დჯინსების ტაობა

ვინც კარგად ადევნებთ თვალს ჩვენს აქტივობას, ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ პირველ კვირაში რუმინეთში გავგზავნეთ დათო ტურაშვილის წიგნები და რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს ვაჩუქეთ. სიმბოლურად, ბოლო კვირაშიც გვინდოდა მსგავსი რამის გაკეთება, ოღონდ უკვე ჩვენს ქვეყანაში, სადაც თუ არცთუისესანდო წყაროებს დავუჯერებთ „ხუთი მილიონი ტურისტია და ეს ყველაფერი მიბმულია ეკონომიკაზე.“

იმ იდეით შეპყრობილებმა, რომ უცხოელებს საუკეთესო წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე ლიტერატურით უნდა შევუქმნათ, ისევ ტურიკას „ჯინსების თაობის“ ინგლისურ ვერსიას დავსტაცეთ ხელი და რუსთაველის გამზირზე გავედით. „ტამელის ჰიპებს“ გვსურდა, რომ თბილისში მოსიარულე რამდენიმე ტურისტისათვის ეს წიგნი გვეჩუქებინა, რათა ამ ერთი მაგალითით მაინც ზიარებოდნენ ქართულ ლიტერატურას.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ხუთი მილიონი კი არა ათი ტურისტი ძლივს შეგვხვდა. მალევე გავარკვიეთ ის საინტერესო ფაქტი, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქართველური სენები ემართებათ ხოლმე, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყველა კარგად გველაპარაკებოდა, ხოლო, როგორც კი კამერას დაინახავდნენ Nonononono-ო მიაყრიდნენ და გარბოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც წიგნით მისულები, სექტანტები ვეგონეთ და ერიდებოდნენ ჩვენთან საუბარს, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა მაინც კარგად ჩაიარა.

ჩვენი შემორჩენილი მწირი ბიუჯეტიდან, ვიყიდეთ ტურიკას ოთხი ცალი „Flight From USSR” და რუსთაველის გამზირზე გავედით. პირველი ადამიანი, რომელმაც დრო დაგვითმო კანადელი ახალგაზრდა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ლიტერატურის გარტყმაში არ იყო! კანადელმა ბიჭმა ყურადღებით მოგვისმინა, წიგნი გამოგვართვა, წაკითხვას დაგვპირდა და მადლობა გადაგვიხადა.

უფრო სასიამოვნო გამოდგა შემდეგ უცხოელთან შეხვედრა, რომელიც საქართველოში ბევრჯერ ყოფილა ნამყოფი. ქართულ ლიტერატურაზე რომ შევეკითხეთ, მაშინვე გვიპასუხა, რომ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ ჰქონდა წაკითხული. ხოლო, როდესაც „Flight From USSR” ვუხსენეთ, მაშინვე სიტყვა გაგვაწყვეტინა და გვითხრა: „დჯინსების ტაობა“. ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ პასუხით და კითხვაზე თუ საიდან იცოდა ამ ნაწარმოების შესახებ მიპასუხა, რომ სპეკტაკლი ჰქონდა ნანახი. მართალია, ჩვენმა რესპოდენტმა სიუჟეტი კარგად იცოდა, მაგრამ წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. შედეგად, როდესაც მას ეს წიგნი ვაჩუქეთ, “Fantastic!” – გაუხარდა და დიდი მადლობით დაგვემშვიდობა.

მესამე იყო გერმანელი ქალბატონი, რომელსაც არ წაეკითხა ქართული ლიტერატურა, მაგრამ ინტერესი კი ნამდვილად დიდი ჰქონდა. ლიტერატურას შევეშვათ და ამ ქალმა პროექტ „წიგნების თაობის“ შესახებაც კი გამოგვკითხა. როცა საუბარს მოვრჩით, წიგნისათვის დიდი მადლობა გადაგვიხადა, გადმოგვცა გერმანულადაც თუ თარგმნიან კარგი იქნებაო და პროექტში გამარჯვება გვისურვა.

მეოთხე შემორჩენილი წიგნი კი სრულიად მოულოდნელ და უცნაურ ადამიანზე გავაჩუქეთ. რუსთაველზე, ერთ-ერთი კაფეს გვერდით ჩავიარეთ, როცა ორი უცხოელი დავინახეთ, მაგრამ მოგვერიდა მათ მაგიდასთან მისვლა და გვერდი ავუარეთ. უცბად, სად იყო და სად არა, ერთ-ერთმა მათგანმა თვითონვე შემოგვძახა: „Led Zeppeliiiiiiiin“. როგორც ჩანს, გოგას „ზეპელინის“ მაისურმა ახალგაზრდობა გაახსენა შემხვედრს. ჩვენც არ დავაყოვნეთ და მის მაგიდას მივადექით. როგორც ველოდით, ტურისტი ინგლისელი იყო. მცირეოდენი მუსიკალური საუბრის შემდეგ, როცა საერთო ენა საკმარისად გამოვნახეთ, „ტამელის ჰიპებმა“ პროექტისა და წიგნის შესახებ ვუამბეთ და ის იყო კამერაში ჩაწერა ვთხოვეთ, რომ სრულიად მოულოდნელად, ინგლისელმა ძალიან უცნაური ფობიის შესახებ გვითხრა: კამერების შიში მაქვსო. ნამდვილად არ ვიცი რისგან იყო ეს გამოწვეული და საერთოდაც თუ არსებობს „კამერაფობია“, მაგრამ მუსიკალურ მოძმეს გული მაინც არ გავუტეხეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზე უარი განგვიცხადა, მაინც გადავეცით დათო ტურაშვილის ეს შესანიშნავი წიგნი. ზეპელინზე გაზრდილმა, უცნაური შიშის მქონე ბრიტანელმა უდიდესი მადლობა გადაგვიხადა და ჩვენც აღარ შევაყოვნეთ და გამოვემშვიდობეთ.

აი, ასე და ამგვარად დავარიგეთ ტურისტებში „Flight From USSR”. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოთხივე მათგანი წაიკითხავს ამ წიგნს და შემდგომში სხვა ქართულ წიგნებსაც მიაქცევენ ყურადღებას.

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. კარგი საკითხავი ბლოგია და კარგ საქმესაც აკეთებთ, ზოგადად.
    Respect.
    ანა

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მეექვსე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: