ზაზა თვარაძის “სიტყვები”

ზაზა თვარაძის „სიტყვები“ „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის“ ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. ის პირველად 1994 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა,  ავტორის გარდაცვალების შემდეგ კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ მისი  შევსებული ვარიანტი გამოსცა. ნაწარმოები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოსტმოდერნის ერთ-ერთი უდიდესი ნიმუშია, სადაც უნაკლოდ არის გადმოცემული 90-იანი წლების საქართველოს რიგით პიროვნებათა ყოფა. წიგნის გმირები შემთხვევით აღმოაჩენენ „სანეტარო კანტორას“, სადაც „ნეტარიუსისგან“ იმ ყველაფრის შეძენა შეუძლიათ, რაც მათ სრულ ნეტარებას მიანიჭებს. ყველასთვის მოულოდნელად, მთვარი გმირი არა ნარკოტიკს ან რაიმე სხვა გამაბრუებელ (სანეტარო) საშუალებას აირჩევს, არამედ ზარდახშას, რომელშიც სიტყვები ცხოვრობენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება ის ჯადოსნური ისტორია, რაც წიგნის მთავარი თემაა. წიგნის გმირი, შვილივით უფრთხილდება სიტყვებს, რათა ისინი ზარდახშიდან არ გაექცნენ, ის მათ სამყაროში ცხოვრობს  და გრძნობს მათ სახეს, მათ სუნს, სხეულს. ხედავს თუ როგორ შეუძლიათ სიტყვებს ფრენა და ცურვა, და თუ როგორ ხდებიან სიტყვები ატმოსფეროს მთავარი შემოქმედები.

„საერთოდ მე მუდამ მქონდა ეჭვი, რომ სიტყვები ზღვის ფსკერზე იბადებიან. შესაძლოა, ყოველი სიტყვა რაღაც არსებაა, თითოეულს, ცალ-ცალკე, საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვს. ყოველი მათგანი განუმეორებელი თვისებებით გამოირჩევა – ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი. ამიტომ, სრულიად არ გამკვირვებია, როდესაც დავინახე, რომ ეს სიტყვა ასე მოლუსკივით ამოიწვერა ზარდახშის ხავერდოვანი, მწვანე ფსკერიდან და რომ ასე მანათობელი და გამჭვირვალე იყო.“

ზაზა თვარაძემ ეს წიგნი თავის გარდაცვლილ მეგობარს, ლევიკო ჭყონიას მიუძღვნა. სწორედ ლევიკოა ნაწარმოების მთვარი გმირი, მაგრამ მწერალმა ამავდროულად მოახერხა საუკეთსო ავტოპორტრეტი შეექმენა; ზაზას პერსონაჟი თითქოს წიგნის მეორე პლანზე არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნელ-ნელა, ნაწარმოების დინამიკური სვლიდან მთავარ გმირად სწორედ ის ამოიწვერება, რის გამოც თამამად შეიძლება ითქვას ამ წიგნზე, რომ  ავტობიოგრაფიულია. ზაზა თვარაძე საუცხოოდ ახერხებს საკუთრი პიროვნების წარმოჩინებას წიგნში და გვაცნობს იმ ჯადოსნობით სავსე სამყაროს, რომელშიც ის დაუნდობელ 90-იანებში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც „ქალაქი ახველებდა, როგორც კბილებჩაცვენილი ჭლექიანი იდიოტი“. აქროლადი  მწერალი – როგორც თავად უწოდებს თავს ზაზა თვარაძე – სიტყვების თამაშით, მათი თითქოს შეუსაბამო კავშირებით, მაგრამ მაინც ზღაპრულად დაბადებული სიტყვების გარემოში გვაცხოვრებს თავის გვერდით, ის ცდილობს ჩვენთან ერთდ მოუფრთხილდეს ყოველ სიტყვას, მათ ყოველ ბგერას, რადგან სიტყვა მისთვის სამყაროს შემოქმედია და თუ არ იქნება სიტყვა, აღარ იქნება სამყარო. სიტყვა კი სამყაროსთან ერთად მუდმივი უნდა იყოს, რადგან თავად სიტყვა „მუდმივი“ – ავტორის თქმით – „მოვერცხლისფრო, ბურთულისებრი, გამჭვირვალე სიტყვაა. ის ჰაერში ლივლივებს და დღის სინათლეზე გამუდმებით იცვლის ელფერს“.

თავად თხრობა ირონიით, სევდითა და იმედით არის სავსე. ავტორი არ ერიდება თამამ ნაბიჯებს და პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვეუბნება, „რომ სიტყვასთან შედარებით ადამიანი ჭიანჭველაა, და რომ „ადამიანი – ეს ამაყად ჟღერს!“ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ნათქვამია“. ზაზა თვარაძე გვანახებს, რომ ჩვენ გარშემო ნათელი ღვინისფერი, უცნაურად შეციებული, მონისლისფრო-მომტრედისფრო სიტყვები დაღლილი ღამის პეპლებივით დაფარფატებენ. და რომ ამ პეპლებს უნდა მოვეპყრათ ყველაზე დიდი სიყვარულით, რადგან დაკარგული სიტყვის სანაცვლოდ ყოველთვის რაღაც უნდა დაიდოს, მაგრამ ის რაღაც ვერასდროს იქნება სიტყვაზე დიდი.

სწორედ ამ ჯადოსნური სამყაროს შექმნის გამო არის, რომ ზაზა თვარაძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ლიტერატურაში და რომ დღესაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მოვერცხლიფრო სიტყვები ისევ ანათებენ.

მკითხველს, აუცილებლად ვურჩევ გაეცნოს ამ შესანიშნავ წიგნს, რადგან ზაზა თვარაძის ამ ნაწარმოებში ის სრულიად ახალ სამაყროს აღმოაჩენს. მანამ კი, სანამ „სიტყვებს“ ეზიარებოდეთ,  ზვიად რატიანის შესანიშნავ ლექსს შემოგთვაზებთ, რომელიც მან ზაზა თვარაძეს მიუძღვნა.

= = = = = = = = = =

ზვიად რატიანი – სიტყვები

(ზაზა თვარაძეს)

რადგან ადამაინებს ჯერ კიდევ ჯერათ სიტყვების, რომლებსაც

ეუბნებიან მათ,

ჯერ კიდევ ჯერათ სიტყვების, რომლებსაც ამბობენ თვითონ,

რჩება იმედი, მეგობარო, ერთხანს გავგრძელდეთ ხმად,

გავგრძელდეთ მერეც, როცა დაგვტოვებს სითბო

და წავალთ არსად. ბნელ მოსახვევში მიიკარგება ექო

ჩვენი სიცილის, ნაბიჯების. არსად დარჩება ჩვენი ტუჩების კვალი.

გლოვის ზარებმა, რამდენიც გინდა რეკონ,

ვეღარასოდეს შეიმოსება ძვალი

ახალი ხორცით და ცოდვებით. ხმა კი იცოცხლებს ერთხანს.

ჩვენი ხორხისგან თავდახსნილი, დაიწმინდება, დაწკრიალდება

თითქმის.

რადგან ადამიანებს ჯერ კიდევ ჯერათ სიტყვების, რომლებიც

არ ითქმის ერთხმად.

არც იმღერება. მხოლოდ ჩურჩულით ითქმის.

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. კარგი წიგნია!🙂

    Reply
  2. დზალიან კარგია

    Reply
  1. ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: