ბეტონის სტადიონზე გადატყავებული მუხლები

რთულია წერა დაიწყო მაშინ, როცა პირველ წინადადებაშივე უნდა ახსენო სიტყვები „ჩემი ბავშვობა“, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ამ სირთულის დაძლევა აუცილებელი ხდება ხოლმე;

ჩემს ბავშვობაში სახლის უკან ბეტონის სტადიონი იყო – დაჟანგული კარებით. იმ სტადიონზე ვიკრიბებოთ ხოლმე ყოველდღე და დაუღალავად ვთამაშობდით ფეხბურთს. სახლში, რა თქმა უნდა, მუხლებგადატყავებულები ავდიოდით – ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო,  ჩვენს ასაკზე, ხედვასა და ცხოვრებაზე ხაზგასასმელი აუცილებელი ატრიბუტი. მერე ის ბეტონის სტადიონი რომ უკიდურეს წერტილამდე გადაითხარა და ჩვენს მუხლებზეც იმატა შრამების რაოდენობამ, ვანო ზოდელავამ იკადრა და სტადიონზე ასფალტი დაგვიგო. არ გეგონოთ, რომ ეს ჩვენ წაგვადგა, – ესაო და გადათხრილი აღარაა სტადიონიო იქ „დიდი ბიჭები“ დაბინავდნენ და ჩვენი იქ სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა. გამოსავალი კი დიდებული მოვნახეთ; სახლის წინ კუსტარული სტადიონი მოვაწყეთ, სადაც ერთი კარი ჩემი სადარბაზო იყო, მეორე კარი კი ხან ჯემალი პაპას „გარაჟი“, ხან კი (თუ ჯემალი სახლში იყო, მაშინ) გვერდით მდებარე საბავშვო ბაღის კედელი. მეორე ვარიანტი ცოტა არ იყოს და სიურეალისტური (გნებავთ კუბისტური) იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში კარები ერთმანეთის პირისპირ კი არ იდგნენ, არამედ 90 გრადუსით იყვნენ მიმართულნი. ამას ისიც ემატებოდა, რომ შუაგულ მოედანზე ყვავილების ბაღი იყო და ჩვენც ათასგვარად დამუშავებული კომბინაციებით დავრბოდით ტრაპეციის ფორმის „სტადიონზე“.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენთვის საყვარელი „ფეხბურთი“ მაინც ვერ იქნებოდა კომფორტულად სათამაშო, ამიტომაც გულს ე.წ. „სტოპიატით“ „ჟოპასტენკათი“ ან „კარიდან კარში“-თი ვიჯერებდით. ფეხბურთის დონემდე ვერ მიდიოდა, მაგრამ სამივე თამაში არანაკლებ აზარტული და მიმზიდველი იყო. „ჟოპასტენკა“ სიფრთხილესა და დიდ გათვლებს მოითხოვდა, „სტოპიატი“ სიზუსტესა და საუკეთესო მიზანს, „კარიდან კარში“ კი მაინც ძირითადად დარტყმის სიძლიერეზე (და საშუალო მიზანზეც) იყო ორიენტირებული. „კარიდან კარში“-ს კარიერა ყველაზე კარგად მახსოვს, რადგან ზაფხულის ერთ ჩახრუკულ დღეს მე და საბა ოქრუაშვილმა 64 ხელი ვითამაშეთ და რომ არა ჩამოწოლილი სიბნელე და დედების მუქარანარევი შეძახებები, ალბათ 100-მდეც ავიდოდით. იმ 64 ხელიდან 63 მე მოვიგე და მეორე დღეს საბა სოფელში წავიდა.

სოფელში მეც ყოველ ზაფხულს დავდიოდი. იქიდან რომ ჩამოვდიოდი, კორპუსის წინა ეზო ფოთლებით სავსე მხვდებოდა ხოლმე და მაშინ ვხვდებოდი, რომ მალე სკოლა დაიწყებოდა. თუმცა ვერც სკოლა მიშლიდა ხელს ეზოში დაღამებაში. ზაფხულის მერე ბევრნი ვგროვდებოდით ხოლმე და იმის გამო, რომ ყველას არც ფეხბურთი უყვარდა და რომც ჰყვარებოდა იქ მაინც ვერ ვითამაშებდით, სხვა თამაშებს ვიწყებდით ხოლმე. ცენტრში ვიღაც დადგებოდა ხოლმე – ყველაზე ხშირად გვანცა კილანავა (რადგან ყველაზე მჭექარე ხმამას ჰქონდა) – ცერა თითს რომის იმპერატორივით ამაყად აღმართავდა და მთელი კორპუსის გასაგებად „ტაიტაიტაი“-ს გაჰკივლებდა. ეს თამაში რომ მოგვბეზრდებოდა, დახუჭობანას ვთამაშობდით თავისი უცვლელი სამარკო ფრაზით „ვინც არაა დამალული ჩემი ბრალი არ არის“. დახუჭობანას შემდეგ „წრეში ბურთი“-ს დრო დგებოდა ხოლმე. ყოველთვის არადანი ვიყავი, რადგან ბურთით „დაჭრა“ მევასებოდა ხოლმე – იმიტომ, რომ ვრედნი და დამპალი ვიყავი და ბოლო ძალით ვისროდი ბურთს, რომ „დაჭრილის“ გვერდები ამეწვა. მერე გვანცა ისროდა ხოლმე ისე, რომ წრეში მდგომი პასს აიღებდა და მე გვანცას მთელი კორპუსის გასაგონად გავძახოდი, რომ დებილი იყო.

თამაშებით დაღლილები დავირაზმებოდით, მშობლებს ფანჯრებიდან 50 თეთრს ვთხოვდით და ნაყინს ან შოკოლადს ვყიდულობდით. მაშინ ყველაზე პოპულარული შოკოლადი „დოპინგი“ იყო, ახალი შემოსული იყო (ყოველ შემთხვევაში დათოს მაღაზიაში ახალი დადებული ჰქონდათ) „ლუნა“ და „მეტრო“, „სნიკერსი“ კი განსაკუთრებული დღესასწაულივით გვქონდა ხოლმე. ახლა რომ მახსენდება, ალბათ იმ „დოპინგზე“ უგემური შოკოლადი არ დამზადებულა დედამიწაზე, მაგრამ მაშინ მაინც გემრიელი იყო.

ნაყინიც გვიყვარდა და მაშინ „პინგოს“ და „ბამბინოს“ მიჰქონდა მაღაზიათა მაცივრები. გვანცა არ ჭამდა „პინგოს“ და „ბამბინოს“, რადგან მამამისი „თოლიაში“ მუშაოდა, ამ ბრენდს კი ჩვენი უბნის მაღაზიებში ჯერ არ მოეკიდა ფეხი. ერთ დღეს, გვანცას მამამ ეზოს ბავშვებს თითო-თითო ყუთი ნაყინი გვიყიდა და იმ დღეს ყველას საკუთარ თავებზე მეტად გვიყვარდა მამუკა ძია.

ამ ასაკში ჰობიც მქონდა: მრგვალ, ქაღალდის „პოკემონებს“ და „ჰარი პოტერებს“ ვაგროვებდი. ეს ის გასართობი იყო, რომელიც ჩვენს ეკლესიას სატანის მონაგონად მიაჩნდა და მასწავლებლებიც გარდა იმისა, რომ გვებრძოდნენ და დანახვისთანავე ადგილზე გვიჩანაგებდნენ სიმწრით ნაშოვნს „ფიშკებს“, მათზე უამრავ ისტორიასაც გვიყვებოდნენ  ხოლმე, მაგალითად: შუაზე რომ გაგეხია მათგან „ეშმაკის ბოლი“ ამოდიოდა, ზოგზე შიგნიდან ეშმაკის საგალობელი ეწერა, ზოგიც დაავადებებს ავრცელებდა, კოშმარებს გვასიზმრებდა. ერთხელ, მახსოვს ვიღაც ბავშვი ცოცხით გადმოხტა სახურავიდან და მეორე დღესვე ისიც „ფიშკებს“ დაბრალდა. ფიშკებთან დაკავშირებით კი ყველაზე მძიმე მოგონება მე-3 კლასის ექსკურსიაზე მაკავშირებს, როცა ბოტანიკურის ტბაში ჩავვარდი და გასამშრალებლად იძულებული გავხდი მასწავლებლების თვალწინ ჯიბეებიდან ამომეღო 276(!) ფიშკა. მასწავლებლები კი მაშინ ისეთი მკაცრები იყვნენ, რომ ფონდის ფულთან ერთად თუ მინიმუმ 100 ფიშკას არ აგვახევდნენ თვეში, ის თვე წარუმატებლად მიაჩნდათ. იმ დღესაც, რა თქმა უნდა, ვერ გადავურჩი ფიშკების აწაპვნას.

იმ დროს სიყვარულიც განსაკუთრებული იყო; ჩვენი კლასის ყველა ბიჭს თუ არა 90%-ს მაინც რუსიკო აღნიაშვილი უყვარდა. რა თქმა უნდა, ჩემებიც დღე და ღამ მიჩიჩინებდნენ ვინ გიყვარს ვინ გიყვარსო და მთავარი ეჭვი მათაც რუსიკოზე ჰქონდათ, რადგან რუსიკო მართლა ლამაზი გოგო იყო. მე კი მაშინ არავინ მიყვარდა ყაჩაღის ასული რონიას გარდა და ამიტომაც ბანალურ „არა“-ს ვპასუხობდი ამ კითხვას და ვჩუმდებოდი, რადგან რომ მეპასუხა რონია მიყვარს-მეთქი, მამაჩემი იფიქრებდა „ამას დაცურებული ხომ არ აქვსო“ და ეგრევე ფსიქოლოგთან გამაქანებდა. ასე რომ დუმილი რომ მართლა ოქროა, მაგაში ვერავინ გადამარწმუნებთ.

* * *

დღეს იმ სტადიონზე ხელოვნური ბალახი აგია, კორპუსის წინ ისევ იკრიბებიან ბავშვები, მაგრამ ზიან და ჭორაობენ. ვერავის დავუნახე ჯერ გადატყავებული მუხლები. მეც და საბასაც ალბათ 2 წელი მაინცაა ფეხბურთი არ გვითამაშია, მის სხვა განშტოებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დღეს ეს ბავშვები ნებისმიერი შოკოლადის და ნებისმიერი ნაყინის ჭამას შეძლებენ და „დოპინგი“ ან „პინგო“ რომ უხსენოთ ბუს თვალებით შემოგხედავენ. მათ აღარც ფიშკები აქვთ, ბურთსაც თუ იშვიათად გააგორებენ ხოლმე. და ამ კორპუსში აღარც გარაჟები დგას. მათ ალბათ სხვა გასართობები აქვთ. მათი დროის შესაფერისი. და ეს სხვა სამყაროა. ჩახუთული ქალაქი. ამ ქალაქში ხალხს ატყუებენ, რომ სუნთქავენ. არ ვიცი სად დაიკარგა ყველაფერი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მინდა სადმე წასვლა, სადაც ჰაერია, სადაც შემიძლია ვისუნთქო და რომ იქ არავინ მომატყუებს ამის შესახებ.

დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. ბავშვობა გამახსენდა…

    Reply
    • მე სულ მახსოვს, ეს პოსტიც ერთ-ერთი გამოვლინებაა ამისი.

      Reply
  2. nana

     /  July 21, 2012

    ძალიან მაგარიააააა….ასეთი უბრალო და ამავდროულად ძალიან მაგარი რაგაც დიდი ხანია არ წამიკითხავს:*:)))

    Reply
    • მადლობა. მიხარია ასეთ ამბებში თანამოაზრეებს რომ ვხედავ 🙂

      Reply
  3. medeakilanava

     /  July 22, 2012

    dzalin dzalin magaria :xmadloba mishka yvela dge gamaxsene chveni bednieri bavshvobis :X:XXmiyvarxar da madlobeli var 😡

    Reply
  4. <3<3
    ეზოში ჩასვლა რომ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის დრო.. <3<3
    ველო რომ არ იყო ნახსენები არსად გამიკვირდა :დ

    Reply
    • ველოსიპედი ცოტა მოგვიანებით მიყიდეს, სადღაც 11 წლის ასაკში. ეს უფრო ბევრად ძველი დროა, როცა ეზოში ჩასვლმა მართლა დღის უმთავრესი ნაწილი იყო. თანაც ჩვენს ეზოში ბურთი უფრო პოპულარული გასართობი იყო, ვიდრე ველოსიპედი 🙂

      Reply
  5. რა გემრიელად გაგხსენებია 🙂 სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე.

    კონფისკაციაქმნილი ფიშკები, მგონი, შენზე მეტად დამენანა 🙂

    Reply
    • უჰ, რომ იცოდე როგორ განვიცადე. მაგ მომენტში ჰარი პოტერის ერთი ისეთი ფიშკა მქონდა, რომ სკოლაში არ ჰქონდა არავის.
      მეორედ კიდევ, როცა კლასსში ჩამოგვიარეს და დაახლოებით ამდენივე ფიშკა ამწაპნეს მეც და ჩემ კლასელებსაც, იქ ერთი უეფას ლოგოიანი ფიშკა მქონდა, რომელიც კლასელებს ისე უნდოდათ, რომ 50 ცალ ფიშკაში მიცვლიდნენ და მაინც არ ვთმობდი. ჰოდა მასწავლბლებმა ამახიეს :დ
      რა გასაკვირია, რომ ვერ ვიტან 140-ე სკოლას :დ

      P.S. კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ^_^

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: