უფრო მაღალი ჩრდილები – 8 – ვიპარავთ კატელანს (ნაწილი მეორე)

umc

ნაწილი მეორე

ვიღაც გადარეული

როცა ამ კუნძსაც მისცა ფორმა, დამირეკა, ამოდი, ნახეო. თავგადაპარსული დამხვდა, არ უხდებოდა, ან მე ვიყავი მის ხუჭუჭ თმას შეჩვეული დიდი ხანი. ქანდაკებას ტილო გადააცალა. შევხედე თუ ჯერ გამეცინა, მერე ცოტა შემეშინდა. ფაქტია, რომ მაშინ ვიგრძენი, ეს ბიჭი ნელ-ნელა უმართავი ხდებოდა. ან რავიცი, შეიძლება არც ხდებოდა, მაგრამ მე კი გულში რაღაცამ გამკრა, როცა კუბოში ჩაწოლილი საკუთარი თავი დამანახა – მაღალი, სახეგრძელი ტიპი, ოდნავ კეხიანი ცხვირით, გრძელი თითებით, გადაპარსული თავით, წვერით. ვერაფერი ვუთხარი, ან რაში სჭირდებოდა, ან რას გულისხმობდა, ვერაფერი გავუგე. შეკითხვებიც არ დამისვამს. მალევე გამოვბრუნდი სახლიდან.
ორი დღე არაფერი შევხმიანებივართ ერთმანეთს, მერე თვითონ დამირეკა, დახმარება მჭირდებაო. ზეგ ნანეტის ცენტრში უნდა დავდგათ ეს ქანდაკებაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. აღარ ვუთხარი, რომ შეიძლება გარეგნობით ეცნოთ და ხულიგნობაზე დაეჯარიმებინათ. არც კითხვების დასმა მინდოდა. უბრალოდ ბრმად მივყვებოდი.
გავიდა ის ორი დღეც, დაახლოებით ღამის ოთხი საათი იქნბოდა, როცა დამირეკა. სწრაფად ჩავიცვი და გარეთ გავედი. ირაკლისთვის ის FORD-ის ფურგონი გამოერთმია.
– აქ არა, უკან დაჯექი, ქანდაკება დაიჭირე, არ გადმოვარდეს – მითხრა კარის გაღებისას.
ფურგონის უკანა კარი რომ გავაღე, ხელთათმანები გადმომიგდო, ეს გაიკეთე, უმაგისოდ არ შეეხოო. კუბოს აგურის ფეხები ჰქონდა გაკეთებული და შუა ნაწილი ჰაერში იყო გამოკიდებული. ესე რატომ გაქვს-მეთქი რომ ვკითხე, წებო ადვილად რომ წავუსვათო მიპასუხა.
ხუთს წუთები აკლდა, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე ფურგონი გავაჩერეთ. ეს ქუჩა რენესანსის გამზირის ერთ-ერთი პატარა განტოტებაა, 127-ე სკოლასა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი თოჯინების თეატრის შენობას შორის. როგორც წესი ამ პატარა ქუჩაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისგან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ნანეტის ყველაზე მსხვილი დაცვის სამსახურის სათაო ოფისი მდებარეობს, პატრულირება არ ხდება ხოლმე. ძალიან ვიწრო ქუჩაა და შესაბამისად თავს არცერთი საპატრულო ეკიპაჟი იწუხებს აქ ამოსაბობღებლად.
ფურგონი ქუჩის შუაში გავაჩერეთ, თავი დავიზღვიეთ – კუთხესთან კამერა რომ ყოფილიყო, ნომერი არ დაენახა.
შევუდექით საქმეს, უსიტყვოდ ვემორჩილებოდი. დავიწყე მე კუბოს ძირზე წებოს წასმა, ის კი გამზირის კუთხესთან იყო გასული, რომ დაკვირვებოდა საპატრულო ეკიპაჟი როდის ჩამოივლიდა. ჩამოიარა თუ არა ქრისტეფორე სირბილით ამოვარდა მანქანასთან – მოედანთან პატრული წრეს დაარტყამს და როგორც კი გაგვცდება მაშინვე უნდა ჩამოვიღოთო. სამი, მაქსიმუმ ოთხი წუთი გვქონდა დრო, სანამ პატრული ოპერის შენობამდე ჩავიდოდა და იქ დატრიალდებოდა.
იმედი გვქონდა, რომ კაციშვილის ჭაჭანება არ იქნებოდა ამ ადგილას, თორემ ვერ დაგვიდგებოდა კარგი დღე. მეეზოვეებიც, ჩვეულებრივ ღამის საათებში ასუფთავებენ ხოლმე აქაურობას, ასე რომ საქმე უკვე მომთავრებული ექნებოდათ.
სკულპტურა მძიმე კი იყო, მაგრამ მოვერიეთ. თეატრის ძველი შენობის წინ ერთი მემორიალი არის, სწორედ იმ მემორიალის უკან დავდგით ესეც, გამზირიდან რომ არავის შეემჩნია. გამთენიისას გამვლელები დაინახავდნენ პირველები, მანამდე წებოც კარგად გაუჯდებოდა.
დავაწეპეთ. წამოვედით.
***
ახალი ამბების გამოშვებაში დიდად ყურადღება არავის მიუქცევია ამ სკულპტურისადმი, ბოლოს გაკვრით ახსენეს ზოგან. თვითმხილველები ამ ფაქტს ბოროტ ხუმრობას, უნიჭობას, სრულ ჭკუაზე არ ყოფნას უწოდებდნენ;
– არ შეგეშინდათ ან არ შეშფოთდით, როდესაც ეს ქანდაკება დაინახეთ? – ეკითხებოდა ჟურნალისტი ერთ-ერთ თვითმხილველს.
– არა, ჩემო კარგო, ვიღაცა გადარეულმა ვიღაცა მკვდარის ძეგლი გააკეთა, რაზე უნდა შემშინებოდა?! – სიცილით უპასუხა კაცმა.
რამდენიმე ჟურნალისტმა ჩამომხრჩვალი ბავშვებიც გაიხსენა და ეს ქანდაკება იმათ დაუკავშირა. ვარაუდები იყო, მაგრამ ხალხმა მაინც მალე დაივიწყა ამ ძეგლის ამბავი – იმ კაცის არ იყოს, ყველას ფეხებზე ეკიდა ვიღაცა გადარეულმა თუ ვიღაცა კუბოში ჩააწვინა და გამოაქანდაკა. თუმცა მალე ისევ გაიხსენა ყველამ კუბოში ჩაწვენილი გადარეული, რადგან სწორედ ამ კუბოს ამბით დაიწყო ის, რამაც დღეს პიკს მიაღწია და გადართეთ ნებისმიერ არხზე, ნახავთ რა შიშს ჰყავს ხალხი ატანილი.


ნაწილი მესამე

ილარიონ ანდრიაძე

ერთი კაცი ცხოვრობს ნანეტში – ილარიონ ანდრიაძე. ლეო მესის არ აქვს არგენტინაში ეგეთი პოპულარობა და სიყვარული, როგორც ამ კაცს ჩვენს ქვეყანაში. გაკულტებულია და რამდენიმე ათას კაცს მისი სექტაც კი აქვს შექმნილი. ლოცულობენ და ადიდებენ, მისი სიტყვაც წმინდათწმინდად, კანონად მიაჩნიათ. და ვინმეს ილარიონზე ერთი აუგიც რომ დასცდეს, არაა გამორიცხული ადგილზევე მიაკლან.
არადა დიდი არაფერი კაცია; სტუდენტობაში რიგითი ბულკი ტიპი იყო და ხალხს თავი შეაყვარა. მერე, ერთი პერიოდი რაღაც-რაღაც თანამდებობებზე დაინიშნა, ვიღაცამ იქ შეუწყო ხელი, ვიღაცამ – აქ, და საბოლოოდ ქვეყნის კოლორიტი და პატივსაცემი კაცი შეიქმნა და აქაურებსაც ძალიან შეაყვარა თავი. ჩვენს ქვეყანაში ცოლ-ქმრებს ისე რომ უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ილარიონი უყვართ, ძალიან კარგი ქვეყანა გვექნებოდა, მაგრამ – არა! – კულტების სიყვარულს უფრო წინ აყენებენ. ჰოდა ამ სიყვარულითაა, რომ ილარიონს სხვადასხვა ლეგენდები მიაბეს, გეგონება წმინდანი ყოფილიყოს, შარავანდედი შემოარტყეს და ერთი რიგითი ადამიანი ქება-დიდებით აიყვანეს ცამდე. ამასაც რა უნდა ეთქვა! – ვინ იტყვის უარს ეგეთ დიდებაზე?!
ამ ცამდე ასულ კაცს ცალი თვალი არ აქვს; ლეგენდას თუ დავუჯერებთ, თურმე ახალგაზრდობაში, პირველად რომ დაინიშნა თანამდებობაზე, თავადვე ამოიღო ცალი თვალი და ნანეტის ჩრდილოეთით, მთებში ათასწლეულების წინათ ამოთხრილ სიბრძნის ჭას შესწირა. აი, სანაცვლოდ რა მიიღო, არ ვიცი. სიბრძნე იქით იყოს და ფიქრითაც კი დიდად არ გამოირჩევა. ძირითადად თავის თავზე ფიქრობს ხოლმე – თანამდებობაზე ყოფნის დროსაც მის საქმეს სხვები აკეთებდნენ. ახლა არაფერ პოსტზე არ არის, არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ ჩვენი ხალხისათვის მაინც უწმინდესი და უდიადესია.
ჰოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა არ იყოს, ილარიონსაც მუდმივად დაჰყვებიან თავისი პირადი მხლებლები, ფანებისგან რომ დაიცვან – მყავდეს ახლა ეგეც ჯონ ლენონი! ისე დაცვა კი სჭირდება, ამდენი ხალხი რომ მოგვარდება, შენთან ჩახუტება რომ უნდა, შენი დაკოცნა, ცოტა რთულია მარტომ მოიგერიო – თანაც ასაკშია უკვე კაცი. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ილარიონის დაძრულ მანქანას ქალი დასდევნებია და საბარგულზე უკოცნია. ჯონ ლენონსაც კი არ ღირსებია ეგეთი ფანი.
ჰოდა, რატომ გიყვებით ახლა ამ კაცის ამბავს, არ იკითხავთ? ქრისტეფორეს ნაჩალიჩარია ყველაფერი. ოთხი დღის წინ დამირეკა და მეუბნება ამოდი რა განახოო. მაშინვე ვერ ავედი, არ მეცალა, გიოს გავყევი მაღაზიაში, ბავშვისათვის ახალი საწოლი იყიდა, ის ავიტანეთ სახლში.
საღამოსკენ ამას ავაკითხე. ეგეთი აღტაცებული და აჟიტირებული ქრისტეფორე კაი ხანია არ მენახა. ბავშვივით დახტუნავდა.
– დავამთავრე მესამეც! – მითხრა ბედნიერმა.
– ოჰო, მომილოცავს. მანახე აბა!
– მოდი, მოდი ჰო – სტვენითა და ცეკვით გამიძღვნა ოთახისკენ ქრისტეფორე.
ოთახში იატაკზე ცელოფანი ჰქონდა დაგებული, საღებავით პარკეტი რომ არ დაესვარა. კუთხეში ფუნჯები, „კაპაროლის“ ქილები, ჩაქუჩი, შალაშინი და სხვა ნივთები იყო მიგდებული. ცენტრში კი ქანდაკება იდგა, ზემოდან თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ფორმით თუ ვიმსჯელებდით, ისევ კუბო უნდა ყოფილიყო.
– ჰმ ჰმ – ჩაახველა ქრისტეფორემ – ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობაააააააააააააააა – თქვა და ქანდაკებას ზეწარი მოხადა – კუბოში!
ისტერიკული სიცილი ამიტყდა – ილარიონ ანდრიაძე ჩაეწვინა კუბოში.
– ჰა, ხოა ბომბა? – შემეკითხა.
ბომბა ნამდვილად იყო, ამას კი მოყვებოდა დიდი ამბავი, მაგრამ მე მაინც ქრისტეფორეზე ვნერვიულობდი. რამენაირად რომ მიეგნოთ, არ დაადგებოდა კარგი დღე.
– ჰო იცი რომ მაგრად დაგენძრევა რომ გიპოვონ!
– არავინ არ წამაჭამოს! მთავარია დავდგა და მერე მოსტყნიათ კარგის ტრაკი. კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და ლანძღვით მლანძღონ თუ უნდათ!
– არ დაგიჭირონ, ხო იცი ამას რა ხალხი ყავს გვერდში! – ვეცადე სერიზული სახით მეთქვა, მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებდი.
– შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ! – შესძახა და მომვარდა, მხარზე ძლიერად გადამხვია ხელი. ქანდაკებას ერთად ვუყურებდით.
– ამან კი უნდა ააფეთქოს ყველაფერი! – ძალიან ცანცარა ხასიათზე იყო, ბედნიერი იყო – ერთი სული მაქვს როდის დავდგამ!
– სად ვდგამთ?
– ისევ იქ, მინდა რომ მიხვდნენ ესეც და წინა ქანდაკებაც ერთი კაცის ნაჩლიჩარი როა. დაიცა, დაიცა, აჰა ხელთათმანები და ისე მოკიდე ხელი.
ხელთათმანები გავიკეთე და ილარიონს თავზე გადავუსვი ხელი.
– ლაქი გადაუსვი უკვე?
– კი, დღეს დილით. გაშრა უკვე.
– როდის აპირებ დადგმას?
– ხვალ ღამით გავიტანოთ. აღარ შემიძლია, ავყროლდი უკვე ამ საღბავების და ლაქის სუნით.
– ოკეი. შენადა მაგას მარცხენა თვალი არ აქვს თუ მარჯვენა?
– მარცხენა.
– ნაღდად იცი?
– კი, კი ასპროცენტიანი.
– ვაა, მე რომ მარჯვენა მახსოვს.
– ცუდად გახსოვს, გუშინაც კი ვუყურე მაგის გამოსვლას Youtube-ზე, ნაღდად მარცხენა არ აქვს.
თვალები მაგრად დავხუჭე და ვცდილობდი გამეხსენებინა, ილარიონის რომელიმე გამოსვლა, თვალის ამბავზე რომ დავრწმუნებულიყავი.
– აა, ჰო, ჰო მარცხენა არ აქვს, ახლა გამახსენდა.
– გეუბნები, მახსოვს-მეთქი და ჰა!
იმ დღეს გვიანობამდე დავრჩი ქრისტეფორესთან, შევთანხმდით, რომ ხვალ ღამის სამზე გავუვლიდი და სადღაც ხუთისკენ დავდგამდით.
იმ დღეს აღარ შემშინებია არაფრის, ალბათ ყველაზე მეტად სწორედ იმ დღეს მიყვარდა ქრისტეფორე.
***
დადგმა არ გაგვჭირვებია. გვქონდა უკვე მაგის გამოცდილება. ჯავახიშვილის ქუჩაზე ადრე მივედით. ცოტა ხანს რიჟრაჟს ვუცადეთ, მერე ხელთათმანები გავიკეთეთ, ქანდაკებას ძირზე წებო წავუსვით, რენესანსის გამზირზე პატრულის გავლას დაველოდეთ, კაპიშონები მოვიხურეთ და წავედით.
ილარიონი ძველი ქანდაკებისგან სადღაც მეტრნახევარში დავასვენეთ. წებოს კვალი იქ ჯერ კიდევ ეტყობოდა. მერე ქრისტეფორემ თქვა, ერთი-ორი საათით სახლში წავუძინოთ და 8 საათისთვის მოვიდეთო. მაგასთან ავედით. საღებავის სუნში კი მაწუხებდა, მაგრამ დაღლილ მაინც მალე ჩამეძინა.
ორ საათსი ქრისტეფორემ გამაღვიძა. სახეზე წყალი შევისხი და მაშნვე რენესანსის გამზირზე წავედით. იქ ამბავი ხდებოდა, ეგეთს ჩვენც არ ველოდით; ხალხი ქანდაკებას შემოხვეოდა და სახეს იხოკავდა ტირილით. დაახლოებით სამასი ადამიანი იყო, ზოგი კუბოს კოცნიდა, ზოგი ხის ილარიონის შუბლს, ვიღაც ლოცვას ბუტბუტებდა, ვიღაც იწყევლებოდა. ქალებიდან თითქმის ყველა ტიროდა, კაცები კი ან შეშინებულები იდგნენ, ანდაც გაბრაზებულები იგინებოდნენ. ერთი ორი იმაზეც ალაპარაკდა, რომ ეს ყველაფერი ამერიკელების შემოსვლის შედეგი იყო და რომ ხალხისათვის ეროვნულობა წაერთმიათ. ჩვენც იქვე ვიდექით და ვცდილობდით არაფერი შეგვემჩნია. ერთ წამს რაღაც უცნაურმა გრძნობამ გამკრა – ყველაზე მეტად შემეცოდა ეს ხალხი, ქანდაკებას რომ ვერ შორდებოდა. პოლიცასაც კი არ უშვებდნენ ახლომახლო, სკულპტურა ადგილიდან რომ მოეცილებინათ.
ათასნაირი სათაურით და ქანდაკებაზე სხვადასხვა რაკუსიდან გადაღებული ფოტოებით იყო აჭრელებული ბეჭდური თუ ინტერნეტ-მედია. არც ტელევიზიები აკლებდნენ სათქმელს. „მკვდარი ილარიონი“ მაშინვე იქცა ნიუსებში მთავარ განსახილველ თემად. რა თქმა უნდა, ამ ამბავს ყველა წინა ქანდაკებებთან აკავშირებდა. ერთმა ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ტელევიზიამ, რომელსაც ბიზნესმენი შავლეგ მდიდარი აფინანსებდა, იმავე საღამოს სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნა ამ ამბავს.
„რაში დასჭირდა მოქანდაკეს ილარიონის ამგვარი შეურაცხყოფა?“ – შეკითხვას სვამდა ჟურნალისტი და სტუდიაში სტუმრად თუ უბრალო დამსწრედ შეკრებილი ბრბოდან არავის გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ იყო ეს შეურაცხყოფა?! რა გააკეთა ქრისტეფორემ ისეთი, რაც არ მოხდებოდა, რა, ილარიონი არასოდეს მოკვდებოდა? ფიზიოლოგიურად მაინც არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი?! თუმცა ხალხი შეშინებული და აღელვებული იყო – კომენტარების დროს ცრემლების დამალვას ცოტა თუ ახერხებდა.
გადაცემას ერთად ვუყურეთ მე და ქრისტეფორემ. არხის დამფუძნებელმა, რომელიც სტუმრადაც იჯდა, გადაცემის დასასრულს განცხადება გააკეთა: მაყურებელს მოუწოდა, რომ ხვალ ყველა შეკრებილიყო რენესანსის გამზირზე და დაეგმო ეს სამარცხვინო საქციელი.
– უუჰ, კარგია, ხვალაც არ მოგვაკლდება საკაიფო თემები – თქვა ქრისტეფორემ და კმაყოფილი მზერით გადმომხედა. მე სიმართლე გითხრათ ცოტა დამფრთხალი ვიყავი, მეშინოდა მეც რომ გავერიე ამ საქმეში, ქრისტეფორე კი უდარდელად იყო.
***
ვზივარ ქრისტეფორესთან ბინაში და ტელევიზორს ვუყურებთ. რენესასის გამზირზე დილიდან არ წყდება სექტანტების სვლა. დაახლოებით ორმოცი ათასი ადმაიანი შეიკრიბა. ამდენს რას წარმოვიდგენდით?! იმათზე ნაკლები შოკი არც ჩვენ მიგვიღია. აქცია ხვალაც თუ გაგრძელოდა, რაიონებიდან კიდევ უფრო მეტი ხალხი ჩამოვა.
კადრები იცვლება, ხან ბრბოდან გადაღებული ხედები ჩანს, ხან მოშორებით – მთლიანი პლანი, კადრები არის ვერტმფრენიდანაც. აღშფოთებული და მაწყევარი ხალხის ფონზე აღმართული ტრიბუნა ჭიანჭველად ჩანს ძველი თოჯინების თეატრის სახურავიდან. ქანდაკება, რასაკვირველია უკვე აღებულია – ალბათ სადღაც აქვთ წაღებული ანაბეჭდების აღმოსაჩენად. ტრიბუნასთან გამომსვლელები ერთმანეთს ცვლიან. სიტყვის წარმოთქმის უფლებას ყველას აძლევენ. გმობით ყველა გმობს. გამოხატვის ფორმა ვერაა მრავალფეროვანი – უმეტესად უნიათო თავშეკავებულობით ლანძღავენ უცნობ ავტორს. რამდენიმემ პირდაპირ „ამის გამკეთებელს მოვუტყან დედის პროჭი“-ო თქვა და ტრიბუნიდან ჩავიდა. ტაში ერთზეც იყო და მეორეზეც.
გამომსვლელების უკან რამდენიმე ცნობილი პირი ჩანს, მოხუცი ვერშემდგარი მსახიობები, ქალაქის კოლორიტები – ჩოხებში ჩაცმულნი, თავად ილარიონ ანდრიაძე და, რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორი შავლეგ მდიდარი – ასევე ჩოხაში ჩაცმული. რაინდთა კასტაა რომ შეხედო! უცბად, ამ ზედა ფენას შავლეგი ტოვებს და ტრიბუნაზე ადის. ხალხმა ლამისაა ხელები გადაიტყავოს ტაშის კვრისგან. მდიდარი ხელს სწევს, ნიშნად მისალმებისა და გაჩუმებისა, ყელს სირაქლემასავით იღერებს და იწყებს:
– ჩვენო თანამემამულენო, ჩვენო მეგობრებო, დებო და ძმებო, დედებო და მამებო, ღირსო მოქალაქეებო, ქვეყნის ერთგულო პატრიოტებო და გულშემატკივრებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ მოსვლისათვის და თქვენი პოზიციის, თქვენი წმინდა სიტყვის დაფიქსირებისათვის. ხედავთ რამდენი ვართ? – აქ ექსპრესიულად ყვირის და პაუზას იღებს – თქვენ გენაცვალეთ, ჩემო მეგობრებო! აი, ახლა, როდესაც ამდენი ღირსეული ადამიანის წინაშე ვდგავარ, მიჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, მაგრამ მაინც მინდა, რომ მოგმართოთ, რომ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ დავგმო ის რაც გუშინ გუშინ თავს დაატყდა ჩვენს საყვარელ ქალაქს. რა არის ეს თუ არა სულის სისასტიკე? ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნისა, რომ ჩვენს გვერდით, ქუჩებზე, რომელთაც ღირსეული ნანეტელების სახელები ჰქვიათ, დადიან ადამიანები, რომელთა გულებშიაც იმხელა ბოროტებაა ჩაბუდებული, რომ ასეთი უმსგავსო საქციელის ჩადენა გადაწყვიტეს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგით პატრიოტს, უფლება არ მაქვს თვალი დავხუჭო ამ საშინელებაზე, ამ უმსგავსობაზე, ამ ბიწიერებაზე! უფლება არ მაქვს განვერიდო რეალობას და დაუგმობელი დავტოვო ეს ძალადობა, რომელიც ჩვენს სულებზე განხორციელდა. ვინ ჩაიდინა ეს? რატომ ჩაიდინა? რა ამოძრავებდა? თავად თუ ხვდება სა კუ თა რი საქ ცი ელ ის სი სას ტი კეს? გუშინდე…
– მოქანდაკეს მოვუტყან დედის ტრაკითქო და გათავდება მაგით – სიტყვას აწყვეტინებს ტრიბუნასთან ახლოს მდგარი უცნობი მოხუცი, რომლის ჩართვა მიკროფონშიც ისმის. ვინც იგებს, სიცილსა და თანხმობას ერთმანეთში ზელს. მდიდარი ნაძალადევად იღიმის – ექსპრესიული გამოსვლა შეაწყვეტინეს და დიდად არ ესიამოვნა.
– მეგობრებო – სიტყვა აგრძელებს შავლეგი – ჩვენი ერთად დგომით თუ მოვახერხებთ ამ საშინელების გადატანას, ჩვენი ერთად დგომითა და ბრძოლით! ერთად მოვთხოვოთ მთავრობასა და პრეზიდენტს, რომლებიც ჩვენს გვერდში დგანან, რომ დაუყონებლივ დადგინდეს მოქანდაკის ვინაობა და ჩაუტარდეს ფსიქიკური შემოწმება, შემდეგ კი შესაბამისად ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განაწესონ ან საპყრობილეში. დიახ! დიახ! საპყრობილის ღირსია ის, ვინც ჩვენი გულთამპყრობელი თავადვე მოაქცია ხის საპყრობილეში. თუმცა იმ უბადრუკმა – აქ ხმას ნიშნისმოგებით ალბობს მდიდარი – იმ უსუსურმა, უმწეო მოქანდაკემ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა, მეგობრებო – შავლეგი პოეტური გამოსვლისთვის ემზადება, ისეთი პაუზა აიღო, რომ აშკარად რაღაც უჩვეულო უნდა თქვას, მთელი ღამე რომ ამუშავებდა გამოსასვლელ სიტყვაში – მან ვერ გაითვალისწინა ის, რომ კუბოს ჩვენს ენაზე სასახლეც ჰქვია და რომ დიდი ადამიანები, დიახ, ილარიონ ანდრიაძესავით დიდებული ადამიანები სასახლეებში უნდა ცხოვრობდნენ, ჩვენი გულის სასახლეებში. ამ ქვეყანაზე თავგადაკლულ კაცს ჩვენს გულებში უკვე უამრავი დიდებული სასახლე აქვს და იქ საპატიო ადგილი უკავ…
– შავლეგ შენი შავი ჩოხა მოვტყან – იგინება ქრისტეფორეს, ტელევიზორს თიშავს და სახლიდან გადის.
გამექცა.
რას აპირებს, როგორ აპირებს არ ვიცი.
მე ვეღარ გავაკონტროლებ, არადა ჯერ ამბის ნახევარიც არ მითქვამს.

( დასასრული? )

Advertisements
დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: