Luciadagen ანუ ზეიმი, რომელიც პირველი კლასის შემდეგ პირველად მქონდა

ძალიან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სკანდინავიაში სწამადათ, რომ 13 დეკემბერი ყველაზე ბნელი და გრძელი ღამე იყო. ამიტომაც ამ დღეს ისინი წმინდა ლუსიას უძღვნიდნენ, რომლის სახელიც ლათინურად „სინათლეს“ ნიშნავს და ის უსინათლოთა მფარველად ითვლება. მათი რწმენით ლუსიაც მოდიოდა 13 დეკემბერს და ანათებდა ქვეყნიერებას.

საუკუნეთა განმავლობაში, წმინდა ლუსიას დღეს სკანდინავიაში სპეციალურ რიტუალებს ასრულებდნენ და სადღესასწაულო სიმღერებს მღეროდნენ. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი აღნიშვნა სიმბოლურია, წმინდა ლუსიას დღეს მაინც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მაგალითად რომ მოვიყვანო, ქართველები ვზეიმობთ ქრისტეშობას (ოღონდ ახლა არ დამიწყოთ, თუ სიმბოლურია, ამას როგორ ადარებო და მსგავსი ბლაბლაბლა. ამასაც რომ გიწერთ მადლობა მითხარით :დ) . დღესაც მღერიან, დღესაც ამზადებენ შესაბამის ტკბილეულს, დღესაც იცვამენ თეთრ ანაფორებს და დღესაც ანათებენ გარემოს ლუსიასავით (თუმცა მითიური ლუსიასგან განსხვავებით,

მონაწილეთა მანათობელ და მაკაშკაშებელ ძალას მხოლოდ ქონიანი სანთლები განსაზღვრავენ). რაც შეეხება ტანისამოსს, ყველა მონაწილეს უნდა ეცვას თეთრი ანაფორა, ლუსიას დამატებით უნდა ეკრას წითელი სარტყელი და თავზე უნდა ედგას სანთლებიანი გვირგვინი, ვარსკვლავბიჭუნას (ამ პერსონაჟზე მოგვიანებით გეტყვით, რომ მე მხვდა წილად მისი „განსხეულება“…) კი კონუსისებრი ქუდი უნდა ეფაროს და ხელში ოქროსფერი ვარსკვლავი ეკავოს (…და ზოგიერთებისგან განსხვავებით, მე სულაც არ მეთაკილა ასე ჩაზმანვა ^^).

ეს ინფოსათვის, ჩვენი ამბავი კი დაახლოებით სამიოდე კვირის წინ იწყება, როცა შვედური ენის ლექციაზე, ლექტორმა სწორედ რომ ამ დღესასწაულის შესახებ გვამცნო და ისიც გვითხრა, რომ შვედეთის ელჩი გეგმავდა თბილისშიც აღენიშნათ ეს დღესასწაული. საჭირო იყო მსურველი გოგო-ბიჭები, რომლებიც იმღერებდნენ შვედურ სიმღერებს. დიდხანს არ გაწელილა ამბავი და სრულიად მოსალოდნელად, შექმნილ გუნდში ერთადერთი ბიჭი აღმოვჩნდი, რის გამოც მაშინვე მომეკრო პერსონაჟ „ვარსკვლავბიჭუნას“ სახელი (წეღან რომ გეუბნებოდით მე გავხდი-მეთქი). აქამდე ვარსკვლავბიჭუნაზე მხოლოდ ოსკარ უაილდის ზღაპრის გმირი მახსენდებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც Youtube-ზე აღნიშნული დღესასწაულის ვიდეოები ვნახე, აღმოვაჩინე, რომ თუუურმე ამ სახელით სხვა ვიღაც-ვიღაცებიც შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

        ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ტექსტები დაგვირიგდა და ჩვენც სწავლას შევუდექით. ვრეპეტიციობდით სემინარებამდე და სემინარების შემდეგ, ერთი-ორჯერ სემინარების ფარგლებს გარეთაც დავთქვით შეხვედრა და ჯამში 6-7 რეპეტიციის შემდეგ, როგორც ხატოვნად იტყვიან, კარზე მოგვიკაკუნა ცამეტმა დეკემბერმა. მოგეხსენებათ, ქართული ხასიათი მაინც წამოყოფს ხოლმე თავს სწავლის პროცესში, ამიტომაც თითქმის არცერთი მონაწილე არ ვიყავით დარწმუნებულები იმაში, რომ ყველა ტექსტი ზეპირად ვიცოდით. თუმცაღა ჩემმა „შპარგალკომასტერმა“ (ჩაინიშნეთ ახალი ნეოლოგიზმი !) გონებამ ეს  ყველაფერი წინა დღეს გათვალა და შედეგიც ფოტოზეა : ქაღალდზე, რომელშიც სანთელი უნდა ჩარჭობილიყო, 7 სიმღერის ტექსტი (ის მომენტები რომლებიც მავიწყდებოდა) განთავსდა.ერთი-ორს აღმოაჩნდა ჩემნაირი წინჭვრეტის უნარი, დანარჩენებს კი უშუალოდ სიმღერის დროს 13423-ად გადაკეცილი ტექსტები ეკავათ. თუმცა მადლიერმა შვედმა პუბლიკამ ქართული ხასიათის ეს ბნელი მხარე დიდსულოვნად გვაპატია.

წმინდა ლუსიას დღისთვის, ელჩმა სასტუმრო სასტუმრო Betsy-ში გვიმასპინძლა. წვეულების დაწყებამდე საათნახევრით ადრე მისული მონაწილეები დარბაზს ქვემოთ ჩავედით და საბოლოოდ წავირეპეტიციეთ. რეპეტიციის დროს ორი პატარა შვედი ბავშვი შემოგვამატეს, რომლებიც ჩვენი გუნდის ლუსიას გვერდიგვერდ უნდა მდგარიყვნენ და ისე ემღერათ. შვედი ბავშვების საყვარელმა გარეგნობამ ისე აგვაჟიტირა, რომ შეუძლებელი იყო მათთან ერთად ფოტოები არ გადაგვეღო. ზოგიერთი კი ისე ააჟიტირა, რომ…. (თუმცა სჯობს ეს არ დავწერო, მაინც რა იცი რა ხდება, იქნებდა ვინ კითხულობს ამ პოსტს. მერე სად აქვს ობიექტს სასამართლოს თავი?! )

ამასობაში სტუმრებიც მოვიდნენ და სანამ ბოლომდე დაძღებოდნენ გემრიელი კერძების ჭამითა და გლოგის სმით (გლოგზე მოგვიანებით გეტყვით), ამასობაში (ქვედა სართულიდან) ამოიზარდა შვედური სიმღერის ჰანგები. პირველი სიმღერის დროს დარბაზშიც შევედით, სადაც გაჩუმებული დიპლომატიური საზოგადოება შემოგვეგება. განვლაგდით ისე, როგორც ერთი საათით ადრე გავირეპეტიციეთ და სიმღერები განვაგრძეთ.

დაახლოებით ათი წუთი ვი(შპარგალ)მღერეთ ( და საკმაოდ ნორმალურადაც, თქვენ წარმოიდგინეთ (არადა ჩვენც არ წარმოგვედგინა) ) და როდესაც ცნობილი თემის Sankta Lucia-ს სიმღერით დარბაზი დავტოვეთ, მქუხარე აპლოდისმენტებმა გაგვაცილა იქ სადაც მუსიკის ხმები „ჩაიზარდა“ (რა თქმა უნდა, ისევ ქვედა სართულზე).

წარმოდგენის შემდეგ, გამოვიცვალეთ და ისევ წვეულებისთვის განკუთვნილ დარბაზში ავედით, ოღონდ ახლა არა როგორც მონაწილეები, არამედ როგორც შვედეთის ელჩის მიერ მოწვეული სტუმრები (Me Gusta).

           პირველი რაც იქ გავაკეთე, იყო ის, რომ სადღესასწაულო ნამცხვარი Lussekatt (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია) შევჭამე, რომელიც მართალია სულ სხვანაირი გემოსი წარმომედგინა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა ^^. შემდეგ, რა თქმა უნდა, მივადექი Glögg-ს : გლოგი ეს არის შვედური ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ერთგვარ შვედურ გლინტვეინს წარმოადგენს. არის წითელი, შერეული სითხე, რომელიც შეიცავს საკმაო რაოდენობით არაყს, ზოგჯერ ლიქიორს. მინდა ვთქვა, რომ პირველად დავლიე ეს სასმელი და ძალიან მომეწონა. ლექტორის მონაყოლიდან მახსოვს, თუ რა კრახით დასრულდა ამ სასმელის პირველი დამზადება საქართველოში, მაგრამ თუ ჩემს დღევანდელ სიამოვნებას გავითვალისწინებთ, მემგონი რომ გლოგის დამზადების მხრივ ქართულმა კულინარიამ დიდი პროგრესი განიცადა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დარბაზში ჩვეულებრივი „ფართის“ სიტუაცია შეიქმნა – ოღონდ (საბედნიეროდ) დიპლომატიური ფართის (სადაც მელოტი რემბოს მიქსები არ ისმოდა). შვედურ მაგიდებთან გადანაწილებული საზოგადოება ბაასობდა. საზოგადოების ერთ ნაწილს სტუდენტთა გუნდიც შევადგენდით, რომლებიც დროდადრო საქებარ ინგლისურ, უფრო კი შვედურ (რომელთა უმრავლესობა არ გვესმოდა, მაგრამ ღიმილითა და სიტყვით “Bra” (რაც შვედურად “კარგს“ ნიშნავს) ვხვდებოდით მათ სიამოვნებასა და კეთილგანწყობას, რაც ჩვენი „ლუსიური მცდელობით“ იყო გამოწვეული) სიტყვებს ვისმენდით.

ვილაპარაკეთ, შევაფასეთ დღეს, ვჭამეთ, ვსვით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი ელჩს მადლობა გადავუხადეთ, დარბაზი დავტოვეთ და სახლებისკენ გამოვემართეთ.

აი ახლა სახლში ვარ, წვეულებაზე გადაღებული ფოტოები უკვე დავათვალიერე და ბლოგისთვის პოსტს ვწერ, გონებაში კი ისევ ტივტივებს 2011 წლის 13 დეკემბერი, რომელიც ჩემთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება ძალიან დიდხანს. ამ დღის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი შვედური კულტურის შეცნობისკენ და სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ შვედურ მუსიკაში არც Mikael Åkerfeldt-ის სიმღერები გამომეგება და აბჯარასხმული ვიკინგების ნაცვლად წითელსარტყლიანი ლუსია შემხვდა, მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც მთავარია კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი იმისა, რომ წავიდე შვედეთში და იმედია ამას როდესმე მოვახერხებ.

ახლა კი დროა მოვრჩე, რადგან არ მგონია სრულად შევძლო გამოვხატო დღევანდელი დღით მიღებული სიამოვნება. თუმცა ფაქტი ერთია – წმინდა ლუსიას დღე თბილისში, რომელსაც საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი პომპეზური, როგორიც შვედეთში, მაინც არის ერთი პატარა სიამოვნების წერტილი ამ ქვეყნით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამიტომაც სურვილი მაქვს, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ამ რიტუალური დღესასწაულის მსგავსი აღნიშვნები თბილისში და ჩვენი შემდგომი „თბილისელი ლუსიას გუნდის წევრებიც“ ისეთივე კმაყოფილები დარჩნენ მომავალ წლებში, როგორი კმაყოფილიც მე დავრჩი დღეს.

დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. რა საინტერესოა.. არვიცოდი ამ დღესასწაულის შესახებ. კარგი იქნებოდა ჩვენც გვქონდეს ესეთი ლამაზი ტრადიცია, თუმცა შეიძლება გვაქვს კიდეც და არ ვიცი

    Reply
    • ასეთი სახის დღესასწაული არ მგონია გვქონდეს და საერთოდ არა მარტო ჩვენ არამედ ნებისმიერ მართმადიდებლურ ქვეყანას.
      შვედები პროტესტანტები არიან და ამ მხრივ თვისუფლები არიან ყველანაირი რელიგიური დოგმისგან.
      არამგონია ქართულ ეკლესიას ესიამოვნოს რომელიმე რელიგიურ დღესასწაულზე ცეკვა თამაში (მიუხედავად იმისა, რომ გინდა არ გინდა მაინც ძღებიან და იჭყიპებიან ქართველი ფსევდო-მორწმუნეები), შესაბამისად არც გვაქვს🙂

      Reply
  2. მიშა, ყოჩაღ! ჩემი ბრუციანი თვალებითაც კი სულ ბოლომდე ჩავიკითხე…❤
    ხოდა, პ.ს. პორტვეინი არა, გლინტვეინი (ბლუშ)

    Reply
    • გლინტვეინი იყოს :დ
      გემრიელი კი იყო და ნასვამზე “პორტ” და “გლინტ” ერთიდაიგივეა :დ:დ

      Reply
  3. momo

     /  December 14, 2011

    კარგი პოსტია. მადლობა🙂

    Reply
  4. გამიხარდა რომ მოგეწონათ ^^

    Reply
  5. ძალიან მომინდა გლოგის გასინჯვა – მიმზიდველად გამოიყურება.
    თქვენს 10წუთიან დებიუტს კი ლიკას ბლოგზე ვუყურე და კი გამიკვირდა, ამდენი როგორ დაიმახსოვრეს მეთქი ;დ აი თურმე რა ყოფილა🙂
    გისურვებ ოცნების ასრულებას და შვედეთში წასვლას. ლუსიას კეთილგანწყობა ხომ უკვე მოიპოვე😉

    Reply
    • მთლად ეგრეც ნუ უყურებ :დ
      ეგ ტექსტები სულ ზეპირად ვიცოდით, მაგრამ ხომ დავწერე, რომ დარწმუნებულები არ ვიყავით ზეპირად რომ ვიცოდით-მეთქი :დ:დ
      გლოგი მართლა მაგარი რაღაცაა❤
      მადლობა😉

      Reply
      • კი, კი მჯერა თქვენი მონდომების😉 ვიდეოში სულ არ ჩანს რომ იქ იყურებით. მართლაც რომ კარგად გამოგივიდათ😉

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: