უფრო მაღალი ჩრდილები – 1 – გზის მაძებარი მოგზაურის ამბავი

umc

And as we wind on down the road
Our shadows taller than our soul.

Robert Plant

ვუძღვნი მაქსს, მიხეილ ჰანეკეს “თეთრი ლენტიდან”

ალბათ ვიღაცამ უთხრა ქრისტეფორეს, რომ ნამდვილად არსებობდა და ამიტომაც მოინდომა ჩემგან გაქცევა.

ქრისტეფორე მამამ დაარქვა – ვასიკო მღვდელაძემ – მოგზაურობაზე მეოცნებე კაცმა, თავის სიცოცხლეში სამშობლოს საზღვრებს რომ არ გასცდენილიყო და ახლობლები თავისი ამ უაზრო ახირებების გამო, დაცინვით ვასკოს რომ ეძახდნენ.

მე თუ ვერ ვიმოგზაურე, იქნებ ამან მაინც მოძებნოს თავისი გზა საზღვრებს გარეთ იმ თავის დიდი სეხნიასავითო.

მოგზაურობის სიყვარული კი გადავიდა მამიდან შვილზე, მაგრამ საზღვრებს გარეთ გზის მოძებნაზე რა მოგახსენოთ!

ვასკო მაშინ გარდაიცვალა, როცა ბიჭი ოცი წლის იყო.

დედა კი თვალითაც არ ენახა – მშობიარობას გადაჰყვა.

***

ვირთხისფერ ქალაქ ნანეტში, სადაც ქრისტეფორე ცხოვრობს, ხალხიც ქალაქივითაა, თი ფერის, ერთ თარგზე მოჭრილი. თითქმის ყველას ერთნაირი სახე აქვს, ყველას ერთნაირად აცვია, ერთნაირად სწამთ, ერთნაირად უყვართ, ერთ დროს ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ღვიძავთ, ერთ პატრონს ემსახურებიან. ბევრს უთქვამს ქრისტეფორესთვის არაა აქ შენი ადგილი, ცოდო ხარო, მაგრამ არ შეუძლია წასვლა, აქაურობაზეა მიჯაჭვული. არც გასაქცევი მაქვსო, ამბობს. სხვაგან კი ასე მართლა ვერ იცხოვრებს და ეს კარგად იცის. ამის გამოა, რომ ცხოვრობს გაძლებაზე. მარტო სიმთვრალის დროს ლაპარაკობს ხოლმე ამ თემაზე და მიმტკიცებს არაა ეს მარტო კაცის ბრძოლაო. და რომ იყოს ჩემსას მაინც ვისწორებო.

ოცდაოთხი წლისას უკვე ექვსი სამსახური აქვს გამოცვლილი, თუმცა სარჩენი ფულს მაინც შოულობს. ვასკოს სიკვდილის მერე ის დიდი ბინა – ნანეტის ცენტრში რომ ჰქონდა მამა-შვილს – გაყიდა და იყიდა ორი შედარებით მომცრო ბინა; ერთი პატარა და გარეუბნისკენ, სადაც გადაცხოვრდა თვითონ, და მეორე თავისაზე ოდნავ დიდი და ცენტრში. გააქირავა ეს მეორე ბინა და ამით მუდმივი შემოსავალი გაიჩინა. ბევრი არაა, მაგრამ ჰყოფნის. ძირითადად სახლში ზის, ხან კუთხულობს, ხან ფილმებს და ფეხბურთს უყურებს. პერიოდულად ვიღაც ნაშებსაც ამოიყვანს ხოლმე, იჟიმავებს.

ხისგან რაღაც აბსტრაქციებსაც ჩორკნის – ერთი ეგაა მაგის ჰობი, მაგრამ ბოლომდე მემგონი ამაშიც ვერაა გარკვეული – რა მოსწონს ამ საქმეში, რატომ აქანდაკებს?! უცნაური ბიჭია, მოქანდაკეა და ქანდაკებები არ უყვარს – ძეგლები განსაკუთრებით. რატომ-მეთქი, ერთხელ ვკითხე და დამაბნია პასუხით, ადამიანი ქვაზე მეტია და მის ხსოვნას მასზე პატარა სტიქია ვერ შემოინახავსო, რაღაც ასეთი მომიჩმახა და მეც შევეშვი. ხანდახან წამოუვლის, სახლიდან გადის ღამით და პულვერიზატორით დაერევა ხოლმე ქვეყნის საამაყო ადამიანთა სკულპტურებს.

ასეთი ბიჭია ქრისტეფორე და მე მის ამბებს მოგიყვებით. და რადგანაც ამ ამბების პერსონაჟიც ვარ და ავტორიც, ნუ გაიკვირვებ, რომ ზოგიერთი დეტალი იმაზე უკეთ ვიცი ვიდრე ზოგადად იციან ხოლმე ავტორებმა. ერთი რამ კი თავადაც ვერ გამირკვევია: რისი ამბავია ეს – პროტესტის, პირადი ანგარიშსწორების, სიყვარულის, სამართლიანობის?! ესაა, რაც ნამდვილად არ ვიცი. თუმცა დაზუსტებით გეტყვი, რომ აქ იმ ადამიანის ისტორიებია მოთხრობილი, რომელმაც შეიძლება არც კი იცის რას აკეთებს, მაგრამ ნამდვილად იცის რატომ აკეთებს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: