ანესთეზია

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

** ამ პოსტში გაიგებთ, თუ რატომ ჰქვია ჩემს ბლოგს “ანესთეზირებული”
21-ე საუკუნის კულტურული შოკი, ენით აღუწერელი ემოციების ზვავი და მუსიკალური სამყაროს კედლისიქითა ხელოვნება. და თუმცა ძალზედ რთულია ისაუბრო ისეთ რამეზე, რისი აღმწერი სიტყვებიც ჯერ არ მოგვეპოვება ცოცხალსა თუ მკვდარ ენებში, მაგრამ მაინც შეუძლებელია გეყოს მოთმინება და გვერდი აუარო ხელოვნების ასეთ ნიმუშს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ ადგილს დაიკავებს მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. თავიდანვე გირჩევთ, რომ თუკი უბრალოდ ზერელე მსმენელი ხართ, ახლავე შეწყვიტოთ სტატიის კითხვა. ხოლო თუ მაინც ჯიუტად აგრძელებთ და მზად ხართ თავი ამ „შარში“ გაყოთ – წამომყევით !
            Anesthetize  – ასე ეწოდება ბრიტანული ჯგუფ Porcupine Tree-ს მიერ 2010 წელს გამოშვებულ DVD დისკს, სადაც ჰოლანდიის ქალაქ ტილბურგში ჩატარებული ორი შოუა მოთავსებული. კონცერტები 2008 წლის 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდა, DVD-ში კი გაერთიანებული სახით, ორ ნაწილად შევიდა. გამოსვლისთანავე, პოპულარულმა საიტმა „პროგარქივმა“ მას 21-ე საუკუნის საუკეთესო DVD-ს იარლიყი მიაკრო და ეს სტატუსი დღემდე არ მოშორებია პროდუქციას. სწორედ ამ კონცერტის ხილვას გირჩევთ ადამიანებს, რომელთაც მიგაჩნიათ, რომ ჭეშმარიტი მუსიკა თქვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რადგან „ანესთეზია“ ნამდვილად ცალკე მოვლენად იქცევა მოვლენათა ამ ერთობლივ ციკლში.

სანამ უშუალოდ კონცერტზე გესაუბრებოდეთ, უმჯობესად მიმაჩნია ამ კონცერტის შემოქმედებზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა : დავიწყოთ დიდებული მუსიკოსითრიჩარდ ბარბერით  რომელიც ამ ბენდის კლავიშისტია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ის არის ბენდის მისტიციზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მის მიერ შექმნილი მუსიკალური ფონები თუ სოლოები ნამდვილად საოცარი ნიჭის გამოვლინებაა, ნიჭისა და კიდევ რაღაცისა, რასაც ალბათ სიტყვა ნაკლებად თუ მოეძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯგუფის უკანა ფონზეა გადასული (როგორც ნებისმიერი კლავიშისტი ნებისმიერ ჯგუფში), ის მაინც Porcupine Tree-ს ერთ-ერთი მასულდგმულებელი ძალაა და რომ არა ის – ვინ იცის იქნებ განვითრების ასეთი მაღალი საფეხურისთვის ჯერ ვერ მიეღწია ბენდს (თუმცა მიღწევით კი ოდესმე მაინც მიაღწევდა და უფრო მეტიც – დარწმუნებული ვარ Porcupine Tree არ შეწყვეტს ალბომიდან ალბომამდე განვითარებას). რიჩარდი ამ კონცერტზეც მოწოდების სიმაღლეზეა, ის თითქოსდა განდგომილია სცენიდან, მაგრამ თუ ვინმეს შეიძლება მივანიჭოთ „მთავარი მანესთეზირებელის“ სტატუსი, ალბათ პირველ რიგში მას, რადგან მთლიანი კონცერტი თუ არა – მისი პირველი ნაწილი მაინც, მის თემებზე ვითარდება.

ბენდის ზურგს ამაგრებს ასევე გენიოსი გევინ ჰარისონი  , რომელიც ნამდვილად იმსახურებს თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო დრამერის ტიტულს. მის ყოველ ბგერას გაოცებული ვუსმენ ხოლმე, მისი რითმები, გადასვლები, კადანსები – ეს უბრალოდ მუსიკალური სახელმძღვანელოა. მის მიერ წარმოქმნილ ნებისმიერ ბგერაში ჩაქსოვილი ემოცია ცალკე სამყაროა. ის დასარტყამ ინსტრუმენტებს ისე ეპყრობა, თითქოს სასურველ ქალთან ერთად ინტუმურ ცხოვრებას ეწევაო, მისი ურთიერთობა თითოეულ დოლთან თუ თეფშთან, რაღაც მისტიურ რიტუალს ჰგავს, ამიტომაცაა ალბათ, ასე რომ გვაოცებს მისი შესრულების ასეთი მაღალი დონე – ის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად ცხოვრობს, მასთან ერთად სუნთქვას და მასაც ასუნთქებს, უფრო სწორედ ისინი რაღაცნაირად მწველი სუნთქვით არიან თანაზიარნი. Porcupine Tree-ს ასეთი მაღალი დონე ალბათ სწორედ, რომ გევინის ბენდში მოსვლამაც განსაზღვრა. ისეთ დიდებულ ბენდებში მოღვაწეობამ, როგორებიცაა King Crimson, OSI, Renaissance, ნადმვილად გამოაწრთო გევინი თანამედროვეობის ერთერთ ლიდერ მუსიკოსად, მისი უზადო და დახვეწილი ტექნიკისა და შესრულების შემდეგ Porcupine Tree ალბათ ამ ბენდებიდან რომელიმეზე წინაც კი წავა, თუ უკვე წასული არ არის.

მორიგი მუსიკოსი – ჯონ უესლი   არ არის ბენდის წევრი, მაგრამ აგერ უკვე რამდენიმე წელია მის გარეშე არცერთი კონცერტი გაუმართავს Porcupine Tree-ს. იყო დამატებითი წევრი ასეთი მაღალი დონის მუსიკოსებით დაკომპლექტებული შემადგენლობისა – ეს ნამდვილად დიდი პატივია, თუმცა, რომ არა თავად უესლის საოცარი მუსიკალურობა და ნიჭიც, ის ნამდვილად არ მოხვდებოდა ასეთ გარემოში. რომ შევეშვათ მისი დაკვრის მანერას, ალბათ მაშინვე უნდა ავღნიშნოთ, რაღაცნაირად მელანქოლიური, დეპრესიული და მაინც ოდნავ აგრესიული ვოკალი, რომელიც საოცრად ალამაზებს Porcupine Tree-ს კონცერტებს. ამ კონცერტშიც, სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ არა უესლი, რამდენიმე სიმღერა ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი და დამუხტული, როგორიც ის DVD-ში გვხვდება. როცა ამ მუსიკოსზე ვფიქრობ, ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არაა საჭირო მოიხსენიებოდე ბენდის ოფიციალურ წევრად, მთავარია გრძნობდე შენს პასუხისმგებლობას ამ მუსიკოსებისადმი და ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდე მათი კონცერტების გასალამაზებლად, ამ ყველაფერს კი საუკეთესოდ ითავისებს ჯონ უესლი. აქვე ის სიმართლეც უნდა ითქვას, Porcupine Tree-ს გარეშე ალბათ უესლიც ვერ გახდებოდა ისეთი სახე, როგორიც დღეს არის.

რაც შეეხება ბას-გიტარისტ კოლინ ედვინს მისი ხილვა ამ კონცერტში, ცალკე სიამოვნებაა, რადგან იშვიათად თუ გადააწყდებით ასეთ მუსიკალურად გულწრფელ შემსრულებელს. გარდა მისი უზადო მუსიკალური ნიჭისა – რაც ამ კონცერტშიც კარგად ჩანს – აუცილებლად უნდა გამოვყოთ მისი მუსიკალურად-პიროვნული (იმედია, სწორედ გაიგებთ ამ სიტყვას, რადგან სხვანაირად არც ითქმის) მხარე, რაც ალბთ განაპირობებს კიდეც მის მუსიკას. არც კი ვიცი როგორ უნდა ვისაუბრო ამ ადამიანის ემოციებზე; მთელი კონცერტის მანძილზე მისი შეგრძნებები დაემთხვევა თქვენს შეგრძნებებს, ის თითქოს ბენდში შემსრულებელიც არის და ბენდის მსმენელიც, ისეთივე სიამოვნებას იღებს საკუთარი  დაკრულის მოსმენისგან, როგორც თავად დაკვრისგან. სახიდან არ შორდება ღიმილი და კონცერტის ნებისმიერ მონაკვეთში არის ბავშივით ბედნიერი. შეუძლია საკუთარ თავში ჩამალოს ყველანაირი ემოცია და ამავდროულად არ გადაივიწყოს, რომ ის ჭეშმარიტი მუსიკოსია, რომელიც ბენდის საძირკვლის ერთ-ერთი ბურჯია.

და ბოლოს, გენიალური შემსრულებელი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდუსერი,  უდავოდ გენიოსი ხელოვანი და, ჩემი აზრით – 21-ე საუკუნის  საუკეთესო მუსიკოსი სტივენ უილსონი : რთულია ისაუბრო მასზე და მითუმეტეს რთულია ისაუბრო იმდენი, რომ უბრალო დილეტანტი არ გადაღალო. სტივენი ის ადამიანია, რომელიც მუსიკალურად გაიზარდა და მასში უკვე ფესვები აქვს გადგმული მუსიკისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. „არცერთი მეგობარი გოგო არ მიჩერდება დიდხანს, რადგან უბრალოდ არ შემიძლია მათ მუსიკაზე მეტი დრო დავუთმო“ – მისი ეს ერთი შეხედვით უბრალო ნათქვამი ალბათ ნათლად ცხადჰყოფს იმას, რომ ის  მოწოდებით შემოქმედია. მხოლოდ მას შეუძლია ყოველ კვირა ახალი ალბომის გამოშვებაში შეიტანოს წვლილი და თანაც ისე, რომ ყოველი მათგანი უმაღლესი დონის იყოს. მას შეუძლია ჰყავდეს დიდებული ბენდი და იმუშავოს არაერთ ჟანრში, ჰქონდეს მრავალი პროექტი და განურჩევლად რანგისა, ყველა მათგანისთვის ერთნაირი ლტოლვით წეროს სიმღერები. მისი მუსიკა არის თანამედროვე სცენის ის ფონი, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც მოჰყვება ხოლმე ხარისხიანი რეზონანსი. სტივენი ერთგვარი მემატიანეა მსოფლიო სასცენო მუსიკის გამოცდილებისა და ალბათ ამიტომაცაა, რომ ის მუსიკალური სინთეზი, რაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხნის მანძილზე შექმნილ ბგერებს მოიცავს, თავისდაუნებურად გახდა სტივენის საკუთრება. ამ გამოცდილების დახვეწილი გამოვლინება კი მისი სასცენო ცხოვრებაა – რაღაც მიუწვდომელი და ნამდვილად შესაშური. როცა სტივენი სცენაზეა, ის ხულიო კორტასარის უამრავი გმირიდან წარმოქმნილ ახალ ინტელექტუალ პერსონაჟს მაგონებს, რომელსაც შეუძლია ჩაწვდეს რაღაც მიუღწეველის არხეს, ქვემდგომს და სწორედ ამით ახერხებს, რომ მისი მუსიკა მეტაფიზიკური მოვლენაა. მისი ბგერები შორეულია და ამავდროულად ისევე ახლოა შენთან, რომ შეგიძლია ხელით შეეხო, ეს კი იმიტომაა, რომ თავად სტივენს სურს ასე, ეს მისი ახირებაა – ისევე გადმოგცეს ის შექმნილი ბგერა შენ, როგორიც ის მასში წარმოიშვა. არ ჭირდება მას არანაირ „სოციალურ ყალიბში ჩასხმა“ და შელამაზება, ის ისეთია როგორიც უნდა იყოს, როგორიც პირველად იგრძნო სტივენმა და შენთვის გაიმეტა. ამის გამოა ალბათ, რომ კონცერტებზე ფეხზე არაფერი აცვია – შიშველი ფეხით უფრო მყარად დგას სცენაზე, შიშველი ფეხით უფრო მყარად გრძნობს სცენის მტვერს და შიშველი ფეხით უფრო მყარ კავშირშია მისი მეტაფიზიკური მუსიკა ხორციელ, ფიზიკურ გარემოსთან. სტივენში მოქცეული შესაძლებლობები ნამდვილად ერთეულთა ხვედრია. და თუმცა ის თავმდაბლობით აღიარებს, რომ მუსიკალურად და ტექნიკურად დევიდ გილმორისა და რობერტ ფრიპის მუსიკაზეა გამოწრთობილი, ის უკვე შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი გენიოსი მუსიკოსების გვერდით, როგორებიც თავად არიან დევიდ გილმორი და რობერტ ფრიპი. სტივენის ეს სასცენო ატმოსფერო არის ის მთავარი არტერია Porcupine Tree-ს კონცერტებისა, რომლის მეშვეობითაც მსმენელი ნამდვილ ასტრალში აღმოაჩენს თავს და მუსიკაც მსმენელში აკმეს სტადიამდე აღწევს.

და თუმცა Porcupine Tree-ში არასდროს დაუკრავს – შეუძლებელია აღნიშვნის გარეშე დარჩეს დანიელი ფოტოგრაფისა და დიზაინერის ლასე ჰოილის წვლილი „ანესთეზიაში“: მის მიერ შექმნილი საოცარი ფოტოები, ვიდეოები, კოლაჟები ჯგუფის ცალკე თემაა. ის ისეთივე დამატებითი წევრია Porcupine Tree-სა, როგორ ჯონ უესლი. ლასე თითქოს ის შეუცნობელი მაკავშირებელი ენერგიაა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ხელით შევეხოთ სტივენის მუსიკას. ამ კონცერტის ერთერთი შემოქმედიც სწორედ ეს დანიელი ხელოვანია, რომლის ნაღვაწიც, ტოლს არ უდებს ბევრისათვის სასცენო მუსიკის სათაყვანებელ ვიზუალურ გაფორმებას – Pink Floyd-ს კონცერტ PULSE-ს.

რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, როგორც თავიდანვე ავღნიშნე ის ორნაწილიანია: პირველი ნაწილი არის 2007 წელს გამოცემული ალბომის Fear Of The Blank Planet-ის ლაივ-პერფომანსი, სადაც უნაკლოდ სრულდება აღნიშნული ალბომის ექვსივე სიმღერა. და თანაც სრულდება ისე იდეალურად, რომ რთულია გამოყო რომელიმე მათგანი, მაგრამ მაინც ყურადღებას ორ სიმღერაზე გავამახვილებ : Anesthetize – სიმღერა, რომელის სახელსაც ეს კონცერტი ატარებს, აუცილებლად ცალკედ უნდა იყოს მოხსენიებული ამ კონცერტზე საუბრისას. ამ ტრეკში იგრძნობა ყველაფერი ის რაც Porcupine Tree-ს შეუძლია თავის კოზირად დაასახელოს: უზადო ტექნიკა, შესრულების საოცარი მანერა, ბგერათა სიუხვე და სხვა სტივენისეული საიდუმლოებები. სიმღერის პირველი ნაწილი უფრო დინამიური და დაძაბულია, მრავალი თემითა და დასამახსოვრებელი მომენტით, გევინის მიერ მოწოდებული დრაივით. მეორე ნაწილი კი სტივენის ვოკალისთვის დამახასიათებელი მელანქოლიურობითაა გაჯერებული და ხუთეულის საოცარ შესრულებას სიმღერა ისეთ დასასრულამდე მიყავს, რომ რთულია გამოხვიდე ჯგუფის მიერ შემმოსველი ატმოსფეროდან. სიმღერა ნამდვილად ამართლებს თავის სახელს ის თითქოს გვთიშვს და უგრძნობს გვტოვებს, თუმცა ვერც კი ვამჩნევთ, რომ სწორედ გარშემოხვეული ბგერების გადამატებული მგრძნობელობით გავითიშეთ.

 ამ ტრეკს საოცრად დახვეწილი სიმღერა  Sentimental მოსდევს, რომელიც ზერელე მსმენელისთვის უბრალოდ კარგი სიმღერაა, რომელსაც ერთი-ორი დღით აიკვიატებს და მერე მიაგდებს, ნამდვილი მაძიებელი კი მასში ისეთ რამეს დაინახავს, რაც სიტყვებით არ გადმოიცემა. სიმღერა, მიუხედავად მისი მინორული განწყობისა, არის საოცრად ფერადი. მისი განვითარებაც მიმზიდველ გარემოს ქმნის, რასაც ემატება მუსიკალური ფრაზების გემოვნებიანი და დახვეწილი წყობა. ის ემოცია, რაც ამ სიმღერაში უნდა დავიჭიროთ, კარგად აისახება შესრულების დროს კადრში გამოჩენილი ერთ-ერთი ფანის სახეზე; დაინახავთ თუ არა მას, აღმოაჩენთ, რომ თქვენც იგივეს განიცდით, რასაც ის თქვენთვის უცნობი მსმენელი. იმასაც ავღნიშნავ, რომ სწორედ ამ სიმღერით მიმიზიდა გევინმა ყველაზე მეტად; მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ აქვს ამ ტრეკს რთული დრამ-პარტია და მის დაკვრას  სხვა, უფრო დაბალი დონის დრამერებიც თავისუფლად შეძლებენ, გასაოცარია ის ემოცია რასაც ამ სიმღერისას გევინი გადმოსცემს. სწორედ ეს ამტკიცებს იმას, რომ ის არ გავს სხვა „ვირტოუზ-მასტურბატორ“ დრამერებს, რომელთათვისაც მთვარი ისაა თუ რა დონეზე გაანადგურებ ბას-დრამს და რამდენ კილომეტრს საათით იმოძრავენებ შენი ხელები. საკმარისი გევინის ერთი ბგერა,საჭირო ადგილზე საჭირო ემოციით და ამით იმაზე მეტი რამ ივსება მუსიკაში, ვიდრე ურთულესი და უსწრაფესი პარტიები შეავსებენ.

კონცერტის პირველი ნაწილის დასასრული ისეთივე არაამქვეყნიურია, როგორც თავად მისი მსვლელობა, საუცხოო სიმღერა Sleep Together, საუცხოო კადანსით და ბენდის წევრები სცენას ტოვებენ.

მეორე დღის კონცერტი ისეთივე ემოციური ჯაჭვით ებმის წინა საღამოს, რომ რთულია იფიქრო თუკი რაიმე დროის დისტანცია არსებობს მათ შორის; იგივე დინამიკა, იგივე ატმოსფერო. ისევ  „უილსონისა და კომპანიის“ საუცხოო შესრულება და მორიგი საჩუქარი მსმენელს. აღსანიშნავია შესრულებული სიმღერა Normal, რომელიც არ შედის ოფიციალურ ალბომებში და რჩება Neil Recurring-ის (EP) საკუთრებად. სიმღერა  თავდაპირველად ალბომ Fear Of The Blank Planet-თვის იყო გამიზნული, თუმცა, სტივენის თქმით, ის არ ერგებოდა ალბომის მუსიკალურ ჯაჭვს და Sentimental სწორედ მის შემცვლელად დაიწერა. ეს სიმღერა კონცერტზე ნამდვილად შესაფერის დროს არის დაკრული, კერძოდ კი მეორე ნაწილის მეორე ნომრად – ამის გამო, ჯგუფი თითქოს გვაბრუნებს გუშინდელი საღამოს ატმოსფეროში, იმის გამო, რომ Normal-ისა და Sentimental-ის მისამღერთა ტექსტები ერთი და იგივეა, იქმნება ერთგვარი რეტროსპექტივა კონცერტის პირველ ნაწილთან. თავად Normal კი სრულიად არანორმალურია, რთული აკუსტიკური პარტიით (რომლის დასაკრავად სტივენი რობერტ ფრიპთან ვარჯიშობდა სამი თვის განმავლობაში) და განსხვავებული – თითქოსდა შეუსაბამო თემებით, რომლებიც მაინც საოცრად უხდებიან ერთმანეთს.

კიდევ ერთ სიმღერას გამოვყოფდი: Half Light – სიმღერა, რომელსაც ვერ აღწერ, და თუ მაინც როგორმე აღიწერება ან უკვე აღიწერა, ალბათ სწორედ იმ ფანის სახეზე, რომელიც ამ ტრეკის შესრულებისას მოხვდა კადრში. სწორედ მასსავით გაშეშებულმა უნდა უსმინო ამ სიმღერას, ირწმუნო, რომ ისმენ რაღაც მიღმურს, მეტაფიზიკურს, იდგე ჩუმად და უნდა გჯეროდეს, რომ ნახევრად ნათელ გარემოში, მიუხედავად უამრავი ტკვილისა, მაინც ყველაფერი მშვენიერია. მით უმეტეს რომ იშვიათად თუ შეხვდებით (თუკი საერთოდ შეხვდებით) სტივენისა და ჯონის ასეთ საუცხოო ვოკალურ ტანდემს.

კონცერტი საოცრად სცენური სიმღერით იხურება, რომელიც Porcupine Tree-ს მორიგი მაღალი საფეხურია. მთავრდება ტილბურგის ორი ჯადოსნური დღე, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, იქ დამსწრე აუდიტორიაში, მთავრდება ბრიტანული გიგანტი ბენდისა და მათი შემოქმედებითი ჯგუფის საოცარი ნაშრომით ტკბობა. ბენდმა „თავზე შარავანდედი დაიდგა“ და სცენიდან გადის. არანაირი მედიატორებისა თუ დრამის ჯოხების სროლა – სამახსოვროდ ვერანაირი მატერია ვერ დაიტევს იმ ემოციას, რასაც Porcupine Tree ჩუქნის ხალხს. ამიტომაცაა ალბათ, რომ ეს ჯგუფი იგივდება არა რაიმე ფიზიკურ ნივთთან, არამედ გულთან – სადაც საბოლოოდ გრჩება მათი სიყვარული. ეს ყველაფერი კი უმეტესად იმის დამსახურებაა, რომ ბენდი არის საფუძვლიანად ამბიციური და არა ამპარტავნული, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ვარსკვლავურ იმიჯსა და მეინსთრიმულ მისწრაფებებს, რომელიც, ადრე თუ გვიან, კომერციაში გითრევს და გიკარგავს შენი მუსიკის დნმ-ს. ამიტომაცაა, რომ სტივენ უილსონი რჩება და მუდამ დარჩება იმ მუსიკის უდავო გიგანტად, რომელიც იყო ერთგვარი გადებული ხიდი საუკუნეთა მიჯნაზე, რომელმაც შინაგან სხეულში შეისისხლხორცა წარსულის გამოცდილება და არ დაიხია უკან ექსპერიმეტებზე წასვლითა და პროგრესირებადი მოძრაობით. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვისაც გსურთ ჩაწვდეთ მუსიკის მეტაფიზიკურ მხარეს, მის სულიერ სუბსტანციას, აუცილებლად უყურეთ ამ კონცერტს და განიცადეთ ორსაათიანი ტკბობა, რომელიც აუცილებლად იქცევა თქვენი ცხოვრების ნაწილად !

დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. gio

     /  August 2, 2012

    ravici mainc ver davayeneb gilmoris gverdit…
    udavod dzaan magari willsoni magram dave mainc sxvaa, ,,prepare yourself”-s rom mousmen da magis mere ,,marooned”-s chartav tundac mand igrdznoba rom gacilebit didi mwvervalia

    Reply
    • გიო, იმ თვალსაზრისით არ ვსაუბრობ მე უილსონის და გილმორის გვერდით დაყენებაზე, თუ რომელს უფრო კარგი სიმღერები აქვს. ფლოიდი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ბენდი არის, თუმცა ამ ორი ადამიანის შედარება მაინც უფრო გემოვნების საკითხად მიმაჩნია, რაზეც ყოველთვის იქნება დავა და კამათი (და ვერავინ დამაჯერებს იმ იდიოტ ფრაზას “გემოვნებაზე არ დაობენო”). შედარება ორი რამის გამო მოვიყვანე: პირველი, იმიტომ, რომ სტივენი თავად აცხადებს თუ ვის მუსიკაზეა გამოზრდილი და მინდოდა ამით ის შედეგი და დიდი შრომა მეჩვენებინა რასაც მიაღწია. ერთია გაიზარდო გენიოსების მუსიკაზე და მეორეა მიუახლოვდე მათ დონეს. საქმე იმაშია, რომ გილმორსაც მის ასაკში საოცარი მიღწევები ჰქონდა. მიღწევებით კი დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე სტივენზე მეტად ვერავინ დაიკვეხნის და ამაზე ისიც მოწმობს, რამდენიმე დღის წინ სრული დისკოგრაფია რომ გამოქვეყნდა, რომელიც 500 გვერდს შეადგენს. მე პირადად არ მახსოვს მუსიკოსი ამხელა დისკოგრაფიით. ვილსონის მუსიკას სხვა სათქმელი აქვს, გილმორის მუსიკას სხვა სათქმელი. შედარება გავაკეთე იმის გამო (და გვერდითაც იმიტომ დავაყენე ფრიპი, გილმორი და ვილსონი), რომ მეჩვენებინა, რომ რა მნიშვნელობაც 70-იანებში ჰქონდათ გილმორს და ფრიპს როკ (და არა მარტო როკ) სცენაზე, იგივე მნიშვნელობა აქვს დღეს ვილსონს. ხშირია, როდესაც ლეგენდებს არ შეეხებიან ხოლმე და ამ შედარებაზე ვინც არ მეთანხმება არც პირველი ხარ და ალბათ არც უკანასკნელი. უბრალოდ ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული ის გარემო, რომელშიც მუსიკოსი ცხოვრობს. თუ დააკვირდები, ფლოიდიც და კრიმსონიც (და კიდევ არაერთი პროგრესივ როკ ბენდი), ყოველთვის ტექნიკურ წინსვლაზე უფრო დიდი დოზით იყვნენ ორიერნტირებულები, ვიდრე სხვა მათი თანამედროვე ბენდები. სტივენის მუსიკაც ასეთ გზას ადგას და რაც მთვარია ბალანსი აქვს დაცული შესანიშნავად. ვერ დაინახავ შენ მასში გადამეტებულ ჟღერადობას გინდა ელექტრონული მუსიკისას და გინდა მეტალ. ინდივიდუალური ხაზი გაჰყავს უილსონს და ამიტომ დავაყენე მათ გვერდით. მიმაჩნია რომ ყველა, ვინც საკუთარ ბგერას ქმნის, საკუთარ ინდივიდუალობას დაანახებს მსმენელს, უნდა დადგეს უკვე იმ ლეგენდების გვერდით, ვინც ეს თავის დროზე, 60-იანებში, თუ 70-იანებში გააკეთეს. სტივენ უილსონს რომ კრიმსონის ან ფლოიდის სტილში ემღერა, ყურადღების ღირსიც კი არ იქნებოდა და დარჩებოდა იმ დონის ბენდად, როგორიც სიტყვაზე Kingdom Come იყო, გამუდმებით რომ ზეპელინის ფრაზებით წერდა სიმღერებს.
      მეორე მიზეზი რის გამოც ეს შედარება გავაკეთე, მკითხველის დაინტერესება იყო, რადგან როცა ამხელა პოსტს კითხულობ კონცერტზე, იქ მუდმივად უნდა შეგახსენოს ავტორმა, რომ ისეთი ნაწარმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ხალხმა. ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცით ეპატაჟს გავს, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი გამოხტომა საჭირო იყო და ამიტოამც ჩავსვი 🙂 ვიცოდი, რომ აუცილებლად მეტყოდა ვიღაცა გილმორის გვერდით რატომ დააყენეო 🙂 და მერე ის ვიღაცა კონცერტსაც ნახავდა 🙂

      Reply
  2. gio

     /  August 3, 2012

    არც ვთვლი რომ მათ სტილში უნდა ემღერა :))) უბრალოდ იმაზე გავამახვილე ყურადღება რომ პორკუპინები პრაქტიკულად ერთადერთი ბენდი არიან როკ სცენაზე რომლებსაც იგივე სპეციფიკური ემოციის მიტანა შეუძლიათ მსმენელამდე რომელიც ფლოიდებს მოაქვთ, ანუ ვგულისხმობ იმ გამაბრუებელ ეფექტს, რაც მაგალითად ,,on the turning away”-ს ან ,,comfortably numb”-ის სოლოებს მოაქვთ, მაგრამ იმდენად ძლიერად არ მოაქვს, ამაშია საქმე, სწორედ ამიტომ ვეძახი ,,თითქმის ფლოიდებს” ;დ. ანუ შეიძლება კარგად ვერ გამოვთქვი ჩემი სათქმელი, მაგრამ იმის გამოხატვას ვცდილობ რომ ჩემში, როგორც მსმენელში ვერცერთი ბენდი ვერ აღძრავს მსგავსი სიძლიერის ემოციას, და პრინციპში როცა ვცდილობ არა ფანის, არამედ ობიექტური მელომანის თვალით შევხედო, მაგ გადმოსახედიდანაც ყველაზე დახვეწილი შემოქმედება აქვთ. რათქმაუნდა ჰგავს სტივი დეივს, პროფესიონალიზმით, შესრულების სტილით, საოცარი გულწრფელობით (სცენაზე ფეხშიშველი რომ გამოდის და მერე ფეხებდასისხლიანებული მღერის თუნდაც) ანუ თუ გვერდით დაუდგება და პარტნიორობას გაუწევს ან რამე მსგავსი ნო პრობლემ ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ იმ შეხედულებას, რომ იგივე დონეზე დგას, რომელზეც დევიდი, ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ შენ მოსაზრებას დიდ პატივს ვცემ და სტივის გენიალობასაც ვაღიარებ :)) და ზოგადად. დღევანდელ მუსიკალურ სამყაროში ვერავის ვხედავ, ვინც თავისი შემოქმედებითახლოს მივა არა მარტო pink floyd_თან, არამედ deep purple, led zeppelin, the who-სთან, ანუ იმ 1967-76-ის წარმოუდგენელ მუსიკალურ აფეთქებასთან რომელსაც ,,ოქროს ხანას” თავად სტივი ეძახის. დღესდღეობით უამრავი შესანიშნავი ბენდია, porcupine tree, florence & the machine, nightwish, opeth, muse და ა.შ. მაგრამ მათი დონის სამწუხაროდ არავინ. არ მინდა სნობის შთაბეჭდილება დავტოვო, გამომდინარე იქიდან რომ სნობიზმს ვერაფერში ვერ ვიტან, მაგრამ ფაქტი ფაქტია :)))
    P.S. კომენტარში რაც არ უნდა ვწერო ყველაფერს რაღაც წითელი წერტილები აქვს ქვევით… გავწამდი 😀

    Reply
    • სნობის შთაბეჭდილებას არ ტოვებ ნამდვილად.
      დეივი არა, გთხოვ :დ დევიდი.
      წითელი ხაზები იმიტომაა ალბათ რომ ქართულ უნიკოდს შენი კომპიუტერი ვერ აღიქვამს ბლოგზე 🙂 ეგ არაფერი 🙂
      რაც შეეხება კომენტარს; ვერ გაიმგე 🙂 კიდევ გავიმეორებ მოკლედ, რომ გვერდზე იმიტომ დავუყენე რომ ეპოქისთვის აქვს იგივე მნიშვნელობა რაც ჰქონდა მაშინდელ “ოქროს ხანას” 🙂 და ზოგადად შედარება მუსიკალური ჟღერადობის მხრივ იმიტომ არ გამოვა მართებული, რომ მაშინ სხვანაირი ტექნიკური შესაძლებლობები იყო დღეს სხვანაირია, მაშინ იდეოლოგია იყო სხვა და ფლოიდი “ცხოველებს” წერდა ორუელის გავლენით და დღეს სხვა იდეოლოგიაა და უილსონი “ცარიელი პლანეტის შიშს” წერს და აიპოდის თაობას უპირისპირდება. მოკლედ ბგერის და ე.წ. “გამაბრუებელი ეფექტის” კუთხით არასდროს არცერთი დიდი მუსიკოსის შედარება არ მომიხდენია, რადგან გემოვნების საკითხია ეგ ყველაფერი. მთავარია ბენდის ეპოქალური მნიშვნელოლობა 🙂

      Reply
  3. gio

     /  August 4, 2012

    აჰა, აი მაგაში მეც გეთანხმები. ძალზე სწორად და კრიტიკულად ეხმიანება დღევანდელობას მაგ ალბომში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავის ეპოქაში პინკ ფლოიდი სუპერპოპულარული იყო, რაც გაყიდვებზე და კონცერტებზე მისული ხალხის ოდენობაზეც აისახებოდა, ახლა კი პორკუპინებს გასკდეს ორი მილიონი ადამიანი იცნობს მსოფლიოში. პინკ ფლოიდმა მილიონობით ადამიანი გამოაფხიზლა, იმიტომ რომ ისინი შინაგანად ითხოვდნენ ამას, დღესდღეობით კი აღარ ვიცი რა ვთქვა… ისეთ ხალხს ასხამს მასა დღეს ხოტბას ადრე რომ სასაცილოდ აიგდებდა

    Reply
    • რას ვიზამთ, სამწუხაროდ დღეს ხალხს აზროვნება ეზარება. ყველაფერი მარტივისაკენ მიისწრაფვის, ხარისხს აღარ დაეძებს

      Reply
  4. კარგა ხანია უკვე (25 თებერვლის შემდეგ) ველოდები, პოსტს ყორანზე და არ ჩანს.. არადა, მთელი გულით ველი ^^

    Reply
    • არ შემიძლია. უბრალო მოკვდავი ვარ :დ

      Reply
      • 🙂 amaze uketesi pasuxi mgoni arc arsebobs?!
        tavs gikrav 🙂 🙂
        magram vitoveb imeds, rom ertxelac dawer am albomzec ^_^

  1. ლასე ჰოილი – ანესთეზირებული ხელოვანი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: