რენე მაგრიტი – ეს არ არის ჩიბუხი !

*პოსტში გამოთქმული ყველა ანალიტიკური მოსაზრება არის ავტორისეული.


1928-29 წლებში, ბელგიელმა სურეალისტმა რენე მაგრიტმა დახატა, ერთი შეხედვით უმარტივესი სურათი; ტილოზე გამოსახულია ჩიბუხი, რომლის ქვემოთაც აწერია ფრაზა „Ceci n’est pas une pipe“ (ეს არ არის ჩიბუხი). რა არის ეს? აშკარაა, რომ მხატვარი ისწრაფვის არა მომხიბვლელი ნახატის შესაქმნელად, რომელიც მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, არამედ მას სურს შექმნას რაიმე ისეთი, რაც თავისი სიმარტივით გარკვეულ შეტყობინებას დაუტოვებს მაყურებელს.

ფრანგი ფილოსოფოსი, მიშელ ფუკო თავის ერთ-ერთ ესეში წერს: „ეს ნახატი ისეთივე მარტივია, როგორც ბოტანიკის სახელმძღვანელოდან ამოხეულ ფურცელზე გამოსახული ფიგურა, რომლის ქვეშაც განთავსებული წარწერა ამავე ფიგურაზე მიუთითებს“. ფუკოს ამ ციტატიდან ჩანს, რომ მაგრიტმა შეძლო ტილოში სიმარტივის ეფექტის შენარჩუნება – ხორცისფერ ფონზე, ყავისფერი ჩიბუხი შავი ტარით სრულიად მარტივი აღსაქმელია მაყურებლისთვის. იმავე შავ ფერშია შესრულებული მთავარი წარწერაც. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩიბუხის თავზე არეკლილი სინათლე, უფრო მეტ სიმსუბუქეს სძენს ნახატს.

თავად კომპოზიცია სქემატურად გაუწონასწორებელია – მარცხენა ნაწილი ფიგურით ბევრად დატვირთულია ვიდრე მარჯვენა, მაგრამ ფერთა „გაცვლით“, რაც ჩიბუხის ყავისფერ სხეულში შავი ფერის შესვლით ხდება, მაგრიტი ახერხებს ტილოს ნულოვანი დაძაბულობა მიანიჭოს.

თუმცა, მიუხედავად ყველაფერისა, მაგრიტის „ჩიბუხს“ ვერ დავარქმევთ მხატვრულად მდიდარ ნახატს, ის უმთვრესად შემოქმედისეული იდეის მატარიებელია, რომელიც ერთგვარი დაპირისპირებაა იმ აზროვნებისა, რაც მის დროში (და, ვაღიაროთ, დღესაც) ხშირად გვხვდება. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტორიც, რომ ზოგადად სურეალიზმი, სათავეებთან ყოფნისას, ოდნავ მიუღებელი სტილი იყო, რადგან წინამორბედებთან შედარებით, რთულად აღსაქმელ და გასაშიფრ ხელწერას, უხეშად რომ ვთქვათ მნახველის გონება ვერ იგებდა. ყოველივე ამის გამო, რენე მაგრიტი სიმარტივით უპირისპირდება მაყურებელს და სიტყვებზე თამაშით, თავის დამოკიდებულებას ამჟღავნებს: ტილოზე აშკარად ჩიბუხია გამოსახული, მაგრამ მშობელი მხატვარი, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს თავის ნამუშევარს, კატეგორიულად გვეუბნება, რომ ეს არ არის ჩიბუხი. მაშ რა არის ეს? რენე მაგრიტის მესიჯიც სწორედ აქ იმალება. ავტორი გვეუბნება რომ ეს არა ჩიბუხი, არამედ ხელოვნების ნაწარმოებია, რომ ტილო თავის ფიგურიანად, ფერებიანად და წარწერიანად – თავის ხელმოწერიანადაც კი – ხელოვნებითაა ნასაზრდოები. რომ დღეს ახალი ეპოქაა, სადაც მატერიაზე დიდი ხელოვნება იდეაა.

რენე მაგრიტი სპობს ზღვარს იდეასა და მის ხორცშესხმას შორის. მართალია მას, როგორც განსწავლულ ხელოვანს, ბევრად უკეთ შეუძლია ამ იდეის გაცოცხლება (როგორც ეს მის სხვა შედევრებში ჩანს), მაგრამ ის ამ ჯერზე დიდი თავშეკავებით ეკიდება შესრულებას – მას სურს მკითხველმა (მნახველმა) „გლეხური ენით“ მიიღოს ნაწარმოების ანალიტიკური მხარე, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს ავტორის პოზიცია. ამით იგი, ჩემი აზრით, ერთგვარ ნათესაურ კავშირს ამყარებს კაზიმირ მალევიჩთან, რომლის „შავი კვადრატი“, შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ არქეტიპად მაგრიტისეული ჩიბუხისა.

საინტერესოა ასევე „ჩიბუხის“ გაანალიზება რენე მაგრიტის პერსონის კუთხით; ცნობილია, რომ მხატვრის ორი განუყრელი ატრიბუტი იყო შავი შლაპა და ჩიბუხი. ამის გამო, მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ნახატით მაგრიტი თავის თავსაც მალავს თავისივე ხელოვნებაში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის გვეუბნება: – შეხედეთ, ეს ჩიბუხი არ არის, აქ რენე მაგრიტია გამოსახული, რომელიც ხელოვანია, რომელიც ტილოზე ნივთთა შეუსაბამო დაკავშირებით კი არ ერთობა, არამედ იდეას ახლებურ სახეს აძლევს!

მაგრიტის ეს ნაბიჯი, ნამდვილად დიდი წინსვლაა ფერწერული აზროვნების განვითარებაში. „ჩიბუხი“ შეიძლება ითქვას, გარდამტეხი მომენტია იმ ხელოვნებისა, რასაც რენე მაგრიტის შემოქმედება ჰქვია. ბელგიელი მხატვრის ეს მარტივი ტილო არის იმ თავისუფალი აზროვნების სიმბოლო, რომელიც ყველა შემოქმედს უნდა ჰქონდეს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: