თუთიის ასი ჯარისკაცი

               -ოდესმე ძველ წიგნსაცავში, ანდაც დიდი ბიბლიოთეკის წიგნის თაროებს შორის თუ გიმოგზაურიათ? საოცარი განცდაა, არა ? უფანჯრებო, ბუნდოვნად განათებულ დერეფანში მიაბიჯებ და ფიქრობ. ფიქრობ და ელოდები, მაგრამ ვერ ხვდები რას, და მეტიც – იმასაც ვერ ხვდები საერთოდ რამეს თუ ელოდები. ამას მერე აღმოაჩენ, როცა ბუნდოვნად განათებული დერეფნიდან გამოდიხარ და მტვერით გაჟღენთილ სუფთა გარემოში იქ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებ. მანამდე კი, მიდიხარ უფანჯრებო, ჩაბნელებულ ბილიკზე და ყველა ნაბიჯს რაღაც მოყვება, რაღაც ამოუცნობი გრძნობა, ტანში ზოგჯერ სიცივე რომ დაჰკრავს და ზოგჯერ მონარინჯისფრო სითბო.

მანაც ისე იმოგზაურა თავის წარსულში, თითქოს წიგნის თაროებს შორის მოგზაურობდა. ხელში კალმის მაგივრად „ჯადოსნური ლამპარი“ აიღო და თავისი ცხოვრების ბუნდოვნად განათებულ, უფანჯრებო დერეფანს გაუყვა. მეგზურებადაც ჩვენ გაგვიყოლა და ჩვენ გაგვიზიარა სიცოცხლისა თუ სიკვდილის ყველაზე ინტიმური დეტალები. სიკვდილი კი დაბადებიდანვე გვერდში ედგა, როგორც ყველაზე ერთგული მეგობარი. დადიოდა ამ ლამპრით ხელში და თაროზე შემოდებული თითოეული ძველი წიგნი, ყდითვე ახვედრებდა მის მეხიერებას თუ რა მოგონება უნდა ამოეტივტივებინა ინგმარის დაჭმუჭნულ ტვინში. ისიც არ ჩქარობდა, ყველა ყდას გულდასმით აკვირდებოდა და ბოლოს, როგორც იქნა, გაიარა თავისი დერეფანი.

***

2011 წლის 15 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ წარადგინა ორი შვედური თარგმანი – დიანა იანსეს „ავღანური დღიურები“ და ინგრმარ ბერგმანის ავტობიოგრაფიული რომანი „LATERNA MAGICA“ . ორივე წიგნის თარგმანი ეკუთვნის ლიკა ჩაფიძეს. წიგნის პრეზენტაციაზე მეც მიმიწვიეს და იქიდან ხელცარიელი არ დავბრუნებულვარ. ევროპული კინოს ლეგენდის ბიოგრაფიამ ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც დაუფიქრებლად შევიძინე აღნიშნული წიგნი და მალე კითხვასაც შევუდექი.

“LATERNA MAGICA” ინგმარ ბერგმანმა 1986 წელს დაწერა. წიგნი, რა თქმა უნდა, პირველად შვედეთში გამოიცა 1987 წელს. მასში მოთხრობილი ისტორია ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს.  კინო-ვარსკვლავის ცხოვრება სულაც არ გავს მის თანამედროვეთა ბომონდურ ყოფას, მეტიც – ის იმაზე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მისი ფილმები.

წიგნი დაბადებით იწყება, დაბადებით, რომელიც მაშინვე სიკვდილის მეგობრად გადაიქცა; „შიმშილით მოკვდება ეს საწყალი“ – ასე შეფასდა ექიმის მიერ ახალშობილი და თითქოს ბერგმანის გადარჩენის ყველანაირი იმედი უნდა დაკარგულიყო, რომ ბედად ერთმა სოფლელმა ძიძამ ჩვილი ინგმარი სიკვდილს გამოგლიჯა ხელებიდან. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მისი დაბადებისა და სიკვიდლის დასაწყისი; თითქოს თავიდანვე გამორჩეულობის დაღი დაესვა და ალბათ ამიტომაც იყო, რომ ეს ორი სტიქია ხელიხელჩაკიდებულნი მიჰყვებოდნენ ინგმარს ყოველ წამს და მათი მეგობრობით გაწამებულმა რეჟისორმა თავადაც არ იცოდა, სიცოცხლე უფრო სურდა თუ სიკვდილი.

პატარა იყო, როდესაც შობის ერთ დღეს, მის მშობლებს ნაძვის ხესთან საჩუქრები დაეწყოთ. მათ შორის იყო ასევე კინოპროექტორიც, რომელიც საჩუქრად მის ძმას ერგო. შეურაცხყოფილი ინგმარი მაგიდის ქვეშ შეძვრა და მთელი დღე ღმუოდა, თუმცა ვერაფერს გახდა, საბოლოოდ კი შუა ღამით, ბოღმისგან უძილომ, თავის ძმა გააღვიძა და გარიგება შესთავაზა: კინოპროექტორის სანაცვლოდ თუთიის ას ჯარისკაცს მისცემდა. იცოდა ძმის სიყვარული სამხედრო სათამაშოებისადმი, ამიტომაც, სრულიად მოსალოდნელად – გარიგება შედგა და მომავალში ლეგენდად ქცეულმა რეჟისორმა, პირველი კინოპროექტორი დაისაკუთრა.

               „მომდევნო დილას საბავშვო ოთახის დიდ კარადაში შევძვერი, კინოაპარატი შაქრის ყუთზე შემოვდგი. შუქის წყარო თეთრ კედელზე მივმართე და ფირი ჩავრთე.

                 კედელზე მინდვრის გამოსახულება გამოიკვეთა. მინდორში შვედურ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალს ჩასძინებოდა. კამერის სახელური დავატრიალე. ახლაც მიჭირს ჩემი აღფრთოვანებისა და მღელვარების სიტყვებით გადმოცემა. დღემდე მახსოვს გახურებული ლითონისა და კარადაში დაგროვილი ნაფტალინისა და მტვრის სუნი. ენით აღუწერელი გრძნობა იყო. პროექტორს მე ვმართავდი, კედელზე კი ოთხკუთხა გამოსახულება ციმციმებდა… უცებ გოგონამ გაიღვიძა. ის ფრთხილად ჩამოჯდა ბალახზე, მერე ნელ-ნელა წამოდგა, გაიზმორა და მარჯვნივ გაუჩინარდა. სახელურს გაუჩერებლად ვატრიალებდი და მონუსხული ვუყურებდი. გოგონა დაუღალავად იმეორებდა ერთსა და იმავე მოძრაობას.

                 ის მართლა მოძრაობდა.

ასეთი იყო მისი ფანტაზიისა თუ აღფრთოვანების პირველი ზიარება ხელოვნებასთან – კარადაში ჩამალული და ბავშვური სისადავით სავსე. სწორედ ეს კინოპროექტორი იქცა მისი ცხოვრების ჯადოსნურ ლამპრად, მისი ცხოვრების „ლატერნა მაგიკად“ და ალბათ, მოგვიანებით სხვა მოდელებმაც იგივე ბედი გაიზიარეს. ამ დღის შემდეგ კი ინგმარი გახურებული ლითონის მეგობრად იქცა და მომავლის დიდ რეჟისორად შედგა. კინოაპარატიდან თითქოს საკუთარი ცხოვრების იმპრესიონისტული სიუჟეტები ამოჰქონდა და ამ სიუჟეტებით ცხოვრობდა. არ აინტერესებდა როგორი იყო ეს სიუჟეტები, იცოდა მხოლოდ ის, რომ ეს რეალობა იყო, წარსულში დარჩენილი და გასაცოცხლებელი თუ უკვდავების ღირსი წამიერი რეალობა, და ამიტომაც არის მისი კადრები, პარიზში, გებუას კაფეში შექმნილ ტილოებს რომ გავს. კარადის ვიწროში გაჩენილი ოთხკუთხა სივრცე იქცა მისი უშრეტი შთაგონების ბაზისად და კარადის ვიწროშივე გაიარა თავისი უფანჯრო დერეფანი.

                ნამდვილად არ მინდა მოგიყვეთ მთელი წიგნი, მაგრამ რჩევით კი აუცილებლად გირჩევთ მის წაკითხვას. პირადად ჩემთვის, ეს წიგნი არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ჩრდილოელი ხელოვანის ისტორია. ეს არის წიგნი ადამიანურ ტკივილებზე, საზოგადოებრივ სიბნელესა და სინათლეზე, ცხოვრების გზასა და უწყვეტ ძიებაზე. ამ წიგნის მეშვეობით, გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა შვედ ხალხზეც; შემიძლია განვსაჯო თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების რომელი მხარე, როგორ აქვთ მოწესრიგებული, ან კი საერთოდ აქვთ თუ არა მოწესრიგებული. წიგნში იხსნება ყველა ფარდა, მოთხრობილია ამბები ყველაფერზე, რაც კი ავტორს გადახდენია – დაწყებული მისი პირველი სექსუალური ფანტაზიებით და დამთავრებული სულის შეუხორცებელი ჭრილობებით. გარდა მთავარი გმირისა, დიდ ყურადღებას იქცევენ მის გარშემო არსებული ადამიანებიც, მაგალითად: ინგმარის ბიძია კარლი, მისი უშნო და მსუქანი მეგობარი ანა ლინდბერგი, რეჟისორი ალფ შებერგი, ინგმარის მამა – მღვდელი ერიკი და სხვანი.

წიგნს კიდევ ერთი უჩვეულო თვისება აქვს: ვაკვირდებოდი, რომ რამდენჯერაც უნდა დავმჯდარიყავი წიგნის წასაკითხად, რაღაც უცხო სიცივე დაივლიდა ტანში, ოკეანის რომელიღაც უცხო და ცივი ტალღა, რომელიც გონებაში უნებურად მიხატავდა შვედეთის სანაპიროებს და კითხვის პროცესში მეგონა, რომ ავტორთან ერთად კუნძულ ფორეზე აშენებულ სახლში ვიჯექი, ფანჯარაში მზის ჩასვლას ვუყურებდი და თან მეგობრის საინტერესო ისტორიას ვისმენდი. ისტორია კი მონაცვლეობით ცვლიდა დროსა და სცენებს. იყო საუბრები ხელოვნებაზე, იყო საუბრები სასიყვარულო თავგადასავლებზე, კარიერის აწყობის მძიმე ცდებსა და ბევრ სხვა რამეზე. წარმოიდგინეთ და ზოგჯერ შესანიშნავ მუსიკასაც კი ვისმენდით!

რაც შეეხება ხელოვნებას, აქ კინომოყვარულებს ცოტა იმედი უნდა გაგიცრუოთ, მაგრამ ინგმარს თეატრზე საუბარი უფრო უყვარს, ვიდრე ფილმებზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტორის ცხოვრება კინოში მიჩქმალულია, უფრო მეტიც – მისი ცხოვრების ამა თუ იმ დეტალის მოსმენისას, უეცრად აღმოაჩენ, რომ სცენა, რომელზეც ახლა გიყვება, სადღაც ნანახი გაქვს, თუმცა რაღა სადღაც – მისივე ფილმებში შეგხვედრიათ მარწვის მდელოზე წამოგორებული გმირებიცა და მორგში ჩაკეტილი პატარა ბიჭუნაც, მისივე ფილმებში გინახავთ მწერალ დედაზე მოთვალთვალე სკამის ქვეშ დამალული შვილიცა და საშობაო სამზადისით აჟიტირებული ბავშვებიც. და თუ არ გინახავთ, მაშინ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ფილმების ყურებისას აუცილებლად გაგახსენდებათ თუ როდის გადახდა სიუჟეტში განვითარებული ისტორია ინგმარ ბერგმანს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ავტორს ხელში გახურებული ლითონი, „ლატერნა მაგიკა“ უჭირავს და იმით მიიკვლევს გზას წარსულისაკენ.

და ბოლოს, რაც ფილმებს შეეხება და, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, წიგნის წაკითხვის შემდეგ, ნათლად გამოააშკარავებთ მიზეზებს, თუ რატომ გადაიღო ავტორმა ესა თუ ის ფილმი, რა იყო მისი მიზანი, რა სათქმელი ჩადო მასში.  სწორედ წიგნის ეს მხარე არის ყველაზე ინტიმური და ყველაზე საინტერესო, ძიებასავით ჩახლართული და მიმზიდველი.

                დასასრულს, აუცილებლად უნდა შევეხოთ თარგმანსაც. წიგნი, როგორც ზევით მოგახსენეთ ლიკა ჩაფიძემ თარგმნა. ჩემი მხრიდან, თავიდანვე ორმაგი დაინტერესება იყო წიგნისადმი, რადგან მთარგმნელი ჩემი შვედური ენის მასწავლებელია და ამიტომაც, უფრო დაკვირვებით მივუდექი მისი წერის სტილს. პირდაპირვე გეტყვით, რომ შესანიშნავი თარგმანია ! მახსოვს, დავიწყე თუ არა კითხვა, 1-2 დღეში ლიკას ისიც ვუთხარი, ზოგან სინტაქსი რომ უადგილოდ ირეოდა, მაგრამ მერე დავუკვირდი, რომ სადღაც უკეთესიც არის ეს, რადგან ნაწერი წმინდა ადამიანური ენით შემოდის შენში, ის სავსეა უშუალობით და ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს დიდი რეჟისორი შენს გვერდით ზის, გიყვება ისტორიას, როგორც დიდი ხნის მეგობარს და შენში ეძებს თანაგრძნობას. გიყვება ამბებს და ერთად ხალისობთ იმაზე თუ როგორც აჭამეს მოტყუებით მსუქანი მატლი და რა მოჰყვა ამას, როგორ სჯეროდა, რომ ბებიის ქოლგით გაფრენას შეძლებდა და როგორ დაემსხვრა „ოცნების ფრთები“, როგორ ტიროდა, როდესაც ბოროტად ატყუებდნენ ბოშა ქალს მიგყიდეთო და როგორ დაეძებდა ელფებს გარეთ ტოტით ხელში, მხოლოდ იმიტომ, რომ კვირა დღეს იყო დაბადებული. თუმცა ეს მხოლოდ გასახალისებლად გაცოცხლებული წუთებია, ავტორი კი იმიტომ გიმეგობრდება, რომ მასთან ერთად ეძებო თუ რატომ იტანჯებოდა ასე ძლიერ სოციალური ფასადის მიღმა, თუ რატომ დარჩა შეუხორცებელი სულის ჭრილობები, რატომ გაისრისნენ მისი ოჯახის წევრები, რატომ დაუმახინჯდათ სიცოცხლე მის საყვარელ ადამიანებს, რატომ ვერ შეძლო დიდხანს შეენარჩუნებინა ნორმალური ურთიერთობები ?  – ეს შეკითხვები სწორედაც, რომ იმ წიგნების ყდებია, რომლებიც ბიბლიოთეკის თაროებზე უმზერენ ავტორს და მაგიური ლამპრით განათებულ სივრცეს პატარა ნაწილებად ყოფენ. ამ ყდებს მისდევს ავტორიც და დერეფნის ბოლოში გასულს ერთადერთი რამ რჩება ხელთ – დედის დღიურში ამოკითხული ბოლო ფრაზა : „ადამიანმა თავს ალბათ თვითონ უნდა უშველოს“.

იმედია ამ ჩემი პოსტით ოდნავ ინტერესს მაინც აღგიძრავთ წიგნისადმი და თქვენც არ დაიზარებთ მის წაკითხვას. მადლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ ასეთი კარგი წიგნისთვის. მადლობას გადავუხდი ასევე ლიკა ჩაფიძეს, რომელმაც ქართულ ენაზე გააცოცხლა დიდი რეჟისორის შესანიშნავი ავტობიოგრაფია, თანაც გააცოცხლა ისე, რომ ჩვენგან შორს მცხოვრები გენიოსის თითოეული გრძნობა გულთან ახლოს მიგვეტანა და მასთან ერთად დავდგომოდით წიგნსაცავის უფანჯრებო, ბუნდოვნად განათებულ დერეფანს – რა თქმა უნდა, ხელში გახურებული ფოლადით.

დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. მიშა, უღრმესი მადლობა! რამდენი დაგიწერია! ძალიან მომეწონა! და ძალიან მესიამოვნა!❤

    Reply
    • გამიხარდა თუ მოგეწონა🙂 ^^
      “ავღანური დღიურების” წაკითხვაც მინდა და ვნახოთ, შეიძლება იმაზეც დავწერო პოსტი🙂

      კიდევ გვითარგმნე რამე კარგი შვედური წიგნი❤😛

      Reply
  2. salivani

     /  January 2, 2012

    vaa damainteresaaa:))))

    Reply
  3. Porci

     /  January 11, 2012

    მაშინ “გულახდილი საუბრები”-ც წაიკითხე, პაწაწუნა მოთხრობა, არა-ავტობიოგრაფიული, მაგრამ მაინც ავტობიოგრაფიული ალბათ, იქაც ანაზე🙂

    Reply
  4. სტავროგინი

     /  January 24, 2012

    მეც წავიკითხე Laterna Magica და ძალიან ვისიამოვნე!
    მართალია, “გულახდილი საუბრებიც” ძალიან კარგია.🙂

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: