიერმა გამყიდველმა გოგონამ, ათი ცალი თაფლის სანთელიც აჩუქა. მაღაზიაშივე იყიდა ლოცვების წიგნი და ფსკვნილიც.
საღამოს, ინტერნეტში უძრავი ქონების გაქირავების საიტზე შევიდა და მთელი კვირა დღისთვის ერთოთახიანი „ხრუშოვკა“ იქირავა, დილის რვა საათიდან ის ბინა მისი იქნებოდა ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
შემდეგ ფოტოშოფში შუა საუკუნეების რომელიღაც მოზაიკიდან, სადაც ქრისტეს სასწაულები იყო ნაჩვენები, კანას ქორწილის სცენა ამოჭრა და დაამუშავა. ზედ დაასვა შტრიხ-კოდი, წააწერა რაღაც გამოსასვლელი ცნობები და „CANA WINE. ზომებში გაასწორა, ამობეჭდა, წებო წაუსვა და ძველ ღვინის ბოთლზე მიაკრო.
კვირას დილით ნაქირავებ ბინაში წავიდა, გასაღები რომ აეღო. კორპუსთან ცოტა ადრე მივიდა, მეპატრონეს დაურეკა, იმან კიდევ ახლა დამლაგებელი მყავს, დაალაგებს და გადმოდირეკავ მეთვითონო.
სინამდვილეში იმ ადამიანების სრულ უმეტესობას, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, არანაირი დამლაგებლები არ ჰყავთ; რაოდენ ვაჟკაცური გარეგნობისაც არ უნდა იყოს გამქირავებელი, იცოდეთ, რომ თქვენთან შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე, რომელიღაც ქიმიური ნივთიერებით აყროლებული ტილო ეკავა ხელში და იატაკს გულმოდგინედ ხეხავდა. ჭურჭელსაც გულდასმით აკრიალებდა და უნიტაზსაც ელოლიავებოდა “დომესტოსით”. უბრალოდ, ასეთ ადამიანებს რატომღაც ეთაკილებათ იმის თქმა, რომ თავად ალაგებენ სახლს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცხრის ათი წუთისთვის ქრისტეფორეს უკვე ხელში ეკავა ბინის გასაღები. დაახლოებით ხუთი წუთი სახლში დადიოდა, შეისწავლა სად რა იყო, შემდეგ კი გარეთ გავიდა და მანქანიდან ამ დილით ნაყიდი ხილი და წინა დღეს შეძენილი ნივთები ამოიტანა.
ცხრას აკლდა ათი წუთი, როცა ტუმბოს თავზე უკვე ეკიდა ოცი ხატი. მათ ქვეშ შანდალი იდო, სადაც ორი სანთელი იყო დამაგრებული. დანარჩენი სანთლები კი შანდლის გვერდით ეწყო. შანდლის გვერდზევე იყო ლოცვების წიგნიცა და ფსკვნილიც.

(more…)