ცხოვრება წიგნის ყდებში

ესეც ასე, დასრულდა „წიგნების თაობა“ – პროექტი, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო და რომელმაც რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას შეუცვალა ცხოვრების რიტმი. პროექტი, რომელმაც ექვსი დაუვიწყარი, დამქანცველი და საინტერესო კვირა გვაცოცხლა თავის ყდებში და ერთიორად ლიტერატურული გახადა ჩვენი ცხოვრება. „ტამელის ჰიპებისათვის“ ეს იყო დაუვიწყარი დღეები, რომლებიც სავსე იყო საოცარი თავგადასავლებითა და გამოცდებით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზენტაციაზევე დაამახსოვრა ყველას თავი, შემდეგ კი უამრავი საინტერესო აქტივობით მრავალ ადამიანს აჩუქა შესანიშნავი დღეები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოფილა შემთხვევები, ქუჩაშიც რომ გავუჩერებივართ (აღარაფერს ვამბობ წიგნის ფესტივალზე) უცნობებს და ჩვენი რომელიღაც ღონისძიების გამო კიდევ ერთხელ გადაუხდიათ მადლობა. მართალია ეს იყო PR კამპანია, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გამომცემლობის დარეკლამება არის. ჩვენ ადამიანებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქტები, რომლებთან ზიარებაც ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი განვლილი გზა მოითხოვს ერთ პატარა ექსკურსს, რომელიც ნამდვილად ღირს თვალის გადავლებად.

„ტამელის ჰიპები“ არ ვიყავით ფინანსურად ძლიერნი, არც რომელიმე აქტივობით შემოგვსვლია რაიმე თანხა, აღჭურვილობითაც კი Sony-ს ერთი Handycam-ის გარდა არაფერს ვფლობდით, მაგრამ ყოველთვის გვქონდა იდეები და არასდროს ვიშურებდით ძალებს ამ იდეების ხორცშესასხმელად. ჩვენთვის არ არსებობდა შაბათი და კვირა, ყოველი დღე რაღაცის დაგეგმარებაში ან შესრულებაში გადიოდა. ამ 6 კვირის განმავლობაში იყო მხოლოდ 5 დღე, რომელიც პროექტს ვერ დავუთმეთ (და ისიც სტუდენტური ცხოვრების გამო).

„ტამელის ჰიპები“ პირველი „ათოსნები“ ვიყავით და ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ენთუზიაზმი ასმაგად იყო ამაღლებული პირველი კვირის შემდეგ. ჩვენ დავდექით უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, სადაც მხოლოდ ღირსეული ბრძოლა თუ გადაგვარჩენდა. და საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით;

ჩვენი გუნდი იყო პირველი რომელმაც მოაწყო მასობრივი პერფორმანსი, რომელმაც პირველმა გააკრა ქალაქში სარეკლამო პოსტერები, რომელმაც პირველმა მოახერხა გამომცემლობის წიგნების ტელევიზიაში გატანა. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც გავცდით საქართველოს საზღვრებს და უცხოელებს მივეცით შანსი გაცნობოდნენ ქართულ ლიტერატურას. ამას დაემატა ისიც, რომ „ტამელის ჰიპებმა“ თბილისში მყოფ ტურისტებსაც მივეცით ჩვენს ლიტერატურასთან ზიარების საშუალება. ჩვენი სამეული პირველი ესტუმრა ბავშვთა სახლს, ჩვენ ჩავრთეთ პროექტში პირველებმა ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ და არა რიგითი მოთამაშეებით, არამედ პირდაპირ მძიმე არტილერიით – ნარჩევი მოაზროვნეებით.

„ტამელის ჰიპები“ ვწერდით და ვთარგმნიდით რეცენზიებს იმ ქართულ ნაწარმოებებზე, რომლებიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“  ჰქონდა გამოშვებული. გარდა წერილობითი წყაროებისა, ჩვენ დავამზადეთ მრავალი ვიდეო-რეცენზია, სადაც ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლები მაყურებელს გამომცემლობის შესანიშნავ წიგნებს ურჩევდნენ. სხვა თუ არაფერი, ეს სწორედ ის ვიდეოებია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოადგება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“. „ტამელის ჰიპებმა“ გამოსაცემად დაგეგმილი წიგნების დაანონსებაც შევძელით და ორი დიდებული წიგნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გავუღვივეთ მომლოდინე მკითხველს. ჩვენი გუნდი იმაზეც ზრუნავდა, რომ წიგნის ფესტივალზე „წითელ სტენდს“ არ მოშორებოდა სტუმარი, ვაწყობდით გათამაშებებს, პირადად ვურჩევდით ადამიანების სხვადასხვა წიგნის ყიდვას და ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რომ ხალხს, რაც შეიძლება მეტი წიგნი შეეძინა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“.

გუნდი საკუთარი ძალებით აწყობდა შეხვედრებს სხვადასხვა ავტორთან და ფილმის ჩვენებებს. ჩვენვე ჩავატარეთ ფლეშმობი, რომელმაც იმ დღეს უამრავი ადამიანი აალაპარაკა და თანაც ამ ფლეშმობს ჰქონდა ისეთი სახე, რომელიც მარტივადაა შესაძლებელი პროექტის შემდეგაც აქტიურად ჩატარდეს არაერთხელ.

„ტამელის ჰიპები“ იმაზეც ვზრუნავდით, რომ თანამედროვე ქართველი მწერლები თავიანთ სკოლებში წარმოგვეჩინა. ჩვენვე დავიწყეთ პირველებმა ზრუნვა  სკოლების ბიბლიოთეკების შევსებაზე ამ გამომცემლობის წიგნებით და წლის ბოლომდე დიდი ფასდაკლების გამოყენების შესაძლებლობა მივეცით ადმინისტრაციებს. თანამედროვე ქართველ ავტორებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმეთ ჩვენს სხვა აქტივობაშიც; ჩვენ შევძელით და მკითხველს დავუბრუნეთ ზაზა თვარაძის გენიალური რომანი „სიტყვები“, რამდენიმე ათეულ ადამიანს (ეს მხოლოდ ისინი, ვინც ჩვენ ვიცით) ხელში ავაღებინეთ „აბსურდისტანი“ და ჩვენი სახელწოდებიდან გამომდინარე ზოგს პირველად წავაკითხეთ, ზოგს კი კიდევ ერთხელ გადავაკითხეთ „ტიბეტი არ არის შორს“. ჩვენივე ძალისხმევით, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს გავუკეთეთ ორიგინალური საჩუქარი, რომელიც მას შიშის დაძლევაში დაეხმარა.

გუნდმა არც საქართველოს კუთხეები დავივიწყეთ და გურიაში ისტორიული რეალობა გავაცოცხლეთ ნაამბობებში. ჩვენ უშუალოდ ვესტუმრეთ ხალხს, რომელთა ცხოვრებაც ფირალთა მიერ იყო გადაკვეთილი და მათგან მრავალი საინტერესო ისტორია მოვისმინეთ. ამით შესანიშნავი დოკუმენტალისტის, ირაკლი მახარაძის წიგნისადმი ინტერესიც გავაღვიძეთ.

„ტამელის ჰიპებმა“, რა თქმა უნდა, არც მუსიკის გარეშე დავასრულეთ მოღვაწეობა და ხალხს ორი დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ. პირველი იყო საოცრად საინტერესო საუბრები კახა თოლორდავასთან, რის შემდეგაც რამდენიმე ჩვენგანს საშუალება მიეცა ბატონი კახას მიერ ნარჩევი საოცარი მუსიკა აღმოგვეჩინა, მეორე კი იყო დიდი კონცერტი ბიტლზ-კლუბში, რომელმაც დააგვირგვინა ჩვენი დიდებული მოღვაწეობა. ამ კონცერტზევე ჩვენ შევძელით გაგვეყიდა გამომცემლობის წიგნები, იმ რაოდენობით, რა რაოდენობასაც ვერცერთი გუნდი ვერ მისწვდა.

სწორედ ამ საოცარმა საღამოებმა განაპირობა ჩვენი გუნდისადმი დიდი ინტერესი, რაც ჩვენი ვიდეოების მნახველთა რაოდენობაში გამოიხატება. „ტამელის ჰიპებმა“ ჩვენი მოღვაწეობით მოვახერხეთ მოგვეპოვებინა ხალხის სიყვარული. ჩვენ ვცდილობდით საუკეთესოდ შეგვეხამებინა PR კამპანიის წარმოება და საინტერესო და ორიგინალური ღონისძიებები შეგვეთავაზებინა გულშემატკივრისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამას ყოველგვარი ბინძური თამაშის გარეშე ვახერხებდით, პირნათლად ვასრულებდით მითითებულ დავალებებსა და ღონისძიებების წარმატებით ჩატარებისათვის ენერგიას არ ვზოგავდით. „ტამელის ჰიპები“ ვიყავით გუნდი, რომელსაც გვწამდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება ყოველი თავში მოსული იდეა (და მსგავსი იდეა ძალიან ბევრი იყო) რეალობად გვექცია, ჩვენ მოავახერხეთ, რომ ყოველთვის ვყოფილიყავით ყურადღების ცენტრში და არასოდეს ვყოფილიყავით დამოკიდებული სხვათა აქტივობაზე.

„ტამელის ჰიპებმა“ შესანიშნავი ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარეთ, ვისწავლეთ ბევრი და დავინახეთ რეალობის კიდევ რამდენიმე პატარა ნიშა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით შევხვდით ძალიან ბევრ შესანიშნავ ადამიანს, რომლებთან ურთიერთობებიც დარწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ყოველივე ამის გამო, ჩვენ უდიდეს მადლობას ვუხდით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“, ჩვენს ყველა მეგობარს, რომელიც მხარში გვედგა 6 კვირის განმავლობაში, ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენს ღონისძიებებს ესწრებოდა და თვალს ადევნებდა ჩვენს ბლოგს. და გამორჩეულად უდიდესი მადლობა პროექტის ავტორ ნინო ნადიბაიძეს, რომელმაც მოახერხა და წამით მაინც შეცვალა რამდენიმე ათეული სტუდენტის ცხოვრება.

ჩვენს აქტივობებს დეტალურად გაეცანით ჩვენივე გვერდზე : https://porcupinemike.wordpress.com/tamelishipebi/

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: