აკუსტიკური კონცერტი ბიტლზ-კლუბში

„ტამელის ჰიპებმა“ მოღვაწეობა ისეთი მასშტაბური პერფორმანსით დავიწყეთ, როგორიც იყო “ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“, ამიტომაც გვინდოდა რომ დასასრულიც არანაკლებ მასშტაბური ყოფილიყო და გადავწყვიტეთ  კონცერტი ჩაგვეტარებინა.

რამდენიმე თვის წინ იპოდრომის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა აკუსტიკური საღამო მოაწყვეს. მათ შორის ჩვენი გუნდის მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ „ქუჩის მუსიკის დღეზე“. ჩვენ მათ ვთხოვეთ კონცერტზე დაკვრა, რაზეც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაგვთანხმდნენ.

ამის შემდეგ იყო გაუთავებელი სიარული სხვადასხვა კლუბში, სადაც მეპატრონეებს თანამშრომლობას ვთხოვდით და საბოლოოდ ჩვენი დახმარების სურვილი The Beatles Club-მა გამოთქვა.

გამომცემლობისათვის მთავარი ხელშეწყობა კი საფასურში იმალებოდა; კონცერტზე დასწრება ღირდა 1 წიგნი. თუ დაიბენით, შევეცდები აგიხსნათ: ეს წიგნი თქვენ კი არ მოგქონდათ და აბარებდით კონცერტზე შესვლის საფასურად, არამედ სპეციალურ სტენდზე ყიდულობდით წიგნს და ამის შემდეგ გეძლეოდათ უფლება დასწრებოდით კონცერტს. წიგნები კი, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით იყო და 5 ლარად ადამიანს შეეძლო წიგნიც შეეძინა და კონცერტითაც ესიამოვნა.

ამ საფასურმა თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძალიან ბევრი გვეუბნებოდა, რომ ამ პროექტის გულშემატკივრებს მაინც ყველაფერი უფასოდ უნდათ და 5 ლარსაც კი არ გადაიხდიანო. მეორენი ამბობდნენ წიგნის ძალით შეტენვა გამოდის და შეიძლება ამის გამო ძაან ბევრმა დაკარგოს მოსვლის სურვილიო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ესალმებოდა ჩვენს ამ მართლაც ორიგინალურ იდეას და კონცერტზე მოსვლასაც აპირებდა.

კონცერტი შაბათს, 16 ივნისს იყო დაგეგმილი. ჩახუთულ ქალაქში, სადაც ბოლო კვირა საშინელ სიცხეში გავატარეთ და ორმაგად გადავიღალეთ, მაინცდამაინც შაბათს წამოვიდა წვიმა. ამან ცოტა არ იყოს და დაგვაფრთხო – ხალხის ნაწილს არ გადაეფიქრა წამოსვლა. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენს პირველ ღონისძიებაზეც წვიმა შეეცადა ხელის შეშლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აქაც, საბედნიეროდ, წვიმამ მალე გადაიღო და 19 საათს დაველოდეთ.

კონცერტამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როცა გამომცემლობის სტენდთან დამსწრეთა ნაკადმა იწყო სვლა. ჩვენდა საბედნიეროდ იმდენი ადამიანი დაესწრო ამ საღამოს, რომ მუსიკოსებმა დაკვრა თითქმის ნახევარი საათით გვიან დაიწყეს, იმის გამო, რომ ჯერ ხალხი რიგში იდგა წიგნების შესაძენად. გამომცემლობიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ საღამოზე გაიყიდა 370 ლარის წიგნები.

როცა  მომსვლელი უკვე მოსული იყო და მაგიდებთან, სცენის წინ თუ იატაკზე განაწილებულიყვნენ, სცენაზე გიორგი კოროშინაძისა და გიორგი კაჭარავას დუეტი ავიდა, რომელთაც შესანიშნავად შეასრულეს როგორც ცნობილი სიმღერების აკუსტიკური ვერსიები, ასევე თავიანთი სიმღერები. ხალხი მღეროდა მუსიკოსებთან ერთად და ეს უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებდა ამ კონცერტის ორგანიზატორებს.

როდესაც ამ დუეტმა სცენა დატოვა, გადავწყვიტეთ სცენაზე იმათთვის გადაგვეცა ჯილდოები, ვინც ჩვენი ბლოგის ბოლო გათამაშებაში გაიმარჯვეს; ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“ კონკურენტი გუნდის წევრ კახა სამყურაშვილს შეხვდა, ჯაბა ზარქუას უკანასკნელი წიგნი „მკითხველი უნდა მოკვდეს“ სალომე ფაჩუაშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ირაკლი მახარაძის „ველური დასავლეთის მხედრები“ რეზი ლოლაძემ მიამატა თავის ბიბლიოთეკას. გარდა ამ გამარჯვებულებისა, „ტამელის ჰიპებმა“ სამადლობელი საჩუქარი გადავეცით ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, ადამიანს, რომელმაც დაგვიმზადა გუნდის ლოგო და გვეხმარებოდა დიზაინერულ საქმიანობაში – ნინო კვინიკაძეს. ვიცოდით, რომ ნინო პინკ ფლოიდის დიდი თაყვანისმცემელია – კონცერტზეც კი სიდ ბარეტის მაისურით იყო მოსული –  ამიტომაც, ჩვენმა გუნდმა მას ამ ბენდის ილუსტრირებული ბიოგრაფია გადასცა საჩუქრად.

ამის შემდეგ სცენაზე ირაკლი ხვედელიძე ავიდა, რომელმაც თავისი იშვიათი ვოკალით მოხიბლა აუდიტორია და, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად უცხო სიმღერები შეასრულა, მაინც მოახერხა შესანიშნავი შესრულების ხარჯზე მსმენელის ხელში აყვანა.

ირაკლის შემდეგ სცენა ჯგუფ Irönyc-ის ვოკალისტმა და წამყვანმა გიტარისტმა, გოგა დიდებაშვილმა დაიკავა. გოგა უკვე ისეა შეჩვეული სცენას, რომ მარტივად მოახერხა დარბაზის ყურადღების მისკენ მომართვა და დაგეგმილი ექვსი სიმღერაც ძალიან კარგად შეასრულა.

ბოლოს მიკროფონებთან გოგა დიდებაშვილი და გიორგი კოროშინაძე ერთად დადგნენ, ხალხი სცენასთან მოიწვიეს და კონცერტი ბობ დილანის უკვდავი სიმღერით დაასრულეს: Knockin’ On Heaven’s Door-ს თითქმის ყველა სტუმარი მღეროდა.

ამასობაში საათნახევარიც გაილია და ხალხს დავემშვიდობეთ, თუმცა დაახლოებით 40-მდე კაცი ფეხს არ ადგამდა ბიტლზ-კლუბიდან და მუსიკოსებს სთხოვდა კიდევ ასულიყვნენ სცენაზე. ბიჭებმაც უარი არ თქვეს და 3-4 სიმღერა კიდევ შეასრულეს. სცენაზე ავიდა ჩვენი საღამოს ერთ-ერთი რიგითი სტუმარიც – ხატია გოგებაშვილი, რომელმაც გვთხოვა მეც დამაკვრევინეთო. ხატიამ სამი სიმღერა შეგვისრულა ქეთი მელუას რეპერტუარიდან და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამასობაში საათი 10-ს უკაკუნებდა და ჩვენც ვინამუსეთ კლუბის დატოვება.

კონცერტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა შორის ჟიურის წევრიც იყო და მისმა დადებითმა ემოციებმა კიდევ უფრო მეტად გაგვახარა. ხალხზე იმოქმედა იმანაც, რომ მათ 5 ლარად შეეძლოთ წიგნის შეძენა და ამიტომაც იყვნენ ისეთები, ვინც 2-3 წიგნს ყიდულობდა. რაც მთავარია, საღამომ ჩაიარა საოცრად დადებითად, მუსიკოსებმა სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და ამით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს.

„ტამელის ჰიპებმა“ შევძელით PR კამპანიის ფარგლებში, მუსიკისა და ლიტერატურის კიდევ ერთი გზაჯვარედინის შექმნა. შესანიშნავი იდეაა რომ კარგ კონცერტზე შესვლა ერთი წიგნი ღირდეს და კარგი იქნება თუ ამას სხვაც გაიმეორებს.

და ბოლოს, უღრმეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ კონცერტზე გვეწვია, მუსიკოსებს, რომლებმაც ჩვენს დასახმარებლად ყოველგვარი ჰონორარის გარეშე დაუკრეს ამხელა აუდიტორიის წინაშე და განსაკუთრებით დიდი მადლობა ბიტლზ-კლუბის მეპატრონეს, ქალბატონ ლოლიტას, რომლის გვერდში დგომის გარეშეც ეს შესანიშნავი საღამო არ შედგებოდა.

ამით „ტამელის ჰიპებმა“ დავასრულეთ მოღვაწეობა “წიგნების თაობაში”. დაგვრჩა ერთი პატარა აქტივობა, რომელსაც ხვალ შევასრულებთ. მასობრივი ღონისძიებები კი უკვე მორჩა. მადლობა ყველას ვინც მთელი ამ ექვსი კვირის განმავლობაში გვერდში გვედგა და გვგულშემატკივრობდა. ახლა დროა 30 ივნისს დაველოდოთ !

ფოტოები იხილეთ ჩვენს Facebook გვერდზე.

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. წიგნი, როგორც კონცერტზე დასასწრები ბილეთი, მაგარი იდეაა, ყოჩაღ იდეის ავტორს!

    Reply
    • მადლობა :3
      მეც მიკვირს, როგორ მომივიდა ასეთი კარგი იდეა :დდ

      Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: