“Money – It’s a crime ” ანუ სესილია პინკ ფლოიდის კლიპში ?

დაახლოებით 2-3 წლის წინ, პირველად დავინტერესდი ჩემი საყვარელი ბენდის ერთერთ ყველაზე ცნობილ კლიპში გამოჩენილი ქალბატონით, რომელიც ნამდვილად ძალიან ჰგავს დიდებულ ქართველ მსახიობს – სესილია თაყაიშვილს. თუმცა რაღაც-რაღაცები ავწონ დავწონე, რაღაც-რაღაცები ინტერნეტში გადავიკითხე, პარალელები გავავლე, ნაწილობრივ ჩემს ინტუიციასა და მსჯელობას მივენდე და დავასკვენი: – სესილია თაყაიშვილის ფოტო არ არის გამოყენებული Pink Floyd-ის კლიპ Money-ში !

ზემოთხსენებული ფაქტი უკვე თითქმის გადავიწყებული მქონდა ჩემი გულის ფლოიდისეულ კუნჭულში, რომ ჩემი ფეისბუქის გვერდზე გაჩნდა ბმული, რომელსაც გადავყავდი ინტერნეტ ტელევიზია ITV.GE-ს გვერდზე, სადაც მსგავსი შინაარსის სასიხარულო ამბავი ეცნობოდა საზოგადოებას : – სესილია  თაყაიშვილი Pink Floyd-ის კლიპში ! (ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე http://itv.ge/?m=16&CID=19775 )

        რა თქმა უნდა, სესილიას გაიგივება ხდება კლიპში მე-3 წუთის დასაწყისში გამოჩენილ ქალბატონთან (იხ.ფოტო).ITV-ს მიერ მომზადებულ რგოლში კი მსგავსი რამ არის ნათქვამი : „ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, როდესაც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის კლიპში ქართველ ლეგენდარულ მსახიობს – სესილია თაყაიშვილს თვალს მოკრავთ. კადრი სულ რამდენიმე წამია, თუმცა სესილიას გრძნობით სავსე თვალები თავის სათქმელს აქაც ამბობს“. რეაქციამაც არ დააყოვნა და (მოსალოდნელად) მაშინვე გაჩნდა მსგავსი სახის კომენტარებიც: – „ვაა არ ვიცოდი“ , „სამწუხაროა რომ ასეთ რაღაცას ბევრი არ უყურებს“, „მიყვარს სესილია <3“ , „დიდებული მსაიხიობი იყო – ღმერთმა გაანათლოს“ და სხვა.  ნამდვილად დიდი დამაჯერებლობით ნათქვამი ფრაზაა, სადაც სესილიასადმი დიდი სიყვარულიც წამოყოფს თავს, მაგრამ უბედურებაც მაგაშია, რომ ამ დიდი დამაჯერებლობით ნათქვამი ფრაზით, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდება; ორი აზრი არ არსებობს, რომ სესილია მართლაც გენიალური მსახიობი იყო, მარტო „ნატვრის ხეში“ დუმილით შესრულებული ბოლო სცენა რად ღირს იმისათვის, რომ თავისი ოსტატობით მოგნუსხოს ამ ხელოვნამა, თუმცა რა საერთო აქვს ამას ფლოიდთან ეგ უკვე სხვა საქმეა. „-საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ჟან დაკანტმა მისი პროტოტიპის გამოყენება, თუმცა, ერთერთი ინფორმაციით, როდესაც ფრანგ რეჟისორს, სესილიას განსახიერებული როლები უნახავს, უთქვამს : ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო.“ ასე გრძელდება ინტერნეტ-ტელევიზიის სიუჟეტი, სადაც ავტორს უკვე გამძაფრებულად მოჰყავს აფსურდული არგუმენტი, თავისი დეზინფორმაციის გასამყარებლად. პირადად მე ვერსად მივაგენი ხსენებული რეჟისორის მსგავს გამონათქვამს და იმაშიც ეჭვი მეპარება, სესილია არაქართველ ადამიანს ეგრძნო საკუთარ ბებიად. გარდა ამისა, საერთოდაც მაინტერესებს, თუ იცის ავტორმა რას ნიშნავს სიტყვა „პროტოტიპი“და თუ არ იცის მაშინ მემგონი აჯობებდა, დაეგუგლა მაინც.

სიუჟეტი გრძელდება იმით, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ მოხვდა სესილია Money-ს კლიპში. ეს მოსაზრებებიც მტკნარ სიცრუედ მეჩვენება, მითუმეტეს მას შემდეგ, როცა რგოლში მოხსენიებულნი ვინმე „გილმური“ და „უორტერი“ ,დარწმუნებული ვარ, პინკ ფლოიდში არ უკრავდნენ.

ვიდეო კი იმით მთავრდება, რომ „რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოხვდა ქართველი მსახიობის ფოტო კლიპში“ – აბა რა, მთვარია მოხვდა !

ამ ვიდეომ გამახსენდა საბჭოთა კავშირის დახურულ სივრცეში შეპარული ჭორები იმის შესახებ, რომ თურმე ჯონ ლენონმა ერთხელ ფლოიდის კონცერტის ყველა ბილეთი იყიდა და თავის ძაღლებთან ერთად დაესწრო მათ კონცერტს, მერე “ბითლზის” წევრებმა შეიძინეს ფარფლების ყველა ბილეთი და მხოლოდ ოთხეული ესწრებოდა კონცერტს…  ეს სიახლე კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართველ ჟურნალისტთა დეზინფორმაციულობაზე, და თუ რატომ დეზინფორმაციულობაზე, ამის ჩემებურ არგუმენტებს ახლავე მოგახსენებთ :

#1 – პოლიტიკური სარკაზმითა და ტოტალიტარული სისტემის გმობით ახლად აბრწყინებულ პინკ ფლოიდს (1973 წლის ალბომი  Dark Side Of The Moon სადაც შედის სიმღერა Money, არის დასაწყისი იმ პოლიტიკური შინაარსის ალბომებისა, რომლებიც შემდეგ ერთგვარ ზოლად მისდევენ ბენდის შემოქმედებას), არამგონია გამოეჩინა ისეთი სირბილე, რომ ამ მწვავე ალბომის ერთერთი ლიდერი სიმღერის კლიპში უბრალოდ ჩაესვა ის პერსონაჟი, რომელიც თურმე „დევიდ გილმორს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ უნახავს და მის თამაშზე ცრემლიც კი მოსდგომია“. ჯორჯ ორუელისა და სხვა მებრძოლი მწერლების მიერ წაქეზებული ფლოიდები, არამგონია დუმბაძისეული ტიპური ქართველი, საყვარელი, სახალხო და სახალისო პერსონაჟებით დაინტერესებულიყვნენ იმ პერიოდში. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სესილიას მიერ შესრულებული როლი, არაქართველმა ადამიანმა ისე მიიღოს, თითქოს საკუთარ ბებიას უყურებდეს.

#2 – სესილიას ჭეშმარიტი დიდების საფუძვლად, მე თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“ მიმაჩნია. ფილმმა დღის სინათლე 1976 წელს იხილა, მაშინ როდესაც ფლოიდის აღნიშნული ალბომი უკვე 3 წლის გამოსული იყო და მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულიყო. გარდა ამისა, როგორც რგოლში თქვეს, ინგლისში, 70-იან წლებში დასახელდა მსოფლიოს 100 საუკეთსო მსახიობი, სადაც სესილიაც იყო მოხსენიებული, ოღონდ როგორც რუსი მსახიობი. თუ მსგავსი რამ მართლაც ჩატარდა და იქ სესილია მოხვდა, მაშინ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა მომხდარიყო 1976 წლის, ანუ „ნატვრის ხის“ შემდეგ, რადგან 1973 (ალბომის გამოსვლის თარიღი) წლამდელ გადაღებულ ფილმებში, სესილიას როლებს თუ გავიხსენებთ (ფილმებში „საბუდარელი ჭაბუკი“,“ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „სხვისი შვილები“, „თოჯინები იცინიან“, ჩვენი ეზო“ და სხვა), ვერცერთს ვერ მივანიჭებთ ისეთ დონეს, რომ მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობში დაამკვიდრებინოს ადგილი. „ნატვრის ხის“ ბოლო კადრი მართლაც ერთ-ერთი შედევრია მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში, თუმცა 1976 წელს უკვე ალბომის გამოსვლიდან 3 წელია გასული და თუ მაინც დაინტერესდებოდა თვალზეცრემლმომდგარი „გილმური“ ამ ფილმით – უკვე გვიან იქნებოდა.

#3 – ვიდეოში შეცდომით და უადგილოდ ხსენებული სახელები თუ ტერმინები, მაძლევს იმის საბაბს, რომ ვიფიქრო: ავტორი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ამ თემაზე და ის უბრალოდ ვიღაცის მცდარ მონაყოლს ეყრდნობა, ან პირველად (და ალბათ შემთხვევით) იხილა ეს კლიპი და როგორც 2-3 წლის წინ მე მივამსგავსე ის ქალი სესილიას, ისევე მიამსგავსა მანაც, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მან ამ ფაქტზე ფიქრი და „გუგლაობა“ კი არ დაიწყო, არამედ ოსტატურად შეთხზა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მასისთვის დამაჯერებლად გაალამაზა. ჩემი რჩევა იქნება, რომ ავტორმა, უპირველეს ყოვლისა, გადაამოწმოს ის თუ რას ნიშნავს სიტყვა „პროტოტიპი“, ვინ არიან პინკ ფლოიდის წევრები და სხვა მრავალი რამ, რასაც იგი არ აკეთებს და საუბედუროდ, თავის დროსა და ენერგიას ტყუილების შექმნას ახმარს.

და ბოლოს, გარდა ამ შესანიშნავი ინფორმაციისა, ამ საიტზე შეგიძლიათ გაიგოთ კულტურის ისეთი საინტერესო ფაქტები, როგორებიცაა : რაიანამ სექს-შოპში 1000 დოლარი დახარჯა, ჯასტინ ბიბერს ვარცხნილობის შეცვლა 100000 დოლარი დაუჯდა, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი შორდებიან, ვის შურს ლექსენის,  ჯასტინ თიმბერლეიქის განახლებული რომანი და სხვა მრავალი.

აი, ასეთი დიდებულია ქართული ჟურნალისტიკა დღე ს !!!

დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. ქართული ჯურნალისტიკის მანკიერ მხარეზე საუბრით ამ პოსტს შეურაცხყოფას არ მივაყენებ, სხვა დროს ვიბაასოთ მაგაზე, გამოილევა თუ?
    ერთს ვიტყვი: იმედის ჟურნალისტი იყო ფერწერულ გამოფენაზე და იკითხა ელენე ახვლედიანის მობილლურის ნომერი, ინტერვიუ უნდოდა….

    რაც შეეხებათ სესილიას და Pink Floyd: ფოტო ნაღდად გავს, ზედა ტუჩის მდგომარეობაც მისთვისაა დამახასიათებელი, არა?
    მსგავსება ნაღდადაა…

    Reply
    • გავს, ნამდვილად გავს. უბრალოდ არაა. და რომც იყოს ჟურნალისტიკას ამაში არაფერი ესაქმება მაშინ როდესაც არაფერი არ აქვთ ხელწამოსაჭიდი. არამგონია ვინმეს უოტერსთან დაერეკოს და ეკითხოს შენს კლიპში რომ ქალია ვინააო.
      ამ პოსტს რატომღაც არასწორი რეაქცია მოჰყვა ზოგიერთებისგან. ოდესმე დავწერ ამის განმარტებაზეც პოსტს🙂

      Reply
      • რატო არ ესაქმება? სიტყვაზე ნახეს ფოტო, თქვეს რომ ”ისაა” ხოდა სიუჟეტიც გააკეთეს. ამაში ცუდია რამე? მე მგონი არა.
        ერთად ერთი თუ კი ეს ტყუილი იქნება, მაგრამ ძალიან გავს…

    • არ წაგიკითხავს ეს პოსტი კარგად.
      საქმეც მაგაშია, რომ ნახე და დაინახე რომ გავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ სესილიაა. და თუ ლეგენდაა, დატოვე ლეგენდად და ნუ ამბობ ხალხში იმას რაც დაზუსტებული არ გაქვს.
      თუ გადაწყვიტე რომ ეს ამბავი ხალხში გაიტანო როგორც ფაქტი, მაშინ ნება იბოძე და გამოიძიე, როცა ჟურნალისტი ხარ

      Reply
  2. პოსტი წავიკითხე და თან ძალიან კარგადაც.
    რა შემამჩნიე რომ არ მაქვს კარგად წაკითხული?

    მე მგონი შენ არ კითხულობ ჩემ დაწერილს კარგად. ორივე მხრიდან ვუყურებ და შენ რაღაც მითებზე მელაპარაკები.
    ლეგენდად რა უნდა დარჩეს, მითებად შემოვუნახოთ შთამომავლობას?

    მე იმ ჟურნალისტის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი და გასაგებად გიწერ რასაც ვწერ.
    ნახა ფოტო? ხოდა დაწერა რა პრობლემაა თქო?
    თუ მაინც და მაინც მიდი და უჩივლე იმ ჟურნალისტს ცრუ ინფორმაციას რა პონტში ავრცელებ თქო.

    არ მესმის რა გაღიზიანებს?!

    Reply
    • ” სიტყვაზე ნახეს ფოტო, თქვეს რომ ”ისაა” ხოდა სიუჟეტიც გააკეთეს. ამაში ცუდია რამე? მე მგონი არა.”
      აი აქედან დავასკვენი🙂

      შენ კი დაწერე “სიტყვაზე”-ო, მაგრამ რეალურადაც ეგრე მოხდა.
      ვერცერთ წყაროში ვერ მონახავ მსგავს რამეს, რომ ეწეროს ფლოიდის კლიპში სესილიააო. და თუ კლიპში მართლა არის სესილია, მაშინ მაგ რეპორტაჟში ცოტა მყარ არგუმენტებს მოიყვანდნენ და ამ სიტყვებით არ დაასრულებდნენ თემას: “რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოხვდა ქართველი მსახიობის ფოტო კლიპში.“

      მოდი მეც დავწერ სიზმარი ვნახე, რომ ბარაკ ობამა ხაშურის გამგებლად დანიშნეს-მეთქი, არ გადავამოწმებ ამ ფაქტს და გამოვაჭენებ დიდ რეპორტაჟს. ხალხიც იტყვის “ვაააააა არ ვიცოდითო” და მორჩება ამით საქმე. პრობლემაა ის რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციას აშუქებენ. შენ რა მართლა გჯერა იმის რომ გილმორმა ნახა “მე ბებია ილიკო და ილარიონი” და ეს გურული იუმორის პატრონი ქალი საკუთარ კემრიჯელ დიდგვაროვან ბებიად მიიღო ? ბლეფია რა.

      ლეგენდად დარჩეს-მეთქი რომ ვწერ ლოჰნესის ტბის ურჩხულს და შუა საუკუნეების ლეგენდებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ ვინც ამ ეპოქის მუსიკითაა გატაცებული, მისთვის მიმზიდველია მსგავსი მონათხრობები. ჩემთვისაც მიმზიდველია ის “ჭორი” რომ სესილია თაყაიშვილი პინკ ფლოიდის კლიპშია, ანდაც ის რომ ლენონმა ფარფლების კონცერტის ყველა ბილეთი იყიდა, რომ მიკ ჯაგერი ცეცხლს ანთებდა ტყეში და თავის ფირფიტებს მსხვერპლად სწირავდა ეშმაკს და მსგავსი რაღაცები. შეიძლება ბევრი რამ სახალისოცაა, მაგრამ ნამდვილად მიმზიდველია, რაღაცნაირად მისტიური, ჯგუფის შიდა ატმოპსფეროში რომ შეყავხარ. მსგავსი რამ უნდა იყოს ადამიანთათვის რომ ისიამოვნონ ისტორიით. ამიტომაც არ უნდა გაშუქდეს ასეთი რეპორტაჟები. არავინ იცის ფლოიდის გარდა იქ მართლა სესილიაა თუ არა, არავინ იცის ჯაგერის გარდა ის მართლა სწირავდა ფირფიტებს ეშმაკს თუ არა, არავინ იცის ლენონის და ფარფლების გარდა, მართლა იყიდა ჯონმა ყველა ბილეთი თუ არა. აი ესაა ლეგენდები და ვსო.

      და ბოლოს… მართმადიდებელ მშობელთა კავშირი არ ვარ ვიღაცას ვუჩივლო არაპროფესიონალიზმის და ლაყბობის გამო. უბრალოდ არაა სასიამოვნო. ხარისხს უკარგავს მსგავს სასიამოვნო მონაჭორებს

      Reply
      • “მოდი მეც დავწერ სიზმარი ვნახე, რომ ბარაკ ობამა ხაშურის გამგებლად დანიშნეს-მეთქი”
        -არ ხარ ობიექტური. შენ სიზმარსა და ვიდეოკლიპში გამოყენებულ ფოტოს შორის სხვაობას მე მგონი ხვდები.

        ”ხალხიც იტყვის “ვაააააა არ ვიცოდითო””
        – მე მგონი უფრო სხვა რამეს იტყვის ხალხი…

        ”შენ რა მართლა გჯერა იმის რომ გილმორმა ნახა “მე ბებია ილიკო და ილარიონი” და ეს გურული იუმორის პატრონი ქალი საკუთარ კემრიჯელ დიდგვაროვან ბებიად მიიღო ? ბლეფია რა.”
        – მე ნაღდად ვერ ვიტყვი რა ნახა და რა არა.
        თუმცა რატო გეჩვენება წარმოუდგენლად არ მესმის. გამორიცხულია ეგ?
        ფელინის რო ქართული კინო მოსწონდა არც ეს გჯერა ალბათ შენ.

        ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირი არ ვარ ვიღაცას ვუჩივლო არაპროფესიონალიზმის და ლაყბობის გამო.”
        – ეს საერთოდ რა შუაში იყო. ამბობ იტყუება ჟურნალისტიო, ასეა? ხოდა ცრუ ინფორმაციის ამბავში თქო, თუ ასე გული გწყდება მაგაზე თქო. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი საერთოდ ზედმეტი იყო აქ, ჩემი აზრით…

  3. “-არ ხარ ობიექტური”
    ვიცი.

    “- მე მგონი უფრო სხვა რამეს იტყვის ხალხი…”
    ისე მაგ რეპორტაჟის კომენტარებს თუ წაიკითხავ, ხალხი იმას კი არ წერს, რომ გასაკვირი ფაქტია, არამედ იმას რომ ესილია გენიალური მსახიობია. და ამას რა კავშირი აქვს ამ თემასთან ვერ ვხვდები. ზნაჩით ხალხს სანახაობა დაუდე და ყველაფერში აგყვება.

    ” ეს საერთოდ რა შუაში იყო. ამბობ იტყუება ჟურნალისტიო, ასეა? ხოდა ცრუ ინფორმაციის ამბავში თქო, თუ ასე გული გწყდება მაგაზე თქო. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი საერთოდ ზედმეტი იყო აქ, ჩემი აზრით…”
    სიტყვის მასალა იყო და უნდა მიხვედრილიყავი. ჩემი დამოკიდებულება მე ამ პოსტით გამოვხატე და ჩივილი და სასამართლო პროცესები ამ საქმის მცოდნეთათვის მიმინდია.

    წინა კომენტარში და ზოგადად პოსტში მიმაჩნია რომ საკმაოდ გასაგებად მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი პოზიცია. წესით შენც უნდა ხვდებოდე რატომ ვეწინააღმდეგები მსგავს სიუჟეტებს. რამდენიმე დღეში სავარაუდოდ ახალ პოსტს დავწერ ამ თემაზე.

    Reply
    • აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია რასაც ამბობ, ამ ბოლო კომენტარის შემდეგ მაინც.
      უბრალოდ მე ცოტა ცივი გონების პოზიციიდან მინდოდა გველაპარაკა, მაგრამ არც ეგაა პრობლემა, ნაღდს გეუბნები.

      ერთს ვიტყვი შენი ნებართვით კარგი?
      როგორი შთაბეჭდილება იქმნება იცი? პროსტა, ამ სიუჟეტით ჟურნალისტი თითქოს შენსას შეეხო (Pink Floyd-ს ვგულისხმობ). თან ისე, რომ სესილიამ გადაფარა თითქოს მუსიკოსები მთლიანად და მე მგონი ეს გაგიტყდა🙂

      ახალ პოსტსაც ვნახავ რა იქნება.
      აბა შენ იცი, მაგრად იყავი

      Reply
      • “სესილიამ გადაფარა თითქოს მუსიკოსები”
        არანაირად.
        ეგ ქალი რომც იყოს სესილია, მის გარდა კიდევ ბევრი ადამიანია კლიპში.
        მომავალ პოსტამდე😉

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: