Global East Rock Fail

* სტატია მარტში გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge (ნაწილი I / II / III)

1980 წელს,  საბჭოთა კავშირში თბილისმა ითავა პირველი როკ-ფესტივალის ჩატარება და სწორედ ჩვენი ქვეყნიდან დაადგა აღმავლობის გზას ანდერგრაუნდიდან – დიდ სცენამდე “машина времени” – საბჭოთა როკის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი. ეს მოხდა მაშინ, როცა ჩაკეტილ სსრკ-ში დევნა ხორციელდებოდა დასავლურ “წვრილბურჟუაზიულ” შეხედულებებზე, თუმცა მოხდა მშვიდობიანად და ყველაფერმა ჩაიარა წარმატებით. დღეს კი, XXI საუკუნეში, როდესაც ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ყოფილი სსრკ-ელებიც წარმატებით მართავენ ფესტივალებს უკვე მრავალი წლის განმავლობაში, პირველად გადაიდგა ნაბიჯი, რომ საქართველოს, კერძოდ კი – ბათუმს მასშტაბური როკ-ფესტივალისთვის ემასპინძლა. მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული და იმედგაცრუებული. მიუხედავად ამისა, ჩვეულებისამებრ, ფაქტს მხოლოდ წუწუნი და ბილწსიტყვაობა მოჰყვა და ქართველმა ხალხმა, მარტივად რომ ვთქვათ, შეირჩინა ეს იმეგაცრუება – მოქმედება არავინ დაიწყო! არც ჩვენმა „ბედნიერმა და თავისუფალმა მედიამ“ ამოიღო ხმა. დაზარალებულებს გვერდში არავინ ამოუდგა, თუმცა ნათქვამია “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო და რამდენიმე თვეში რეაგირების ნაბიჯი გადაიდგა. თუ რა შედეგია დღეს სახეზე, ამას მოგვიანებით იხილავთ.

 * დღეისთვის წარმოდგენილი სტატია ასახავს იმ სამარცხვინო ფაქტებს, რომლის მხილველიც ბათუმში მყოფი საზოგადოება გახდა. ის არ ითვალისწინებს ვიღაცის პირდაპირ ლანძღვასა და მიღებული შედეგის გამო კონკრეტული პირების ბრალეულობის წარმოჩინებას. მისი მიზანია ხალხს ნათლად დაანახოს ივლისში შექმნილი სიტუაცია და თავიდან დააფიქროს ისინი იმაზე თუ ვინ არის დამნაშავე და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

***

ყველაზე მასშტაბური როკ-ფესტივალი – Global East Rock Festival 2011 ! ორი დღე… თორმეტი ქვეყანა… ჩვიდმეტი მონაწილე… ბათუმი – სტადიონი „ანგისა“… კემპინგი, ზღვა და თავისუფალი სული. მოძრავი სცენა, რკინის ჯებირი, კონცერტის ჩასატარებლად გამოყოფილი მყუდრო ადგილი და სპეციალური განათება – როკერების ვარსკვლავურ მოთხოვნილებებს ფესტივალის ორგანიზატორები დააკმაყოფილებენ !“ – ვერაფერს იტყვი – ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს. ერთი შეხედვით ბათუმში დიონისური საწყისების გლობალური მომძლავრება უნდა შემდგარიყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე შემოტრიალდა, როგორც ტელევიზორში გადაგვხდენია ჩვენს სიყრმეში – ხარისხიან ჰოლივუდურ დრამას რომ გადააწყდები, რომელსაც ლეონიდ ვოლადარსკი ახმოვანებს.

2011 წლის აპრილის დასაწყისში (თუმცა 1-ელი რიცხვი ნამდვილად არ ყოფილა) ქართულ ინტერნეტ სივრცეში ისეთი ფორუმი არ დარჩა, სადაც ერნსტ (ერიკ) ხეჩუმოვს (იგივე DJ ROCK) თემა არ გაეხსნა იმ შესანიშნავი ამბის სახარებლად, რომ 2011 წლის 17-18 ივლისს, ბათუმში ჩატარდებოდა მასშტაბური მეტალ-ფესტივალი, რომლის პირველი ჰედლაინერი უკვე ცნობილი იყო – დიდებული შვედური ბენდი Dark Tranquillity ! ორდღიანი ფესტივალის ბილეთის ფასი 80-დან 100 ლარამდე იქნებოდა. არც თუ ისე იაფია, მაგრამ რას იზამ – Dark Tranquillity-ს ლაივში მოსმენაც არაა უბრალო სიამოვნება, მით უმეტეს, თუ მეტალის მოყვარული ხარ! ქართველ როკერთა აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და ჩაისახა იმედი იმისა, რომ ყინული დაძრულია – მძიმე მუსიკა საქართველოს ფარგლებშიც შემოიჭრა და როგორც იქნა ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყებს დამკვიდრებას ის კულტურა, რომელიც ჯერ კიდევ 70-იანების ევროპაში უკვე კულმინაციას უახლოვდებოდა.

დასაწყისი ნამდვილად ლამაზი იყო, მაგრამ ხუთ აპრილს, როდესაც საზოგადოებას ეუწყა, რომ კონცერტის შემდეგი ჰედლაინერი ლეგენდარული ბრაზილიური მეტალ-ჯგუფი Sepultura იქნებოდა, ამან უკვე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. შეიქმნა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ამ ბენდის გამო ფესტივალის 80-ლარიანი ბილეთები (რომელსაც ქუჩაში ყიდდა ვიღაც უცხო ტიპი) მალე ამოიწურებოდა, რადგან ქართველ თინეიჯერებში ეს ბენდი პოპულარულია, ამიტომაც ვინ რა არ გააკეთა იმისთვის, მეორე დღესვე რომ შეეძინა ფესტივალის ბილეთი; პირადად ვნახე ადამიანები, რომელთაგანაც ზოგმა ფული ისესხა, ზოგმა მობილური ტელეფონი „დაალომბარდა“, ზოგმაც კი საკუთარი გიტარა გაყიდა იმ ბენდის ცოცხლად მოსმენის საშუალება რომ ჰქონოდა, რომლის მუსიკაზეც გაიზარდა. მერე რა რომ სეპულტურას 16-დან 31 ივლისის ჩათვლით ყოველდღე კონცერტი ჰქონდა – საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ჰოლანდიასა და საქართველოში – მთავარი იყო, რომ ლეგენდარული სახელი (რომელიც, ვაღიაროთ, რომ მაქს კავალერას ჯგუფიდან წასვლის შემდეგ გახუნდა და უკვე კაპიკად აღარ ვარგა – ძველ შემადგენლობასთან შედარებით) ჩვენი ქვეყნის სცენაზე გამოვიდოდა, ჩვენ ქვეყანას აჩუქებდა ერთ შოუს და მომავალში – ვინ იცის, იქნებ სხვა ისტორიულ ბენდებსაც მიებაძათ სეპულტურას მაგალითისთვის და გადმოედგათ ჩვენკენ ერთი ნაბიჯი მაინც.

დრო გადიოდა და ფეტივალის შემადგენლობაც ივსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სრული სია ჯერ არავინ იცოდა, მაინც დაიბეჭდა პოსტერები, რომლებიც ჯერ მთელ თბილისში შემდეგ კი საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გაიკრა (მოგვიანებით როცა აღმოჩნდა რომ პოსტერებზე მცდარი ინფორმაცია იყო მითითებული, ისინი ხელახლა დაიბეჭდა სახეშეცვლილი ვარიანტით და თავიდან განთავსდა შენობების კედლებზე – ორგანიზატორული ნიჭის პირველი გამოვლინება სწორედ ეს იყო). ბენდების სია კი ნელ-ნელა იზრდებოდა და მალე მათ ჩამონათვალში ბევრისთვის საყვარელი ესტონური Metsatoll, პოლონური Cemetery Of Screams, ებრაული Metal Scent  და რუსული [AMATORY] მოხვდნენ. შვედური Sabaton-ის მორიგ ჰედლაინერად გამოცხადებამ, კიდევ უფრო წაახალისა და გაზარდა ფესტივალის მხარდამჭერთა თუ მათზე დამსწრეთა რიცხვი. ბრიტანელი ლეგენდის – კენ ჰენსლის სახელმა კი 70-იანების მსმენელებიც დაძრა ადგილებიდან და ბათუმისკენ დააგეგმინა ცხელი ზაფხულის ორი დღე.

რაც შეეხება ქართულ ბენდებს, აქ თავიდანვე გაურკვევლად აეწყო საქმის ვითარება: ფესტივალის ოფიციალურ საიტზე ორგანიზატორებმა მიმართეს  ხალხს, რომ წარდგენილი კონკურსანტებიდან, აერჩიათ სასურველი ბენდი და ყველაზე მეტი ხმის დამგროვებელი ოთხეული მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალში. თავისთავად მშვენიერი საქმე იყო – საერთაშორისო დონეზე სრულიად უცნობი ქართული ბენდები ზემოთ ჩამოთვლილ ლეგენდებს გაუმაგრებდნენ ზურგს; რამდენიმე  დღის შემდეგ, დაგეგმილ დროს ხმის მიცემის პროცედურა შეწდა და რჩეული ოთხეულიც გამოიკვეთა, თუმცა მეორე დღეს, როდესაც განაცხადში ქართული ჯგუფები ჩაისვა, მათ შორის არ აღმოჩნდნენ I-II ადგილებზე გასული U.R და Psychometria. ქართულ ანდერგრაუნდში ყველამ კარგად იცოდა, ან თუ არ იცოდა ხვდებოდა მაინც, რომ გამოკითხვა თავიდანვე ფარსი იყო და ქართული მხარის წარმომადგენელ ორგანიზატორს თავიდანვე შერჩეული ჰქონდა მეგობარი-ბენდები. თუმცა, ქართველების ერთმანეთთან გვერდში დგომა სად გაგონილა ? -ამაზე მაინც ყველამ თვალი დახუჭა – „რა დროს ქართული ბენდებია, სეპულტურა ჩამოდის!“-ო

დრო გადიოდა, სიას ჯგუფები ემატებოდა და ფესტივალის დღეები ახლობდებოდა, როდესაც ივნისის ბოლოსკენ, სეპულტურამ უარი განაცხადა ბათუმში დაკვრაზე და – მარტივად – მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური სიტუაცია დაასახელა, თუმცა როგორც ერთ-ერთ ფორუმზე აღნიშნეს „ხალხი დესს და ტრეშს უკრავს და ბურჯანაძემ შეაშინაო ?!“. მართლაც, საინტერესოა რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ განაცხადა უარი ბრაზილიურმა ოთხეულმა საქართველოში სტუმრობაზე.

გულაცრუეული მსმენელი ფორუმებზე პოსტს პოსტსზე წერდა და ბილეთის საფასურის დაბრუნებას მოითხოვდა, რადგან უმეტესობას სწორედ ამ ბენდის გამო ჰქონდა ნაყიდი ბილეთი, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

სულ მალე უკვე ძლიერი ნოკდაუნიც მივიღეთ, როდესაც Dark Tranquillity-მ გამოაქვეყნა განცხადება ოფიციალურ საიტზე, რომელშიც ეწერა, რომ ბათუმის შოუ ჩაიშლებოდა, მიზეზი კი ის იყო, რომ ორგანიზატორები მათ მას მერე არ შეხმიანებიან, რაც ბენდმა ფესტივალში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. მოგეხსენებათ ქართული ხასიათი მეტად მგრძნობიარე და ფეთქებადია, რის შედეგადაც ლანძღვა-გინების დიდოსტატურმა ტალღამ გადაიარა ორგანიზატორთა თავზე. ინტერნეტში გახშირდა ფაქტები, რომ ბილეთნაყიდი ხალხი შედარებით შეღავათიან ფასში ყიდდა საკუთარ ბილეთს, რადგან მათ უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდათ, თუმცა ამას არც ერნსტ ხეჩუმოვმა და არც უკრაინული მხარის წარმომადგენელმა დიმიტრი ხლივინსკიმ ყურადღება არ მიაქციეს და სეპულტურათი გამოწვეული დანაკლისი, დეს-გრაინდ პროექტ LOCK UP-ით ამოავსეს. კაცმა რომ თქვას,  Napalm Death-ისა და Dimmu Borgir-ის (LOCK UP-ში ამ ბენდებიდან იყვნენ მუსიკოსები) ტექნიკურ მუსიკოსებზეც არ იტყოდა უარს მძიმე მუსიკის მსმენელი და ასეც მოხდა. მერე დიდი ხვეწნა-მუდარისა და Dark Tranquillity-ს ფეისბუქის კედლის თხოვნებით გავსების შემდეგ, ფესტივალამდე ორი დღით ადრე, ამ შვედურმა ბენდმა გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, მიუხედავად ამდენი სირთულისა, კონცერტი მაინც შედგებოდა! გახარებულმა ქართველობამ არც მადლობა დაიშურა ჯგუფის წევრებისადმი და არც მრავალენოვანი გინება ერთი ვირჯინიელი ბიჭისადმი, რომელმაც (როგორც შემდეგ გაირკვა, სრულიად საფუძვლიანად) შემდეგი შეკითხვა დაუსვა ბენდს: – Why would you go to that shit hole ?

***

ფესტივალის განრიგი

ლოდინში გავლილი სამთვენახევარიც მიილია და ბათუმისკენ დავიძარით. აფიშა უკვე ყველას ნანახი გვქონდა. ყველა ჯგუფი, ფესტივალის განრიგი და ბენდებისთვის განსაზღვრული დრო უკვე გარკვეული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ფორტუნა მაინც არ შეტრიალდა ბათუმისკენ; 17-ში დილით ფესტივალის გახსნა უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დილით, 8 საათზე დავიწყეთ გამზადება – ავკრიფეთ კარვები, მოვიმარაგეთ ორი დღის საჭმელი და ტაქსს ანგისას სტადიონისკენ ავაღებინეთ გეზი. ადგილზე მისულებს თვალში არაფერი მოგვხვდა ისეთი, რაც კონცერტს სჭირდებოდა; იყო ბევრი ბაიკერი და ერთი დაცვის თანამშრომელი, რომელმაც იცოდა, რომ „აქ რაღაც კონცერტი რომ უნდა ჩატარებულიყო“ – სხვაგან გადაიტანეს. სტადიონზე ერთი კაციც კი ვერ ვნახეთ ისეთი, ვინც იცოდა თუ სად უნდა ჩატარებულიყო კონცერტი. საბოლოოდ ყველაფერი ახლობლებთან გადარეკვით გაირკვა – კონცერტი ქალაქის ცენტრში, ერას მოედანზე იყო გადატანილი.

ერას მოედანზე ორი საათისთვის მივედით, როცა ცხრილის მიხედვით პირველი ჯგუფი მაინც უნდა მდგარიყო სცენაზე, თუმცა გარშემო მხოლოდ გაბრაზებული მეტალისტები და გაკვირვებული მუშები იყვნენ, რომელთაც ათიოდე წუთის წინ დაეწყოთ იმ სცენის აწყობა, უკვე დიდი ხნის წინ რომ უნდა მდგარიყო სტადიონ „ანგისაზე“. ჯერ კიდევ 3 მაისს, როდესაც ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი ამ ფესტივალის შესახებ, ორგანიზატორები იუწყებოდნენ, რომ სულ მალე დაიწყებოდა კონცერტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეკრებილ პუბლიკასთან საუბარშივე გაირკვა ერთი საოცარი და სამარცხვინო ფაქტიც – თურმე ორი დღით ადრე, რუსებმა საზღვარზე შეაჩერეს მუსიკალური აპარატურა, რომელიც უკრაინიდან საქართველოში მოდიოდა. თავისთავად მებადება შეკითხვა: – როდესაც აწყობ ორდღიან ფესტივალს, რომელსაც აპიარებ უკვე სამ თვეზე მეტია და მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთი მაღალი დონის შემსრულებლებმა, როგორებიც არიან კენ ჰენსლი, Dark Tranquillity და სხვა, რატომ უნდა წყდებოდეს აპარატურის საკითხი კონცერტამდე, მხოლოდ და მხოლოდ, ორი დღით ადრე ? (-პასუხი ჯერ არავის გაუცია.)

-ალტერნატივა კი გენიალური მოინახა! ლეგენდებს რომ თავი გავანებოთ, ბენდ LOCK UP-ის მუსიკა უმაღლესი დონის აპარატურას მოითხოვს, რათა სათანადო ჟღერადობა შედგეს, ორგანიზატორემა კი ის მრავალნაცადი და ათასჭირნახული ელექტროტექნიკა შემოაგორეს სცენაზე, რომელიც წლების განმავლობაში ლელა წურწუმიას, აჩი მეფარიძის, სტეფანე მღერიშვილისა თუ სხვა ქართველი „ვარსკვლავების“  პლიუს-მინუს ფონოგრამულ სამსახურში იდგა. გარემო კი იმდენად სამარცხვინო იყო, ასე გვეგონა მოედანზე ცინიკურად მდგარი კოლხი მედეას ქანდაკებაც ტროლფეისივით იცინოდა.

ამ დროს კი Sabaton შემოვიდა ერას მოედანზე და ქართველი მსმენელიც მაშინვე მივარდა სურათების გადასაღებად თუ ავტოგრაფის ჩამოსართმევად. ბენდის ლიდერი იოაკიმიც, ფანებთან საუბრით იქცევდა თავს, როდესაც ერთ-ერთ მომენტში გაკვირვებულმა იკითხა „What the fuck they’re doin’ man?” – ვინც ამ მოედანზე ხართ ნამყოფები და იცით თუ როგორი ტერიტორიაა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ თუ შეიძლება მისი შემოსაზღვრა, თუმცა ორგანიზატორებმა აქაც იყოჩაღეს და კონცერტის საბოლოო დაწყებამდე ერთი საათით ადრე, მიმდებარე ტერიტორიაზე ლურჯი ბრეზენტი ქვითკირის გალავანივით შემოარტყეს და შიგნით „გუშაგები“ დააყენეს. უკვე საღამოს 8 საათი იყო. ხალხს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა იმის გრძნობა, რომ ეს ფაქტი ორგანიზატორებს მარტივად არ შერჩებოდათ, თუმცა სცენაზე უკვე Sabaton იდგა და ამაზე ფიქრი მეორეხარისხოვანი გახდა. სანამ უშუალოდ კონცერტს აღვწერ იმას გეტყვით, რომ გაუმართავმა სცენამ ორჯერ გამოიწვია კონცერტის შეჩერება, რადგან ბენდების ბანერის დაკიდების დროს, სცენის ერთ-ერთი მექანიზმი დაზიანდა და მხოლოდ მას მერე გაიმართა, როცა „რაზვალნოი კლუჩებმა“ ორგანიზატორებზე უკეთ შეასრულეს თავიანთი საქმე.

ამ დროს კი ერიკ ხეჩუმოვი საზოგადოებრივ მაუწყებელთან წერდა ინტერვიუს სადაც აცხადებდა, რომ ბათუმი დღითიდღე ვითარდება და განიცდის პროგრესს, რისი ერთ-ერთი გამოძახილიცაა ეს წარმატებული ფესტივალი „და რომ მტრის ჯინაზე ჩატარებული ეს ფესტივალი ჩვენი გამარჯვებაა და პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე“ (-უკაცრავად, რეპლიკა ამერია და  სიტყვა გამიგრძელდა!)

ბრეზენტით შემოფარგლულ ტერიტორიას რაც შეეხება, მონდომებული, მაგრამ უბილეთო მსმენელისთვის, შეპარვა პრობლემას არ წარმოადგენდა (ამის ერთ-ერთი დასტურია ეს ფოტო ) და მიუხედავად იმისა, რომ „გუშაგები“ გულმოდგინედ ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, რამდენიმე ასეთმა გარეთ მდგომმა შიგნით შემოღწევა მაინც მოახერხა; პირადად მე, შეღწევის ორი  ასეთი ხერხი მაშინვე აღმოვაჩინე და უბილეთო მეგობრებს დავეხმარე; ხერხი #1:მობილურით ეუბნები, რომ მედეას ძეგლის გასწვრივ (პირობითად) არავინ დგას და ისიც ბრეზენტის ქვევიდან შემოიპარება. ხერხი #2 ბილეთზე „კონტროლის“ მოხევისთანავე ორი სანდომიანი უკრაინელი გოგოდან რომელიმე, ხელზე მწვანე სამაჯურს გიკეთებდა, რომელიც ქაღალდზე ოდნავ გამძლე იყო. „საბატონის“ გამოსვლის შემდეგ, ის სამაჯური მოვიხსენი, ჯიბეში ჩავიდე და ქერათმიან კონტროლიორს ვუთხარი, რომ სლემის დროს (სლემი კი საშინლად არ მიყვარს!) გამეხა და დამეკარგა ასე რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ახალი სამაჯური, რასგან ხვალაც მომეხერხებინა შემოსვლა… ახლა უკვე ორი სამაჯური მქონდა, რომელთაგანაც ერთი ბრეზენტის მიღმა მდგომ მეგობარს შევუცურე და ასე დავასწარი Dark Tranquillity-ს გამოსვლას. (მოგვიანებით გარეთ გასულ ხალხს უკან აღარ უშვებნდნენ, რამდენი ბილეთიც და სამაჯურიც გინდა გქონოდა. ასე რომ, მეორე ხერხმა მალევე დაკარგა ძალა – თუმცა არა ორიგინალურობა.) მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონცერტის დაწყების შემდეგ, შემოპარვითაც დიდად არავინ იკლავდა თავს, რადგან ბრეზენტის გარეთაც იგივენაირად ისმოდა ხმა და საკმარისი იყო ამაღლებულ ადგილზე დამდგარიყავი და სცენას იქიდანაც კარგად დაინახავდი (მოგვიანებით, დაინახა თუ არა ეს ერიკ ბრძენმა, გასცა განკარგულება, რომ მეორე ბრეზენტი გაეკრათ უფრო ზევით, რათა გარედან ხალხს არ შესძლებოდა სცენის დანახვა).

რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, პირველი რაც გამოსვლისთანავე აღნიშნა სკორპიონსთან, ჯუდას პრისტთან, ექსეფთთან ერთად იმ წელს ევროპამოვლილმა ბენდმა „არ გვახსოვს ასეთი მცირერიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ოდესმე დაგვეკრას“-ო (სწორედ მაშინ გაგვიელვა გონებაში ფრაზამ ციკლიდან „ზოგი ჭირი მარგებელია“: – კიდევ კარგი კონცერტი „ანგისაზე“ არ ჩატარდა, თორემ საერთოდ თავი მოგვეჭრებოდა). პირველივე სიმღერაზე შეეტყოთ, რომ თავადაც მიხვდნენ თუ რა ნაგავი აპარატურა დაახვედრეს, ამიტომაც საათნახევრიანი შოუს ნაცვლად – ოთხი სიმღერა გვისახსოვრეს, მედიატორები გადმოგვიყარეს და წავიდნენ. მედიატორთა დიდი ნაწილი კი ღიპიანმა დაცვის წევრებმა ჩაილაგეს ჯიბეებში, რომელთაც ისიც კი არ იცოდნენ, თუ რომელი ბენდი იდგა სცენაზე.

დადგა Dark Tranquillity-ს დრო; პირველი სიმღერა: აღინიშნა, რომ აპარატურა არაფრად ვარგა. მეორე სიმღერა: გაბრაზებული გიტარისტი ძირს აგდებს თავის გიტარას და სცენიდან გადის, რადგან ინსტრუმენტის ხმა არ ისმის ხალხში. მესამე სიმღერა: ჯგუფის ლიდერი მიკაელ სტანე ამბობს, რომ მას სურს ბათუმში დღეს დიდი კონცერტი ჩაატაროს, რადგან ამდენმა ჩაშლა-არჩაშლამ ენთუზიაზმი და ადრენალინი აუმაღლა, თუმცა აპარატურა ისეთი კატასტროფულია, რომ ერთ სიმღერასაც დაუკრავენ სატესტად – თუ გამოსწორდა ხმის ხარვეზები კონცერტი გაგრძელდება, თუ არადა Dark Tranquillity-ც დაგვემშვიდობება. მეოთხე სიმღერა: – Misery’s Crown – ჯგუფთან ერთად მღერის მთელი პულიკა, შემდეგ მიკაელი გვემშვიდობება, სცენიდან ჩადის და რამდენიმე წუთით კულისებში იცდის, რათა თუ კი ვინმე იქ შესვლას მოახერხებს, მასთან ერთად გაისაუბრებს და ფოტოებს გადაიღებს. შესვლა 15-მდე კაცმა მოვახერხეთ, ათიოდე წუთი თავისუფლად ველაპარაკე მიკაელს, მადლობა და ბოდიში ერთად შევუზილე საუბარში და აბობოქრებულ დიმიტრი ხლივინსკისთან ჩხუბის მერე კულისები დავტოვე – Dark Tranquillity მაინც უვკე მიდიოდა.

სცენაზე თურქული Moribund Oblivion გამოვიდა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად 6 სიმღერა შეასრულა საკუთარი მაისურები, მედიატორები და ჯოხები გვისახსოვრა და ისიც დაგვემშვიდობა. კონცერტი მორჩა. კარვიანმა ახალგაზრდებმა მიმდებარე ტერიტორიაზე „დავეცით ბანაკი“ და ჩაშლილი დღის მერე, ის იყო ძილით უნდა დაგვემშვიდებინა თავები, რომ საპატრულო პოლიციისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები დაგვადგნენ თავს, რომელთაც გვითხრეს, რომ კანონის თანახმად ქალაქის ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა კარვის დადგმა და, მარტივად რომ ვთქვათ – კულტურულად აგვყარეს. თუმცა ნახევარ საათში დიდი ავტობუსი მოვიდა, რომელმაც გადაგვიყვანა იმ ადგილზე, სადაც ჩვენთვის ნებადართული იყო კარგვების დადგმა. არ ვიცით ვინ იკისრა იმ ღამით ჩვენი ავტობუსით ტრანსპორტირება, მაგრამ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ 20-წუთიანი სამანქანო გზა 2-საათიან საფეხმავლო გზად არ გვიქცია. ამ დროს კი ერას მოედანზე დიმიტრი ხლივინსი მალულად წერდა ინტერვიუს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გესაუბრებით.

ასე რომ, პირველი დღის მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ, შედეგები ასეთი იქნება: კონცერტი 13:40-ის ნაცვლად დაახლოებით 20:00-ზე დაიწყო, სტადიონ „ანგისას“ ნაცვლად ერას მოედანი გვხვდა წილად, მასშტაბური როკ ფესტივალის და რკინის ჯებირების ნაცვლად – ლურჯი ბრეზენტი, მოძრავის ნაცვლად – უძრავი და თანაც გაუმართავი სცენა, ვარსკვლავური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უხარისხო აპარატურაში გამოიხატა, თავისუფალი სული გინებით წაიბილწა, ფართო კემპინგის ნაცლად კი ბათუმის შორეული გარეუბნის 30-იოდე კვადრატული მეტრი გვერგო. ერთადერთი რაც კარგად დაგეგმილი რეკლამიდან ბათუმში დაგვხვდა იყო ზღვა, რადგან ზღვა ისეთია, რომ მასთან მიმართებაში ორგანიზატორებიც კი უძლურნი არიან!

რაც შეეხება ბენდებს, პირველ დღეს დაგეგმილი 8 ჯგუფის ნაცვლად 3 შეგვრჩა, Dark Tranquillity-სა და Sabaton-ის საათნახევრიანი შოუები კი 4-4 სიმღერად შემოკლდა. მიკაელ სტანემ თქვა, რომ ასეთი უცნაური კონცერტი არასდროს ჰქონია. ერთადერთი რაც დადებითი მოხდა, – ორივე შვედურმა ბენდმა მადლობა გადაუხადა დამსწრე პუბლიკას აქტიურობისთვის და გამოთქვა კვლავ ჩამოსვლის სურვილი – ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა პრომოუტერის მეშვეობით. დარჩენილმა ხუთმა ჯგუფმა ავტომატურად მეორე დღეს გადაინაცვლა; პირველ რიგში კი წნეხში ქართული ჯგუფები მოექცნენ – მათ დაგეგმილი ნახევარსაათიანი გამოსვლა ერთი სიმღერის შესრულებით ჩაენაცვლათ. ჩხუბმა და უთანხმოებამ არ გაჭრა – სულ არაფერს ერთი სიმღერა ჯობდა ! დავწექით და დავიძინეთ უკეთესი მეორე დღის იმედით.

მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათისკენ, ერას მოედანზე წავედი 18 ივლისისთვის დაგეგმილი ჯგუფებისთვის რომ მომესმინა, თუმცა სრულიად მოულოდნელად სიტუაცია იმაზე უარესი დამხვდა, ვიდრე მოველოდი: სცენაზე რამდენიმე მუშა იდგა, სცენის კიდეზე კი თინეიჯერები შემომჯდარიყვნენ და საუბროდნენ. შეკრებილ ხალხს შორის იყვნენ ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და ებრაული ბენდების წევრებიც. საუბარში გაირკვა, რომ მეორე დღე მთლიანად გაუქმებულიყო, ინფორმაცია კი Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა. ბათუმში ჩასული მსმენელის უმრავლესობას ინტერნეტით ინფორმირების საშუალება არ ჰქონდა, ორგანიზატოერბს მობილური ტელეფონები გათიშული ჰქონდათ და ვერავინ უკავშირდებოდა, ერას მოედანზე კი ბენდები იცდიდნენ. სცენის გვერდით Metal Scent-ის წევრები საკუთარ დისკებს ყიდდნენ, Divahar-ის გოგოები კი კიდევ ერთხელ ნანობდნენ, რომ ერიკ ხეჩუმოვთან დაიჭირეს საქმე (როგორც ცნობილია, Global Promotion-ის მიერ მანამდე ჩატარებულ ფესტივალზე, სწორედ ეს ბენდი დაზარალდა, ორგანიზატორთა შესაშური საქციელის გამო); იყვნენ უკრაინელი, რუსი, ირანელი და სხვა მრავალი ქვეყნის ტურისტებიც, მათ შორის კანადიდან და შვედეთიდანაც კი, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოსულიყვნენ ბათუმში და ჯერაც ვერ დაეჯერებინათ, თუკი შესაძლებელი იყო ასეთი რამ მომხდარიყო. მრავალგზის მოტყუებული ქართველობა კი, რომელიც უკვე შეჩვეულიყო (ან წინასწარ გრძნობდა) მსგავს ექსცესებს, 4-4-ად დაყოფილიყო და პირველი ცნობილი ემიგრანტი ქართველი ქალის ძეგლის ქვეშ „ჯოკრის“ თამაშით იქცევდა თავს. მოშორებით კი ამ ამბით დაინტერესებული ერთადერთი ტელევიზია – აჭარის 25-ე არხი ცდილობდა სიტუაციის გაშუქებას. (როგორც მერე გაირკვა, ბენდებიდან ყოფილან ისეთებიც, რომლებიც ამ ფესტივალისგან ელოდნენ ჰონორარს და იმის გამო, რომ მათ ფინანსურად ხელი არავინ გაუმართა, რამდენიმე დღით ბათუმში ჩარჩნენ.)

ამასობაში Metal Scent-იც წავიდა, თბილისის აეროპორტის ჰოლში კი [AMATORY] იცდიდა. საღამოს რუსული ბენდის საიტზე დაიწერა, რომ ისინი ორ საათზე მეტხანს ელოდნენ ორგანიზატორებს, რომელთაც ტელეფონები გათიშული ჰქონდათ, ამიტომაც მადლობას მხოლოდ თბილისის აეროპორტს უხდიდნენ სამშოლოში დასაბრუნებლად ხელის შეწყობის გამო. თბილისში ჩამოვიდა კენ ჰენსლიც, რომელიც ასევე იგნორირებული აღმოჩნდა ერიკსა და დიმიტრის მიერ. მისტერ ჰენსლიმ თანმყოფ ბენდის წევრებთან ერთად თბილისი დაათვალიერა და ღამით – ტურისტად ქცეული მუსიკოსი -საქართველოდან გაემზგზავრა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰენსლი, როგორც შემდგომში თავად აღნიშნა – Locomotive Promotion-ის პერსონალმა გადაარჩინა(!) და ამის სამადლოდ, ბრიტანელმა როკ-ლეგენდამ ერთი შესანიშნავი კონცერტი გვისახსოვრა ნოემბრის თვეში.). ერთადერთი ვისი დახვედრაც „ორგანიზატორებმა“ მოახერხეს იყო პროექტი LOCK UP (მათ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ხეჩუმოვის სამეგობრო დახვდა აეროპორტში), რომლებმაც რამდენიმე საათი დიღმის ერთ-ერთ სასტუმროში დაჰყვეს, თუმცა პროექტის წევრებს არანაირი სურვილი არ ჰქონიათ აქ დარჩენის, როგორც კი გაიგეს ფესტივალის ჩაშლის შესახებ. ისე საინტერესოა, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, იმის მაინც არ რცხვენია ერიკ ხეჩუმოვს, თავს რომ იკლავს იმის ძახილით როკეი ვარ როკეიო და ამასობაში ტელეფონზე შემოსულ კენ ჰენსლის ზარს არ პასუხობს ?

ფესტივალი დასრულდა და ის წარმატებული მხოლოდ პოლონური Cemetery Of Screams-ისთვის  და ტუნისური Cathagads-ისთვის გამოდა, რადგან ეს ბენდები საქართველოში არ ჩამოსულან !

***

მომდევნო დღეს, 19 ივლისს Youtube-ზე გამოჩნდა დიმიტრი ხლივინსკის ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია 17 ივლისის ღამეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ამ ღამით გაემგზავრა საქართველოდან Global Promotion-ის შეფი, რომელიც თავის ინტერვიუში ფესტივალის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს; ხლივინსკი ამბობს, რომ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მის კომპანიას ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვის, რომ მათ ვერ ჩამოიტანეს სათანადო აპარატურა ბათუმში, თუმცა თავისივე ბრალეულობას იმ „სამწუხარო ფაქტითვე“ აბათილებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდაც კი არ არსებობს მაღალი ხარისხის მუსიკალური აპარატურა. მეეჭვება ხლივინსკის ეს მოსაზრება მართებული იყოს რადგან არ მგონია ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან – ჩიკ კორეა, ჯო კოკერი, Uriah Heep, ჯონ მაკლაფინი, ტანია მარია, ქეთი მელუა, რეიჩელ ფარელი და სხვები, რომელთაც საქართველოში კონცერტები აქვთ გამართული, უვარგისი აპარატურა დახვედროდათ სცენაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაერთ ტელევიზიას გაუშუქებია მათი ქართული მუს-ვოიაჟით კმაყოფილი და ბედნიერი სახეები. მორიგ მიზეზად ხლივინსკი ბათუმის მერიას ასახელებს, რომელმაც ნება არ დართო ორგანიზაციას მეორე დღეს ფესტივალი ჩაეტარებინა. ამაში გასაკვირი არაფერია და ხლივინსკის ეს მოსაზრებაც უსახურია, რადგან მსგავსი ტიპის ფესტივალები ქალაქის ცენტრში არცერთ ქვეყანაში არ იმართება; ასეთი ღონისძიებები ან დახურულ სივრცეში, ანდაც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მყურდო ადგილზე ტარდება – ასე რომ, ამ კუთხით, მერია არაფერ შუაშია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხლივინსკიმ რამდენიმე წუთი უაზროდ იმართლა თავი და ახალი და საინტერესო არაფერი გვითხრა, თუმცა ნიჭმა თავისი გაიტანა და ჩვენი გაოცება მაინც შეძლო: მისი თქმით, თურმე ქართულ მხარეს, კერძოდ კი ერიკ ხეჩუმოვს გრამი ბრალი არ მიუძღვის ამ საქმეში, ის მხოლოდ უკრაინული მხარისგან მიღებულ მითითებებს ასრულებდა და იმის მაგივრად, რომ მას პასუხი მოვთხოვო, პირიქით – ის დიდების დერეფანში უნდა გავატაროთ და ტაში დავუკრათ, რადგან რომ არა ის, ჩვენი ქვეყანა ვერ ეღირსებოდა Dark Tranquillity-სა და Sabaton-ს. საოცარია, ნუთუ თვითონ მაინც სჯერა ხლივინსკის თავისი სიტყვების?! – რატომ არ უნდა მოვთხობოთ პასუხი ერიკ ხეჩუმოვს, როდესაც ის თვეების განმავლობაში ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ქართველთა მთავარი ინფორმატორი იყო და იმის მაგივრად, რომ შექმნილი სიტუაცია რეალურად გადმოეცა, ჩამონათვალი ბენდების ვიდეოებს Facebook-ზე, ფესტივალის გვერდის კედელზე „აშეარებდა“. გასაკვირია, სადამდე შეიძლება გაწვდეს ნაგლობის (!) ასეთი საზღვარი, როდესაც ორგანიზატორებს ჰყოფნით ნამუსი მორიგი ტყუილი „გვაჭამონ“ ისე, რომ ერთი ბოდიშიც კი არ მოიხადონ ქართველი მსმენელის წინაშე. ქართველმა მსმენელმა კი ხეჩუმოვი უნდა დააფასოს, ხელში ატაცებული მოატაროს ქვეყანა და დაფნის გვირგვინით შეამკოს. – რატომ ? – იმიტომ, რომ მან ამ ორი ბენდის ჩამოყვანით ქართულ როკ-კულტურას დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა!

მაგრამ ვაი რომ ნაბიჯი უკან გადაიდგა და არა წინ, ქართველ Sabaton-ისა თუ Dark Tranquillity-ს ფანებს ერჩივნათ საერთოდ არ ენახათ ეს ბენდები, ვიდრე ასეთ სიტუაციაში ეხილათ, რადგან ამ შვედ მუსიკოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრა ცუდი მუს-რეპუტაცია და მასშტაბური როკ-ფესტივალის ჩატარების იმედი!

რა თქმა უნდა, კონკრეტულად ხეჩუმოვს ან ხლივინკის არავინ უჩივის, აქ საუბარია იმ მთლიან შემადგენლობაზე, რომლებიც ორგანიზატორობდნენ ფესტივალს. მათ ბრალეულობაზე სალაპარაკოდ ისიც კი კმარა, რომ ჯერ კიდევ ფესტივალის დროს იყო შეუძლებელი მათთან კავშირის დამყარება; – თუ მართლები იყვნენ, შეეძლოთ მარტივად დაემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე. გარდა ამისა, იმის ნაცვლად, რომ ფესტივალის მეორე დღეს თავად მოსულიყვნენ ერას მოედანზე და ხალხისათვის ჩაშლის მიზეზები ეთქვათ, მათ Facebook-ზე მობილურით დაპოსტეს ერთადერთი წინადადება და ამით მოიშორეს ყველანაირი ვალდებულება.

თავისთავად #1 დამნაშავე ორგანიზაცია Global Promotion და მასთან თანამშრომელი ქართული მხარე არის. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, მის შესახებ ინფორმაციის მოძიება მეტად რთული აღმოჩნდა, რადგან ოფიციალური საიტიც კი არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ ფესტივალის ოფიციალური ინტერნეტ მისამართი, სადაც სასარგებლო ბევრი ვერაფერი ვნახე. გაირკვა მხოლოდ ის, რომ ამ უკრაინულ პრომოუტერ კომპანიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ძალზედ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ადრეც ჰქონია ჩავარდნები (რაც პირველ რიგში უნიჭობაზე უნდა მეტყველებდეს); კერძოდ კი – 2009 წელს, ჩვენ მიერ უკვე კარგად ნაცნობ ხლივინსკის ფესტივალის ბილეთები გაუყიდია, მაგრამ Global East Fest-მა იმ წელსაც კრახი განიცადა, სიტუაცია კი მიიჩქმალა. პრობლემები იყო ასევე 2010 წელსაც ამავე ფესტივალზე. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საჯარო რეესტრში არის განცხადება შ.პ.ს „JAM“-ის შესახებ, რომელიც ერიკ ხეჩუმოვმა დაარეგისტრირა, მის პარტნიორად და დირექტორად კი დიმიტრი ხლივინსკი იხსენიება. როგორც ჩანს ხლივინსკის ერთი შეხედვით, მხოლოდ და მხოლოდ, მეტალისტური სიფათის მიღმა დიდი და გამოცდილი აფერისტიც უნდა იმალებოდეს.

თუმცა რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ, მხოლოდ ორგანიზატორებს ვერ დავადებთ ხელს. ბათუმის ფესტივალს სხვა კუთხით რომ შევხედოთ – ხალხიც დამნაშავეა, რადგან წლების განმავლობაში, როცა მსმენელები მეტალ-ფესტივალის ითხოვდნენ, ნება უნდა ებოძათ და ბილეთი ეყიდათ. აქ არ აქვს აზრი შენ Dark Tranquillity უფრო გიყვარს თუ რომელიმე სხვა მეტალ-ჯგუფი; ნებისმიერი მეტალისტისთვის რომ გეკითხა (ახლაც რომ ჰკითხო) ძალას არ დაიშურებდა, ოღონდაც საქართველოში მასშტაბური მეტალ-ფესტივალი ჩატარებულიყო. ასეთ დროს, საჭირო იყო ხალხის უმეტესობა მოქცეულიყო ისე, რომ ამ კულტურის განვითარებისთვის შეეწყო ხელი. გასაგებია, რომ Sepultura-ზე ყველაფრის უკუღმა დატრიალებამ გაანაწყენა მსმენელი, მაგრამ ასეთი რადიკალური განწყობაც არ უნდა ყოფილიყო. ფესტივალზე ისეთებიც კი იყვნენ, ვინც ჩამოთვლილთაგან არცერთ ჯგუფს არ უსმენდა და რამდენიმე დღით ადრე ლეგენდარული Judas Priest-ის მეგა-შოუზე ესიამოვნა მეზობელ თურქეთში, თუმცა მათი მიზანი იყო, რომ ბილეთის შეძენით მხარი დაეჭირათ ფესტივალისთვის, რათა მომავალ წელს უკეთესი შემადგენლობა წარდგენილიყო. პირდაპირ Metallica-ს და მისი დონის ლეგენდებს ქვეყანაში არავინ ჩამოგიყვანს, ჯერ იმით უნდა დაკმაყოფილდე რაც არის, რადგან პირველია და თუ ამ პირველმა წარმატებით ჩაიარა, მეორეზე და მესამეზე უფრო მაღალი დონის ბენდები ავლენ სცენაზე ! (ისე, ობიექტურად რომ შევაფასოთ Dark Tranquillity-ს მუსიკალური დონე, თვით  Sepultura-მაც კი ინატროს დღეს ! ) მაგრამ – არა ! „Opeth თურქეთში იყო და აქაც თავისუფლად შეძლებდა ჩამოსვლას, თავში რომ ჭკუა ჰქონოდათ“ ან „შარშანდელი სტამბულის Big 4 წელს ბათუმში ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლებოდა ყოფილიყო“ – ამ რეპლიკებით იმოქმედა ქართველი მსმენელის უმეტესობამ და ფესტივალზე იმიტომ არ წავიდა, რომ ჩამონათვალში რომელიღაც „სუპერზესაოცარი“ ლეგენდა ვერ დაინახა. ხალხის მეორე კატეგორიამ უბრალოდ არ იყიდა ბილეთი, რადგან ზედმეტი 80 ლარი არ გადაყარა – მათ ნაცნობებისგან კარგად იცოდნენ, რომ „ანგისას“ სტადიონზე შეპარვა, მისი დაუცველობის გამო, პრობლემას არ წარმოადგენდა. მესამე ნაწილს კი უბრალოდ არ ჰქონდა 80 ლარი და ამიტომ ვერ წამოვიდა. თუმცა სამთვენახევრის განმავლობაში, არ მგონია 80 ლარის შეგროვება დიდ სირთულეებს წარმოადგენდეს მონდომებული ადამიანისთვის, მაგრამ აქაც ქართულმა რადიკალურმა „არა“-მ წამოყო თავი და მე-3 კატეგორიის დიდი ნაწილი მე-2-ს შეუერთდა. ფაქტია, რომ ხალხის სიმცირე, რომელიც გაყიდულ ბილეთეზე კარგად აისახა, ფესტივალის ჩაშლის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, სტადიონზე 600-700 კაცის დაყენება კი იმაზე უარესი სირცხვილი იქნებოდა ვიდრე სინამდვილეში ვიხილეთ. ვინ იცის, ხალხს რომ გონებითა და ფესტივალის მხარდაჭერის სურვილით ემოქმედა, იქნებ მართლაც შემდგარიყო შოუ „ანგისაზე“ ?

ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ბრალი შეიძლება დავდოთ ხელისუფლებასაც, რომელიც მხარში არ უდგას მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ამის დასამტკიცებელი უმარტივესი მაგალითი კი ისაა, რომ სამთვენახევრის განმავლობაში, მხოლოდ 2 ხუთწუთიანი სიუჟეტი და 10-მდე რეკლამა თუ გავიდა ტელევიზიაში, მაშინ როდესაც კრის ბოტსა და სტინგს დიდი ზარზეიმით დახვდნენ, საოცარი პატივი სცეს და ისე გაუშვეს ქვეყნიდან. Dark Tranquillity-ს ჩამოსვლა კი ვინმემ მაინც გაიგო? -სხვათაშორის, კრის ბოტისგან განსხვავებით, რომელიც თვისი ჟანრის რიგითი წარმომადგენელია, რომელსაც სხვებზე მეტად გაუმართლა, Dark Tranquillity თავადაა საკუთრი ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და დაარსების დღიდან აქტიურად იღწვის მის გასავითარებლად. განსხვავება კიდევ ერთია და თანაც საკმაოდ დიდი: Dark Tranquillity-ს ბათუმში ხალხმა ბოდიშიც მოუხადა, მადლობაც გადაუხადა და ისეთივე ულევი ტაშით გააცილა, როგორითაც დახვდა, კრის ბოტი კი გაოცებით იდგა სცენაზე როცა ხედავდა, რომ ტაშსაც კი არავინ უკრავდა. თუ რატომ არ უკრავდა, ეს ყველაზე უკეთ ვანო ჯავახიშვილმა თქვა და დანარჩენს თქვენვე მიხვდბით „- კი დავუკრავდით ტაშს, მაგრამ ხელები დაკავებული გვქონდა – ერთ ხელში მარაო გვეკავა, მეორეში პერო“-ო. თუმცა ბოტის ჩამოსვლამ მაინც დიდი მოგება მოიტანა და მისი კონცერტიც წარმატებულად მოინათლა, მეტალ ფესტივალმა კი დიდი მოგება ვერ მოიტანა, ამიტომაც კეფაში მოხვდა ხელი !

მთავრობას ისიც შეეძლო, ხალხი რომ სულ ასე განაწყენებული არ დარჩენილიყო, რომელიმე კლუბი დაექირავებინა და შიგ ქართული ბენდები შეეშვა დასაკრავად, მით უმეტეს, მაშინ ისინი თანახმა იყვნენ ყოველგვარი ჰონორარის გარეშე დაკვრაზე. იქ შეკრებილი ქართველი მსმენელის  ამგვარ სიამოვნებას დიდი-დიდი 20 ათასი ლარი დასჭირვებოდა, ეს თანხა კი ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ქართული აყვავებული ეკონომიკისთვის. თუმცა  მთავრობა მხარში მხოლოდ მოგებას ამოუდგა და ქვეყანას რამდენიმე თვით ადრე ახარა „ცრემლმდენი ენრიკეს“ კონცერტი, რომლის რეკლამების რაოდენობაც, უკვე თვლას აღარ ექვემდებარებოდა. ენრიკეს რომ თავი გავანაბოთ, მის მიერ „ვაიჩაზასულ-გაბედნიერებულ“ გოგონას 1 დღეში უფრო მეტი დრო დაეთმო ქართულ ტელესივრცეში, ვიდრე სამი თვის მანძილზე Global East Rock ფესტივალს. დიდი ხელშეწყობა ჰქონდა ასევე რაღაც უსახურ შოუ-კონკურსს სადაც ხმაჩახლეჩილ და განაშებულ გოგო-ბიჭებს ვიღაც მათი წინამორბედები სიმღერაში ქულებს უწერდნენ და ტალანტებს უწოდებდნენ. ასეა თუ ისე, მთავრობას მცირედით მაინც შეეძლო სიტუაციის გამოსწორება მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მიკაელ სტანეს არც შერონ სტოუნივით ძუძუები აქვს და არც ენრიკე ეგლესიასივით შეუძლია ქვითინი.

მალე ყველას ეგონა, რომ ბათუმის ამბები ჩაცხრა – აღარც ერიკ ხეჩუმოვი ჩანდა, აღარც დიმიტრი ხლივინსკი და აღარც ჭეშმარიტი ხელოვანი პიარ მენეჯერი ანასტასია სლოვინსკაია, რომელიც ომახიანად მოგვიწოდებდა „როკის მამების“ კონცერტზე წასვლას. რამდენიმე ქართულმა ბენდმა ერიკს გაწნული სილაც შეირჩინა და კონცერტებს დახამებულმა ხეჩუმოვთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა. თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არავითარ შემთხვევაში დაყრიდნენ ფარ-ხმალს და მალევე გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ ხალხი, ვინც პროტესტს გამოთქვამდა Global Promotion-ისადმი, სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. ამავე დროს გამოქვეყნდა ხეჩუმოვის განცხადება, სადაც ის ამბოდა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ქართველ მსმენელს და რომ ისიც ჩვენსავით მოტყუებული იყო, თუმცა იმის მაგივრად, რომ მას, როგორც ფესტივალის გვერდის ადმინისტრატორს Facebook-ზე, რომელსაც შეეძლო ინფორმაცია ერთი დაკლიკვით მიეწოდებინა მათთვის ვინც ბათუმში დაესწრო კონცერტს, მან საერთოდ წაშალა ეს გვერდი, რითაც შეუძლებელი გახდა გეგმის სწრაფი გატანა ხალხში. მიუხედავად ყველაფრისა, 12 აგვისტოს მომჩივანთა ხელმოწერების აკრეფა დაიწყო; მოთხოვნა იყო ხალხისთვის ბილეთის საფასურის უკან დაბრუნება, მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა ის, რომ ნდობა დაკარგულიყო Global Promotion-ისადმი როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე ეტაპად შედგა და ჯამში 60-მდე ხელმოწერა არც კი შეგროვდა. საბოლოოდ განცხადება მაინც შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ერთი კვირის შემდეგ კი ის მინისტრის მოადგილემ განიხილა და შემდგომი გამოძიბისთვის თბილისის სამმართველოს გადასცა.

თბილისის სამმართველოს შემდეგ, ზუსტად არ ვიცი რამდენჯერ და რამდენ ადგილას გადაამისამართეს „ფესტივალის საქმე“, მაგრამ როგორც უშუალოდ განცხადების ავტორისგან გავიგეთ, განცხადებამ პროკურატურამდე მიაღწია და იქიდანაც დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ, რომ საქმეს მოაგვარებდნენ.

უკვე იმედი იყო გადაწურული და ვფიქრობდით, რომ Global East Rock Fest-ის ამბები „დაიკიდეს“, როდესაც ნოემბრის თვეში ბათუმის პროკურატურიდან გაისმა ზარი; როგორც განცხადების ავტორს უთხრეს, დიდი ხეტიალის შემდეგ, საქმე საბოლოოდ ბათუმის პროკურატურაში შევიდა, სადაც ამ საქმისადმი დიდი ინტერესი აღეძრათ. ამის შემდეგ ბათუმელი სამართალდამცავები ჩვენს დედაქალაქს ესტუმრნენ და 15-მდე ხელმომწერი დაკითხეს.

ნოემბრის შემდეგ არც განცხადების ავტორს და არც რომელიმე დაკითხულს, პროკურატურიდან ამ საქმეზე არავინ შეხმიანებია !

ბათუმში მიღებული ამ დიდი იმედგაცრუების იურიდიულ საკითხად ქცევის მიზეზი ის არის, რომ უკვე ყელში ამოვიდა ის ფაქტი, რომ ქართველ ერს ნებისმიერი შეიძლება გადაახტეს და ეს უკვე ყველამ კარგად იცის. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ფინანსური ზარალის ანაზღაურება, ჩვენ – ვინც პროტესტს ვუცხადებთ Global Promotion-ს, უბრალოდ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ვიბრძვით იმ ხალხის დასაცავად, რომლებიც გულნატკენნი არიან ბათუმის ამ სამარცხვინო ღონისძიების გამო. ბევრი მათგანი დღესაც განიცდის ამ კრახს და ბევრსაც უკვე საბოლოოდ აქვს იმედი გადაწურული, რომ საქართველოში როკ-კულტურა ოდესმე აყვავდება; ამდენი ხახლის იმედგაცრუებისთვის კი დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ერთხელ და სამუდამოდ, მსგავსმა მაქინატორებმა უნდა შეიგნონ, რომ ჩვენც გვაქვს ძალა დავუპირისპირდეთ და არ შევარჩინოთ არავის ტყუილი, რომ ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სიტყვა და არ ვიჯდეთ უქმად. მხოლოდ ხალხის გაბრძოლებით თუ შეძლებს ქვეყანაში როკ-კულტურა აყვავებას, ამის ნათელი მაგალითისთვის კი ისევ 1980 წლის თბილისს უნდა ვესტუმროთ, იმ თბილისს, სადაც ქართველმა ხალხმა პირველმა ითავა დასავლური ინტელექტუალური კულტურის ფესტივალის გამართვა ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში. მაშინ ხალხმა იბრძოლა და სასურველი შედეგიც მიიღო. ჩვენს შემთხვევაშიც, მხოლოდ და მხოლოდ, ბრძოლაა საჭირო!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: