უფრო მაღალი ჩრდილები – 8 – ვიპარავთ კატელანს (ნაწილი მეორე)

umc

ნაწილი მეორე

ვიღაც გადარეული

როცა ამ კუნძსაც მისცა ფორმა, დამირეკა, ამოდი, ნახეო. თავგადაპარსული დამხვდა, არ უხდებოდა, ან მე ვიყავი მის ხუჭუჭ თმას შეჩვეული დიდი ხანი. ქანდაკებას ტილო გადააცალა. შევხედე თუ ჯერ გამეცინა, მერე ცოტა შემეშინდა. ფაქტია, რომ მაშინ ვიგრძენი, ეს ბიჭი ნელ-ნელა უმართავი ხდებოდა. ან რავიცი, შეიძლება არც ხდებოდა, მაგრამ მე კი გულში რაღაცამ გამკრა, როცა კუბოში ჩაწოლილი საკუთარი თავი დამანახა – მაღალი, სახეგრძელი ტიპი, ოდნავ კეხიანი ცხვირით, გრძელი თითებით, გადაპარსული თავით, წვერით. ვერაფერი ვუთხარი, ან რაში სჭირდებოდა, ან რას გულისხმობდა, ვერაფერი გავუგე. შეკითხვებიც არ დამისვამს. მალევე გამოვბრუნდი სახლიდან.
ორი დღე არაფერი შევხმიანებივართ ერთმანეთს, მერე თვითონ დამირეკა, დახმარება მჭირდებაო. ზეგ ნანეტის ცენტრში უნდა დავდგათ ეს ქანდაკებაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. აღარ ვუთხარი, რომ შეიძლება გარეგნობით ეცნოთ და ხულიგნობაზე დაეჯარიმებინათ. არც კითხვების დასმა მინდოდა. უბრალოდ ბრმად მივყვებოდი.
გავიდა ის ორი დღეც, დაახლოებით ღამის ოთხი საათი იქნბოდა, როცა დამირეკა. სწრაფად ჩავიცვი და გარეთ გავედი. ირაკლისთვის ის FORD-ის ფურგონი გამოერთმია.
– აქ არა, უკან დაჯექი, ქანდაკება დაიჭირე, არ გადმოვარდეს – მითხრა კარის გაღებისას.
ფურგონის უკანა კარი რომ გავაღე, ხელთათმანები გადმომიგდო, ეს გაიკეთე, უმაგისოდ არ შეეხოო. კუბოს აგურის ფეხები ჰქონდა გაკეთებული და შუა ნაწილი ჰაერში იყო გამოკიდებული. ესე რატომ გაქვს-მეთქი რომ ვკითხე, წებო ადვილად რომ წავუსვათო მიპასუხა.
ხუთს წუთები აკლდა, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე ფურგონი გავაჩერეთ. ეს ქუჩა რენესანსის გამზირის ერთ-ერთი პატარა განტოტებაა, 127-ე სკოლასა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი თოჯინების თეატრის შენობას შორის. როგორც წესი ამ პატარა ქუჩაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისგან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ნანეტის ყველაზე მსხვილი დაცვის სამსახურის სათაო ოფისი მდებარეობს, პატრულირება არ ხდება ხოლმე. ძალიან ვიწრო ქუჩაა და შესაბამისად თავს არცერთი საპატრულო ეკიპაჟი იწუხებს აქ ამოსაბობღებლად.
ფურგონი ქუჩის შუაში გავაჩერეთ, თავი დავიზღვიეთ – კუთხესთან კამერა რომ ყოფილიყო, ნომერი არ დაენახა.
შევუდექით საქმეს, უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. დავიწყე მე კუბოს ძირზე წებოს წასმა, ის კი გამზირის კუთხესთან იყო გასული, რომ დაკვირვებოდა საპატრულო ეკიპაჟი როდის ჩამოივლიდა. ჩამოიარა თუ არა ქრისტეფორე სირბილით ამოვარდა მანქანასთან – მოედანთან პატრული წრეს დაარტყამს და როგორც კი გაგვცდება მაშინვე უნდა ჩამოვიღოთო. სამი, მაქსიმუმ ოთხი წუთი გვქონდა დრო, სანამ პატრული ოპერის შენობამდე ჩავიდოდა და იქ დატრიალდებოდა.
იმედი გვქონდა, რომ კაციშვილის ჭაჭანება არ იქნებოდა ამ ადგილას, თორემ ვერ დაგვიდგებოდა კარგი დღე. მეეზოვეებიც, ჩვეულებრივ ღამის საათებში ასუფთავებენ ხოლმე აქაურობას, ასე რომ საქმე უკვე მომთავრებული ექნებოდათ.
სკულპტურა მძიმე კი იყო, მაგრამ მოვერიეთ. თეატრის ძველი შენობის წინ ერთი მემორიალი არის, სწორედ იმ მემორიალის უკან დავდგით ესეც, გამზირიდან რომ არავის შეემჩნია. გამთენიისას გამვლელები დაინახავდნენ პირველები, მანამდე წებოც კარგად გაუჯდებოდა.
დავაწეპეთ. წამოვედით.
***
ახალი ამბების გამოშვებაში დიდად ყურადღება არავის მიუქცევია ამ სკულპტურისადმი, ბოლოს გაკვრით ახსენეს ზოგან. თვითმხილველები ამ ფაქტს ბოროტ ხუმრობას, უნიჭობას, სრულ ჭკუაზე არ ყოფნას უწოდებდნენ;
– არ შეგეშინდათ ან არ შეშფოთდით, როდესაც ეს ქანდაკება დაინახეთ? – ეკითხებოდა ჟურნალისტი ერთ-ერთ თვითმხილველს.
– არა, ჩემო კარგო, ვიღაცა გადარეულმა ვიღაცა მკვდარის ძეგლი გააკეთა, რაზე უნდა შემშინებოდა?! – სიცილით უპასუხა კაცმა.
რამდენიმე ჟურნალისტმა ჩამომხრჩვალი ბავშვებიც გაიხსენა და ეს ქანდაკება იმათ დაუკავშირა. ვარაუდები იყო, მაგრამ ხალხმა მაინც მალე დაივიწყა ამ ძეგლის ამბავი – იმ კაცის არ იყოს, ყველას ფეხებზე ეკიდა ვიღაცა გადარეულმა თუ ვიღაცა კუბოში ჩააწვინა და გამოაქანდაკა. თუმცა მალე ისევ გაიხსენა ყველამ კუბოში ჩაწვენილი გადარეული, რადგან სწორედ ამ კუბოს ამბით დაიწყო ის, რამაც დღეს პიკს მიაღწია და გადართეთ ნებისმიერ არხზე, ნახავთ რა შიშს ჰყავს ხალხი ატანილი.

(more…)

უფრო მაღალი ჩრდილები – 2 – ნაშთები

umc

ნანეტელ ბიჭებს ორი უცნაური თვისება აქვთ: პირველი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისაა, რომ თითქმის ყველა პოეტია და ამ თითქმისიდან თითქმის ყველა ერთნაირ ლექსებს წერს. ინტონაციას უმეტესობა აწ გარდაცვლილი ნანეტელი მგოსნისგან, სიკო მიგრიაულისგან სესხულობს, ზოგსაც თავისი აქვს: ჩხუბისთავური, ქვეყნისტკივილგანცდილი და სხვა. ტექსტებს კი ხან საიდან ამოკრეფენ ხან საიდან. დროთა განმავლობაში მათი ლექსების ძირითადი სატკივარებიც გამოიკვეთა: ცალმხრივი სიყვარული და მისი გადატანის შემდგომი ლოთობა, სექსის დროს განცდილი უკიდეგანო ვნება-ბარბაცი, ეს რა უქნეს ჩვენს სამშობლოს, ოდები ზღვისპირა ქალაქებს, გოგოვ, გოგოვ შემირიგდი თორემ დედას გიტირებ და ა.შ. არადა ლოთ პოეტს, ასაკის გამო, არც კანონი და არც დედა აძლევს დალევის უფლებას და ციროზითაც მხოლოდ ლექსია ავად და ვნება-ბარბაცული სტრიქონები ან პრემასტურბაციული ფანტაზიის ნაყოფია ანაც სიტყვაში ზედმიწევნით გადმოტანილი Pornhub-ის ვიდეო. (more…)

უფრო მაღალი ჩრდილები – 1 – გზის მაძებარი მოგზაურის ამბავი

umc

And as we wind on down the road
Our shadows taller than our soul.

Robert Plant

ვუძღვნი მაქსს, მიხეილ ჰანეკეს “თეთრი ლენტიდან”

ალბათ ვიღაცამ უთხრა ქრისტეფორეს, რომ ნამდვილად არსებობდა და ამიტომაც მოინდომა ჩემგან გაქცევა.

ქრისტეფორე მამამ დაარქვა – ვასიკო მღვდელაძემ – მოგზაურობაზე მეოცნებე კაცმა, თავის სიცოცხლეში სამშობლოს საზღვრებს რომ არ გასცდენილიყო და ახლობლები თავისი ამ უაზრო ახირებების გამო, დაცინვით ვასკოს რომ ეძახდნენ.

მე თუ ვერ ვიმოგზაურე, იქნებ ამან მაინც მოძებნოს თავისი გზა საზღვრებს გარეთ იმ თავის დიდი სეხნიასავითო.

მოგზაურობის სიყვარული კი გადავიდა მამიდან შვილზე, მაგრამ საზღვრებს გარეთ გზის მოძებნაზე რა მოგახსენოთ!

ვასკო მაშინ გარდაიცვალა, როცა ბიჭი ოცი წლის იყო.

დედა კი თვალითაც არ ენახა – მშობიარობას გადაჰყვა. (more…)