ესე ამბავი დრამერისა

როგორც ზეპირსიტყვიერი წყაროები იუწყებიან, ჩემი დრამერობის ისტორია ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, სანამ ცხოვრებაში პირველად ვნახავდი დრამ-სეტს – ტელევიზორში მაინც. არ ვიცი ეს ველური ბავშვობის გამოძახილი იყო თუ გენეტიკურად არ შემდგარი ნიჭის (თუ რა შუაშია გენეტიკა, ამას მოგვიანებით გაიგებთ) პროგრესირება ჩემს პიროვნებაში, მაგრამ სანამ ბაგეთაგან პირველი სიტყვა აღმომხდებოდა, თურმე მანამდე მივბობღდებოდი ხოლმე ჯამ-ჭურჭლის კარადასთან და მოზრდილ ქვაბს ტიტანური ძალით გამოვაცურებდი ჩემ წინ. ამის შემდეგ კი იწყებოდა ის, რაც ჩემს ოჯახში ჯოჯოხეთურ ტანჯვას ჰგავდა: ქვაბის თავსახურს უდარდელად ვურახუნებდი ქვაბისავე სხეულს და ამით სრულ ნეტარებას განვიცდიდი. აქვე გავთავხედდები კიდეც, ჩემს თავსა და ჩაკ შულდინერს შორის პარალელსაც გავავლებ და იმას ვიტყვი, რომ ალბათ, ტყვიების კაკანში გაზრდილი, ოჯახისთვის „ხელის-ხელ საგოგმანები“ ბავშვი, ჩაკივით ქაოსში ვეძებდი ჩემს სიმშვიდეს. ეს სიმშვიდე კი ოჯახისთვის წამება გახლდათ და საკმარისი იყო ჩემი ხელიდან გამოეგლიჯათ დასარტყამი „ქვაბსტრუმენტები“, რომ სამოთხიანი „ხრუშოვკის“ არც თუ ისე სქელ კედელბს, გულის გამგმირავი, ტვინისწამღები, მაგრამ მაინც რითმული ტირილი და კივილი ეფინებოდა, რომლის რეგისტრიც სულაც არ ჩამოუვარდებოდა ჩემს „ქვაბინგს“. ამიტომაც იყო, რომ, ალბათ ისევ ჩემი „წყნარი“ „მუსიკა“ ერჩიათ ოჯახის წევრებს, ვიდრე მუნკისეული ღრიალი და შედეგად, თავისდაუნებურად გრძელდებოდა ჩემი ლაივ-პერფორმანსი, რომელიც ოდესმე ჩემივე მობეზრების გამო, აუცილებლად დამთავრდებოდა და სახლშიც ანალგინისა თუ ციტრამონის სმის მცირე, მაგრამ საჭირო რიტუალის შესრულება იწყებოდა.
ეს რაც ზეპირსიტყვიერი წყაროებით ვიცი, აი, მომდევნო ეტაპი კი ნათლად მახსოვს. მახსოვს და მიხარია, რომ არ დავრჩი იმ დონეზე, რაც მანამდე ვიყავი და წინ წავიწიე; ახლა, წერისას უფრო ნათლად აღვიდგინე ის ბედნიერი წუთები, როცა დეიდაჩემის (ალბათ სამზითვე) ვერცხლის ჭურჭლეულობას დავიტაცებდი და ახლა უკვე კოვზებით ხელში, ჩემს პირველ დრამ-სოლოებს მწყობრ რიგად დალაგებულ ჯამებზე ვასრულებდი. განათებული სცენის ნაცვლად, ამჯერად უკვე „ჩეხური“ ბინის „ზალა“ მქონდა, ტაშისა და ოვაციების ნაცვლად კი დეიდაჩემის კივილი.
მერე რამდენიმე წლით აქტიურ კარიერას შევეშვი და იშვიათად, ოჯახურ სადილებსა და საუზმეებზე თუ შემოვკრავდი დანა-ჩანგალს თეფშებსა და ჭიქებს, თუმცა სიყრმის გამოძახილმა საბოლოოდ მაინც გაიტანა თავისი და რენესანსის ეპოქა მეც დამიდგა;
         12 წლის ასაკში, როცა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბების ბაზისი შენდებოდა და DMX-სა თუ 2Pac-ის მოსმენას ახალი გადაჩვეული ვიყავი, „მაესტროს“ ეთერში ათეულებს ვადევნებდი თვალს, როდესაც Blink 182-ის დრამერის – ტრევის ბარკერის დრამინგი ვნახე. თვალებიც მაშინ ამენთო; მას შემდეგ, ინტერნეტ-კაფეებში, ბარკერის ვიდეოების ტურებასა და ქაუნთერის თამაშს შეძლებისდაგვარად ვუთავსებდი ერთმანეთს და დასარტყამი ინსტრუმენტებისადმი ინტერესიც, უფრო და უფრო, მიღვივდებოდა. (ისე, მცირე გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რომ ეს ის ბარკერია, ვისგანაც აქვს აღებულ-დასაკუთრებული თავისი ფსევდონიმი (აწ უკვე გვარი) მრავალი თქვენგანისთვის ცნობილ ბლოგერს ^^.) ამას ის პერიოდიც მოჰყვა, როცა ჩემს სამ ძმაკაცთან ერთად ბენდისნ შექმნას ვგეგმავდი და დრამერად ჩამოყალიბების ფარული სურვილიც ნელ-ნელა მეძალებოდა. აი, ბენდის შექმნის იდეა კი გამორჩეული იყო და არ მგონია ანალოგი მოეძებნებოდეს; წესი ასეთი იყო: ოთხივემ ვიცოდით თუ რომელ ინსტრუმენტზე უნდა დაგვეკრა და ისიც დავთქვით, რომ მუსიკას ოთხივე გავყოლოდით, მაგრამ ეს განზრახვა ოჯახებში არ უნდა გაგვემხილა.
ამას მოჰყვა ის, რომ დავიწყეთ ფულის შეგროვება: ჩვენი ეკონომიკურად მძლავრი ტვინებით გამოვთვალეთ ჯიბის ფულის ყოველთვიური საშუალო არითმეტიკული, შემდეგ ვივარაუდეთ თუ რამდენი შეიძლებოდა აქედან გადაგვედო ორი ელექტრო გიტარის, ერთი ბას-გიტარის და ერთი დრამ-სეტის შესაძენად და საბოლოოდ დავადგინეთ, რომ ერთი წელიწადში – ჰა-ჰა ცამეტ-თოთხმეტ თვეში – უკვე ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტები გვექნებოდა. ფული ჩემი ბანკირი მამიდაშვილისთვის უნდა მიგვეცა, რომელი ამ თანხას ანგარიშზე განათავსებდა – იქ უკეთ შეგვენახებოდა. ჩემმა მამიდაშვილმა კი „100 ლარს რომ მოაგროვებთ, მერე მომეცით ფული, ანგარიშს გაგიხსნით და მერე პერიოდულად დავამატებ თანხას“-ო მომაძახა და მომცა პირობა იმისა, რომ ამ ფაქტს ჩემებთან არ გაამხელდა.
მას შემდეგ ამაყად დავდიოდით მუსიკალურ მაღაზიებში და დორბლიანები ვათვალიერებდით მწყობრად განლაგებულ გიტარებსა და დრამის თეფშებს. მერე, ერთ დღეს, კარგად მახსოვს, მე იქ დალაგებული დრამ-სეტის, რეზიმ კი იმ გიტარის საფასული ჰკითხა მოლარე გოგონას, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა და რომ აღმოვაჩინეთ თითოეულ მათგანზე დასახელებული ოთხნიშნა რიცხვი 2000-ს აჭარბებდა, მაღაზია დარცხვენილებმა და შოკირებულემა, მაგრამ მაინც ამაყად დავტოვეთ. ამ ტრაგედიას ის საკონტროლო გასროლაც დაემატა, რომელმაც ცხადჰყო, რომ სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ, 65 ლარი გვქონდა მოგროვებული და იმ იმედით, რომ ოდესმე მშობლები გვიყიდდნენ საყვარელ ინსტრუმენტებს, აღნიშნული თანხით სახინკლეში დავიხეთქეთ მუცლები. (ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, რეზი გვერდით მიდგას და მეკითხება: „- აუ, ე ეგ არ მახსოვს, ფულს თუ ვაგროვებდით, მართალია? -კი, შეჩემა :დ ! – აუ, ეგეთი დებილი ბავშვები ვიყავით?!)
შემდეგ იყო, ალბათ ყველაზე მძიმე ეტაპი ჩვენი ბენდის იდეის ხორცშესასხმელად: მშობლებისთვის უნდა გაგვემხილა ეს ყველაფერი, მათ კი მუსიკის მასწავლბლებთან შევეყვანეთ. ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, მაინც გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა და ბედად თამაზას სტუდიაში აღმოვჩნდით…
სანამ თამაზაზე მოგახსენებდეთ 1-2 სიტყვას, იმას გეტყვით, რომ ჩემებს სრულიად არ გაკვირვებიათ თუ რატომ ავირჩიე, მაინც და მაინც, დასარტყამი ინსტრუმენტები, რადგან ჩემი წარსული ყველას კარგად ახსოვდა. მაგრამ გაუკვირვებლობის გასაღები თურმე სულ სხვა რამ იყო: „გენები, გენები“-ო – თქვეს ჩემზე და მაშინ გავიგე პირველად, რომ თურმე 70-იანებში, მრავალ თბილისურ პადვალ-როკ ბენდებიდან ერთ-ერთში მამაჩემიც უკრავდა ძმაკაცებთან ერთად. და თან უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე! ისტორიას ჩავეძიე და ისიც გავარკვიე, რომ თურმე ეს მათი მხოლოდ ორთვიანი გატაცება ყოფილა და მას შემდეგ არა მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტები მიაგდეს ბიჭებმა, არამედ როკ-მუსიკის სიყვარულიც უსირცხვილოდ ამოუშლიათ გულებიდან – სისტემას არ შეეწინაღმდეგნენ. ამაზე რომ ვფიქრობ, გული მეწვის ხოლმე სირცხვილით – ეს რა გააკეთეს-მეთქი – მაგრამ სადღა მცალია მათ ბენდზე საფიქრად…
ჰო… თამაზაზე გეუბნებოდით; დიღმის მასივში, თუკი ვინმეს რაიმე შეხება აქვს მუსიკასთან, თამაზაც ეცოდინება. თამაზა ის კაცია, დრამერს, ქიბორდისტს, გიტარისტსა თუ ბასისტს ერთნაირად რომ ამზადებს და შემდეგ მათგან ბენდასც აკეთებს. ჰოდა, აღნიშნულმა პიროვნებამ, ერთ თვეში შეგვასწავლა ჩვენ-ჩვენი ინსტრუმენტების ანი და ბანი (რამდენიმე ჩვენგანს უკვე შეეძინა ინსტრუმენტები, მე – არა, რა თქმა უნდა!), შემდეგ კი თოთხმეტი წლის ასაკში, ჩემი ცხოვრების პირველი ბენდიც შედგა.
ორი თვე კიდევ დავჰყავით თამაზასთან. ვაწყობდით სხვადასხვა ცნობილ სიმღერებს და გვიხაროდა, ორი თვის შემდეგ კი მივხვდი, რომ მარტივი ბიტების იქით, თამაზა ვეღარაფერს მასწავლიდა და რომ ვიდეოებით უფრო მეტი გამეგო დრამებზე ვიდრე მისი შემდგომი გაკვეთილებით, ამიტომაც მასწავლებელი ურცხვად მივატოვე. იგივე შთაბეჭდილება ჰქონდათ დანარჩენებსაც, რის შედეგადაც მთლიანად ავიყარეთ გუდა-ნაბადი და თბილისის ერთ-ერთ სარეპეტიციოს მივადექით.
        ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ბენდმა თავის დროზე „მოჭამა თავისი ჭირი“ და 15 წლის ასაკში უკვე ჩემი პირველი კარგი ბენდი ჩამოვაყალიბე. Madness Limit-ში თავს ყველანი კარგად ვგრძნობდით, ერთადერთი სატკივარი ის იყო, რომ ვოკალისტი არ გვყავდა, რადგან ვინც მოდიოდა, უაზრო ბგერების გარდა, ვერაფერს გვთავაზობდა. ამასობაში, ახალ მასწავლებელთან დავიწყე სიარული, რომელმაც პირველივე გაკვეთილზე, თავის დრამ-სოლოთი ისე მომხიბლა, რომ მეგონა მეც შესანიშნავად მასწავლიდა იგივეს, თუმცა მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ გაკვეთილებზე თავად (და ძალიან) აგვიანებდა და ბოლოს სოლფეჯიოსა და თეორიული ნაწილის მოწაფეებზე სწავლა მის საცოლეს გადააბარა, მასაც კარი მოვუხურე და წამოვედი – მაგრამ იმას მაინც ვგრძნობდი, რომ მასთან გატარებულ რამდენიმე თვეში, წინ წავიწიე.
Madness Limit-მა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და თამამად ვიტყვი, რომ ამ ბენდმა ჩამომაყალიბა ნორმალურ დრამერად, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ამ ბენდში, წევრებმა ერთმანეთი ჩამოვაყალიბეთ ასაკისთვის შესაფერის ნორმალურ მუსიკოსებად. მერე ის იყო, რომ რუსთავი 2-ის პროექტ „უსმინე ცოცხალს“-ს სეზონის დასრულებამდე ბოლოს წინა კვირას მივუსწარით და ჩვენი პირველი პრეზენტაციაც იქ შედგა. მაშინ ძალიან გვეამაყებოდა ამ კომპოზიციის შესრულება (საიდანაც ერთი სოლო ამოგვაღებინეს – ძალიან გრძელია და ეთერში ვერ გავუშვებთო :/), ახლა კი ამ ვიდეოს რომ ვუყურებ და უმარტივეს შედომებს ვპოულობ მასში, სახე მუდამ ღიმილიანი მაქვს და ჩემს თავზე გულშიც კი მეცინება. მიუხედავად ამისა, მაინც, ჯიუტად, დღემდე მიყვარს ის 15 წლის მიშკა, Manowar-ის მაისურით რომ უზის დრამებს და Wild Wind Puff-ს ასრულებს. (ჩემი მასწავლებლის ავ-კარგიანობა იმ ჩაწერის დროსაც კარგად გამოჩნდა, როდესაც 2 საათში მომიწია თითქმის მთლიანი პარტიის შეცვლა.)

(ესეც აღნიშნული  ხმა-გამოსახულება არეული ვიდეო)

ამ პერიოდში კი ჩემს დრამერობაში გარდამტეხი მომენტი დგებოდა. ინტერნეტში დღე და ღამ ვუყურებდი ცნობილ დრამერთა სოლოებს, ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ერთი, ყველაზე მარტივი ფრაზა მაინც ამეღო მათგან და სანოტო რვეულით შეიარაღებული, მათ – ჩემ მიერ აღქმულ – რიტმებს ვინიშნავდი. მაგრამ არსებობდა ერთი დიდი პრობლემა: არ გამაჩნდა საკუთარი დასარტყამი ინსტრუმენტები – ჩემებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ჩემთვის ეს ძვირადღირებული ინსტრუმენტი ეყიდათ. და მაინც, რომ ჰქონოდათ, მაინც არ მიყიდიდნენ, რადგან ეს დრამები იყო და არა გიტარა ან რაიმე მათთვის თავაუტკივარი ინსტრუმენტი. მე კი ამას ისე განვიცდიდი, თითქოს უმეგობროდ ვიყავი და გამოსავალსა თუ შვებას ჩემს „კუსტარულ კონცერტებში“ ვპოულობდი; კონცერტები შემდეგი სახის იყო: ჩემს ოთახში ჩაკეტილი, მუსიკალურ ცენტრს ბოლო ხმაზე ავაღრიალებდი და ჩემს საწოლზე სხვადასხვა სიმღერის პარტიებს ვუკრავდი. შედეგად მხოლოდ დაღლას და წამით გამქრალ სიამოვნების სურვილს ვიღებდი. გარდა ამისა მე იმ ხერხსაც მივმართავდი რასაც თბილისელი უდრამებო დრამერები მიმართავენ – კაუჩუკგადაკრულ სკამზე ვარჯიში! ასეა თუ ისე, ეს პერიოდი საკმაოდ ტრაგიკული და შრომატევადი იყო და მისგან მცირეოდენი ტექნიკური დახვეწა და მაიკ პორტნოის მონახაზების გავლენა შემრჩა, რაც Madness Limit-ის პარტიებზეც აისახებოდა. (პორტნოი დღემდე სამაგალითოა ჩემთვის!)
რაც შეეხება Madness Limit -ს, ერთი შეხედვით, თითქოს ცუდი არაფერი ელოდა და ვოკალისტს თუ მაინც ვერ ვიშოვიდით, კარგ ინსტრუმნტალურ ბენდად მაინც ჩამოვყალიბდებოდით, მაგრამ ერთ ავბედით დღეს, როგორც ჩანს, ჩვენი ერთ-ერთი გიტარისტი სახლში კარგად „დაამუშავეს“ და სკოლაში რომ ფრიადები მიეღო (ის ფრიადები, რომლითაც მერე პური უნდა ეჭამა), ბენდი დაატოვებინეს. ამ მოვლენას ზაფხულიც მოჰყვა და მე და სერგიმ (გიტარისტმა) გადავწყვიტთ სექტემბრამდე პაუზა აგვეღო.
ამავე დროს, ბევრის რჩევითა თუ თხოვნით, ვოკალზეც დავიწყე სიარული და ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ კარგი ხმაც აღმომაჩნდა. ბექ-ვოკალად გამოვდგები-მეთქი ვიფიქრე და აქტიურად დავიწყე ხმის მოფრთხილება. თუმცა მოფრთხილებაცაა და მოფრთხილბაც! იმან კი ყველა ნათესავ-ახლობელი შოკში ჩააგდო, როცა, ვოკალის გამო, პეპსის სმაზე ვთქვი უარი.
ვოკალის მასწავლებლად ერთი კაცი მყავდა (რომლის სახელს არ დავასახელებ), რომელიც თავს ჯაზ-მელომანად თვლიდა და მაინც, ჩუმად უსმენდა ხოლმე ეთერ კაკულიას შემოქმედებას. ეთერმელომანი თავიდან რასაც ქვია თავს მევლებოდა და რამდენიმე მის მიერ დაწერილ სიმღერაში ჩემს გამოყენებასაც კი აპირებდა (მადლობა ღმერთს – არ შედგა!). მერე იყო გეგმა იმისა, რომ საკუთარ სტუდიას შექმნიდა, სადაც Madness Limit სხვა მის მიერ ნარჩევ ბენდებთან ერთად სიმღერებს ჩაწერდა. როდესაც შემოთავაზება მივიღეთ მასთან ჩაგვეტარებინა რეპეტიციები, დაუფიქრებელი თანხობა განვუცხადეთ – „უფასო სარეპეტიციოს“ რა ჯობდა?! თუმცა აქ ერთი ცუდი რამ არის გასათვალისწინებელი: მაშინ მე უკვე Madness Limit-ის ვოკალისტი ვიყავი, დრამზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „ვირტუოზ-კუნთა“ მეტალისტები თუ ბილიკობემიზმით შეპყრობილი ნორჩი ჯაზმენები, რომელთაც გამუდმებით ვასწავლიდი პარტიებს და ვეხვეწებოდი არ დაემახინჯებინათ ჩემი სიმწრით შეკოწიწებულ-დახვეწილი მონახაზები. საბოლოოდ, ვერ გავძელი და ჩემს დრამებს დავუბდუნდი! ამ პერიოდში მე და სერგის ორი სხვა მუსიკოსი – ჩემი მეგობარი რეზი (აი ის, 12-13 წლის, ჩემსავით მეოცნებე) და სერგის ძმა დათო გვყავდა დამატებული, თუმცა ეს ის ბენდი აღარ იყო, რომელიც ასე ძალიან გვიყვარდა; ამას დაემთხვა აბიტურიენტობის პერიოდი და გადავწყვიტეთ Madness Limit დაგვეშალა.
იმას აღარ ვყვები, თუ როგორ აღიზიანებდა დისტორშენის ხმები ეთერმელომანს და თუ როგორ აღმოჩნდა ფარსი მისი სტუდიის გეგმები. ამას ჩემი ბრონქიტიც დაემატა, რომელმაც სულ სხვა კუთხით წაათრია ჩემი ხმა და ის ტერიტორია საბოლოოდ (!) დავტოვე. საერთოდ, ძალიან ცუდად მაგონდება იქ გატარებული პერიოდი, ერთადერთი ვინც კარგად შეიძლება გავიხსენო, იქ გაცნობილი ქიბორდისტი დათოა – ნამდვილი ჯაზმენი!
ამის შემდეგ, ბევრი მოსაყოლი არც არაფერია, მით უმეტეს მაშინ, როცა მე არც ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას ვაპირებ და ჯერ ჩემი ცხოვრების, მხოლოდ და მხოლოდ, 19 წელი განვვლე. უბრალოდ მოკლედ ვიტყვი მას შემდეგ დატრიალებულ ამბებს: დროდადრო რამდენიმეთვიან პროექტებში ვუკრავდი ტრეშ მეტალს, პოპ როკს, გრანჟს… ამასობაში, ჩემი შეგროვებული ფულით, ნახმარი (მაგრამ კარგად შენახული) დრამიც ვიყიდე (რომელიც მოხუც ჯაზმენს უფუნქციოდ ეგდო სახლში). ოჯახში დრამს ისეთი დიდი სიყვარულით დახვდნენ, რომ მაშინვე „პადვალში“ ჩაუძახეს, მე კი მისი ჰაი-ჰეტი ისე მალე შემზიზღდა, რომ ერთი სული მაქვს, როდის ვიყიდი ახალს. ასევე უნდა ვთქვა ის, რომ შემხვდა მე-3 და ძალიან კარგი მასწავლებელი, რომელმაც ნამდვილად წამწია წინ და რომელიც რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პრობლემების გამო, დავტოვე, მაგრამ იმედია, მალე ისევ დავუბრუნდები.
Madness Limit-ის შემდეგ უარი ვთქვი ბევრ შემოთავაზებაზე და, სიმართლე რომ გითხრათ, ზოგზე ვინანე კიდეც. უარი ვთქვი იმ შემოთავაზებაზეც, როცა ერთ დაკვრაში 100 ლარს მთავაზობდნენ, უბრალოდ Bruno Mars და მსგავსი საზიზღარი პოპები უნდა დამეკრა (ამ პოსტს წაიკითხავენ ჩემი მშობლები და შეიძლება, ამ ქმედების გამო,რომელიც მათ აქამდე არ იცოდნენ, ლინჩის წესით გამასამართლონ xD). მე კი მსგავს ნაგავს ვიცი, რომ გულს ვერ დავუდებდი და ამიტომ ვთქვი უარი – არ მინდა მუსიკა მხოლოდ ფულის შოვნის გზა იყოს ჩემთვის, პირველ რიგში მისგან სიამოვნება მინდა მივიღო. და საერთოდაც, როცა უკრავ იმ მუსიკას, რომელიც გეზიზღება, მაგრამ უკრავ იმიტომ, რომ საზოგადოებას მოსწონს – ეს მუსიკალური პროსტიტუცია არის. მე კი არ მინდა ბოზი ვიყო!

-დღეს? – დღეს მე ისევ დრამერი ვარ და ისევ მოურიდებლად ვუკრავ თეფშებსა თუ ჭიქებზე; დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოდ დასარტყამი ინსტრუმენტები მაქვს, მაინც დიდი სიყვარულით ვირტყავ ჯოხებს მუხლებზე და სულაც არ მაღელვებს, რომ ეს მტკივნეულია და სილურჯეებს აჩენს, პირიქით – ამისგან ტკივილს სულაც არ ვგრძნობ და ვერ წარმომიდგენია იყო დრამერი და არ ვარჯიშობდე შენს მუხლებზე. დღეს, მუსიკის მოსმენისას, პირით ისევ ავყვები ხოლმე დრამ-პარტიებს და ზოგჯერ ხელსაც შევაშველებ ნაღებ გადასვლებს – სულაც არ მაღელვებს ეს პროცესი ქუჩაში, ავტობუსში, მარშუტკაში ხდება და ხალხი გიჟად აღმიქვამს, თუ გადასვლა რომელიმე კურსელის მხრებზე ხორციელდება, რის შემდეგაც უკვე აღარ ვიმსახურებ მათ გაღიზიანებას. დღეს სადაც არ უნდა ვიჯდე – სადილად თუ ლექციაზე, ფეხებით გამუდმებით ვუკრავ იატაკზე, შიგადაშიგ კი საჩვენებელი თითებით მაგიდის ან მერხის კიდესაც რიტმულად ჩამოვუყვები ხოლმე, რის შედეგადაც – ყველაზე ხშირ შემთხვევაში – მამაჩემის გაღიზიანებულ მზერას ვაწყდები, რომელსაც მოსდევს ფრაზა „მოისვენე“. დღეს მე დრამინგს ყველაზე რომანტიულ მუსიკად აღვიქვამ და -ბევრს ალბათ გაგიკვირდებათ -დასარტყამ ინსტრუმენტებს თითქმის ისე ვუყურებ, როგორც ქალს: თუ მოვლილი, ლამაზია, კარგი ხმა აქვს და მშვენიერებით ანათებს – მაშინვე მიყვარდება, მახინჯი კი…. მახინჯი ქალიც და დრამიც თქვენთვის დამითმია!
რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ კარიერას, დღეს ერთ ახლადშექმნილ და სიმპათიურ ბენდში ვუკრავ მეგობრებთან ერთად და გვინდა რომელიმე ბარში მივიღოთ სამუშაო – ამისთვის შევკარით ეს ბენდი. სხვა გეგმებს რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია მინდა პროექტ Porcify-ს შექმნა, რომელიც ჯგუფ Porcupine Tree-ს ქავერ-ბენდი იქნება და 1-2 წელი მაინც იარსებებს. ისე კი, უკვე ოცნებად მექცა ჩემი თანამოაზრე მუსიკოსების მონახვა და კარგი ბენდის შეკვრა (ჟანრი Progressive / Space Rock, მაგრამ ნებისმიერ ნოვატორულ წამოწყებაზეც არ ვიტყვი უარს), ბენდის, რომელშიც თავს ვიგრძნობ ისე კომფორტულად, როგორც ოდესღაც Madness Limit-ში ვგრძნობდი, ბენდის, სადაც ჩარჩოებში არ მოექცევა არავინ და სულ სირზე დაიკიდებს თუ რა მოსწონს საზოგადოებას – ნება იბოძოს საზოგადოებამ და იქით მოისმინოს ის, რაც ჩვენ მოგვეწონება, ის, რასაც ჩვენ შევქმნით. დიახ, მე მინდა ისეთი ბენდის შექმნა, რომლისთვისაც იდეაფიქსი იქნება საკუთარი მუსიკალური დნმ-ის ჩამოყალიბება, ბენდის, რომელიც ექსპერიმენტებს არ მოერიდება. რავიცი, რავიცი – იმედია რაღაც გამოვა!

დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. წარმატებები ამ საქმიანობაში. არ ვიცოდი დრამერი თუ იყავი (ან საიდან უნდა მცოდნოდა)😉

    იცი რა მაინტერესებს? აი დრამერს ირგვლივ მინები რატომ აქვს შემორტყმული? ბოლო წლებია დავაფიქსირე სხვადასხვა ლაივებზე და ვერ ვხვდები.

    Reply
    • ბგერას ახშობს რა. კონცერტებზე არ მგონია, მაგრამ სტუდიებში ხშირადაა ხოლმე. ამ კიდევ დრამი ცალკე ოთახშია, რადგან აკუსტიკურ დასარტყამ ინსტრუმენტზე რეზონანსი ჩაახშოს, სხვა ინსტრუმენტების ბგერაზე რომ არ აისახოს დრამის ბგერა

      Reply
      • აა გასაგებია🙂

        პ.ს.
        გამოცდების ამბები როგორ მიდის?

    • ჯაბუამ ბოლო მომიღო :დ
      შენ ?

      Reply
      • მე განმეორებითზე გავდივარ ;დ არ ვიცოდი ბილეთი.

    • ხო დაგინახე ბილეთი მოგივიდა თუ არა ეგრევე ადექი და გახვედი :დ
      მე მეორე საკითხი არ ვიცოდი და იმან დამღუპა :დ
      მეც განმეორებითზე გავდივარ

      Reply
  2. საინტერესოდ გიწერია🙂 წარმატებები შენ🙂

    Reply
  3. ee chemze rato araperi ar giweria bicho ? )))

    kargii IYoooo 🙂 zustaadd iseea rogorc iyo ))

    ui xatiaa var ))

    Reply
    • შენზე რა უნდა დამეწერა ? :დ
      ჩემი ნიკით აღარ დაპოსტო :დ

      Reply
  4. giorgi...

     /  February 14, 2013

    შეგიძლია მირჩიო, ვინმე ვოკალის მასწავლებელი, რომელიც ხმის დახვეწაში დამეხმარება.
    მე მეოცნებე ვოკალისტი ვარ რომელიც, ასევე, ბენდის ჩამოყალიბებაზე ოცნებობს, არადა “მუსიკალურ სამყოროში“ როგორ მოვხვდე არ ვიცი.

    Reply
    • გიორგი, ერთადერთი ვოკალის მასწავლებელი ვინც ვიცი, ამ პოსტში არის მოხსენიებული და იმას ნამდვილად არ გირჩევ :ს

      Reply
  5. მომეწონა შენი ნაწერი🙂

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: