სტივენ კინგის “მწვანე ბილიკი”

„- რა გქვიათ?

-ჯონ კოფი, სერ – სასმელის სახელს ჰგავს, მაგრამ სხვანაირად იწერება.“

დარწმუნებული ვარ ბევრს გსმენიათ ეს სიტყვები ფრენკ დერაბონტის გენიალური ფილმიდან, მაგრამ არ მგონია წიგნიც ბევრს გქონდეთ წაკითხული.

-მიზეზი ? – მიზეზი მარტივია: საქართველოში სტივენ კინგი არ ითარგმნება !

დიდი კინგომანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ „გაზონის მკრეჭავს“ თუ არ ჩავთვლით, ამ მწერლის რაც კი წამიკითხავს ყველაფერი მომწონს, ასე რომ მეც იმათ რიგებში ვარ ჩარიცხული, ვინც სტივენ კინგის მასიურ თარგმნას მოუთმენლად ელოდება. მანამდე კი მოდი იმ რომანზე გიამბობთ, რომლის ციტატითაც ეს პოსტი დავიწყე;

წიგნის კითხვა რომ დავიწყე და სახლშიც რომ შეატყვეს მთელი ღამეები ვეჯექი ნაწარმოებს, მითხრეს, რომ ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავენ იმაში, რომ თავზე დავითენო იმის კითხვით, რისი დასასრულიც კარგად ვიცი. მაგრამ მთლად ასეც არ არის!

დავიწყოთ სათაურით: ფილმი ვისაც გაქვთ ნანახი, იცით, რომ სიუჟეტი მთავარი გმირის – პოლ ეჯკომბის მონაყოლს ეფუძნება; პოლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ციხის ზედამხედველად, მის ბლოკში სიკვდილმისჯილი პატიმრები მიჰყავდათ და ისიც თანამშრომლებთან ერთად აცილებდა მათ სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე. მე-5 (E) ბლოკის ბოლოში იყო დერეფანი, რომლის იატაკიც მწვანედ იყო შეღებილი. სწორედ ეს იყო ის მწვანე ბილიკი, რომელსაც სიკვდილმისჯილი უკანასკნელად ახებდა ფეხს. მწვანე ბილიკი სიკვდილის მოლოდინში გატარებული სიცოცხლის წუთები იყო, რომელსაც ყველა გადიოდა რათა „ბებერ ნაპერწკალას“ – ელექტრო-სკამს შეხვედროდა.

ფილმში მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში იწყება, სადაც ხნიერი პოლ ეჯკომბი ცხოვრობს. ის თავის მეგობარ ელენს უყვება იმ ისტორიას რომელიც მას 1932 წელს გადახდა, როდესაც მის ბლოკში ახალი სიკვდილმისჯილი – ჯონ კოფი შეიყვანეს. კოფის ბრალად ედებოდა ორი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა. ის გიგანტური ზომის შავკანიანი იყო და მისი ერთი შეხედვაც კი შიშისმომგვრელი გახლდათ, თუმცა პირველივე დღეს აღმოჩნდა, რომ ამ ერთი შეხედვით ამაზრზენ არსებას სიბნელის ეშინოდა და ერთადერთი რასაც ზედამხედველებისგან ითხოვდა ის იყო, რომ ღამით დერეფანში შუქი არ ჩაექროთ. პოლ ეჯკომბს პირველი შეხვედრისთანავე დააინტერესებს ეს სასტიკი ბოროტმოქმედი. „და მას შემდეგ, მე გავაკეთე ის, რაც არასდროს გამიკეთებია – პატიმარს ხელი ჩამოვართვი. ახლაც არ ვიცი რატომ ვქენი ეს!“ – იხსენებს პოლი და მისი ეს სიტყვები ერთგვარი გარდამტეხი ეტაპია, როდესაც ჩვენც რაღაც უჩვეულო ინტერესით და ოდნავი სიმპათიითაც კი ვივსებით ჯონ კოფის პიროვნებისადმი.

წიგნში სიუჟეტურად სიტუაცია კი არის იგივე, თუმცა განსხვავებულია თხრობის ისტორია. პოლ ეჯკომბი, მხოლოდ და მხოლოდ, მკითხველს უყვება ამბავს, ელენმა კი არაფერი იცის ამის შესახებ. ის ისტორიის მოწმე მას შემდეგ ხდება, რაც პოლის მიერ დაწერილ ბიოგრაფიულ მასალას წაიკითხავს. გარდა ამისა, წიგნში ცალკე ისტორიებიც ვითარდება; ფილმი, ასე თუ ისე, მაინც ჯონ კოფიზეა კონცენტრირებული, თუმცა წიგნში, მწერალი სხვადასხვა პერსონაჟების ძალზედ შთამბეჭდავ ფსიქოლოგიურ სამყაროს გვიხატავს. ციხეში გარდა ეჯკომბისა და კოფისა, გვხვდება სხვადასხვა პოლიციელი, მათ შორის აგრესორი და პროვოკატორი პერსი უელტმორი, რომლის ერთადერთი დასაყრდენი მისი ახლო ნათესავია, რომელიც შტატის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ამის გამო პერსი თავს უფლებას აძლევს, რომ საოცარი სისასტიკე გამოიჩინოს პატიმართა მიმართ. ასევე გვხვდება ფრანგი პატიმარი ედვარდ დელაკრუა, რომელიც საშინლად განიცდის ჩადენილ დანაშაულს. დელაკრუაა სწორედ ის პატიმარი, რომლისადმი ულევი ზიზღიც ამოძრავებს პერსის. ამას ემატება ისიც, რომ დელაკრუა საკანში მეგობარს გაიჩენს – წრუწუნას, რომელმაც თავადვე ჩასჩურჩულა საკუთარი სახელი ყურში – მისტერ ჯინგლსი, წრუწუნას, რომელიც პირველივე ნახვით შეზიზღდება პერსის. საბოლოოდ სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ სიკვდილის წინ დელაკრუა მეოცნებური ფიქრებით გადის მწვანე ბილიკის, „ბებერ ნაპერწკალაზე“ მჯდომს კი პერსი ოცნებასაც უმსხვრევს და საშინელი სიკვდილით სჯის.

საინტერესო ფიგურაა ასევე ახალგაზრდა და ცივსისხლიანი მკვლელი უილიამ უორტონი (იგივე „ველური ბილი“ ან „ბილი ბიჭუნა“), რომელიც მკითხველისთვის საშინლად გამაღიზიანებელია, თუმცა ავტორი მაინც ახერხებს მისდამი დიდი ინტერესი კულმინაციის მომენტამდე დაუტოვოს მკითხველს. სტივენ კინგი შემთხვევით არ აჩენს არცერთ პერსონაჟს, ყველა მათგანს რაღაც დატვირთვა აქვს წიგნში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოხუცთა თავშესაფარშიც ვითარდება, და ვითრდება საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ; მეთვალყურე ბრედ დოლანი, რომელსაც არ უყვარს მოხუცი პოლ ეჯკომბი, მას თითქოს დამსჯელად ევლინება, სასჯელად იმისა, რასაც პოლი სიკვდილის ბოლომდე ნანობს – მან ღვთის საჩუქარი მოკლა. მკითხველი ბრედ დოლანში აღმოაჩენს პიროვნების განმეორებას, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ეჯკომბი თავად აღნიშნავს, თუ რა ძლიერ აგონებს დოლანი უელტმორს. ბრედი ნაწარმოების ბოლომდე რჩება მოხუცის ცხოვრებაში და საბოლოოდ ის იმის განადგურებით სჯის ეჯკომბს, რითაც პოლი ჯონ კოფის სიკვდილით დასჯის შემდეგ ცხოვრობდა. ეს მომენტი სამწუხაროდ ამოღებულია ფილმიდან.

ჩემი დაკვირვებით, ნაწარმოები ახალი აღთქმის კონცეფციაზე უნდა იყოს დაყრდნობილი. ყველაფერი კი ცენტრალური გმირის ჯონ კოფის სახელში უნდა იმალებოდეს.

ჯონ კოფი > John Coffey > J.C. > Jesus Christ > იესო ქრისტე.

სტივენ კინგი, პერსონაჟში იესო ქრისტეს თვისებებს მალავს. ჯონ კოფის შეუძლია მოახდინოს სასწაული, გააცოცხლოს მკვდარი და განკურნოს სნეული, თუმცა კოფის სიკვდილით მისივე განკურნებული სჯის. ამის შედეგად კი პოლ ეჯკომბი იწყებს საკუთარ სვლას სიკვდილისკენ, თუმცა ის კოფის სასწაულებრივი ძალის მიერ არის „დაწყევლილი“ და ხანგრძლივი სიცოცხლე აქვს მისჯილი. კაცისთვის კი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, სიკვდილის მოლოდინში ცხოვრობს, სიცოცხლე ყველაზე დიდი სასჯელია.

პოლ ეჯკომბის პიროვნებაში მწერალმა გამოსახა კაცობრიობა – სნეული, დავრდომილი, მკვლელი, რომელსაც ევლინება მხსნელი, თუმცა იგი ამ მხსნელს თავადვე კლავს, რადგან ვერ გაურბის ამქვეყნიურ, სულელურ წნეხს. მართალია ის გრძნობს, რომ ამით მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის და თანახმაა, რომ ყველაფერი დათმოს, ოღონდაც კი მისი „მკურნალი“ არ მოკვდეს, თუმცა ის იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ტანჯვისთვის გაჩნდა და რომ „გადარჩენის“ მცირე შანსი აქვს.

მიუხედავად ამისა, მწერალი მაინც ცდილობს დადებითად განგვაწყოს ეჯკომბის პიროვნებისადმი და ზოგადად კაცობრიობისადმი და ამას ნამდვილად ახერხებს. პოლ ეჯკომბი ის პერსონაჟია, რომლისადმი თანაგრძნობაც წიგნის ბოლო წინადადებამდე მიგვყვება.

არ ვიცი რამდენად კარგად შევძელი, წიგნისადმი ჩემებური კონცეფციის ჩამოყალიბება, მაგრამ იმედია გამიგებთ!

  • (გამუქებული ნაწერი, წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემებურ კონცეფციას და შესაძლებელია ის იყოს მცდარი.)

ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ეკრანიზაცია ბევრად უფრო ცნობილია, ვიდრე თავად ნაწარმოები. იმას შეხსენებაც კი არ სჭირდება, რომ დერაბონტის ფილმი შედევრია, რომ საოცრად ზუსტადაა არჩეული პერსონაჟები, რომ ტომ ჰენკსის, მაიკლ დანკანის, სემ როქველის, მაიკლ ჯეტერის და სხვათა განსახიერებული როლები ბრწყინვალეა (და ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ ორმაგად შეიგრძნობთ), თუმცა ამ წიგნმა ჩემთვის კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უშუალოდ ნაწარმოები ყოველთვის ბევრად უფრო ახლოა მკითხველთან ვიდრე ეკრანიზაცია.

ახლა რაც შეეხება თარგმანს. პოსტის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ კინგის დიდი დეფიციტია საქართველოში, თუმცა როგორც ჭორებით ვიცი, გამომცემლობა „პალიტრა L“ გეგმავს მის გამოცემას სერიაში „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ (წიგნის სავარაუდოდ მე-5 ათეულში უნდა მოხვდეს). თავისთავად სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ამ ჭორში ისიც ერია, რომ თარგმანში სახელწოდება „მწვანე მოლი“ ან „მწვანე მილი“ იქნებოდა. ჩემი აზრით, დიდი სისულელე იქნება მსგავსი სათაური. ინგლისური ენა იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა სიტყვებით გამოხატოს, ერთი კონკრეტული რამ, ქართული ენა კი შედარებით ღარიბია ამ მხრივ. შესაბამისად, არც „მოლი და არც „მილი“ წიგნის კონცეფციას არ გადმოსცემს ზუსტად. აუცილებელია სათაური ითარგმნოს, როგორც „მწვანე ბილიკი“, რადგან  კაცობრიობის სიკვდილისკენ მიმავალი გზა, რომელიც ნაწარმოებშია აღწერილი, მხოლოდ „ბილიკში“ თუ გამოიხატება და არა „მოლში“ ან „მილში“.

ცალკე საკითხია ასევე მწერლის ენა, რომელიც სავსეა ჟარგონით და ესა სულაც არაა გასაკვირი; ცენტრალური მოქმედება ციხეში ვითარდება და ამიტომაც დახვეწილ მეტყველებას ვერც ზედამხედველს და მითუმეტეს ვერც პატიმარს ვერ მოთხოვ. იმედია თარგმანში დაცული იქნება მსგავსი სტილი და მემგონი უკვე დროა სიტყვა OK ჩვენს თარგმანებებშიც დარჩეს „ოქეიდ“ და არ შეიცვალოს ისეთი დავარცხნილი სიტყვებით, როგორებიცაა: „კეთილი და პატიოსანი“, „კიბატონო“, „გასაგებია“ და ა.შ

უშუალოდ წიგნზეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას: „მწვანე ბილიკი“ არის სერიული ნაწარმოები, რომელიც 6 ნაწილისგან შედგება:

1)      ორი მკვდარი გოგონა

2)      წრუწუნა ბილიკზე

3)      ჯონ კოფის ხელები

4)      ედვარდ დელაკრუას საზარელი სიკვდილი

5)      შუაღამის მოგზაურობა

6)      კოფი ბილიკზე

ექვსივე ნაწილი ყოველთვიურად იბეჭდებოდა ჟურნალ Rolling Stone-ში.

გამოცემა რომელიც მე წავიკითხე არის გამოშვებული 2000 წელს გამომცემლობა „SCRIBNER”-ის მიერ. წიგნის ყდა არის მაგარი და აქვს ასევე სუპერგარეკანიც (იხ.ფოტო). ყოველ თავს დართული აქვს მარკ გეიერის ილუსტრაციები. წიგნი შედგება 400 გვერდისგან (მასში ასევე შედის სტივენ კინგის აგენტის, რალფ ვიკინანცას შესავალი სიტყვა თუ როგორ იწერებოდა წიგნი და სტივენ კინგის წინასიტყვაობა), ფურცლის ზომა არის 22.5სმX16სმ, შრიფტი კი არ მგონია 10-ს აღემატებოდეს. ყოველივე ამის გამო, სავარაუდოდ, იმ ფორმატშიც, რა ფორმატშიდაც გამოდის „50 წიგნის“ სერიის წიგნები, „მწვანე ბილიკმა“ დაახლოებით ოდნავ უნდა გადააჭარბოს 550 გვერდს.

თუმცა, დიდად არ მაღელვებს „მწვანე ბილიკი“ 500 გვერდად ითარგმნება თუ 5000-სად. მთავარია რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება კარგად ითარგმნოს. მანამ კი სანამ ქართული თარგმანითაც დავტკბებოდე, ფილმის ყურებით ვიჯერებ ხოლმე გულს. აი ქართული თარგმანი როცა გამოვა, მაშინაც ერთ პოსტს კიდევ მივუძღვნი სტივენ კინგის ამ დიდებულ ნაწარმოებს.

და ბოლოს ! უდიდესი მადლობა გვანცას, რომელმაც ეს წიგნი მაჩუქა ❤

=============================================

The Green Mile

Advertisements
Next Post
დატოვე კომენტარი

19 Comments

  1. საინტერესო პოსტია! თუ წინააღმდეგი არ იქნები, სტივენ კინგის ფანკლუბის ფეისბუქ გვერდზე მინდა გამოვაქვეყნო. რას იტყვი?

    Reply
  2. კარგი პოსტია:)))
    წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა ამ პოსტის შემდეგ წავიკითხავ
    ფილმი ვნახე, კინგი მომწონს, თუმცა ფილმის დასასრული ძალიან ფანტაზია მეჩვენა:)))

    ჯონ კოფი > John Coffey > J.C. > Jesus Christ > იესო ქრისტე – ეს რაღაც ახალია, შეიძლება ამაზე ფიქრი…

    Reply
    • კინგს, ზოგადად ახასიათბს ეგეთი ფანტაზია დასასრულები, მაგრამ ჩემი აზრით სულაც არაა შორს მისი ფენტეზი რეალობისგან 🙂

      ჯონ კოფი > John Coffey > J.C. > Jesus Christ > იესო ქრისტე

      ეს წიგნის კითხვისას აღმოვაჩინე, ფილმი 1000ჯერ მაქვს ნანახი და ვერ ვიპოვე 🙂
      რაც მთვარია, წიგნიც ზეობაა და ფილმიც ❤

      Reply
  3. ჰოდა კარგი აღმოჩენაა :)))
    კინგის მოთხრობები ნათარგმნია ,,მსოფლიოს რჩეული მოთხრობების” მე–11 ტომია:)))

    Reply
    • კი ვიცი, რომ ნათარგმნია, წაკითხული მაქვს.
      მაგრამ მარტო ეგაა ნათრგმნი და მაგრად ტეხავს 😐

      Reply
  4. carpediem

     /  May 27, 2012

    გაზონის მკრეჭავი
    < დღეს წავიკითხე ზუსტად :დ

    Reply
  5. ssaaasss

     /  March 23, 2013

    საინტერესოა, მაგრამ რაც შეეხება ინიციალებს ჯონ კოფისა, ეგ შენი აღმოჩენილი ნამდვილად არაა, ცნობილია ეგ ფაქტი, სავსეა ინტერნეტი იგივე სტატიით, ასე რომ, კიდევ როცა თარგმნით რამეს, წყარო მიუთითეთ 🙂

    Reply
    • სსაასსს-ვ ეს პოსტი ნათარგმნი ნამდვილად არ არის წყარო რომ მივუთითო. არც ის დამიწერია ვაიმე ეს რა აღმოვაჩინე-მეთქი, უბრალოდ დავაკვირდი და მსგავსი რამ დავინახე. არ მაქვს პრეტენზია დიდ აღმოჩენებზე. არცერთი პოსტი, რეცენზია და ა.შ. არ წამიკითხავს ამ ნაწარმოებზე. მაქვს ბლოგზე პოსტები, სადაც წყაროებიც მიწერია.

      Reply
  6. gio

     /  May 13, 2013

    qartulad aris tu icit?

    Reply
    • როგორც ვიცი პალიტრა ელი აპირებს გამოცემას სერიაში “49”

      Reply
  7. როგორ მაინტერესეებს ინტერესეით ვკდები ^_^ “მიზერი” ხო რაგაც სასწაული წიგნია ♥ ამ პოსტიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ “მწვანე ბილიკიც” კინგის მორიგი შედევრია ♥♥

    Reply
    • გამიხარდა თუ პოსტმა ასეთ ვარაუდამდე მიგიყვანა.

      კი დაგპირდით, რომ ამ წიგნის ქართულ თარგმანზეც დავწერდი, მაგრამ მოუცლელობის გამო, საერთოდ აღარ ვწერ :/

      ისე კი “მწვანე გზა” ნიკა სამუშიამ თარგმნა და მე უკვე ვენდობი ნიკას თარგმანებს.

      მიზერის რაც შეეხება, ისიც საოცარი წიგნი არის ❤

      Reply
  8. darknessrose

     /  September 12, 2014

    am wignis wakitxvas vapirebdi da mainteresebda sxvebi ras fiqrobdenen :3 ufro damainterese da aucileblad wavikitxav *^*

    Reply
  9. tamari

     /  October 7, 2014

    დღეს დავამთავრე კითხვა და მართლა ძალიან საინტერესოა.. ფანტაზია არის, მაგრამ ძალიან ახლოსაა რეალობასთან. ფილმის ყურებას ვაპირებ, მაგრამ თან მეშინია არ დავინგრიო ის პატარა სამყარო , რომელიც სტივენ კინგმა მაჩუქა ❤ გამომცემლობა ,,დიოგენეს" ძალიან კარგი თარგმანი აქვს ^_^ დიდი მადლობა ჩემ მეგობარ დათოს ❤

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: