უფრო მაღალი ჩრდილები – 7 – ვიპარავთ კატელანს (ნაწილი პირველი)

umc
ნაწილი პირველი

“იგრძენი მომავალი”

2004 წელს მაურიციო კატელანმა მილანში, პიაცა დე მაჯიოზე თავისი ქანდაკებები გამოფინა – ხეზე ჩამომხრჩვალი ცვილის სამი ბავშვი. კეთილმა მილანელმა ფრანკო დე ბენედიტომ კი, რომელიც ცვილის ერთ-ერთი ბავშვის გადარჩენას მთელი გულით ცდილობდა, გისოსებს მიღმა ამოყო თავი – ხელოვნების ნაწარმის დაზიანებისათვის.
კატელანი არ უყვართ თავის ქალაქში.
***
ყველაფერი მარტივად ჩანდა; იყო მოქმედების სამი ნაწილი.
იმ კვირებში ხშირად მიწევდა ქრისტეფორესთან სიარული. ერთ-ერთ ოთახში ექვსი-შვიდი ხის მორი ეწყო – ორი შედარებით მოზრდილი. ტვინი წავუღე და მაინც ვერ ვათქმევინე საიდან მოათრია ან რაში სჭირდებოდა ეს მორები. მერე მასთან სტუმრად მოსული ირაკლი მაისაშვილი რომ ვნახე, როგორც იქნა ქრისტეფორესაც დავაფქვევინე ყველაფერი;
ირაკლი მაისაშვილი ერთი ჩვენი უბნელია – პათოლოგი და მემგონი მანიაკალური მიდრეკილებების მქონე ტიპი. ვერასდროს ვერ ვიტანდი. მძიმე დანაშაულში ერთხელ იყო შემჩნეული – ყოველ შემთხვევაში მეტი არაფერი დაუმტკიცდა – დაყაჩაღებაზე იჯდა ოთხი წელი – ვიღაც მოხუც ცოლ-ქმარს შეუვარდა სახლში, ორივე ტიტველი დაუბამს სკამზე და ოქროულობა დაუწაპნავს. თან ეუბნებოდა რომელიმემ ხმა რომ ამოიღოთ ერთმანეთს გალოკინებთო – თვითონვე ყვებოდა სასამართლოზე ამ ამბავს სიცილ-ხარხარით. იმ მოხუცების დაცინვა კი ისე გაუგრძელდა, რომ მეზობლებმა გაიგეს ირაკლის ყვირილის ხმა და პოლიცია გამოიძახეს. ჰოდა, უკვე ბინიდან გასვლას რომ აპირებდა სადარბაზოში რამდენიმე მეზობელი და ორი პოლიციელი დახვედრია. ჩააყუდეს მაშინვე, მაგრამ იმ დიდი ამნისტიის დროს მაინც გამოუშვეს, ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა კიდეც მისი, შეშლილი იყო, როდის, რა წამს გადაეკეტებოდა ვერ გაუგებდი. მაშინაც, საუბრისას შეიძლება ისე, უმიზეზოდ დანა გაეძრო და დაგვმუქრებოდა, რომ ყელებს დაგვღადრავდა.
ირაკლი რომ წავიდა ქრისტეფორეს ვკითხე თუ რა საქმე ჰქონდა იმასთან. მაგისი დახმარება მჭირდებაო. მითხრა არც მე მევასება ეგ ტიპი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ქანდაკების გაკეთება მაგას შეუძლიაო. თან უბანში სხვას ვერავის დავითანხმებდიო. შენ ხო შეგიძლია გამოქანდაკება, რაღა ამ პათოლოგს მიადექი-მეთქი. მარტო ვერ მოვახერხებ ამ ამბავს, შენც დამჭირდებიო. თავიდან ვიფიქრე მეც რამე ხომ არ უნდა გამომაქანდაკებინოს-მეთქი, მაგ საქმის არაფერი გამეგება, ჯოხიც კი არ გამითლია ცხოვრებაში, მაგრამ თურმე ამ გეგმის ბოლო ნაწილში ვჭირდებოდი, ტრანსპორტირებისას. სწორედ მაშინ ავახსნევინე ყველაფერი, რას აპირებდა, როგორ აპირებდა, რა საქმეში მრევდა. ისეთი საქმე ჩანდა, რომ უარს ვერ იტყოდი.

(more…)