გურული ფირალების კვალდაკვალ

მწვანე რვეულის პოსტში რომ მიწერია ქალაქიდან რამდენიმე დღით გავედი-მეთქი დასასვენებლად, მთლად ისეც არ ყოფილა, რომ საქმის გარეშე ვყოფილიყავი. ტამელის ჰიპები ყველაზე სასიამოვნო სამუშაო გზას დავადექით, რომელმაც ჩვენი მხრიდან ყველანაირი იმედი გაამართლა, ქულების მხრივ კი პროექტის ბოლოს გავიგებთ.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ შესანიშნავი დოკუმენტალისტის, უაღრესად განათლებული კაცის, ირაკლი მახარაძის 3 წიგნი აქვს გამოცემული, რომელთა შორისაც არის „გურული ფირალები“. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ „ფირალი“ არაბული სიტყვაა და გავარდნილს, გაქცეულს ნიშნავს. ათწლეულების წინ გურია ფირალთა მოძრაობას ჰყავდა მოცული და მათზე უამრავი ლეგენდები იქმნებოდა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი იმდროინდელი მაშენებლები სწორედ რომ გურული ფირალები იყვნენ, რომლებიც ღარიბ გლეხობას წარმოადგენდნენ. თუმცა მათ თავიანთი ცხოვრებით, ხალხის სიყვარულით, მოახერხეს, რომ გასწორებოდნენ იდეურ მტერს და ერთგვარი მითოლოგიური სახელიც კი ჩაეწერათ ქართულ ისტორიაში.

ირაკლი მახარაძის ამ წიგნში, მოთხრობილია ძალიან საინტერესო ისტორიები პირველი თაობის გურულ ფირალებზე (ვგულისხმობ  XIX-XX სს. მიჯნას). ამ უაღრესად დამაინტრიგიბელმა და მიმზიდველმა ფაქტებმა, გაგვიღვივა სურვილი იმისა, რომ გაგვეგო მომდევნო თაობის ფირალთა ინსტიტუტის შესახებ. (უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველაფერი კარგი, ფირალთა სახელიც ბოლოს ყაჩაღთან გაიგივდა, რისი მიზეზიც უმთვრესად საბჭოთა წყობის დროს გაბოროტებული საზოგადოება იყო.) ამისათვის, ჩვენ გადავწყვიტეთ ვწვეოდით საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს;

   „ტამელის ჰიპები“ იმდენად დავინტერესდით პირველი თაობის ფირალებით, რომ გადავწყვიტეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც ფირალთა მომდევნო თაობას ედგა სათავეში – ღირსეულად თუ უღირსად. ამისათვის კი რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო გულწრფელი და იმაზე უფრო ცოცხალი, ვიდრე ლეგენდად ნაამბობი ამბები იმ უხუცესებისგან, ვინც გურიაში დღესაც ცხოვრობს და ვისაც დღემდე ახსოვთ ის ფირალები, რომლებზეც ჩვენ გვიყვებოდნენ.

ჩანთაში ირაკლი მახარაძის რამდენიმე წიგნი ჩავაგდეთ და მატარებლით ოზურგეთს მივაშურეთ. ოზურგეთიდან კი იმ ადგილას გავემგზავრეთ, სადაც ყველაზე მძაფრად ვითრდებოდა ფირალთა ცხოვრება – ჩოხატაურის რაიონში. იქვე დავბინავდით და იმავე დღეს შვუდექით მოგზაურობას. ჩვენი უმთავრესი მიზანი, როგორც გითხარით, სოფლების უხუცესებთან შეხვედრა და საუბარი იყო, გარდა ამისა, ასევე გვსურდა ჩვენ თავად გავყოლოდით იმ ნაკვალევს, რომელსაც გურული ფირალები ადგნენ.

ეს საოცრად მიმზიდველი და ნამდვილად რომანტიკული (არათქვენებურჰოლივუდურიგაგებით) მოგზაურობა შეფერხებებით დაიწყო: ჩოხატაურში თითქმის 2 თვე სრულდებოდა, რომ წვიმა არ ენახათ. მოსახლეობა ნაღვლობდა ქვასავით მაგარ მიწას ვერ ვამუშვებთო და, აი, ჩავედით თუ არა, დაიწყო თქეში და იმ დღეს ისღა დაგვრჩენოდა სახლში ვმჯდარიყავით  და ხვალინდელ მზიან ამინდს დავლოდებოდით. თუმცა ჩვენ ბოლომდე მაინც არ დავნებდით ბუნებას და იმ საღამოს იმ ადამიანთა გვარ-სახელები გავარკვიეთ, რომლებიც ჩოტახაურის სოფლებში უნდა გვენახა;

მეორე დღეს დილაადრიან გავუდექით გზას და დანიშნული მისამართებისაკენ ავიღეთ გეზი; ათანო ჯინჭარაძე, გრიშა მეგრელიძე, გურამ მეგრელიძე, ილია მამალაძე, იროდიონ ჩანტალძე  – ეს იმ ადამიანთა ნაწილის ჩამონათვალია, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში გულთბილად გვიმასპინძლეს და შესანიშნავი ისტორიების მოყოლით დაგვამახსოვრეს თავი. აუცილებლად უნდა  ვახსენოთ 101 წლის ქალაბტონი მავრა (სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსენებ), რომელიც თურმე პირადად ყოფილა ფირალთა დიდი მოამაგე და ახალგაზრდობაში ხშირად შეუფარებია რამდენიმე მათგანი. თუმცა ასაკი თავისას შვება და მან ვერ მოახერხა თავისი ისტორიების მოყოლა, მის მაგივრად კი მისი 80 წლის შვილი გვესაუბრებოდა.

საინტერესო მოსაუბრე გამოდგა ათანო ჯინჭარაძეც, რომელიც ალბათ ძალიან ბევრს ისევ გახსოვთ „მაგთის“ ლეგენდარული რეკლამიდან (00:52). მისმა საოცრად მხიარულმა და საინტერესო მონაყოლმა ისე ჩაგვითრია, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ ვიჯექით მოხუცის გვერდით ერთ საათზე მეტი. შემდეგ, ბატონი ათანოს შვილთაშვილებს ირაკლი მახარაძის ეს წიგნი ვაჩუქეთ და მათგან მივიღეთ პირობა „აუცილებლად წავიკითხავთ“-ო. (წიგნებს ვჩუქნიდით ყველა იმ მონახულებულ ოჯახს, სადაც მოზარდი ადამიანი ცხოვრობდა, რადგან ჩვენ გვსურდა გურიის ისტორიის ეს დიდებული ნაწილი, გურიის მომავალ თაობასაც სცოდნოდა.) ბოლოს ათანო ჯინჭარაძემ „კაი კაცია აი ირაკლი მახარაძე, ამფერ ისტორიეფს თუ წერს“-ო და ეზოდან გულთბილად გაგვაცილა.

ეს ერთი კონკრეტული მაგალითი მოვყვევი, თორემ ყველა იმ ადამიანის ჩამოთვლა, რომ დავიწყო, ვისთანაც ვიყავით – ძალიან შორს წავალთ ! ამიტომაც, მირჩევნია უხუცესებთან ვიზიტის ამბების მოყოლა მოკლედ დავასრულო და ვთქვა, რომ მეორე დილით უკვე იმ ბოლო მოხუცს ვესტუმრეთ, რომელთან შევლაც ჩვენი გეგმით გვყავდა განზრახული.

ამის შემდეგ ჩოხატაურის გზას გავუყევით და მოულოდნელად სოფელ ხევის სკოლაში აღმოვჩნდით. რა უნდა გვექნა იმაზე კარგი, რომ პატარებისთვის მოგვეყოლა გურულთა თავგადასავლები და მათთვის ინტერესი გაგვეღვივებინა ?! ჩვენც შესვენებას დაველოდეთ და როგორც მოსალოდნელი იყო, უცხო ადამიანებმა ეზოში გამოსული ბავშვების ყურადღება მაშინვე მივიქციეთ. ჩვენით დაინტერესდნენ მასწავლებლებიც, რომელთაც ბოლომდე სჯეროდათ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვიყავით, მაგრამ როცა დიდი საუბრის შემდეგ, საბოლოოდ დავუმტკიცეთ, რომ ჩოხატაურში გურული ფირალების ისტორიების გასაცოცხლებლად ვიყავით ჩამოსულები – ესიამოვნათ. თუმცა ეს სიამოვნება იმას არ ნიშნავდა, რომ ბავშვებთან გასაუბრების ნებართვა გვქონოდა. კრუხებივით მიჩქმალეს თავიანთი წიწილები ერთ კუთხეში და მორიგი პოლემიკა გაგვიმართეს იმის შესახებ, რომ პატარა ბავშვთან ფირალზე საუბარი როგორ შეიძლებაო?! (მოგვიანებით ეს ამბავი რომ ირაკლი მახარაძეს მოვუყევით, „ეგ აბდლებიო“ – გულწრფელი აღშფოთება ვერ დამალა ავტორმა.) „ტამელის ჰიპები“ ძალიან გაკვირვებულები ვიყავით მსგავსი დამოკიდებულებით და სიტყვა-პასუხი არ დავიშურეთ იმის დასამტკიცებლად, რომ ფირალთა ინსტიტუტი საქართველოს, და რაც მთვარია გურიის, ისტორიის უდიდესი ნაწილია და თუკი ამ მხარის შვილს ბავშვობიდანვე არ ჩაუნერგე ინფორმაცია და სიყვარული თავისი კუთხის ისტორიისადმი, მომავალში უკვე ვეღარ გამოსწორდება. ამის თქმა იყო და პოლემიკის ლიდერმა მასწავლებელმა ვერაფერი ვეღარ გვითხრა, კუთხეში მიჭყლეტილი წიწილები  გარეთ გამოუშვა და ბავშვებიც დიდი ინტერესით მოგვესივნენ. ჩვენ ვუყვებოდით იმ ამბებს, რაც წიგნში გვქონდა წაკითხული, ბავშვები კი სულგანაბულები უსმენდნენ ამ სარაინდო ისტორიებს. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ სახლში მისვლისთანავე ბაბუებისთვის ეთხოვათ ფირალებზე ამბების მოყოლა და რომ ფირალების ამბების ცოდნა მათი პატარა მოვალეობა იყო. შემდეგ ერთ-ერთმა პირველკლასელმა სიმონა დოლიძეს ცნობილი ლექსი წაიკითხა, სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი დავუტოვეთ და სახლებისაკენ გაბრუნება გადავწყვიტეთ.

მეორე დღეს თბილისს მივაშურებდით და ნასიამოვნები დღეებით თან დასვენებულები და თან დაღლილები პროექტში ახალი ძალებით ჩავერთვებოდით, თუმცა გეგმა შეგვეცვალა; იმისათვის, რომ ჩვენი გურიაში ვიზიტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო „ტამელის ჰიპებმა“ გადავწყვიტეთ, იმ ადგილების მონახულება, სადაც ფირალები იმალებოდნენ და ცხოვრობდნენ. მოსახლეობამ ასეთი ცნობილი ორი ადგილი ვიცით მხოლოდო – სურების ტყე და მამაწმინდის ღელეო. ამ ადგილების გარკვევაში ვიყავით, რომ ირაკლი მახარაძესაც დავურეკეთ და მასაც ვკითხეთ სამალავების შესახებ. ბატონმა ირაკლიმაც სურების ტყე იყო მათი ყველაზე ცნობილი სამალავი, ამაზე კარგ ადგილს ვერ იშოვნიდნენ დასამალადო.

მესამე დილით, ჯერ მამაწმინდის ღელე მოვინახულეთ. ამ მართლაც შესანიშნავ ადგილს, რომელსაც გარშემო სულ ტყეები და კლდეები აკრავს, ნამდვილად შეაფარებდნენ ფირალები თავს, რადგან აქ წყალიც უხვად იყო და ადგილი ჰომ ისეთი გახლდათ, რთულად თუ მოადგებოდნენ ბოქაულები.

მამაწმინდის ღელეს რომ გამოვემშვიდობეთ და სურების ტყისკენ ავიღეთ გეზი, მაშინ მივხვდით თუ რა თავგადასავალში (შეიძლება შარშიც კი) ვყოფდით თავს; დაახლოებით 18 კილომეტრის მანძილზე მყოფი ტყე იცდიდა ჩვენთვის, ტყე, სადაც ალბათ ბინადრობდა ნადირი და სადაც 3 თბილისელ სტუდენტს წესით და რიგით არაფერი საქმე არ უნდა გვქონოდა. თუმცა ფირალობით მოხიბლულებმა ყველანაირ რისკზე წასვლა გადავწყვიტეთ და გზას არ გადავუხვიეთ. უნდა ვთქვა ისიც, რომ დაახლოებით 8-10 კილომეტრი, სრულიად უცნობმა ადამიანმა – რომელიც მაინც ვერ მიმხვდარიყო რა გვესაქმებოდა სურების ტყეში –  გაგვატარა მანქანით და ახლაც დიდ მადლობას ვეუბნები იმ უცნობს, რომელიც ალბათ არასოდეს წაიკითხავს ამ პოსტს.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, სურების ტყეშიც ავედით. უნდა აღინიშნოს, რომ ტყეში შესვლიდან 10 წუთში უკვე უპასუხოდ იყო ჩვენი შეკითხვა, თუ როგორც ცხოვრობდნენ აქ გურული ფირალები?!  საოცარი სირთულის რელიეფის მქონე ეს ადგილი სასიარულოდ და მოსანახულებლად არის რთული და წარმომიდგენია აქ ცხოვრება როგორ დიდ გამძლეობას მოითხოვს. რაც მთვარია, სურების ტყეში ნამდვილად სუფევდა ის ატმოსფერო, რასაც ჩვენ აქ ვეძებდით. და დამიჯერეთ, არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე ამ ტყეში დაღლილზე წამოწოლა და ფიქრი გურიაზე.

სურების ტყეში დაახლოებით 2 საათი დავყავით, შემდეგ კი სახლისაკენ გამოვბრუნდით. დაახლოებით 12 საათისკენ უკვე ჩვენს სოფელს მივუახლოვდით და მხოლოდ ღამით ცეცხლის წინ მსხდომებმა გავაცნობიერეთ, თუ რა საოცარი დღეები სრულდებოდა. ფირალების მიმზიდველი ისტორიებით დაწყებულმა მოგზაურობამ, საოცარი ენერგია და სიხალისე შეგვძინა. ჩვენ გავეცანით საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ პატარა, ინტიმურ ნაწილს, რომელმაც შეუძლებელია არ მიგიზიდოს. და ყოველივე ამის შემდეგ უფრო და უფრო მძაფრდება ჩემი შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ იკარგებიან გურული ფირალები ასე დაუნდობლად დღევანდელ საქართველოში, რატომ ეტრფიან გამოგონილ ჰოლივუდურ თუ ბანძ ქართულ სათავგადასავლო ფილმებს, გურული ფირალების საოცარი ისტორიები კი კადრებს მიღმა რჩება.

დამიჯერეთ, გურული ფირალების ისტორიის გაცნობის შემდეგ, ყველას გაგიორმაგდებათ სიყვარული ამ საოცარი კუთხისადმი, თქვენც მოგინდებათ თბილისის გამაყრუებელი ატმოსფეროდან მაღალმთიანი გურიის ხილვა და ფირალების ისტორიების მოსმენა. ბოლო-ბოლო ის მაინც ხომ უნდა იცოდეთ, რა ემოცია მოაქვს გავლილი 50 კილომეტრის შემდეგ შიშველი ფეხების გუბაზოულის ცივ წყალში ჩალაგებას ?!

ეს ვიდეო მხოლოდ მცირედი არის, რაც დამონტაჟდა, რათა აესახა ჩვენი მოგზაურობა გურიაში. ბლოგზე მალე გამოვაქვეყნებთ დაუმონტაჟებელ ვიდეოებსაც.

პ.ს. აქვე დავძენ, რომ გურიაში არავინ არ იცის ირაკლი მახარაძის წიგნების არსებობის შესახებაც, რაც ჩემი აზრით დიდი მინუსია. კარგი იქნება თუ შედგება რაიმე ტური, რისი მეშვეობითან გურულთა საოცარ თავგადასავლებს უკვე წიგნი მოუყვება ამ მხარის მკვიდრებს.

პ.პ.ს. უდიდესი მადლობა დახმარებისათვის ჩვენს მეგობრებს – თაკო კილაძეს და თორნიკე ჯანგირაშვილს.

Advertisements
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. ტამელის ჰიპების მეხუთე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. ტამელის ჰიპები გურიაში (გამოუქვეყნებელი მასალები) « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: