მწვანე რვეულის პოსტი

…ან ეს სათაური რატომ დავარქვი – ეგეც არ ვიცი.

***

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს. მოთხრობების კრებულში პირველი იმას ვკითხულობ, რომლის სახელიც კრებულს ჰქვია. მერე ყველაზე პატარა რომელიცაა, სულ ბოლოს კი იმას დავიტოვებ ხოლმე, რომლის სათაურიც ყველაზე მეტად მომწონს.

მარისთანაც ასე მოხდა.

ორიოდე დღით ხმაურიან თბილისს გავეცალე გონების დასამშვიდებლად და ჩანთაში მარი ბექაურის „ელექტროთაობა“ ჩავაგდე. თუ ვინ წაიკითხავდა პირველი, ძმაკაცთან პაექრობა გავმართე. მოვიგე. დავპირდი, რომ ორ დღეში გადავულოცავდი და კითხვა დავიწყე. წამოსვლის დღეს მარტო „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ მქონდა დარჩენილი. ალბათ მიხვდით, სათაური რომ ყველაზე მეტად მომეწონა – მაგიტომ !

* * *

დიდის ამბით, პატივი მცეს და მძღოლის გვერდზე „ახლად ნაყიდ სპრინტერში“ წინასწარ მიმიჩინეს ადგილი. მძღოლი მსუქანი იყო და ბოლო ხმაზე აღრიალებდა საძულველ მერაბ კაშიასა და ჯგუფ „მირაჟს“. ჩემი პლეერი დამჯდარი იყო, თბილისამდე კი – დიდი დრო.

მანქანაში კითხვა არ მჩვევია. თვალებზე ისედაც საკმაოდ დარხეული მაქვს, ასე რომ სანამ მარადი „აჩკარიკა“ გავმხდარვარ, ვერიდები ასეთი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ყურებში გამეფებული და არაგვზე აყვავებული დეკა, ჯანმრთელობას სულ ფეხზე დაგაკიდებინებს კაცს. ასე რომ, მეც ამოვაძვრინე ჩანთიდან წიგნი და ტკილ ლუკმად შემონახული მოთხრობის კითხვა დავიწყე.

* * *

რა უნდოდა მაგ გოგოს ?! ეგ რომ ერთადერთი იყო, რომელიც კლასში ომობდა და ამისთვის არასდროს ისჯებოდა, მე, დამპალი 140-ე სკოლის ხელში, პირველი ვისჯებოდი ხოლმე – უმიზეზოდაც. ახლა კი თითქოს ნიშნის მოგებით მელაპარაკებოდა. და საერთოდაც, რატომ მიყვებოდა მთელ ამ ისტორიას?! რაში მაინტერესებდა?! მაგრამ ჩემი ბრალია; შევყევი, შევყევი და კი აღმოვჩნდი მარის კედლებდანესტიანებულ სკოლაში. და ის წამი იყო, ფეხი შევდგი ამ „ცოდნის ტაძარში“ (მოგიტყან სიტყვებშემთანხმებელი), რომ მე მარიზე ყველაფერი გავიგე; გავიგე თუ როგორ ეგონა ტუალეტი ფერადი და ლამაზი ოთახი, სადაც ბევრი სათამაშო ეწყო, თუ როგორ ნადირობდა ბაყაყებზე და რა სიამოვნებას იღებდა მათი წამებით, თუ როგორი სიამაყით დაანახა თანაკლასელმა „მახინჯი პენისი“. მეგობარიც გამაცნო – ანი – ოცნება – და ისიც მითხრა თუ როგორ უკრა წიხლი პირველ საჩუქარზე – ფერად რვეულზე . მერე, მასთან ერთად, მთელი გულით განვიცადე, ცირკში რომ ვერ წავიდნენ, მარი რომ საბოლოოდ გალახეს და ბოლოს… ბოლოს მარის ანი მეორე ანა-მარიად მექცა, იმ ანა-მარიად – „ქალი რომ იყო და შველს რომ ჰგავდა“.  ჯერ რომ არც ბაყაყებზე ენადირა და არც ომობანა ეთამაშა. ანა-მარიად, რომელსაც მართლა ჰქონდა ფერადი და ლამაზი ოთახი, სადაც ბევრი სათამაშო ეწყო.

თუმცა ალბათ, როგორც ყველა ოცნება, მარიც წინასწარ გრძნოდა, რომ ანიც დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მართალიც გამოდგა – ანი მის გვერდით მდგარ ცარიელ სკამად გადაიქცა. მანამ კი სანამ ერთად იყვნენ ოცნებამ მოასწრო დავალებული მისიის ასრულება – მარის თავი აპოვნინა. სანამ ის ჰყავდა, დაინახა, რომ ვიღაცას მისი მოვლაც სჭირდებოდა თურმე. მის გარდა ვიღაცა კიდევ იგებდა სახლში წაღებული, ნაპოვნი შეშის ფასს. და როდესაც მარი ბოლოჯერ შეხვდა თავის ოცნებას, იცით რა გააკეთა ? – მადლობა გადაუხადა. მადლობა იმისთვის, რომ ოცნებამ მიახვედრა რვეულივით მწვანე არსებობა რომ რვეულისავე ფერადოვნებით შეიძლება შეავსო.

კითხვას რომ მოვრჩი თვალი ბოლო სიტყვაზე მქონდა გაშტერებული. და  უცბად აღმოვაჩინე, რომ ჩემს გვერდით აღარც „მირაჟი“ ღნაოდა და აღარც მსუქანი მძოლი იჯდა. წინ იყო გზა, მაგრამ ის სულაც არ იყო ასფალტისფერი. გარშემო ალბათ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ „მერხებს ჩაშტერებოდნენ“, მაგრამ ისინი ვერასდროს დაინახავდნენ ჯადოსნურ სიტყვებს. წიგნის ფურცლებს საერთოდ ვერ ვხედავდი. გვერდით მარი ბექაური მეჯდა – სისხლიანი, თხელი ქურთუკის ჯიბეში ჩამალული ხელით. და ეს ყველაფერი იყო ნამდვილი, ისეთი ნამდვილი და ნაღდი, როგორიც ბავშვობაა. მე კი მის გვერდით ჯდომა, Blackfield-ის რომელიღაც სიმღერას მაგონებდა.

მეორე დღეს ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა „ბიჭო, მარი ბექაური მიყვარს“-ო.

დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. salivani

     /  May 25, 2012

    gadasarevi postia ^_^ erti suli maqvs rodis cavikitxav :)))

    Reply
    • მიხარია რომ მოგეწონა❤
      წიგნის ფესტზე იყიდე "ელექტროთაობა", შესანიშნავი კრებულია❤

      Reply
  2. მარი არის კარგი გოგო , იშვიათად კარგი გოგო
    ,,პიტერი ყველაზე კარგია” და ,,ბავშვობა, როგორც სინამდვილეშია”- ამისთვის უფრო მიყვარს

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. გურული ფირალების კვალდაკვალ « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: