Anathema – Weather Systems [2012]

Artist : Anathema
Album : Weather Systems
Genre : Atmospheric Rock / New Wave Progressive Rock
Release Date : 16 April 2012
Number of Tracks : 9
Length : 00:55:45
Label : KScope
Producer : Christer-Andre Cederberg
Mixing : Steven Wilson
Line-Up
Vincent Cavanagh — vocals, guitar
Daniel Cavanagh — guitar, piano, keyboards, vocals
John Douglas — percussion, keyboards, guitars
Jamie Cavanagh — bass guitar
Lee Douglas — vocals

  ამა წლის 16 აპრილს ბრიტანული ბენდის – Anathema-ს ახალი, რიგით მე-9 სტუდიური ალბომის პრეზენტაცია შედგა. ალბომს Weather Systems ჰქვია და ის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეიბლმა – KScope-მა გამოუშვა. 9-სიმღერიანი  ალბომიდან 8 ჯგუფის გიტარისტის, დენიელ კავანას დაწერილია, ხოლო მე-6 ტრეკი The Storm Before the Calm – დრამერ ჯონ დუგლასის. ალბომის პროდუსერი ნორვეგიელი ქრისტერ-ანდრე სედერბერგია.

Weather Systems, შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის We’re Here Because We’re Here-ის ერთგვარი გაგრძელებაა, როგორც ტექსტის, ასევე ჟღერადობის მხირვ. ალბომს პირველივე ბგერებიდან და სიტყვებიდან ეტყობა, რომ Anathema საბოლოოდ არის მიმართული ერთგვარი რეტროსპექტული მუსიკის შექმნისაკენ, სადაც 100%-ით იქნება გამოვლენილი მუსიკოსების გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა. ამის სიმბოლური დასტურია ის, რომ Weather Systems ლივერპულში, ჩრდილოუეთ უელსსა და ოსლოში იწერებოდა – ბენდის წარსულში, აწმყოსა და მომავალში – როგორც ეს ბენდის წევრებმა განაცხადეს. გარდა ამისა, ნაშრომში აშკარად იგრძნობა ის დიდი გულწრფელობა და  უშუალობა, რომელიც ამ ბენდს ახასიათებს. ეს უპირველესად იმითაც არის გამოწვეული, რომ Anathema ისევ რჩება ბენდად, სადაც მხოლოდ ბავშვობის მეგობრები – ძმები კავანაები და ლი და ჯონ დუგლასები არიან შეკრებილნი. ალბომში არაფერია ყალბი და ყველაფერი რაც აქ გვხვდება, ანათემას გულიდან არის წამოსული.

Weather Systems-ის მომხიბვლელობას პირველივე რიფიდან იგრძნობთ; ბენდის სავიზიტო აკუსტიკური თემები ამ ალბომშიც წამყვანი ხაზია. უპირველესად აღსანიშნავია თემათა წყობა, რომელიც მოიცავს ყველა იმ ჟანრს, რაც კი ანათემას გამოუვლია. ალბომი უაღრესად ატმოსფერულია, რაც პირველ რიგში დიდი დოზით მოცემულ ოსტინატოებში ვლინდება, მეტიც – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ოსტინატოებს ბენდის ადრეული წლების მუსიკასთანაც კი მივყავართ და მსმენელი აუცილებლად დაინახავს მასში დუმ-მეტალის ფრაზებს. თუმცა უფრო დიდ გაოცებას გამოიწვევს ის აღმოჩენა, რომ დუმ-მეტალის შემდეგ, ბენდი სრულიად დაბალანსებულ ნოტაზე გადაგვრთავს თითქოს მოულოდნელ ალტერნატიული როკის, პოპ-მუსიკისა თუ როკ-ოპერისეული სტილის მუსიკაში. რაც მთავარია, ჟანრთა ასეთი ცვლილება და ერთი შეხედვით შეუსაბამობა, სულაც არ იწვევს უარყოფით განცდას, პირიქით – ალბომი ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება და მისი ჩართვის შემდეგ შუა გზაში გამორთვა აზრადაც არ მოგივათ. ამას ემატება ისიც, რომ ეს თითქმის ერთსაათიანი ნამუშევარი ერთი ამოსუნთქვით ისმინება და მიკროსამყაროს ქმნის მსმენელის გარშემო.

აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს ვოკალური პარტიები, რომლებიც, ჩემი აზრით, მთელი ანათემასეული კარიერის განმავლობაში სწორედ ამ ალბომში ვლინდება საუკეთესოდ. Weather Systems-ში უაღრესად დაძაბული მუსიკალური თხრობაა, რაც პირველ რიგში ვინსენტ კავანას საუცხოო ხმის დამსახურებაა. წინა ალბომთან შედარებით, მუსიკოსის ხმას თითქოს რაღაც რევოლუციური ტრანსფორმაცია აქვს გავლილი, თანაც ისე, რომ ძველებური ხიბლიც შენარჩუნებულია. როგორც ყოველთვის, ვინსენტის ყველა ბგერა გულიდან ამოდის და შეუძლებელია თუნდაც ერთი მცირე ხარვეზი დაინახოთ. საოცრად ემოციური გადასვლებისას კი კავანას ჯადოსნური ვოკალი დამიჯერეთ თმას ყალყზე დაგიყენებთ. გულგრილს ვერ დაგტოვებთ ასევე ის ვოკალური „კვანძები“, რომლებიც უკანა ფონზე დამოუკიდებლად ვითარდება და სრულიად ახალი სილამაზე შემოაქვს თითოეულ სიმღერაში.

ცალკე სათქმელია ისიც, რომ ლი დუგლასს თითქმის იმდენივე ვოკალური პარტია აქვს ამ ალბომში, რამდენიც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ერთად ჰქონია ბენდში. პირადად მე ძალზედ მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ამ ქალს მეტი ადგილი დაუთმეს Weather Systems-ში. ლი დუგლასის ხმა ყოველი მოსმენის შემდეგ ორმაგ შეგრძნებას მიტოვებს, ის თან მამშვიდებს კავანასეული დაძაბული თხრობისგან და თან ხელახლა მამზადებს ისევ იმავე თხრობისათვის. ასეა თუ ისე, ანათემას ამ რისკმა, რომ ლი დუგლასს მეტი ადგილი დაეთმო ალბომში, ნამდვილად გაამართლა.

ალბომის გამოსვლის დღეს, დენიელ კავანამ შემდეგი რამ განაცხადა: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დაგვიდგა კარიერული პიკი და Weather Systems ამის დასტურია. ეს არ არის ალბომი, რომელიც ფონად უნდა გასდევდეს რაიმეს, ამ ალბომში მსმენელი ბოლომდე უნდა შევიდეს, რათა იგრძნოს მისი სიღრმე და სულის უცივეს ნაწილებს შეეხოს… რაც შეეხება ჩვენს საუკეთესო ნაშრომს, ის მემგონი, რომ ჯერ არ ჩაგვიწერია, თუმცა Weather Systems-ით ჩვენ მოვახერხეთ წინა ალბომების გადაფარვა. ეს უდიდესი სიხარულია, რადგან ბენდის ყველა წევრი ვგრძნობთ ალბომიდან ალბომამდე განვითარებას და ყველანი ველოდებით, თუ როდის შეიქმნება ჩვენი კარიერის ყველაზე საოცარი ალბომი.“

დარწმუნებული ვარ Weather Systems მთავარი გარდამტეხი ალბომი გამოდგება ანათემას შემოქმედებაში და სწორედ ეს ნაშრომი იქნება მათი სავიზიტო ბარათი წლების შემდეგ, რადგან ეს არის ალბომი, სადაც ბენდი საბოლოოდ ჩაწვდა იმ სიღრმეს, რაც მათ მუსიკასა და ნიჭს ბუნებრივად, თავისთავად ახასიათებს. ანათემა დაადგა თავის საბოლოო გზას, რომელიც უაღრესად ინტელექტუალური მუსიკალური ხედვით არის გაჯერებული, მუსიკით, რომელიც არ ცნობს ვარსკვლავურ-მანიაკალურ ასპექტებს და რომელიც მსმენელის გულამდე პირველივე მოსმენით აღწევს. ანათემას ეს ალბომი მორიგი დასტურია იმისა, რომ დღესაც იქმნება მუსიკალური შედევრები, რომ როკ-მუსიკა კი არ მოკვდა, არამედ განვითარების ახალ გზას ადგას და რომ ლივერპულში დღესაც შეუძლიათ შექმნან ჭეშმარიტი მუსიკა !

თუმცა, მე რამდენიც არ უნდა გირჩიოთ ამ ალბომის მოსმენა, დენიზე უკეთ მაინც ვერ შევძლებ, ასე რომ ბონუსად ეს ვიდეოც ნახეთ

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. Porci

     /  May 7, 2012

    ვაიმე, მიშ, ამდენიც არ შეიძლება 😛

    მე სულ რაღაც ორი დღის წინ მოვისმინე, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთხელ, სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა პირველი აზრი რაც მომივიდა, ეგ იყო, რომ წინა ალბომის გაგრძელებაა მართლაც.

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: