Beth Hart – Live At Paradiso – მუსიკა როგორც სექსი !

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

თითქმის უკვე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აფროამერიკელთა ნაწილმა ხელში გიტარა აიღო და ბლუზის დაკვრა დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ის მთავარი მალული სევდის გრძნობა, რაც ამ მუსიკას უფრო მეტად გამოყოფს სხვებისგან, კვლავაც უცვლელ „ატრიბუტად“ რჩება, თუმცა იმის გამო, რომ ყველაფერს განვითარება სჭირდება, ანგელოზების ქალაქის სანაპიროზე იმ შემსრულებელმა მოიკიდა ფეხი, რომელმაც ბლუზი უპირველესად ეროტიკასთან გააიგივა და უნდა ვაღიაროთ, რომ შესანიშნავად მოახერხა ამის დამტკიცება – სხვანაირად უბრალოდ არც შეეძლო !

მუსიკა როგორც სექსი – ამ მოსაზრებას ზედმიწევნით ამართლებს კალიფორნიელი ბეთ ჰარტი, რომელიც გარეგნობით სტაჟიან, მაგრამ მადისაღმძვრელ მეძავს წააგავს, თუმცა მისი სხეულის მიღმა ბავშვივით მეოცნებე მუსიკოსი იმალება; ბეთი ლოს ანჯელესის სანაპიროზე ცხოვრობს ქმართან ერთად, უყვარს ცხოველებთან თამაში, ოკეანის ტალღებისა და მასში ჩამავალი მზის ყურება, მაგრამ მის სასცენო ცხოვრებასთან ამ ფაქტებს არანაირი საქმე არ აქვთ. სასცენო ცხოვრება კი რით უნდა შეფასდეს თუ არა 2004 წლის მაისში, ამსტერდამში ჩატარებული კონცერტით, რომელიც შევიდა  2005 წელს გამოიცემულ DVD დისკში სახელწოდებით Beth Hart – Live At Paradiso. სწორედ ამ დისკით გირჩევთ ეზიაროთ ამ შესანიშნავი ქალბატონის შემოქმედებას.

გარემო ზუსტად ისეთი დახვდა, როგორიც სჭირდებოდა – ეროტიული ქალაქი, უშუალო ატმოსფერო და თავდაუზოგავი მსმენელი, რომელიც მზად იყო ამ მაცდური ბლუზ-ქალღმერთის კლანჭებში მოქცეულიყო, ამიტომაც ბეთი თავიდანვე არ მოერიდა მაღალ რეგისტრს და სიმღერებით Hiding Under Water, Delicious Surprise, Guilty, Leave the Light On მსმენელი უშუალოდ გახადა კონცერტის (ბეთის ენაზე კი ალბათ სექსის) მთავარი ობიექტი.

როდესაც მის მუსიკას უსმენ, თვალწინ უაღრესად ინტიმური სამყარო გეშლება, რომელშიც თითქოს მხოლოდ ორნი ხართ – შენ და ბეთ ჰარტი. ამ დროს ზუსტად ისეთივე პროცესები მიმდინარეობს შენში, როგორიც ბეთის სხეულში: მასსთავით ეფერები და გრძნობ თითოეულ ბგერას, გრძნობ რაღაც მომძლავრებულ ენერგიასა და დიდ სიყვარულს, ამიტომაც არის, რომ ყველაფერი, მისი მუსიკის მეშვეობით, სექსს ემსგავსება. მის მუსიკაში კი იმ ქალური ხასიათიდან,რაც შეიძლება საუკეთესო ინტიმურ გარემოს ქმნიდეს – ყველაფერია: სენტიმენტალიზმი, უხეშობა, უშუალობა, სიახლოვე და რაღაც სხვა, ალბათ უფრო მიღმური მოვლენები. ასეთი დაუხვეწელი დახვეწილობის გამოა, რომ ბეთ ჰარტი არასდროს აგერევათ სხვაში, რადგან მხოლოდ მას შეუძლია შუა სიმღერისას  ძირს დაეცეს იმის გამო, რომ უბრალოდ სურს ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნოს, შემდეგ ეს გაამეოროს და იქამდე აკეთოს, სანამ ტკივილი ორგაზმისეულ პიკს არ მიაღწევს, მხოლოდ მას შეუძლია შუა დაკვრისას უცბად მოუკიდოს სიგარეტს და გააბოლოს, ჩავიდეს მაყურებელთან იმის გამო, რომ ვიღაცამ წელზე მოხვიოს ხელი, რადგან თავადვე უკეთესად შეიგრძნოს თითოეული ბგერის სრული ინტიმი, არ აღელვებს რას იფიქრებს სხვა – ის ბეთ ჰარტია და მას ესე სჭირდება, რადგან მასში თითოეული ბგერა ითხოვს სიყვარულს, ბგერები კი მასში იმდენი სახლობს, რამდენი სულიც შეიძლება სახლობდეს ერთ ადამიანში, ის ბეთ ჰარტია და ის თავისუფალია – ისეთივე თავისუფალი, როგორიც მისი თხელი შარვალი, უბიუზჰალტერო მკერდი და შიშველი ფეხებია, ის ბეთ ჰარტია და ამიტომაც არ გავს სხვებს – მისი ასაკის ვარსკვლავებს, სცენაზე ბოლო მოდის სამოსით და მაკიაჟით სხეულაჭრელებულნი რომ გამოდიან, ოღონდაც სექსუალურად გამოიყურებოდნენ, ხოლო ვინ უფრო სექსუალურია – გამოპრანჭული MTV-ბარბი თუ უბრალო, მოუხეშო, მაგრამ მაინც სიყვარულით სავსე ბეთ ჰარტი ეს თავად გადაწყვიტეთ.

ამ კონცერტში ყველაფერი ზემოთხსენებული იყრის თავს და თითქოს ერთგვარ, მარადიულ ჯაჭვს აბამს დასასრულამდე, თუმცა მანამდე ჯერ კულმინაციაა გასავლელი. კულმინაცია კი – ორი აზრი არ არსებობს – სიმღერა Am I The One არის, როდესაც მუსიკოსი აუდიტორიაში გადის და სთხოვს მასთან ერთად გააკეთონ რაღაც სიგიჟე, სთხოვს ყველანი მთელ დარბაზში იატაკზე დასხდნენ, გათავისუფლდნენ ყველაფერისაგან და მასთან ერთად შეიგრძნონ გიტარის სიმების თითოეული რხევა. “Go Aheeeeead Boooys” და სიმღერა იწყება: გარშემო ყველაფერი მშვენიერია – ლურჯი განათებაც, დრამის ჯოხის თითოეული მოძრაობაც, ბეთის გაოფლილი ზურგიც და საოცრად მიმზიდველი ხალიც ტუჩთან. სიმღერის პირველ ნაწილში წინ მსხდომი მსმენელებიდან პერიოდულად ამოარჩევს ხოლმე რომელიმეს და მას უზიარებს იმ ემოციას, რომელსაც იმ წამს განიცდის, არ ერიდება არანაირ ინტიმურ კონტაქტს, უბრალოდ იცის, რომ იმ წამს ასეა საჭირო და განსასჯელად აღარცაა საქმე, სიმღერის მეორე ნაწილი კი საოცრად ენერგიულია და თითქოს ოდნავ მოწყვეტილია წინამორბედ ატმოსფეროს, ამიტომაცაა რომ ალბათ ეს სიმღერა მაინც ყველაზე უფრო გავს სექსს – დაგროვილ სიყვარულსა და ვნებებს მძლავრად აზიარებს მსმენელში, დასასრული კი ისეთივეა, როგორც დასაწყისი, ნაზი, ჩუმი და მაინც ცეცხლოვანი. ამის შემდეგ კონცერტის პირველი ნაწილი სრულდება და მეორე ნაწილი ერთგვარი გამოყვენაა იმ ეროტიზმიდან, იმ მძლავრი ვნებიანობისგან, რაც ალბათ უმთავრესი იყო ბეთ ჰარტთან გატერებული ერთი საათის განმავლობაში. სიმღერები Mama, LA Song, World Without You ისევ იმ ქალურ სენტიმენტალურ გრძნობებს უბრუნდება, როგორ გრძნობებსაც კონცერტის შესავალი სიმღერები ატარებენ. თუმცა კონცერტის ბოლოს როდი ვრჩებით ამ გრძნობით ? – ბეთმა ყველაფერი კარგად იცის თუ რა და როგორ ტრიალებს მსმენელის გულში, ამიტომაცაა, რომ მოულოდნელად კონცერტს იმ სიმღერით ასრულებს, რომელთან შეჭიდება ისეთივე რისკია, როგორც მხეცის გალიაში შესვლა.Whole Lotta Love… იმის გამო, რომ არ მიყვარს, როცა ვიღაც Led Zeppelin-ის სიმღერას აქავერებს, მაშინვე ნეგატიურად განვეწყე და ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა კიდეც ასეთი კარგი კონცერტის ასეთ ნოტაზე დასრულება, თუმცა ბეთის სულიდან ამოსულმა პირველივე ბგერებმა შოკში ჩამაგდო. მომღერალი მთლიანად ჩაწვდა იმ პლანტისეულ ინტიმს, რაც ამ სიმღერაში იმალება და საუცხოო შესრულებით ჩემი განწყობა საპირისპირო მხარეს შემოატრიალა. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ Led Zeppelin-ის  ასეთი კარგი ქავერ-ვერსია არასდროს მომისმენია. კონცერტი დასრულდა, დასრულდა იმ გრძნობებით, რა გრძნობებიც ბეთ ჰარტს ასულდგმულებენ სცენაზე, დასრულდა ეროტიულ ქალაქში, უშუალო გარემოში და თავდაუზოგავ მსმენელში, რომელიც თითქმის საათნახევრის მანძილზე მოქცეული იყო ბლუზ-ქალღმერთის კლანჭებში, ყველაფერი ეს კი არის, ბეთისავე სიტყვებით რომ ვთქვათ : „Good Like Fucking“

მემგონი, რომ ინტერესი უკვე საკმაოდ გიღრღნით გულს, ასე რომ საიდანაც გინდათ მოიპოვეთ 2005 წელს გამოშვებული DVD დისკი, სახელწოდებით Beth Hart – Live At Paradiso და სრულ მარტოობაში ეზიარეთ ამ კონცერტს. ეზიარეთ ისე, თითქოს ჯერ კიდევ აკრძალულ პორნოგრაფიას უყურებდეთ და რაღაც ამოუცნობი მოვლენისთვის ემზადებოდეთ, რადგან ბეთ ჰარტი ის კალიფორნიელი ქალბატონია, რომელიც ზედმიწევნით სრულად ამართლებს მოსაზრებას „მუსიკა სექსია“.

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. მომეწონა🙂

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: