გუსტავ კურბე – ადამიანობის მხატვარი

მე-19 საუკუნის ფერწერაში დასაბამი ეძლევა სრულიად ახალი ტენდენციების განვითარებას; ამის ფესვები კი დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრე უნდა ვეძებოთ, რადგან ფრანცისკო გოიადან მოყოლებული, ყველა დიდი მხატვარი ისწრაფვის საკუთარი მკვეთრი ხელწერის შესაქმნელად, რაც შედეგად გვაძლევს ბუნებრივ, თავისთავად წარმოშობილ მცდელობებს მოხდეს ახალი თემების დამუშავება და უფრო სრულყოფილი სახე მიიღოს იმ ნოვაციებმა, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და  მომდევნო მრავალი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით ვითარდება. ამ საწყისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერი და „პრე-იმპრესიონისტული“ ხელოვნების დამაგვირგვინებელი ეტაპია ფრანგი გუსტავ კურბე.

გუსტავ კურბე 1819 წელს დაიბადა საფრანგეთში, გლეხის ოჯახში. ბავშვობა  მშობლიურ ქალაქ ორნანში გაატარა, იქვე მიიღო საშუალო განათლებაც. 1937 წელს კურბე ბეზანსონის სამხატვრო კოლეჯში გააგზავნეს, 2 წლის შემდეგ კი პარიზში წავიდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

ადრეული ასაკიდან კურბეს უყვარდა პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვა, რასაც უმეტესწილად განაპირობებდა სოფელში გატარებული წლები და ბუნებასთან ყოველდღიური კავშირი. მოგვიანებით დაიწყო ადამიანების დახატვაც. ამის მიზეზი კი ძირითადად მხატვრული ლიტერატურის სიყვარული. ის ხშირად ცდილობდა შეექმნა რომელიმე ლიტერატურული გმირის სახე,  რაც გამოწვეული იყო მისი მეგობრობით მწერლებთან, პოეტებთან, ფილოსოფოსებთან. 1840-იანი წლების ბოლოდან იწყება გუსტავ კურბეს დიდების ხანა. ამ დროისთვის მისი სურათები იძენენ სიმწვავეს და ხდებიან ეპატაჟურნი.

რთულია გადაჭრით ითქვას რომ გუსტავ კურბეს პირველი დიდი სურათები განზრახ ატარებენ ვულგარულ იერს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ტილეობში წინა პლანზე არის წარმოჩენილი ის მწვავე რეალობა, რომელსაც მხატვარი ხედავს. კურბე თანაუგრძნობს თითოეულ მოქალაქეს და ფრანგი ხალხის ქომაგად გვევლინება. ეს კარგად აისახება მის 1849 წელს შესრულებულ ნამუშევარში „ქვის მტეხველნი“ (Les Casseurs de pierres). ნახატზე გამოსახულია ორი მამაკაცი, რომელთაც დაკონკილი ტანისამოსი აცვიათ და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ. მათ გარშემო არსებული გარემო არ არის მიმზიდველი და მშვენიერი და ამას კარგად ხედავს მხატვარი, რომელსაც სურს წარმოაჩინოს ასეთი უბრალო მოქალაქეების მძიმე ფიზიკური ყოფა, ყოველდღიური თავჩაუხრელი შრომა გადასარჩენად. მხატვარი მიზნად ისახავს იმ მძაფრი რეალობის მოწმენი გაგვხადოს, რომელიც ჩვენს გარშემოა და დაგვანახოს, რომ ეს რეალობა სულაც არ ატარებს ლამაზ, მშვენიერ სახეს.

მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან კურბეს მხატვრობა უკვე ძალზედ მძაფრ ელფერს იძენს. თითქოსდა საბოლოოდ იკვეთება მხატვრის მიერ აღებული გეზი – თავისი ხელოვნებით ემსახუროს უბრალო ფრანგ მოქალაქეებს და სიცოცხლის ბოლომდე იყოს მათი თანამდგომი. თუმცა ამ ყველაფერს კურბე დიდი ეპატაჟის გზით ახორციელებს; ის უკვე განზრახ ცდილობს გააღიზიანოს მაყურებელი და სწორედ ამ მცდელობაში უნდა ვეძებოთ მისი თანაგრძნობაც. კურბეს ნახატები ამ დროისათვის საოცარი სითამამით ივსებიან, ეს კი საზოგადოებისათვის მიუღებელი ხდება და ამ დროისათვის ფრანგ არისტოკრატიაში და ხშირად უბრალოდ მოქალაქეებშიც უკვე ჩნდება ზიზღი გუსტავ კურბეს შემოქმედებასა და პიროვნებისადმი. ამ ზიზღს, უპირველეს ყოვლისა, იწვევს შიში; კურბეს საოცრად ამაყი, თავდაჯერებული და ოდნავ თავხედური ნამუშევრები აფრთხობს მნახველს. მათ არ შეუძლიათ თვალი გაუსწორონ მხატვრის მიერ შემოთავაზებული რეალობის ასახვას და სწორედ ამიტომ, ერთადერთი რაც დარჩენიათ ისაა, რომ უარი სთქვან მასზე. მიუხედავად ამისა, პარიზში მაინც იყვნენ ადამიანები ვინც ამართლებდა კურბეს ასეთ ვულგარულ ნაბიჯებს და აღიარებდნენ მასში დიდ ხელოვანს.

ნამუშევრები, რომელიც, ჩემი აზრით, შეიძლება ჩაითვალოს კურბეს 50-იანი წლების მხატვრობის სავიზიტო ბარათად არის: „დაკრძალვა ორნანში“ (Un enterrement à Ornans 1850), „დილა მშვიდობისა ბატონო კურბე“ (La Rencontre ou Bonjour Monsieur Courbet  1854) და „მხატვრის სახელოსნო“ (L’Atelier du peintre 1855). ამ სამი ნახატიდან გამოვყოფდი 1854 წელს შესრულებულ, ჩემთვის ყველაზე საყვარელს –  „დილა მშვიდობისა ბატონო კურბე“-ს (აღსანიშნავია, რომ  მხატვარმა თავიდან სათაურად შეარჩია „შეხვედრა“, თუმცა გამოფენის მერე მას სარკასტულად უწოდეს „დილა მშვიდობისა ბატონო კურბე“ და გუსტავმაც სიამოვნებით დაუტოვა ეს სახელი.); სურათზე გამოსახულია სამი მამაკაცი და ერთი ძაღლი. გარემო ერთი შეხედვით ჩვეულებრივია – დილის სუფთა ჰაერით სავსე ბუნება, სადაც გამვლელები ერთმანეთს ადვილად გადაეყრებიან. მარცხნივ მდგომი მამაკაცები აშკარად არისტოკრატიის, მდიდარი ფენის წარმომადგენლები არიან; მათ ეს ეტყობათ ჩაცმულობაზეც და გარეგნობაზეც. დახვეწილი გემოვნებით შერჩეული შარვალი, პიჯაკი, ქუდი და ხელჯოხი ორივე მამაკაცის თითქოსდა ორგანული ნაწილია. თუმცა მსგავსი ფენის წარმომადგენელი მამაკაცები კურბეს გადაწყვეტილებით მოწიწებულნი და თავმდაბალნი არიან. რაც შეეხება მარჯვნივ მდგომ მამაკაცს კი თავად გუსტავ კურბე არის. მას უბრალო გლეხური ტანისამოსი აცვია, გაცრეცილი შარვლითა და ბამბუკის უბრალო ჯოხით მოძრაობს,  ზურგზე მოლბერტი მოუკიდებია და სახე გრძელი, მოუვლელი წვერით დაუგრძელებია. თავი ამაყად აქვს აწეული და თითქოს ზემოდან დაჰყურებს მის შემხვედრთ. როგორც ნახატიდან ირკვევა, გუსტავ კურბემ გამოსახა თავისი თავი მაშინ, როდესაც ის დამკვეთებს ხვდება. თავმდაბლობა და მოწიწება თითქოსდა უცხო რამ უნდა იყოს არისტოკრატიისადმი, მით უმეტეს თუ ისინი კონკრეტულ სიტუაციაში დამკვეთის სტატუსს იძენენ. სწორედ აქ არის მხატვის მთავარი სათქმელიც; გუსტავ კურბე დასცინის მათ და ანახებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეიმოსები, რა ფენის წარმომადგენელი იქნები – ხელოვნების მსახური მაინც უფრო მაღლა დგას ვიდრე მისი ხელოვნების მყიდველი. მსგავსი სითამამის გამო გამო კურბე მუდამ იყო ფრანგული ხელოვნების ეპიცენტრში.

60-იანი წლებიდან კურბე აშკარად იღლება იმ რეალობით რაც მის გარშემოა, ამიტომაც მის შემოქმედებაში მატულობს შიშველი ფიგურებისა და პეიზაჟების რაოდენობა. მხატვარი თითქოს ისვენებს იმ მშვენიერების ხილვით, რასაც ხატავს. თუმცა მისი მეამბოხე ბუნება მაინც არ ტოვებს მისსავე შემოქმედებას და მუდმივად ცდილობს თამამი ნაბიჯების გადადგმას. ამის ერთ-ერთი ცნობილი გამოხატულებაა 1866 წელს შექმნილი ნახატი „სამყაროს წარმოშობა“ (L’Origine du monde). ხშირია ასევე მომენტები, როდესაც ის უბრუნდება გარშემო არსებული მძიმე რეალობის ასახვას, რაც მოგვიანებით  ქმნის ტილოს „ირმების მოკვლა“ (L’Hallali du cerf 1867). გუსტავ კურბე სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს მსგავს სვლას.

1860-იანი წლების ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, საფრანგეთის მთავრობა გუსტავ კურბეს ლეგიონის საპატიო ორდენით აჯილდოვებს, რის მიღებაზეც მხატვარი უარს ამბობს და აცხადებს: „მე 50 წელიწადი თავისუფლად ვცხოვრობდი. ნება მიბოძეთ, თავისუფლადვე დავამთავრო მე ჩემი სიცოცხლე და როდესაც მე მოვკვდები ჩემზე თქვან, რომ  გუსტავ კურბე არასოდეს ეკუთვნოდა რომელიმე სკოლას, ეკლესიას, დაწესებულებას და განსაკუთრებით, რომელიმე რეჟიმს, გარდა თავისუფლების რეჟიმისა.”

1877 წელს გუსტავ კურბე გარდაიცვალა. მხატვარი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე იდგა ხალხის გვერდში და ამას იმით ამართლებდა, რომ ის ხალხის წრიდან იყო გამოსული და ნება არ ჰქონდა ეღალატა ხალხისათვის. და მაინც, ყველაფერის მიუხედავად,  მისი პერსონაჟები ყოველთვის იყვნენ ვულგარულები, ხალხის გამღიზიანებლები. კურბე ადამიანურობის ამსახველი მხატვარი იყო. მის ტილოებზე გამოსახული ადამიანები შორს დგანან იდეალური სილამაზისგან, ავტორისათვის უმჯობესია წინა პლანზე წამოწეული იყოს თუნდაც მათი წვრილმანი ვნება. გუსტავ კურბე ხაზს უსვამს ყოფითობის ყველა უწვრილეს დეტალსაც კი და სიმახინჯეს არათუ დაბალ საფეხურზე აყენებს (ან მალავს), როგორც მისი წინამორბედები, არამედ თითქმის სილამაზის საფეხურზე აჰყავს იგი. ამით ის გვანახებს, რომ სამყაროში ყველა კომპონენტი არის შემადგენელი, შემოქმედი ნაწილი, იქნება ეს სილამაზე და სიმახინჯე, სისუსტე და ძლევამოსილება თუ სიმდიდრე და სიღარიბე. გუსტავ კურბე იყო პირველი, ვინც ცდილობდა რეალიზმის ცნებისათვის რევოლუციური მსოფლმხედველობისთვის დამახასიათებელი სიმძაფრე მიენიჭებინა და დაეკავშირებინა იგი სისტემის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლასთან. კურბეს საოცარმა გამტანობამ, განუწყვეტელმა რეაქციონერობამ, შრომისუნარიანობამ და ბოლომდე ბრძოლამ შეძლო ის, რომ ხელოვნებამ დაიწყო დაუბრუნებოდა ხალხს, ის აღარ უნდა ყოფილიყო მდიდართა გასართობი საშუალება. გუსტავ კურბემ ფერწერას შესძინა სოციალური მნიშვნელობა და მყარი ნიადაგი გაამზადა იმპრესიონისტული ფერწერის ჩასასახად.

გუსტავ კურბეს ნამუშევრების დასათვალიერებლად დაკლიკეთ აქ.

 

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: