უფრო მაღალი ჩრდილები – 2 – ნაშთები

umc

ნანეტელ ბიჭებს ორი უცნაური თვისება აქვთ: პირველი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისაა, რომ თითქმის ყველა პოეტია და ამ თითქმისიდან თითქმის ყველა ერთნაირ ლექსებს წერს. ინტონაციას უმეტესობა აწ გარდაცვლილი ნანეტელი მგოსნისგან, სიკო მიგრიაულისგან სესხულობს, ზოგსაც თავისი აქვს: ჩხუბისთავური, ქვეყნისტკივილგანცდილი და სხვა. ტექსტებს კი ხან საიდან ამოკრეფენ ხან საიდან. დროთა განმავლობაში მათი ლექსების ძირითადი სატკივარებიც გამოიკვეთა: ცალმხრივი სიყვარული და მისი გადატანის შემდგომი ლოთობა, სექსის დროს განცდილი უკიდეგანო ვნება-ბარბაცი, ეს რა უქნეს ჩვენს სამშობლოს, ოდები ზღვისპირა ქალაქებს, გოგოვ, გოგოვ შემირიგდი თორემ დედას გიტირებ და ა.შ. არადა ლოთ პოეტს, ასაკის გამო, არც კანონი და არც დედა აძლევს დალევის უფლებას და ციროზითაც მხოლოდ ლექსია ავად და ვნება-ბარბაცული სტრიქონები ან პრემასტურბაციული ფანტაზიის ნაყოფია ანაც სიტყვაში ზედმიწევნით გადმოტანილი Pornhub-ის ვიდეო.

მეორე თვისებასაც გეტყვი: ხსენებული თითქმისიდან (და არა მხოლოდ ამ თითქმისიდან) შედარებით შეძლებულებს მამისგან ნაყიდი შესაშური სილამაზის მანქანები ჰყავთ, როლებშიაც ისინი ყოველდღე სხდებიან, ზოგჯერ მთელ დღესაც კი ატარებენ, უსმენენ მუსიკას, მეგობრებთან ერთად დეტალურად განიხილავენ ამ მანქანის თითოეულ ნაწილს, თუმცა პარადოქსია, რომ ეს ყველაფერი გაჩერებულ ავტომობილებში ხდება, ვაჟკაცები საკუთარ ეზოებს იშვიათად თუ გასცდებიან ხოლმე და ისიც მხოლოდ უბნის ფარგლებში.

გოგიტა გვეტაძეს ორივე ეს უცნაურობა ახასიათებს; მამის მიერ სკოლის დამთავრებისას ნაჩუქარი შავი BMW-ც უყენია ეზოში და არც სტრიქონების სხვებისგან გადმოწერას თაკილობს. თანაც მაშინ, როცა ეს ამბავი მოხდა, ლექსს ლექსზე წერდა, იმ იმედით, რომ წინა შეყვარებულს შეურიგდებოდა, რომელიც საკუთარმა ძმაკაცმა რამინ გიგზიშვილმა მთვრალმა მოუტყნა მისსავე დაბადების დღეზე და იმის მერე გოგიტასკენ არც კი გაახედა.

ქრისტეფორე დიდი ხანია იცნობს გოგიტას – სკოლელები იყვნენ – თუმცა არასოდეს მეგობრობდნენ. ზოგადად უჭირს მღვდელაძეს ეგეთებთან საერთო ენის გამონახვა – ჰო ვიცი რა ტიპიცაა – უბანში მხოლოდ მე თუ მეძმაკაცება. ჰოდა, ამიტომაც იყო, რომ ერთ საღამოს დამირეკა და დახმარება მთხოვა, გოგიტას რაღაც უნდა გავუჩალიჩოო. თავიდან ვიფიქრე ჩხუბი მოუვიდათ და ამას არ უნდა ვალში დარჩენა-მეთქი, მაგრამ სულ სხვა რაღაცაში ყოფილა საქმე. სულ რაღაც 15-20 წამით ვჭირდებოდი, დანარჩენი მე ვიციო, მითხრა. დავთანხმდი და საღამოს მის სახლში ავედი, გავრკვეულიყავი რა ხდებოდა.

მაგარი საქმე ჩანდა! რომ მიყვებოდა სიცილისგან თავს ვერ ვიკავებდი. ეს რომ გამოგვსვლოდა, უბანს სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა და რამდენჯერაც ამ ამბავს გაიხსენებდნენ, იმდენჯერ ჩვენც შეგვეგინებოდა გოგიტას ძმაკაცებისგან, მაგრამ ღირდა. მიზეზი რომ ვკითხე, რატომ მაინც და მაინც გოგიტა-მეთქი, მითხრა ყოველთვის მინდოდა ეგეთი ყვერპოეტისათვის რამე გამეჩალიჩებინაო და თან კიდევ იაპონიიდან თუ გერმანიიდან ჩამოტანილ მანქანებს ეზოებში რომ ალპობენ, ეგეთი ხალხი ნერვებს მიშლისო.

ბევრი აღარ გვილაპარაკია. კვირის ბოლოსთვის დავთქვით შეხვედრა და დავიშალეთ.

**

ქრისტეფორე ოთხი დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს გოგიტას კორპუსთან იდგა, აკვირდებოდა რამდენ ხანს იჯდა ხოლმე სახლის წინ გვეტაძე თავის გაჩერებულ BMW-ში – სამ-ოთხ საათს. თუ დაძრავდა და სადმე გაისეირნებდა, ისიც მხოლოდ ხუთი-ათი წუთით. მერე ისევ კორპუსის წინ ბრუნდებოდა.

შაბათს საღამოს დამირეკა, წამოდი, ვიწყებთო.

ათ წუთში დათქმულ ადგილას შევხვდით. თერთმეტი ხდებოდა უკვე, საკმაოდ ბნელოდა. ჩვენგან ოც-ოცდაათ მეტრში იდგა გოგიტას მანქანაც. შიგნით იჯდა ვიღაც გოგოსთან ერთად.

– სანამ მოხვიდოდი, მანამდე გაიარა უკვე უბანში. ათი-თხუთმეტი წუთი აღარ დაძრავს მაგ მანქანას – მითხრა და სანამ მოქმედებას დავიწყებდით, ყოველი შემთხვევისთვის, როლები გადავიმეორეთ. მაგრამ ყველაფერში ხომ ბედი გინდა?! მაინც და მაინც ამ დროს მოვიდნენ ვიღაცები და კორპუსთან რომ ბესეტკაა იქ დაიწყეს ლუდის სმა. ერთი იძახდა არ გვინდა აქ დალევა, ვიღაცის სახელს ამბობდა – ნიკა, მემგონი – მაგის კორპუსთან გადავიდეთო, მაგრამ სხვები არ უბამდნენ მხარს. ისხდნენ და სვამდნენ ეროვნულ 12%-იან ლუდს. ქრისტეფორეს გეგმაში ეს ხალხი ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული და რაღაც მომენტში ძალიან შევშინდით, თუმცა მერე მივხვდით, რომ პირიქით, უკეთესიც კი იყო ამ ამბავს ამდენი მოწმე ყოლოდა, ვიღაცას ამბავი რომ გაებაზრებინა.

მაგრამ ამასობაში სხვა პრობლემა გამოჩნდა: სანამ ჩვენ მსმელი კაცების ყოფნა გვაფრთხობდა, გოგიტამ მანქანა დაძრა და სადღაც წავიდა. კაცმა არ იცის, როდის მობრუნდებოდა. მხოლოდ იმედი გვქონდა, რომ ეს ვოიაჟიც ხუთ წუთს არ გადაცილდებოდა. ქრისტეფორეს სახეზე ფერი აღარ ედო, კარგად ვიცოდი, თუ როგორ გაუტყდებოდა გული გეგმა რომ ვერ შემდგარიყო. და მეც მაგარ მუღამზე ვიყავი, ოღონდაც მალე დაგვეწყო საქმე.

ვიდექით და ვუცდიდით თუ როდის დაუბრუნდებოდა პოსტს გოგიტა. ორმოცდაათიოდე მეტრში კაცები ლუდს სვამდნენ და მათი ღრიანცელი ცალკე გვიშლიდა ნერვებს, თუმცა ეს ხალხი გვჭირდებოდა და გვინდოდა რაც შეიძლება მეტი ლუდი დაელიათ. გოგიტას წასვლიდან ხუთი წუთი არც იყო გასული, როცა კორპუსთან საპატრულო პოლიციის მანქანამ შემოანათა და მაშინ კი ნამდვილად ვიცოდით მე და ქრისტეფორემ, რომ გეგმა ჩაგვეშლებოდა. მსმელი საზოგადოება ქუჩაში ალკოჰოლის დალევისთვის, შესაბამის ჯარიმას აიკიდებდა, რის გამოც პატრულიც იმდენ ხანს გაჩერდებოდა ამ ადგილას, რომ გოგიტა ამასობაში მოვიდოდა, მანქანას კორპუსის წინ გააჩერებდა, მსმელი კაციებისა და პატრული სიტუაციაშიც გაერკვეოდა და სახლშიც ავიდოდა დასაძინებლად.

მანქანიდან ერთი პოლიციელი გადმოვიდა და ბიჭებს შორიდანვე ხელის აწევით მიესალმა. მე და ქრისტეფორე ჩუმად ვაკვირდებოდით რა ხდებოდა:

-ვაა, ზახარიჩს ვენაცვალე – დაიძახა ბესეტკაში მყოფმა ერთ-ერთმა კაცმა -მოდი, ძმაო ერთი დაგვილიე – თქვა და პოლიეთილენის ჭიქაში ლუდის დასხმა დაიწყო.

– ბიჭებს სალამი, ჰა, რას შვებით, ხურდებით? – სალამში არ ჩამორჩა პოლიციელი, ახლოს მდგარი რამდენიმე ნაცნობი გადაკოცნა და შემოწოდებული ჭიქა აიღო – ლუდით შეიძლება დალოცვა ხო იცით, პატრიარქს გაუცია კურთხევა!

– ვიცით, ვიცით, მიდი შეუბერე, ძმისგულო!

– აბა თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო. ლხინი, ხვავი, ბარაქა არ მოგკლებოდეთ, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა.

– გაიხარე, გაიხარე – უპასუხა რამდენიმემ და თავადაც მოიყუდეს.

– წავედი ახლა, საქმეებია და აქ ვერ გაგიჩერდებით. ჰოდა, დიდხანს ნუ გაწელავთ შარაფს ლომებო, მეორე ეკიპაჟმა რომ ჩამოიაროს, ხო იცით გაგშტრაფავენ!

– ნახევარ საათში ავალაგებთ, უფროსო! – უპასუხა იმ ტიპმა, ნიკას კორპუსთან გადავიდეთო რომ არ იშლიდა და შუბლთან ხელი მიიდო.

– ჯიგრები ხართ! აბა თქვენ იცით! – რამდენიმე კაცი ისევ გადაკოცნა ინსპექტორმა ზახარიჩმა და მანქანისკენ წავიდა.

სიტუაციის ასეთმა განვითარებამ იმედი ისევ დაგვიბრუნა, თანაც პატრულის მანქანა თვალს მიეფარა თუ არა, იმ წუთშივე გოგიტამაც შემოუხვია კორპუსთან და მე და ქრისტეფორე მივხვდით, ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. ახლავე უნდა დაგვეწყო. ჯერ მე უნდა გავსულიყავი და რაც შეიძლება ხმაურიანად უნდა მემოქმედა მსმელების ყურადღება რომ მიმექცია. სახეზე ჩულქი ჩამოვიცვი და გოგიტას მანქანისკენ გავვარდი.

სირბილით გავექანე, ძრავის საფარზე ავედი და რამდენჯერმე დავახტი, თან ვყვიროდი უაზროდ: ააა უუუ ბეეეეეეეე რრრრრრ უუუ . გოგიტა, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვარდა, რა დროსაც სახურავზე გადავინაცვლე და იქაც ხტუნვა დავიწყე.

– ჩამოაჯვი მანქანიდან შენ დედას შევეცი შე ნაბოზვარო – დამიყვირა და ხელი მომიქნია.  პარარელურად გოგოს წივილიც გავიგონე – ანერვიულებულიყო. გოგიტამ მოქნეული ხელი ამაცილა და სახურავს მოარტყა. მეც დრო ვიხელთე, ხელზე დავაბიჯე, სახურავიდან ჩამოვხტი და რაც შემეძლო, მთელი ძალით მანქანის საბარგულის გავლით გავიქეცი.

ღირსებაშელახული გინებით გამომეკიდა. მორბოდა, ნატკენ თითებს ჰაერში აქანავებდა და იფურთხებოდა. სირბილისას გულთან ჩამოკიდებული მზის სათვალე ამოუვარდა.

სადღაც თხუტმეტი-ოცი მეტრი მქონდა გარბენილი, როცა ის მოქეიფე ბიჭები წამოიშალნენ, აინტერესებდათ რა მოხდა. ჰოდა, ზუსტად ამ დროს თავზე ჩულქჩამოფარებული ქრისტეფორე გოგიტას მანქანაში შეხტა, კარები მოხურა და დაძრა. გოგიტამ მანქანის დაქოქვის ხმა რომ გაიგო, უკან მოიხედა და დაბნეული მისკენ გამოიქცა. მე ამ დროს კორპუსებს შორის გავერიე და გოგიტას ხედვის არეალიდან გავქრი. წუთნახევარში ჩემს სახლთან ვიყავი.

ქრისტეფორეს დაძრულ მანქანას გოგიტამ რა თქმა უნდა ვერ მიუსწრო. ანერვიულებული ადგილზე ტრიალებდა და იგინებოდა. მანქანაში კი ქრისტეფორეს გვერდით მჯდომი გოგო კიოდა და ტიროდა, გამეტებით ურტყამდა ხელებს მღვდელაძეს და ლანძღავდა. ეს კიდევ ისე იცინოდა, ცრემლები წამოუვიდა და ჩულქი დაუსველდა. გზა რომ კარგად დაენახა, თვალებთან ჩულქის გახევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და შეეშვა. გოგო ისეთ ისტერიკაში იყო, რომ ქრისტეფორეს შეეშინდა კარი არ გაეღო, არ გადავარდნილიყო და რამე არ მოეტეხა, რის გამოც, თავზე მოხვია ხელი და თავისკენ მოიზიდა, მანქანას ცალი ხელით ატარებდა. მეტი ეფექტის მისაცემად, დროდადრო გაბმულ სიგნალს აძლევდა ხოლმე და გოგოს სახის წინ ხმამაღლა უმღეროდა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, ქრისტეფორემ მანქანა გააჩერა, გოგოს აკოცა და სახლისკენ წავიდა.

გოგიტას კორპუსიდან კილომეტრნახევარში გაჩერდა შავი BMW. სრულიად უვნებელი. თან უბანსაც არ გასცილებია.

**

ამ ამბიდან ძალიან მალე ქრისტეფორესთან ავედი სახლში. დაახლოებით ხუთი წუთი სიტყვაც არ დაგვიძრავს ისე ვხარხარებდით. პრინციპში სალაპარაკო არც არაფერი გვქონდა, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა და ეს გვაცინებდა.

როცა დავწყნარდით მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ლეპტოპში კუბრიკის „ფორთოხალი“ ჩავრთეთ. რძე არ გვქონდა.

სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი.

**

დილით უბანში ყველა წინა ღამის ამბავს ყვებოდა. ის გოგო, ძველი შეყვარებული ყოფილა, ძლივს რომ შემოირიგა იმ საღამოს.

P.S.  ისე, როგორ ვერ მოიფიქრა იმ იდიოტმა, მანქანაზე რომ ავუხტი, ეგრევე დაეძრა?!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: