ქვაში ალაპარაკებული კამასუტრა

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში, ჩხატარპურის რეგიონში, მდებარეობს პატარა ქალაქი კაჯურაჰო. თუ ინდოეთის მოსახლეობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კაჯურაჰო ქალაქის სახელსაც კი არ იმსახურებს, რადგან სულ რაღაც 20 ათას მოსახლემდე ჰყავს და იმათშიც კი დიდი ნაწილი ტურისტები არიან. კაჯურაჰოს ფართობი მხოლოდ 25 კვადრატული კილომეტრია, თუმცა ეს სულაც არ უშლის მნახველთა სიჭარბეს ხელს ამ პატარა დასახლებაში. მოსახლეობა ლაპარაკობს ჰინდიზე, ასევე უმეტესობამ იცის ინგლისური ენაც, რაც უმთავრესად გამოწვეულია ტურისტებთან ურთიერთობის აუცილებლობით. რაც შეეხება  რელიგიას – როგორც მთელ ინდოეთში – ის სხვადასხვაგვარია, მაგრამ ძირითდად ჭარბობენ ინდუიზმის მიმდევრები.

გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, კაჯურაჰო მთვარის ღმერთის, შარდრას ძის – ღმერთ შარდრავარმანის მიერაა დაარსებული. მოგზაურ იბნ ბატუტას წყაროებიდან (ძირითადი ნაწილი ჩაწერილია 1335 წელს) ვიგებთ, რომ ოდესღაც მთელ კაჯურაჰოს დიდი გალავანი ერტყა, რომელსაც 8 გრანდიოზული კარიბჭე ჰქონდა. თითოეულ კარიბჭეს ამშვენებდა ორი ოქროს პალმა. ქალაქის გარშემო, არ არსებობდა რაიმე დასახლება, ამიტომაც სხვა ქალაქებთან შედარებით, კაჯურაჰო დაცული სივრცე იყო.

ქალაქი დაარსებიდანვე იყო ძლიერებისა და მაღალი განვითარების სიმბოლო. გასაკვირი არცაა, რომ როდესაც შანდელა-რაჯპუტების დინასტია მოვიდა სათავეში (X – XII საუკუნეები), კაჯურაჰო იქცა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად, პოლიტიკურ დედაქალაქს კი წარმოადგენდა ქალაქი კალინჯარი. იმ ფაქტმა, რომ, მმართველთა მიერ, კაჯურაჰო ინდური კულტურის მოწინავედ მოინათლა, სათავე დაუდო იქ ტაძრების მშენებლობას. მე-10 საუკუნის დასაწყისიდან, იწყება კაჯურაჰოს არქიტექტურული ფერისცვალება, რაც უკვე გარდამტეხ ფაზაში შედის, 950-იანი წლებიდან. მომდევნო ასი წლის შემდეგ, კი ამ პატარა ტერიტორიაზე, 85 ტაძარი აიგო. ისტორიკოსთათვის დღესაც დიდ გამოცანას წარმოადგენს ის, თუ როგორ მოხერხდა ამ ადგილზე, ასეთ მცირე დროში (ერთ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანში) ამდენი გრანდიოზული ნაგებობის აღმართვა, მით უმეტეს, რომ კაჯურაჰოს არ ჰყოლია მეზობელი დასახლება, შესაბამისად ამ ტაძრებს მნახველიც ცოტა ეყოლებოდა.

„მორტისის და ტენონის“ ტექნიკააღსანიშნავია ის ტექნიკა, რომლითაც იგებოდა კაჯურაჰოს ნაგებობები; განსწავლული ოსტატები, არ ერიდებოდნენ გარკვეულ რისკზე წასვლას, იმ მიზნით, რომ არქიტექტურას ორგანულობა შეენარჩუნებინა და ყოფილიყო ბუნებრივი. ამის გამო იყო, რომ ქვების დასაკავშირებლად ან საერთოდ არ იყენებდნენ, ან კი ძალზე უმნიშვნელო რაოდენობით იყენებდნენ წებოვან მასალას (ძირითადად კირის ხსნარს). ქვის მთლელები, ისეთ ფორმას აძლევდნენ ქვებს, რომ ის ე.წ. „მორტისის და ტენონის“ (Mortise And Tenon) პრინციპით ერთმანეთში მყარად ჯდებოდნენ. ასე შეერთებული 2 ქვა, გრავიტაციის ძალით უკეთ ებჯინებოდა ერთმანეთს და მათ შეეძლოთ 20 ტონაზე მეტი სიმძიმე გადაენაწილებინათ თავიანთ თავებზე.

კაჯურაჰოს ტაძრები ძირითადად ქვიშაქვით იყვნენ ნაგები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ იმ რეგიონში ეს ქვა მოიპოვებოდა.  ერთის მხრივ ქვიშაქვით ტაძრების აგება დადებითი იყო იმიტომ, რომ მშენებელთა მიერ შემუშავებული ტექნიკა უფრო მყარი იქნებოდა, მეორეს მხრივ კი ცუდი იყო, რადგან მცირე აგრესიის შემთხვევაშიც კი, ტაძარი ადვილად დაზარალდებოდა. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ როდესაც ამ ტერიტორიას მუსლიმთა სამსაუკუნოვანი (1100-1400 წწ.) ბატონობა დაატყდა თავს, ტაძრების მასიური განადგურება დაიწყო, რაც შედარებით იოლი გამოდგა. ყოველივე ამის გამო, დღესდღეობით ქალაქში აგებული 85 ტაძრიდან, მხოლოდ 25 არის შემორჩენილი.

მუსლიმთა ბატონობის შემდეგ, კაჯურაჰოს „მივიწყების ხანა“ დაუდგა. ქალაქს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ, რის გამოც მისი მოსახლეობა ძალზე შემცირდა, ქალაქის დიდი ნაწილი კი ჯუნგლებმა დაფარა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჯუნგლებში დამალული ქალაქი, უკეთ ახერხებდა იმ დროის ინდოთში გამეფებული შემოსევებისა თუ შინა ომებისგან თავის არიდებას.

კაჯურაჰოსადმი ინტერესი მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაბრუნდა, როდესაც ინგლისელმა ოფიცერმა, თი-ეს ბარტმა (TS Burt) 1838 წელს მადჰია-პრადეშის ჯუნგლებში გრანდიოზული ტაძრები აღმოაჩინა. ამ დროიდან დაიწყეს ამ ტაძრების შესწავლა, რის შედეგადაც მსოფლიოს უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი და ინტერესი ენახა კაჯურაჰოს გრანდიოზული ხელოვნების ნიმუშები.

კაჯურაჰოს ტაძართაგან მრავალია ცნობილი: ლაკშმანას ტაძარი, კანდარია მაჰადევას ტაძარი, დულადეოს, დევი ჯაგადამბის, ვალაჰას, ბრაჰმასა და სხვა ტაძრები. ისინი ძირითდად ღმერთების – ვიშნუსა და შივას – სახელზეა აგებული. ამ ტაძრებს უნიკალური არქიტექტურა ახასიათებთ, თუმცა არის ასევე ერთი რამ, რაც არქიტექტურაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს მნახველზე: კაჯურაჰოს ტაძრებში საუკეთესოდ ერწყმის არქიტექტურა და ქანდაკება. ეს უკანასკნელი კი სწორედ ამ ტერიტორიის სავიზიტო ბარათია.

კაჯურაჰოს ქანდაკებათა ციკლი თავისი დიდი ეროტიკულობით არის ცნობილი. როგორც ფასადებზე, ასევე ინტერიერში, მრავლადაა სექსის თემით დატვირთული სკულპტურები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ქალის სხეულის საოცარი ხედვა. ოსტატებს ძირითადად გამოკვეთილი ჰყავთ სქელთეძოიანი და დიდმკერდიანი ქალები, რათა უკეთ გაესვათ ხაზი ქალის სხეულის იდუმალი ინტიმურობისა და სილამაზის, მის ეშხისა და მიმზიდველობისათვის. ქალები ძალზე ხშირად გამოსახულნი არიან სამკაულებით, რაც ხაზს უსვამს ასევე მათ დიდებულებას. რა თქმა უნდა, მათი უმეტესი ნაწილი სრულიად შიშველ მდგომარეობაშია გამოკვეთილი.

კაჯურაჰოს ტაძრებზე გამოსახული ქალები, მრავალ პოზაში გვევლინებიან. სწორედ ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კამასუტრას მიხედვითაა შესრულებული. პოზათა მრავალფეროვნება, ხაზს უსვამს ოსტატთა განსწავლულობას სექსუალურ ცხოვრებაში. მსგავსი ქანდაკებები ნათელჰყოფს ინდოელთა დამოკიდებულებას ქალისადმი. მათთვის ქალი ერთგვარი კულტია, ურომლისოდაც ვერ მიხვალ ღმერთთან. სწორედ ამიტომაა, რომ  კაჯურაჰოს ქანდაკებებში ქალისადმი დიდი პატივი და ვნება იგრძნობა.

გარდა ქალებისა, ხშირად გადავაწყდებით სექსის სცენებს, სადაც გარდა კანონიკური ქალ-ვაჟური პარტნიორობისა, გვხვდება ორგიებიც. მნახველის ყურადღებას იპყრობს ტაძრის ფასადებზე შესრულებული ლესბოსური თუ გეი სცენები. მრავლადაა ასევე გამოსახული ცხოველთა სექსი და ზოოფილური აქტები.

რა არის ეს ? რატომ არის ასეთი დიდი და განსაკუთრებული დამოკიდებულება სექსისადმი ? კაჯურაჰოს ქანდაკებები, ინდუისტური რწმენით არიან სავსენი. ჰინდუს ფილოსოფიურ-რელიგიური სწავლება გვეუბნება, რომ ფიზიკური სიამოვნება ხშირად სულიერ სიამოვნებასთან ზიარებაა, რის შედეგადაც ღმერთთან მივდივართ. ამ სიამოვნებაში ჩადებული სიყვარულით, შესაძლებელია უმაღლესი თავისუფლებისა და ღვთაების წვდომის მიღწევა. სწორედ ამიტომაცაა, რომ სექსი, როგორც აქტი, წმინდა რიტუალს წარმოადგენს მათში. ის სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინებაა.

ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით, მამაკაცისა და ქალის ღვთაებრივი (და სექსი მართლაც ღვთაებრივია ინდუიზმის მიხედვით) შერწყმა, ღმერთობის ტოლფასია. გარდა ამისა, იქ ასევე იგულისხმება რომ პარტნიორთან სექსუალური ზიარება, ღმერთთან ზიარებაა. ძირითადად ღვთაებრივი საწყისი მამაკაცში იყო განსხეულებული და ამიტომაც არის ალბათ, რომ ქალებისადმი დიდად ვნებიანი დამოკიდებულება კაჯურაჰოს ციკლში, საპასუხო სიყვარულის ტოლფასია მამაკაცის მხრიდან. (ჩემი აზრით კაჯურაჰოს ციკლის ქანდაკებები, იდეოლოგიურად პლატონიზმის გავლენასაც განიცდიან, სადაც წერია, რომ მამაკაცისა და ქალის ერთიანობა, რომელიც სიყვარულითაა გამოწვეული, ღმერთზე ძლიერი ხდება.)

კაჯურაჰოს ქანდაკებების იდეოლოგიას უფრო დეტალურად რომ ჩავწვდეთ, ტანტრას სწავლებაში უნდა ჩავიხედოთ. ტანტრა არის იოგის სახეობა, რომელშიც გამოიხატება სხეულის ყველანაირი რეაქცია. მისი მიხევით, ყველანაირი ენერგეტიკა უპირველესად სექსუალური ლტოლვიდან მოდის, ამიტომაც ადამიანის ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ მიიღოს სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. ამის შემდეგ კი ადამიანი ცდილობს ეს ძალისხმევა და შემდგომში უკვე სექსუალური ცხოვრება სულიერებად აქციოს. ამის შემდეგ სექსი ხდება სიყვარულის დაუშრეტელი წყარო და ადამიანში კვდება სექსუალური სიბილწე და ყველანაირი დამოკიდებულება პორნოგრაფიისკენ.

ამ სწავლებით სექსი არის გამთლიანების ერთგვარი ჯაჭვი, რომლის შედეგადაც ადამიანს უქრება მარტოობის შეგრძნება და აღარ ჩნდება დეპრესიისადმი ლტოლვა. სექსი ბუნებრივი, სასიცოცხლო მოვლენაა, ურომლისოდაც შეუძლებელია ცხოვრება. ტანტრას სწავლებაც სწორედ ესაა, რომ სექსი ბუნებრივობის ნაწილია ადამიანში, ისეთივე ნაწილი, როგორც მაგალითად სუნთქვა, გამოკვება და ა.შ. თეზისის სახით რომ ჩამოვაყალიბოთ, შესაძლებელია ტანტრას სწავლება, რომელიც ინდუისტური ფილოსოფიის სფეროცაა, მსგავს წინდადადებამდე დავიყვანოთ: ადამიანში ბუნებრივად მიედინება ღვთაებრივი, მაგრამ ნეიტრალური სიყვარულის ენერგია, რომელსაც სექსი ეწოდება და თუ ეს ენერგია სიყვარულითვე დაიხარჯა, ადამიანი ღვთაების საფეხურზე ადის. სწორედ ამის გრანდიოზული გამოხატულებაა კაჯურაჰოს ქანდაკებათა ციკლი. ის მოგვიწოდებს სექსისკენ, როგორც სულიერი თავისუფლებისკენ, რათა ამ თავისუფლების მეშვეობით ვეზიაროთ ღმერთს.

გარდა ეროტიკული ქანდაკებებისა, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ბატალური სცენები, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო სცენები და ა.შ. ამით სკულპტორებს სურდათ, რომ ერთგვარი ანალიტიკური ნიმუშები შეექმნათ იმ დროის ინდოეთისთვის, კერძოდ კი ის, რომ აღეწერათ ინდოეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, რომელიც გადის ბრძოლაში, სექსში და სხვა ცხოვრებისეულ პროცესებში.

მიუხედავად ამისა, მუსლიმური თუ სხვა მრავალდოგმიანი რელიგიიდან გამომდინარე, საზოგადოებამ შექმნა სხვადასხვა არასწორი დამოკიდებულება კაჯურაჰოს ქანდაკებათა იდეოლოგიისადმი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მცდარი აზრია ის, რომ აღნიშნული ქანდაკებები თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს, ისინი აფრთხილებდნენ რომ სექსუალური აქტი უმეტესად გარყვნილებას შეიცავს, ვიდრე სიყვარულის გამოხატულებას. ამ აზრის სიმცდარე იმითაც მტკიცდება, რომ არანაირი ძველი დოკუმენტური წყარო არ არსებობს მისი სიმართლის გასამყარებლად. გარდა ამისა, თუ ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ, არ მგონია ვინმეს სერიოზულად მიეღო მსგავსი დოგმატური აზრი J.

კაჯურაჰოს ქანდაკებათა ციკლზე არსებობს ასევე ერთი ძალზე საინტერესო ლეგენდა, კერძოდ კი ის, რომ მსგავს ქანდაკებებს ტაძრები ხანძარისგან უნდა დაეცვათ. მთავარი აზრი კი იმაში იდო, რომ ეს ქანდაკებები მიეძღვნა წვიმის ღმერთ ინდრას, რომელიც მარადჟამს უნდა დამტკბარიყო ამ ლამაზი სხეულების ყურებით, რის შედეგადაც ის არ დაუშვებდა მათ განადგურებას, შესაბამისად თუ გაჩნდებოდა ცეცხლი, ღმერთი ინდრა საყვარელი ქანდაკებების გადასარჩენად წვიმას მოიყვანდა და ცეცხლს ჩააქრობდა. შედეგად გადარჩებოდა ტაძრებიც.

კაჯურაჰოს ქანდაკებათა ციკლს უდიდესი როლი მიუძღვის მსოფლიო ხელოვნებაში. ის ხშირად ყოფილა და არის ინსპირაციის საშუალება იმ შემოქმედთათვის, რომლებიც ე.წ. „ნიუ“-ს, შიშველ ხელოვნებას მისდევენ. მასში გამოვნილი ფორმები დღემდე ინარჩუნებენ მისტიკურ და, რა თქმა უნდა, საოცრად ინტიმურ სახეს. ისინი ეხმარებიან ადამიანებს იპოვონ საკუთარი თავები, ეზიარონ ჭეშმარიტ გრძნობას. რაც მთავარია, ისინი არიან თვალსაჩინო ნიმუშები სიყვარულის უდიდესი ძალისა, რადგან კაჯურაჰოს ეროტიული ციკლი განსახიერებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება სიყვარულზე დაშენდეს მთელი ცივილიზაცია. კაჯურაჰოს ქანდაკებები, როგორც მწერალი და მოგზაური ჯეიმს მაკკონახი ამბობს, არის „ეროტიკული ხელოვნების აპოგეა“.

This slideshow requires JavaScript.

გამოყენებული წყაროები :

http://en.wikipedia.org

http://whc.unesco.org

http://indoeti.blogspot.com

http://arneada.wordpress.com

http://www.squidoo.com

http://www.metacafe.com

http://www.indiatravelpal.com

Advertisements
დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: