MEMEBASE – საზოგადოებრივი იუმორი

არ ვიცი პირველად ვინ შექმნა ისინი, რა იყო მისი მიზანი ან რამ დაბადა მსგავსი იდეა, არც ის ვიცი პირველად სად და როდის გამოიყენეს, მაგრამ უმეტესი ჩვენგანის ცხოვრებაში უკვე შემოიჭრა ისეთი ნაცნობი პერსონაჟები, როგორებიც არიან: Me Gusta, Trollface, Y U NO, Bitch Please, Poker Face, Forever Alone და სხვა. მეტიც – ზოგიერთთა ცხოვრებაში ამ პერსონაჟებმა ისეთი განსაკუთრებული ადგილიც კი დაიკავეს, რომ მათ გარეშე უკვე იუმორის არსებობაც კი წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ისინი ჩემი იუმორისტული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ და მათი სახეები თუ თვისებები უფრო ამძაფრებენ იმ ხუმრობას, რომელზეც ვხალისობ ხოლმე. ვისაც ჯერ კიდევ არაფერს გეუბნებათ ეს სახელები, გეტყვით, რომ ისინი მემებეიზები, რეიჯ-კომიქსების გმირები არიან.

რა არის რეიჯ-კომიქსი ? ეს თანამედროვე იუმორის ერთ-ერთი ინოვაციური გამოვლინებაა, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ კომიქსებში, არის ის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს, ინტერნეტის მეშვეობით, უმარტივესი გზით შეუძლია შექმნას კომიქსები. აი მაგალითად ასე: შედიხარ რომელიმე რეიჯ-კომიქსის შემქმნელ საიტზე, რომელიც უკვე მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში (ყველაზე აქტიური და ცნობილი საიტია http://www.ragemaker.net/ ) და სადაც უკვე მზა სახით გხვდება აღნიშნულ პერსონაჟთა ფოტოები, სურვილისამებრ შეარჩევ ფოტოს (ან არ შეარჩევ),შემდეგ შეარჩევ კომიქსს და მოარგებ შენს მიერ მოფიქრებულ სიტუაციას, შეინახავ შენს მიერ შექმნილ დასურათებულ დიალოგს ან სცენას და კომიქსიც მზადაა.
(more…)

თუთიის ასი ჯარისკაცი

               -ოდესმე ძველ წიგნსაცავში, ანდაც დიდი ბიბლიოთეკის წიგნის თაროებს შორის თუ გიმოგზაურიათ? საოცარი განცდაა, არა ? უფანჯრებო, ბუნდოვნად განათებულ დერეფანში მიაბიჯებ და ფიქრობ. ფიქრობ და ელოდები, მაგრამ ვერ ხვდები რას, და მეტიც – იმასაც ვერ ხვდები საერთოდ რამეს თუ ელოდები. ამას მერე აღმოაჩენ, როცა ბუნდოვნად განათებული დერეფნიდან გამოდიხარ და მტვერით გაჟღენთილ სუფთა გარემოში იქ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებ. მანამდე კი, მიდიხარ უფანჯრებო, ჩაბნელებულ ბილიკზე და ყველა ნაბიჯს რაღაც მოყვება, რაღაც ამოუცნობი გრძნობა, ტანში ზოგჯერ სიცივე რომ დაჰკრავს და ზოგჯერ მონარინჯისფრო სითბო.

მანაც ისე იმოგზაურა თავის წარსულში, თითქოს წიგნის თაროებს შორის მოგზაურობდა. ხელში კალმის მაგივრად „ჯადოსნური ლამპარი“ აიღო და თავისი ცხოვრების ბუნდოვნად განათებულ, უფანჯრებო დერეფანს გაუყვა. მეგზურებადაც ჩვენ გაგვიყოლა და ჩვენ გაგვიზიარა სიცოცხლისა თუ სიკვდილის ყველაზე ინტიმური დეტალები. სიკვდილი კი დაბადებიდანვე გვერდში ედგა, როგორც ყველაზე ერთგული მეგობარი. დადიოდა ამ ლამპრით ხელში და თაროზე შემოდებული თითოეული ძველი წიგნი, ყდითვე ახვედრებდა მის მეხიერებას თუ რა მოგონება უნდა ამოეტივტივებინა ინგმარის დაჭმუჭნულ ტვინში. ისიც არ ჩქარობდა, ყველა ყდას გულდასმით აკვირდებოდა და ბოლოს, როგორც იქნა, გაიარა თავისი დერეფანი.
(more…)