ნიჭიერის მეორე ტური: გაზრდილ-გამზრდელთა ომი

აგერ უკვე „ნიჭიერის“ მე-3 სეზონმაც შემოგვიღო კარი და ტელევიზორებთან მიჯაჭვულნი თავის მარწუხებში მოგვაქცია. ამ სამი სეზონის განმავლობაში ჯერ არცერთი გადაცემა არ გამომიტოვებია, მაგრამ ისიც რომ ვთქვა რომელიმემ მომაჯადოვა-მეთქი – დიდი ტყული იქნება, თუმცა 26 მარტს გასული გადაცემა, ჩემთვის ყველაზე კარგი იყო თავისი ნიჭიერებითა თუ უნიჭოებით, დრამითა თუ კომედიით;

პირველ რიგში გამიხარდა ის, რომ ვანო ჯავახიშვილის საფირმო ცინიზმი კვლავ მყარადაა თავის ადგილზე და გადაცემას მეტ ხიბლს სძენს. მახარებს ისიც, რომ პროექტში ჯერ არ გამოჩენილა ვინმე ასაკოვანი კონკურსანტი (რომელმაც გასულ კვირას აღმოაჩინა თავისი ნიჭი)  პატრიოტული სიმღერით ან საყვარელ მოხუცთა ცრემლისმომგვრელი დაჯგუფება თავისი „გულის ჭიის“ გასახარად. თუმცა უმოხუცოდაც მოხერხდა თიკას ცრემლებით კულისების იატაკის დასველება და დარბაზის ფეხზე დაყენებაც. ახლა კი ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ მე-2 გადაცემის მონაწილეებზე გადავალ:

სცენაზე პირველი გლდანურ-სანზონურ-თემქური ჯგუფი Dream Walkers გამოვიდა ოდნავ უკბილო იუმორით მაგრამ დახვეწილი ჩაცმულობითა და, რაც მთავარია, ეფექტური გამოსვლითა და შესაშური მოქნილობით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბიჭებს არ გასჭირვებიათ სამი „კი“-ს მოპოვება და სცენაც კმაყოფილებმა დატოვეს.

შემდეგი იყო ოთარ მამასახლისი, იგივე ოთრინიო – კაცი, რომელიც ფეხბურთით ცხოვროს და თუ ზუსტად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაც კი ისურვა. ამ მონაწილის გამოსვლამ ორმხრივი რეაქცია დაიმსახურა, ზოგი თვლიდა, რომ ოთარინიო უნდა გადაეყვანათ მეორე ტურში, ზოგი კი ამბობდა „სირცხვილია, ამხელა კაცი ხვეწნა-ხვეწნით გადაიყვანეს და თან რაღაც უნიჭობის გამო“-ო. პირადად მე მიმაჩნია რომ ოთარინიო უნდა გადაეყვანათ მეორე ტურში და გეტყვით რატომაც: I -ოთარინიომ გააკეთა პაროდიები და არც თუ ცუდად, სხვა თუ ვერა, „იაშკას“ პაროდია ნამდვილად „ერთი ერთში დაასვა“! II – წაიკითხა ლექსი, თანაც თავისი დაწერილი – თუკი აქამდე სხვები გაუშვიათ ლექსის კითხვისთვის, არც ეს კონკურსანტია ასათვალწუნებელი. წინა გადაცემის საყვარელ ანა ქაშიბაძეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სეპარატისტული განწყობით სავსე წინასეზონელი დაჩი თურქია მაინც ხომ გახსვოთ? პირადად მე არც მისი სუფრა-კბილით გაწეული ჯიპის მჯერა და მითუმეტეს არც მომღერალი კატის. შესაბამისად თურქიაც ლექსით შეფასდა. ოთარინიომ რა დააშავა? წინამორბედებს არც მან დაუდო ტოლი ემოციაში.  მერე რა თუ მისი ლექსი შედარებით ყოფითი იყო და ღვთაებრივ პოეზიასთან არ ჰქონდა კავშირი!  III – დაგვპირდა, რომ იმღერებს სოსო ნარიმანიძეზე უკეთ! წინა სეზონზე სოსომ იმღერა თუ არა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, იმდენ გადაცემაში მიიწვიეს, რომ ლამის მისი კულტიც კი შექმნეს. უკვე ნახსენები დაჩი თურქია კი სწორედ ორიგინალური დაპირების შემდეგ მოხვდა ნახევარფინალში. ასე რომ მემგონი ჟიური სწორი იყო, როდესაც ოთარ მამასახლისსაც მისცა შანსი. ვაცადოთ, იქნებ და ისეთ რამეს აკეთებს, რომ სულ გადაგვავიწყოს სოსო ნარიმანიძე!

ოთარინიოს შემდეგ იყო წარუმატებელი ილუზიონისტი ავთო ციცქიშვილი, რომელიც სამართლიანად დარჩა მეორე ტურს მიღმა და რეპერების დროც დადგა;

გეგას „ის სახე ვანიკოს რომ უყვარს“

გეგას „ის სახე ვანიკოს რომ უყვარს“

კონკურსანტი გოგონას გრძნობებზე ვერაფერს გეტყვით, აი ჟიურის მოწონება კი ნამდვილად ვერ დაიმსახურა ჩორნასა და

ვანოს ცაში აღპყრობილი ხელები.

ვანოს ცაში აღპყრობილი ხელები.

მინდოს ჰარმონიულმა დუეტმა; შედეგად მივიღეთ გეგას „ის სახე ვანიკოს რომ უყვარს“ და ვანოს განყენებული მზერა და ცაში აღპყრობილი ხელები. სამწუხაროდ, არც ლევანი გვარივერგავიგეს გამოსვლა და ომახიანი შეძახილი გამოდგა წარმატებული,

არც დაბნეული გუგა მუხიგულიშვილი დაიფარა თუფაქ შაკურის ნეტარმა სულმა. ამის შემდეგ კი ნიჭიერული რეპის რენესანსს 12 წლის ოთო ბუაძე ჩაუდგა სათავეში. ოთო ბუაძის (იგივე St1Ch1-ს) ეს სიმღერა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, საკმაოდ პოპულარული იყო Myvideo-ზე, ასე რომ ძალიან ბევრისთვის ეს ბავშვი სულაც არ იყო აღმოჩენა. ახლა მუსიკალურ კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ წინა გამომსვლელებს ბევრად აჯობა ამ 12 წლის ბავშვმა. ოთო სამართლიანად გადავიდა მე-2 ტურში და ახალი სიმღერის (თუ წერილის) მოლოდინიც ჩაუსახა ჟიურის (და არა მხოლოდ ჟიურის).

whoo

Whoo !

რეპი მორჩა და სცენა კუნთმაგარმა ზურაბ ნებიერიძემ დაიკავა, რომელმაც ალბათ თვითონაც არ იცის რამდენიმე კილოგრამი ასწია. შემდეგ ორ ვანოს პატარა ატრაქციონიც მოუწყო, კუნთები აგვითამაშა და „კი“-ების წყალობით მორიგ გამოსვლამდე დაგვემშვიდობა.

შემდეგ იყო Yes-ბლოკი, სადაც ბათუმური ჯგუფი Diamonds სულაც არ იმსახურებდა მოხვედრას; არ გეგონოთ იმას ვგულისხმობდე, რომ ცუდად ემღეროთ, პირიქით – ისე დამაინტერესა მათ მიერ ხმებში გაშლილმა „ოპერის აჩრდილმა“, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა არა რომელიმე ბლოკში ჩაესვათ ეს მონაწილეები, არამედ – ცალკე დრო დაეთმოთ მათი გამოსვლისათვის. დამსახურებლი „კი“ მიიღეს მოცეკვავე ვანელმა გოგომ და სლავური კულტურის მოტრფიალე დებმაც. აი, ხრიდოლის გუნდი კი, ჩემი აზრით, არ უნდა გადასულიყო შემდეგ ტურში; მე არ ვამბობ იმას, რომ ნიჭი არ აქვთ ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ არ მგონია „ნიჭიერი“ ისეთი პროექტი იყოს, სადაც რომელიმე სპორტული გუნდი უნდა მივიდეს და შემდეგ ტურში გადასვლა მოიპოვოს. არც წინასეზონელ კარატისტთა ჯგუფ „წმინდა გიორგი“-ზე ვიყავი განსხვავებული აზრის, მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა მათი გამოსვლა. მსგავსი ჯგუფები, „ნიჭიერის“ შემდეგ, მაინც ისევე გააგრძელებენ არსებობას როგორც „ნიჭიერამდე“ იყვნენ, ასე რომ მსგავსმა სპორტულმა გუნდებმა ნახევარფინალისტთა ლიმიტირებულ კონკურსანტებს, მემგონი რომ არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. ეს იმას ჰგავს, ბარსელონას ფეხბურთელები რომ მოვიდნენ ნიჭიერში და ვანოს, გეგასა და სოფოს წინაშე, წინასწარ მომზადებული საოცარი კომბინაციის შედეგად გატანილი გოლი აჩვენონ მაყურებელს. ვერაფერს იტყვი! ბარსელონაც სპორტული გუნდია და ბარსელონაშიც არიან ნიჭიერები!

ხრიდოლის მრავალრიცხოვანი გუნდი, არანაკლებ მრავალრიცხოვანმა ოხუნჯურმა ბანდამ ჩაანაცვლა, რომლებიც, თიკას თქმის არ იყოს „ცირკები იყვნენ ცირკები“. შემდეგ ოხუნჯებში რამდენიმე მთავარი კაციც გამოიკვეთა და ღადაობაც წავიდა. რავიცი რავიცი. ნიანგზე ხუმრობის გარდა ღიმილიც კი არ მომგვარა დანარჩენმა ფრაზებმა. შეიძლება ეს ჩემი შავი იუმორისადმი გადამეტებული სიყვარულის გამოც კი მოხდა, მაგრამ მათი გამოსვლისას ის იაფფასიანი იუმორის მქონდე გადაცემა გამახსენდა, „იმედზე“ რომ გადიოდა (თუ ისევ გადის). მან სან კან-ის სტილში ჩამჯდარმა ოხუნჯებმა – რომ ბოისობდნენ – ვერაფერით გამახალისეს, მათნაირი ხუმარები კი ქვეყანაში ათასობით არის, ამიტომაც, მე მგონია, სრულიად უსაფუძვლოდ მოხვდნენ მეორე ტურში.

ოხუნჯობის შემდეგ ლედ ზეპელინის “Kashmir” გაისმა, გამოჩნდა გოგო ხრინწიანი ხმით, დახეული ჯინსითა და ტყავის კურტკით  და ის იყო, სცენაზე ახლადგამოჩეკილ როკ-ვარსკვლავს ველოდებოდი, რომ უეცრად თამრიკო გვერწითელის სიმღერა გაისმა; და თანაც გაისმა ბევრი შეცდომით, რის შედეგადაც ნინო ჭიღლაძემ „ნიჭიერი“ დატოვა.

ღრრრრ

ამის მერე კი იყო საღამოს კულმინაცია ! კალოჩე ლევან ფარჯიკია გამოვიდა ! საკმაოდ ამბიციურმა ყმაწვილმა ჯერ ვანო „მოცელა“, შემდეგ კი ყელი მეღლება რამდენს მალაპარაკებთო და ბაგეთაგან ბგერები ამოუშვა.

სადაა კონცერტმაისტერი ?

სადაა კონცერტმაისტერი ?

სადაა კონცერტმაისტერი ?

დაუკარით !

იმღერა, თან ისეთი რამე და ისე იმღერა, რომ კარგია ყელი რომ არ დაუღალეს.

მერე ვანო კარგად აცინა სოფოს გაუნათლებელი უძახა და რამდენიმე ბრძნული გამონათქვამიც დაუტოვა შთამომავლობას:

1-„რომ სიტყვები მოვიპარო სა-სა-სად წავიღო თუ არ ვიმღერო?“

2-„შენიშვნას მე იმისგან მივიღებ, ვინამაც გამზარდა“

ვანოს რეაქცია ლევანის გამოსვლაზე

ვანოს რეაქცია ლევანის გამოსვლაზე

სხვათაშორის, ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული ლევან ფარჯიკიას გამოსვლა, როდესაც ფეისბუქზე უკვე მეორე ფრაზის მქონდე სახელწოდების გვერდი გაჩნდა.

ასეა თუ ისე, ლევანმა ყველა გაგვამხიარულა, ვანიკო დააშინა და კარიც მოგვიჯახუნა!

ფარჯიკიას იუმორისტულ-მუსიკალური ნომრის შემდეგ Acro Boom შემოვიდა სცენაზე. პირველი რაც გავიფიქრე, ცოტა არ იყოს და პუტკუნა ბავშვები არიან ამათმა რა უნდა იაკრობატონ-მეთქი, მაგრამ შედეგი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. გოგონებმა ძალიან ძლიერი ნომერი აჩვენეს და ჩემი აზრით ამ სეზონის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერადაც კი იქცნენ პროექტში.

პოსტის დასაწყისში კი დავწერე ასაკოვანი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა პატრიოტული სიმღერით-მეთქი, მაგრამ ეროვნული რეპით ჯეომენი მოგვეგება, უფრო სწორედ ჯერ ვანოს ოჯახს მიეგება სახლში და მერე მაყურებელს სცენაზე. სოფოს თქმის არ იყოს, ჯეომენმა ნამდვილად დიდი ემოციით იმღერა, მაგრამ მისი გადაყვანა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. მარტო ემოცია არ ყოფნის სიმღერას, კარგი შესრულებაც სჭირდება. შესრულება კი ჯეომენს ოდნავ უკეთესი ჰქონდა ვიდრე ლევან ფარჯიკიას. ეს უბრალოდ „ნიჭიერული“ კრიტიკა თუა, ხოლო მუსიკათმცოდნეები რომ ალაპარაკო ამ შემსრულებელზე, ალბათ პირველ რიგში იმას გაიკვირვებენ თუ რატომ არ აენთო სამივე X შესრულების დროს.

სოფოს რეაქცია ტომარაჩამოცმულთა წაქცევაზე

სოფოს რეაქცია ტომარაჩამოცმულთა წაქცევაზე

No-ბლოკში უარი მიიღეს ჯი ჯექსონმა, ნინო ღირსიაშვილმა, ნინო და გიოს საოცრად არასინქრონულმა დუეტმა და ტომრებით მოთამაშე პიროვნებებმა. ამ უკანასკნელებმა ყველაზე მეტად გამახალისეს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ისე დაებრეხვა სცენაზე, რომ მეგონა ტვინს დაასხამდა იატაკზე. აღნიშნულ ტრავმას სოფოს გულწრფელი შეშფოთება მოჰყვა და სცენა Pussycat Doll-ის ფანმა გოგონამ დაიკავა. ბარსელონადან ტყუილუბრალოდ ჩამოსულმა ინგამ მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით მოახერხა ჟიურის გულის მოგება.

ბოლოს კი სცენაზე მხატვარი ნონა გიუნაშვილი გამოვიდა. ამ კონკურსანტზე ცალკე პოსტის დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი სათქმელი: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გადაცემის პროდუსერებმა საშინელება გააკეთეს, როდესაც 2008 წლის ომის კადრები გაუშვეს ტელეეთერში. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიურად განეწყო და შეიძლება ჯეროვნად ვერ შეაფასა ნონას გამოსვლა. არანაირად არ მიმაჩნია სწორად პროდუსერების ქმედება. ეს არა თუ წაადგა კონკურსანტს, არამედ პირიქით – წინააღმდეგობაშიც კი მოვიდა. გასაგებია, რომ ნონამ ძალიან განიცადა აგვისტოს ომი და მისი ნახატიც სწორედ ამ თემაზე იყო, თუმცა მის გარდა ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელმაც ასევე მძიმედ გადაიტანა 2008 წლის აგვისტო, ამიტომაც არ იყო საჭირო ომის კადრების ჩვენება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ცრემლები და ოდნავ გადამეტებული სენტიმენტალიზმიც „ნიჭიერის“ ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ამიტომაც მოულოდნელს ვერ დავარქმევთ პროდუსერთა მსგავს ქმედებას. რაც შეეხება უშუალოდ ნონას, ორი აზრი არ არის, რომ ძალიან ნიჭიერია და ძალიან კარგად ხატავს, ამიტომაც კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად უკვე იქცა.

ასეა თუ ისე, „ნიჭიერის“ ეს გადაცემაც შედგა და რამდენიმე კარგი კონკურსანტიც გამოვლინდა. პირადად მე ნახევარფინალში დიდი ინტერესით ველოდები ნონა გიუნაშვილს, Diamonds-ს და Acro Boom-ს, თუმცა გამარჯვებისთვის ჯერ მხოლოდ ნონა გიუნაშვილი მიმაჩნია ღირსეულ კანდიდატად.

დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. jesus

     /  March 29, 2012

    ე ამას რატომ უყურებ :/ ან ძვირფას დრო ამის წერაში რატო დაკარგე… ერთხელ რომ ვუყურე მაგ შოუს გულმა *რეჩხი* მიყო

    Reply
    • აქვს რაღაც დადებითი ამ გადაცემას, რის გამოც ღირს მისი ყურება და აქვს რაღაც უარყოფითი რის გამოც უფრო მეტად ღირს ყურება. პოსტს რაც შეეხება, გარკვეული მიზეზების გამო დავწერე და შეიძლება მალე ავიღო კიდეც ბლოგიდან 🙂

      Reply
  2. ყურება ღირს როგორ არა. სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე.

    Reply
  1. » ნიჭიერის მეორე ტური: გაზრდილ-გამზრდელთა ომი - ნიჭიერი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: