ლასე ჰოილი – ანესთეზირებული ხელოვანი

ვინ მოსთვლის რამდენს უჭირავს ხელში აპარატი და ფოტოებს იღებს , მაგრამ მკვდარ ფოტოს სიცოცხლე მიანიჭო და უბრალო სიტუაცია ხელოვნების ნიმუშად აქციო, ამას იშვიათები თუ ახერხებენ. ფოტოგრაფიაში განსწავლული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არის ფოტოები, რომლებსაც შევხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები მასში რაღაც ახლობელი რომ დევს, რომ თითქოს მასში რაღაც სათქმელი სპეციალურად ჩემთვის ჩადო ავტორმა. სხვაა აგაღელვოს ფოტომ და მისმა სიუჟეტმა ტანში გაგცრას – ამას ბევრი ახერხებს დღეს, მაგრამ ათასგზის დამუშავებულ და „ნაკომპიუტერალ“ ფოტოს რომ ორგანულობას უნრაჩუნებ, ეს უფრო დიდი ხელოვნებაა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იშვიათ ხელოვანზე მინდა გიამბოთ ახლა;

ლასე ჰოილი ჩემთვის In Absentia-თი დაიწყო 2009 წლის პირველ თვეებში, როცა Porcupine Tree-ს 2002 წლის ალბომის გარეკანი ვნახე და მაშინვე აღვფრთოვანდი. იშვიათად თუ მენახა მსგავსი რამ – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროგრესივ-როკ-არტი და მეორე შეხედვით ერთგვარი მედიატორი ბენდის მუსიკისა. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ემოცია, რომელსაც ალბომის მოსმენა ბადებდა, ზუსტად ეს ფოტო იყო, რომელზეც თავად დანიელი ხელოვანი იყო გამოსახული. მერე გავარკვიე, რომ ამ ბენდის ყველა DVD-სა და ალბომის გარეკანს,  Artwork-ებს და კონცერტის ვიზუალურ ეფექტებს ეს კაცი ამზადებდა, ამიტომაც უფრო და უფრო დავინტერესდი მისი შემოქმედებით. თუმცა ეს მერე იყო, როდესაც კონცერტი ანესთეზია ვიხილე, მანამდე კი ალბომის გარეკანებითა და ფოტოებით ვტკბებოდი.

თუმცა, როგორც ყველა გაცნობითი ხასიათის წერილში, პოსტში თუ სტატიაშია, ჩვენც მოდი ბიოგრაფიით დავიწყოთ: ფოტოხელოვანი, გრაფიკოსი, რეჟისორი, პროდუსერი, დიზაინერი და ცოტა მწერალიც და მუსიკოსიც. დაიბადა 1973 წელს დანიის საპორტო ქალაქ ორჰუსში, ბავშვობიდანვე იზიდავდა კინემატოგრაფია და ვიდეოზე მუშაობა, იყო ევროპული კინოს დიდი თაყვანისმცემელი (გავა დრო და ლასე ჰოილს ევროპული კინოს სიყვარული ერთ-ერთ გენიოსთან დაამეგობრებს ) და ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან  იღებდა ვიდეოებს. 20 წლის ასაკში უკვე იყო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი და პროდუსერი, 25 წლის ასაკში კი, ნანატრი ჰობისთვის მოიცალა და ხელში ფოტოაპარატი აიღო. ინტენსიურად იღებდა ფოტოებს და უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფოტოები არ გავდა ჩვეულ, კანონიკურ ნამუშევრებს. ამას თავადაც ამჩნევდა, მისთვის მთავარი იყო დაეფიქსირებინა ის თუნდაც უბრალო კადრი, რომელიც შემდგომში ემოციად უნდა ქცეულიყო, მოგვიანებით კი, როგორც თავად განაცხადა, „ჰობი ვნებად გადაექცა“ და გადაწყვიტა სერიოზულად დაეწყო ფიქრი ფოტოხელოვნებაზე.

პირველი სერიოზული ნაშრომები 21-ე საუკუნის დამდეგს შექმნა, რითაც რამდენიმე ცნობილი მუსიკოსისა თუ დიზაინერის ყურადღება მიიქცია. ამას მოჰყვა ისიც, რომ ერთ-ერთ კონცერტზე გენიოს სტივენ უილსონს გადაეყარა. პირველივე საუბარში მოეწონათ ერთმანეთი, ამას დაემატა მათი საერთო სიყვარული ევროპული კინოსადი, შესანიშნავი მუსიკალური განათლება და გემოვნება და მალე დამეგობრდნენ. 2002 წელს უილსონმა შესთავაზა მისი ბენდის, Porcupine Tree-ს დიზაინერი ყოფილიყო და დათანხმდა. მას შემდეგ, სწორედ ლასე ჰოილი მუშაობს Porcupine Tree-ს სტუდიური და საკონცერტო ალბომების დიზაინზე. გარდა „მაჩვზღრაბებისა“, ჰოილი თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ბენდებთან, როგორებიცაა: Opeth, Dream Theater, Blackfield, Panzerchrist, Steven Wilson (Solo).

და მაინც, მიუხედავად მისი მრავალმხრივი ნიჭისა და სამსახურისა, ლასე ჰოილი ჩემთვის პირველ რიგში ფოტოხელოვანია. მის სურათებში იგრძნობა ყველაფერი ის, რაზეც შეიძლება ხელოვნებამ მოგვითხროს; მისი ნამუშევრები არიან როგორც მელანქოლიურნი, მარტოსულნი, აგრესიულნი, ასევე მშვიდნი და იმპრესიონისტულნი. მათში ერთმანეთის გვერდით შეიძლება გადავაწყდეთ უდიდესი შრომით შექმნილ შიშს, კივილს, გულგრილობას და ასევე უბრალოდ, წამიერად დანახულ გაბზარულ მინას, დანაოჭებულ ვაშლს და სხვა. როგორც თავად ავტორი ამბობს ეს ყველაფერი თუ შეიძლება საიდანმე მოდიოდეს, ალბათ მხოლოდ მისი ინსპირატორებიდან. ჰოილი აღმერთებს ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ფრენცის ბეკონისა და სხვათა შემოქმედებას, ხშირად უყურებს დევიდ ლინჩისა და ანდრეი ტარკოვსკის შედევრებს, ეს ყველაფერი კი მასში სრულიად ახალ ხედვით გზებს სახავს, საიდანაც უკვე მისი ნამუშევრები გვევლინებიან.

ლასე ჰოილის ფოტოების მიზანი არ არის იყვნენ ზეციურნი ანდაც მიწიერნი, მიუხედავად იმისა, რომ მათში ზეციურობაც იგრძნობა და მიწიერებაც. ისინი პირველ რიგში გულწრფელნი, ორგანულნი უნდა იყვნენ – ავტორმა ინება ასე – ამიტომაცაა, რომ ჰოილი ფოტოსთვის ეფექტების გარდა ხელოვნურსა და ყალბს არაფერს იყენებს, მისი პირში ჩაგუბებული მატლები – ნამდვილი მატლებია, მისი თვალების სისხლძარღვები – ნამდვილი სისხლძარღვებია. ნამდვილია ის ყვირილიც, ის სევდაც და ის ღიმილიც, რომელიც მის ნამუშევრებშია.

ხშირად ხდება, რომ ავტორი თავადვე გვევლინება პერსონაჟად. ეს „გიგანტური ზომის საყვარელი ბაყბაყდევი“ (ასე აღწერს მას ჩემი მეგობარი, რომელიც ლასეს პოლონეთში შეხვდა) შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოგვევლინოს მის რომელიმე ნამუშევარში, სადაც ზოგჯერ ვერც კი შევამჩნევთ, რომ ადამიანის აღბეჭდილი. ეს ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ ლასეს თავად არ უყვარს საკუთარ თავზე ჩვეულებრივი ფოტოს გადაღება. ახლაც კი, Google-ში თუ Youtube-ზე ვერსად ნახავთ ფოტოს ანდა ვიდეოს, სადაც ის თავის ფიზიკურ სახეს გვანახებს.

ჰოილის ფოტოები დიდი სიყვარულით სარგებლობს მათში, ვინც იცის მისი შემოქმედება. შეუძლებელია, ერთხელ გადააწყდე ამ ხელოვანს და შემდეგ მარტივად, ან თუნდაც – რთულად მოშორდე მის ნამუშევრებს. ის თითქოს შენში, უფრო და უფრო, აღვიძებს იმ გრძნობებს, იმ სათქმელს, რომელზე საუბარიც ყველაზე რთულია. თუმცა ზოგჯერ რა საჭიროა საუბარი ?! – ლასე ჰოილი შენს მაგივრად შეძლებს შენი სათქმელის ფოტოზე აღბეჭდვას !

ჰოილის ცნობილი ფოტონამუშევრებია: „გოგონა ყუთში“, „ფოსტით შეკვეთილი ბავშვები“, „დამთმენი“, “In Absentia” და სხვა.

ცალკე უნდა ვთქვათ ასევე მის ვიდეო-შემოქმედებასა და საკონცერტო ვიზუალ-ეფექტებზე; 2002 წლიდან სტივენ უილსონის თითქმის ყველა პროექტის კონცერტს, ვიზუალურად ლასე აფორმებს; ის აყენებს შესაბამის განათებას, ის ქმნის უკანა ფონის ეფექტებს, ვიდეოებს, საკონცერტო გარეკანებს და ა.შ. დარბაზშიც კი თავად ლასე არის ფოტოგრაფი. თუ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ბენდების კონცერტებზე გადააწყდით  მეტაფიზიკურ, აქამდე არ ნახული სტილის ფოტოებს ან ვიდეოებს, იცოდეთ, რომ ესეც ლასეს ნამოქმედარია. ლასეს კოლაჟები, იმ ნოტებს წარმოადგენს, რასაც ბენდი უკრავს, ამიტომაცაა, რომ მათი კონცერტის დროს ყველა ბგერა ორმაგად ახლობელია ჩვენთვის.

რაც შეეხება ლასეს მიერ გადაღებულ კლიპებს, ისინი ვიზუალური ეფექტებით, რა თქმა უნდა, ჰგვანან ერთმანეთს. ყოველ მათგანში იგრძნობა ის ფერები და ეფექტები, რაც ჰოილის სავიზიტო ბარათია. გარდა ვიზუალური მხარისა, ძალზედ მიმზიდველია მათი შინაარსიც, რომელიც უკვე რეჟისორისა და მუსიკოსის ერთობლივი ნამუშევრის შედეგია და ყოველთვის საინტერესო გამოდის.

დამატებითი ცნობები:

  • ძირითადად იყენებს ფოტოკამერას Nikon F3HP, Nikon 50 1.8 ლინზებით და სკანერს Canon CanoScan FS4000US
  • 1993-1999 წლებში ჰოილი მღეროდა დანიურ მეტალ-ბენდში Panzerchrist.
  • პერსონალური საიტი http://www.lassehoile.com/
  • ლასე ჰოილი Photo.net-ზე

იმედია, ამ პოსტით შევძელი თქვენი დაინტერესება ამ ხელოვანით. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი რამდენიმე სურათი, იხილოთ მისი გადაღებული კლიპები და მის მიერ დადგმული საკონცერტო გაფორმებები. მოგვიანებით ანესთეზირებული ბლოგის Facebook გვერდზე მას ცალკე ალბომსაც გავუკეთებ. ვისაც მოგეწონებათ მისი ნამუშევრები, უფრო მეტი დაათვალიერეთ მის პირად გვერდზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც მისი სურათების ნაბეჭდ ვერსიებს უყურებ. ასე რომ გირჩევთ, შეიძინოთ მისი ნამუშევრებით გაფორმებული ალბომები😉

This slideshow requires JavaScript.

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. Porci

     /  April 19, 2012

    ჰაჰ, შენც მოგწამლა ხო ლასემ? სიცილს დროს ლოყები რომ ეჭუტება ბაყბაყ დევს, მაგის თქმა დაგავიწყდა😀
    არა In Absentia-ს ფოტოები მაინც ყველაზე შიზოიდურია. და ყველაზე მაგარი😉

    Reply
    • ჰო თამ. რთულია არ მიგიზიდოს ასეთმა ნამუშევრებმა❤
      სიცილს დროს ლოყები რომ ეჭუტება ბაყბაყ დევს, მაგის თქმა შენ დაგავიწყდა ჩემთან მოყოლისას, თორემ დავწერდი :დ
      ერთად შევხვდეთ მერე ლასეს ^^

      Reply
  1. ანესთეზია « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: