ვიდეო-რევიუ “ჩაკ პალანიკი – მებრძოლთა კლუბი”

რამდენიმემ ალბათ იცით, რომ გამომცემლობა “დიოგენემ” გამოაცხადა ვიდეო-რევიუების კონკურსი, სადაც ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.

დატო ტურაშვილი – ტიბეტი არ არის შორს

დათო ტურაშვილის წიგნში „ტიბეტი არ არის შორს“ ავტორი მოგვითხრობს ქართველთა მოგზაურობაზე იმ საოცარ ქვეყანაში, რომელიც „თავიდან შორეულ ოცნებას ჰგავდა და ბავშვობის წიგნებში თუ ამოგვეკითხა შემთხვევით“. მწერალი თავის სტილში, მხატვრულ-დოკუმენტურად გვიყვება იქ მომხდარ, ტიბეტური სიყვარულის ისტორიით გაჯერებულ ამბებს. კითხვისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ტურაშვილი გვერდით გიზის და უდიდესი გულწრფელობითა და ემოციით გიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს –  ისე, როგორც მეგობარი მეგობარს. გარდა ამისა, მწერალი კიდევ ერთ საოცარ რამეს ახერხებს: საბჭოთა სივრცეში გაზრდილ ქართველს, ერთი შეხედვით, ცოტა რამ თუ უნდა ჰქონდეს საერთო ჰიმალაის ამ ერთი ციცქნა კულტურასთან, მაგრამ დათო ტურაშვილი თავისი სასიამოვნო თხრობითა და მაღალი ინტელექტით ახერხებს დაგვანახოს ის საოცარი დამაკავშირებელი ძაფები, რომლებიც ამ ორ თავისუფლებისმოყვარე ერს შორისაა გაბმული. ყოველივე ამის შემდეგ კი მკითხველის გულშიც ჩნდება ის პატარა ადგილი, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.

თავად წიგნი კი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და სასიამოვნო გემოს გიტოვებს. ამას ერთვის ისიც, რომ დინამიკური თხრობა ბოლო გვერდამდე შენარჩუნებულია და ჯერ კიდევ გაურკვეველ და ორიგინალურ სიყვარულის ამბავს, ბოლომდე გულშემატკივრობ. საბოლოო კვანძი კი ბოლო წინადადებაში იხსნება, როდესაც ავტორი ყველას გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა აღმოაჩინოს საკუთარი ტიბეტი – ქვეყანა, რომელიც არ არის შორს !

* აღნიშნული რევიუ შევიდა თბილისის წიგნის საერთაშორისო მე-14 ფესტივალის კატალოგში