ძმები ლიმბურგების “ბრწყინვალე ჟამნი”

ყველაფერი ისე აეწყო, რომ ჩემს ამსემესტრულ სწავლებას ორჰან ფამუქთან ზიარება მოჰყვა და ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს თუ ვიტყვი, რომ მხატვრული მინიატურისადმი ინტერესი გამეზარდა. ამ სფეროში უვიცი და ხეპრე ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვერც მცოდნეობაზე დავიკვეხნი . ჩემი დღევანდელი პოსტიც მხატვრულ მინიატურებზე არის. მთლად ფამუქის გზას არ გავყვები და მცირე აზიის ნახევარკუნძულს არ მივაშურებ, მაგრამ წარმოგიდგენთ XV საუკუნეში, გვიანი გოთიკის ხანაში მოღვაწე ჰოლანდიელ მხატვრებს – ძმებ ლიმბურგებს და მათ უმთავრეს ნამუშევარს სახელწოდებით „ბრწყინვალე ჟამნი“.

ძმები ლიმბურგები -ჰერმანი, პაული და იოჰანი წარმოშობით ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენიდან იყვნენ. ჰერმანი – 1385, პაული – 1387, იოჰანი კი – 1388 წელს დაიბადა. 1398 წელს, როდესაც გარდაიცვალა მათი მამა, ბიძის დახმარებით ისინი პარიზში გაგზავნეს საიუველირო საქმის შესასწავლად. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მათ მშობლიური ქალაქის მონახულება გადაწყვიტეს – ტყვედ ჩავარდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ (1400 წელს), როდესაც ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიმე II-მ, მათი ბიძის თხოვნით გამოსასყიდი გადაიხადა.

ამ ფაქტს ფილიპე II-საგან ძმების ხელობისადმი პირველი დაინტერესება მოჰყვა  და ჰერცოგმა 1402 წელს მათ ბიბლიისთვის მინიატურების დამზადება შეუკვეთა. სამუშაოს პაული და იოჰანი დათანხმდნენ, თუმცა ჰერცოგი ვერ მოესწრო დასრულებულ ნამუშევარს, რადგან ის 1404 წელს გარდაიცვალა.

მალევე მათ დაკვეთა მიიღეს ბერის ჰერცოგ ჯონ II-საგან, რომელიც გარდაცვლილი ფილიპ II-ის ძმა იყო. ის ხელოვნების დიდი მოყვარული გახლდათ და მდიდრულად გაფორმებული წიგნების კოლექციაც ჰქონდა. სწორედ ამ ჰერცოგის მიერ დაკვეთილმა ნამუშევარმა გაუთქვა სახელი ძმებს საქვეყნოდ. ეს იყო „ბრწყინვალე ჟამნი“;

„ბრწყინვალე ჟამნი“ რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო მისი დასრულების საბოლოო თარიღი არ არის დაზუსტებული. არსებობს ვერსიები, რომ მხატვრებმა ეს ციკლი 1409, 1410, 1413 ან 1416 წელს დაასრულეს, თუმცა მგონი ეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. აღნიშნულ წიგნზე ძმები ლიმბურგების გარდა, ოსტატი ბართლომე ვან ეიკი და მხატვარი ჟან კოლომბიც მუშაობდნენ. 416 გვერდიან წიგნში, სულ 131 მინიატურაა, თუმცა მათგან აშკარად გამოსაყოფია -ლიმბურგების მიერ შესრულებული – ლოცვათა კრებულში მოთავსებული კალენდრის ილუსტრაციები, რომლებიც სიუჟეტურად ასახავენ ამა თუ იმ თვისათვის დამახასიათებელ სცენებს, მაგ: მარტის თვის შესაბამის მინიატურაზე ნაჩვენებია თუ როგორ ხნავს გლეხი მიწას, ივლისისაზე – მოსავლის აღება, დეკემბრისაზე – ნადირობა, თებერვლისაზე – სიცივის გამო სახლებში გამოკეტილი ხალხი და ა.შ.

ხატვის დროს ძმები უმაღლესი ხარისხის ფუნჯებსა და საღებავებს იყენებდნენ. მკვლევართა ვარაუდით, ისინი ასევე მუშაობდნენ გამადიდებელი შუშებით, რადგან მინიატურებში მრავლადაა პატარა მხატვრული დეტალები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არამცთუ დასახატად, არამედ შესამჩნევადაც კი რთულია.

რაც შეეხება ფიგურათა კომპოზიციურ განაწილებას, მხატვრებს ქაღალდის ქვედა და ცენტრალურ ნაწილში მთავარი სიუჟეტი აქვთ დახატული, ზედა ნაწილი კი თაღისებურ რკალში ზოდიაქოს ნიშნებით აქვთ შემკული. მსგავსი შესრულება აადვილებს კიდეც თვის ამოცნობას და მასზე მცირედ ინფორმაციასაც გვაძლევს. რაც შეეხებათ პერსონაჟებს, ისინი ძალზე შორს არიან რეალური ფორმებისაგან. კალენდარის 12 თვიდან მხოლოდ „ნოემბერი“ არ ეკუთვნის ძმებ ლიმბურგებს, ის ფრანგმა მხატვარმა ჟან კოლომბმა შეასრულა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ კოლომბს დაცული აქვს ის სტრუქტურა, რაც წინამდებარე მინიატურებში ლიმბურგებს აქვთ შემუშავებული.

1416 წელს, როდესაც კალენდარი უკვე დასრულებული იყო, თუმცა წიგნის ყველა მინიატურა ჯერ არ იყო შექმნილი, ბერის ჰერცოგი ჯონი და სამივე ძმა ლიმბურგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ. არსებობს ვერსიები, რომ ისინი ჭირმა იმსხვერპლა, თუმცა რა არის მათი სიკვდილის რეალური მიზეზი – რთული დასადგენია.

მანამდე კი, სანამ მკვლევარები 100%-ით დააზუსტებენ ლიმბურგების გარდაცვალების მიზეზს, თქვენ ამ კალენდრის მინიატურებით დატკბით.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: