მრავალნატანჯი წმინდანის მუსიკალური გამოსახულება 1973

მე-20 საუკუნე რომ ცვლილებებითა და ახალი იდეებით იყო დატვირთული, ამას მტკიცება და ბევრი არგუმენტაცია არ უნდა ჭირდებოდეს. ალბათ არც ის ფაქტი დაგვაეჭვებს და ჩაგვაგდებს საგონებელში, რომ ეს ეპოქა ადამიანის გონებრივი გადატრიალების გარდამტეხი მომენტი იყო. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო ამხელა ცნობიერების რევოლუციური გადაფასება, რომ არა ხელოვანთა დიდი მხარდაჭერა, უფრო მეტიც – მათი ამბოხი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაზიმირ მალევიჩმა ”შავი კვადრატი” შექმნა, საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთი კედლის  კუთხეში მოათავსა და, თითქოს მრავალნატანჯი წმინდანი დაეხატოს, მას ხატის ფუნქცია მიანიჭა. მას შემდეგ თითქოს საზოგადოებამ გამოფხიზლება დაიწყო და ის ის იყო, ცხოვრება ახალ ტემპს აყენებდა საკუთარ მეტრონომზე, რომ ამ დროს კარზე სიხარბითა და სისასტიკით სავსე მეორე მსოფლიო ომმა დააკაკუნა. მალევიჩის შემდეგ, ვინ მოსთვლის, რამდენს სურდა შეექმნა (ან შექმნა კიდეც) ეპოქის ხატი, მაგრამ 21-წლიანი შესვენება საკმარისი არ აღმოჩნდა.

თუმცა დასრულდა მეორე მსოფლიო ომიც და მის შემდგომმა ”მსხვრევისა” თუ ”ყვავილების” თაობამ ნამდვილ ”ხატმწერებს” მისცა დასაბამი დასავლურ სამყაროში. სწორედ ამ დროს დაიწყო საზოგადოებრივი ფასეულობების ხელახალი დაბადება.

ინგლისის კონსერვატორულმა წყობამ, რა თქმა უნდა, ძნელად იგუა ამ ახალი ტალღის დგაფუნი, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო, ისტორიულმა კუნძულმა ერთი დიდი სცენის ფუნქცია მიიღო და ამ სცენაზე ავიდნენ, აწ უკვე წამოზრდილი, ჰესეთი თუ ორუელით წაქეზებული მეორემსოფლიოომსიმწარეგადატანილი ბავშვები, რომლებმაც ახალი ”ხატების წერა” დაისახეს მიზნად.

შექმნეს კიდეც !

აბა რას წარმოიდგენდა თავის დროზე ისააკ ნიუტონი, რომ როდესაც სინათლის სხივს ფერებად შლიდა, მის ამ ექსპერიმენტს საუკუნეების მერე ეპოქალურ ხატად აქცევდნენ ?!

            1973 წელი

            Dark Side Of The Moon

სინათლის სხივი გარდატყდება პრიზმის მეშვეობით და ფერებად იშლება. ხატია, ნამდვილი ხატი, მრავალნატანჯი წმინდანის გამოსახულებით. ხატი, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ახლიდან დაბადებას ვცნობთ; ხატი, რომლითაც ვხედავთ თუ როგორ შიშვლდება საზოგადოება და საკუთარი ხელებით ვგრძნობთ მის შიშველ სხეულს; ხატი, რომელიც სახავს მსოფლმხედველობას და რომელშიც ვეძებთ რეალობის ტრაგიზმს. და როგორც ყველა ხატის ამოხსნას,მასაც სადამდე მივყავართ, ამის შეგრძნება თქვენთვის მომინდია !

მე არ წარმოგიდგენთ Pink Floyd-ის ამ ალბომის ჯილდოების ნუსხასა თუ ბიოგრაფიულ დეტალებს. მის მუსიკალურ ფასდაუდებლობაზე, მხოლოდ იმ ფაქტით დავიწყებ და დავასრულებ საუბარს, რომ ის გადაბმულად 741 კვირის მანძილზე იყო ბილბორდის საუკეთესო ალბომების უცვლელი წევრი, ჯამში კი 1630 კვირა დაჰყო გამორჩეულთა შორის, რითაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა. არა, არც თავს წარმოგიჩენთ პროლეტარ და კულმინაციურეპოქაგაუცდენელ მსმენელად. მე უბრალოდ თქვენთან ერთად გავივლი იმ გზას, რაც ალბომის გმირმა გაიარა სინათლის სხივის პირველი მილიმეტრიდან – მიღებული 6 ფერის ბოლომდე.

          გრძნობდა რომ შეშლილი გამხდარიყო სამყაროს ყურებით, გრძნობდა მასში რაღაც ახალი ხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არც ლაპარაკი უჭირდა და გარსაც მთელი საზოგადოება ეხვია, ვერავის უხსნიდა შეშლის მიზეზს. ალბათ თვითონაც ვერ ხვდებოდა… მაგრამ იგრძნო, რომ ახლიდან იწყებდა სუნთქვას თითქოს ეუცხოებოდა გუშინ ნაყლაპი ჰაერი, ახალი მიწისკენ სწრაფვა და მისი ტრფობა სურდა, ყოველ დილით ახალ მზეს ელოდებოდა და ზღვის ახალი ტალღის შხეფები უნდოდა შეეგრძნო. ბევრჯერ უნებურად იტირა და ბოლოს ყველაფერს მიხვდა…

            ადგა და გამოიქცა…

            ბევრჯერ ურჩიეს, რომ ადგილზე დარჩენილიყო, ჩვეული ტემპით ევლო, უთხრეს, რომ მხოლოდ ეს ცრემლი და ყვირილი იქნებოდა მისი მეგზური, იმითაც შეაშინეს ნაადრევად საკუთარ საფლავს ითხრიო, მაგრამ მთავარი ის ხომ არაა რამდენს ივლი ? – მთავარია როგორ ივლი, ჰოდა, ხალხისგან კურდღლად მონათლული, ახლად დაბადების გამო, თვითმკვლელობის რისკზე წავიდა და გამოიქცა.

 – აბა რას იფიქრებდა თუ ასე გაუჭირდებოდა სირბილი ? თუმცა ადმაიანმა თუ რამე გადაწყვიტა, ბოლომდეც უნდა მისდიოს მას, არც მსხვერპლშეწირვას უნდა მოერიდოს და არც თვითგვემას, ათას დამცირებას უნდა გაუძლოს  და ათას სიკვდილს. ასეც მოიქცა. ბევრჯერ გათელეს, ბევრჯერ წაბილწეს, ბევრჯერ ჩაიძირა შემოტეულ ტალღებში, მაგრამ იცოდა, რომ ყოველი დღე ახალ სუნთქვას მოუტანდა და ამ სწრაფვით ირჩინდა თავს. ახერხებდა, რომ, როგორც ვერაგი მტერი, ყველა გასული დღე მოეკლა და ყოველ დილით ახალი დაბადების მოლოდინში იღვიძებდა. ბევრ ცდასა და ცრემლს გაუძლო და გმირულად შეინარჩუნა ის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად ეძნელება – ადამიანობა.

            ამ სირბილში გალია წლები და როცა უკვე თავიდან ბოლომდე იგრძნო ახალი სუნთქვის სუნი, როცა ახალი დაბადების ძალამ დაფარა თვითმკვლელობის ტრაგედია, მიხვდა, რომ ამ სირბილში საკუთარი წარსულისთვის გაესწრო. ბოლომდე გმირულად დაფარა დასახული სარბენი ბილიკის სხივი და ღმერთს მაიდგა. გადმოხედა სამყაროს და დაინახა თუ როგორ გადაექცია თავისი მიწა იმ ტრფობის საგნად, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა და რომლის სურვილიც წვავდა ამდენ ხანს. მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე და სიკვდილი თანაზიარნი გამხდარიყვნენ და უკვე ყველა შიში წარსულში დაემარხა. სიკვდილის შიშიც…

            რაღა უნდა ექნა ? დრო ჭაღარაში გალეულიყო და სირბილითაც უკვე საკმარისად (ყველაზე მეტი თუ არა) ერბინა. ხედავდა თუ როგორი სხვანაირი ჩანდა სამყარო ახლა : ნათელი და სასტიკი, ისეთი, როგორსაც ეძებდა და რომლისგან გარიყვაც სურდა მუდამ. თუმცა იცოდა, რომ საკმარისი ძალა შეძენოდა სასიცოცხლოდ და გადიოდა მისი ცხოვრებაც სხვადასხვა ფერის გზებზე. ყველა გზას თავისი სიკეთე თუ ბოროტება ახლდა, გარშემო ათასი ბავშვური სიცილი თუ უსამართლო ცრემლი ეხვია. ყველაფერი დასაწყისს დაბრუნებოდა, გრძნოდა, რომ შეშლილიყო სამყაროს ყურებით. ვერ ეგუებოდა იმას, რასაც ხედავდა, თუმცა მან ხომ თავისი შეძლო ? შეძლო სამარადისო ადამიანობა, შეძლო კვლავ ახალი სუნთქვით შეხვედროდა ყოველ განთიადს. რაღა დარჩენოდა ოდესღაც კურდღლად მონათლულ გმირს ?! მან ხომ ნახა თუ როგორი იყო სამყარო ! ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ისე იარა, როგორც ადამიანს უნდა ევლო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გარდაიცვალა – მარად შეშლილი, მაგრამ სრულქმნილი. ოდესმე ხომ უნდა გარდაცვლილიყო ?

აი, ასეთი ცხოვრების გზა დასახა როჯერ უოტერსმა პინკ ფლოიდის ამ საკულტო ქმნილებაში. როგორც ჩვენს გმირს დაემართა, ასე ხდება ყოველთვის – მეორედ ვიბადებით ახალი შიშებითა თუ გრძნობებით, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერ ნეგატიურს წარსულ დღეებში ვკლავთ, ვიწყებთ თავისუფლებისკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვას, დიდ ძალას ვიძენთ და საკუთარ სარბენ ბილიკებს ვსახავთ.

თუმცა მუსიკალური ალბომი – მითუმეტეს ასეთი შედევრი, რომ მარტო კონცეფტუალურ ჭრილში განიხილო და მისი ჰარმონიული მხარე უკან გადააყენო, არ უნდა იყოს სწორი: ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, მუსიკალურად ეს ალბომი ჯგუფის უმაღლესი საფეხურია, სადაც 70-იანების პინკ ფლოიდის სტლითან ლამაზად არის შერწყმული იმდროინდელი ელექტრონული შესაძლებლობები და ფსიქოდელია, რაც საბოლოო ჯამში, პროგრესიული როკის ეტალონს გვაძლევს. ალბომში შესულია, როგორც ტიპიური სიმღერები ჩარტისთვის ასევე ექსპერიმენტულ ბგერებზე დაფუძნებული საუცხოო კომპოზიციები, თუმცა მათ საერთო ექსპრესიულობა აერთიანებთ !

Speak To Me-ს ალბომში გულისცემით შევყავართ, სადაც მოულოდნელად ნიკ მეისონის მიერ შექმნილი იმ ხმოვანი ეფექტების კოლაჟი გვხვდება, რომელიც მთელი ალბომის განმავლობაში შეგვახსენებს თავს. გულისცემას თან ახლავს ფრაზა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს გმირის სულიერ ტკივილზე, რომელმაც  სიგიჟემდე მიიყვანა იგი. სინთეზატორული გადასხვლა სიმღერაზე Breathe, პირველი ორი ტრეკის განუყოფელ ერთიანობას ქმნის და მათ პროლოგის ფუნქციას ანიჭებს. სიმღერაში დევიდ გილმორის ვოკალური პარტია ორმაგი სტილით არის ჩაწერილი, რაც პოლიფონიურ ვოკალურ ეფექტს ქმნის. რაც შეეხება ტექსტს, შემსრულებელი მიმართავს ახალშობილს და მას მომავალი ცხოვრებისთვის, დასახული გზისთვის რჩევებს აძლევს.

აი, On The Run კი მუსიკალურად ელექტრო-კულმინაციური სვლაა არა მარტო ალბომში, არამედ  საერთოდ 70-იანებში. ეფუძნება სინთეზატოს EMS-ის ჟღერადობას. აღსანიშნავია ის, რომ ასეთი მიგნება იმ დროისთვის სრულიად ახალი იყო. ტრეკი გმირის სირბილის მომასწავლებელია და ელექტრო ჟღერადობაში, ოსტინატოსა და ხმოვან ეფექტებს ერთგვარ ასტრალში, ალბომის არსში შევყავართ. ცენტრალური მონაკვეთი კი იკვრება ფრაზასთან “Live for today, gone tomorrow, that’s me, !” , რომელსაც უერთდება მანიაკალური, შეშლილი სიცილი, რაც წამიერად შიშისმომგვრელ აუარას ბადებს მსმენელში.

. On The Run სიჩუმეს ერთვის, საიდანაც საათის გამაყრუებელი ზარების ხმა შემოიჭრება და იწყება ღვთაებრივი Time. ზართა ეფექტს როჯერ უოტერსის ბას-გიტარის იმიტირებული ”წიკწიკი” მოსდევს, რაც ფონს ქმნის ნიკ მეისონის მიმზიდველი, 2-წუთიანი ბონგ-პასაჟისთვის, რომლის შემდეგაც დევიდის უხეში სტილის ვოკალი იწყებს ტექსტის წამყვან თემას. რაც შეეხება   მისამღერს, ის ერთგვარი ანტიპოდური სვლაა მთავარი თემისა და რიჩარდ რაიტის თბილი, ხავერდოვანი ხმით სრულდება. საოცარ ფონს ქმნიან ასევე ბექ-ვოკალისტი ქალები, რომლებიც რაიტის ორღანთან უნისონურ სინთეზში არიან. ტრეკის ცვალებად ხასიათს კიდევ უფრო ამყარებს გილმორის მძიმე ჟღერადობის გიტარ-სოლო. უშუალოდ ტექსტი კი  დროის ულმობელობაზე მოგვითხრობს, ჩაგვაგონებს რომ დრო მალე გადის და რადგან საზოგადოება უმოქმედოა, ჩვენ თავადვე უნდა დავსახოთ გზები და წავმართოთ საკუთარი ბედისწერა. Time-ს უერთდება Breathe-ს ორსტროფიანი რეპრიზა, რის შემდეგადაც რიკ რაიტი ფორტეპიანოსთან გადაინაცვლებს და მომდევნო მაგიური სვლისთვის გვამზადებს.

“And I am not frightened of dying, any time will do, I

don’t mind. Why should I be frightened of dying?

There’s no reason for it, you’ve gotta go sometime.”

ციტატას სინთეზატორული კადანსი ხურავს და მეისონის პარტიასთან ერთად კლერ ტორის საუცხოო, მომაჯადოებელი ”როკ-არია” შედის. . The Great Gig In The Sky. სიმღერა ნამდვილი ექსტაზია მსმენელისთვის. ბრიტანელი ქალბატონი არ ერიდება არც ერთ ბგერას, არც ერთ რეგისტრს და მომნუსხველ ატმოსფეროს ქმნის. ეს ტრეკი თითქოს, გმირის ერგვარი გოდებაა – ახალი დაბადების სიმძიმით გამოწვეული. ვოკალი ნელ-ნელა სირბილეს იძენს, ექოებში გადაინაცვლებს და ნიკ მეისონის ფრაზით ალბომის პირველი ნაწილი იხურება

“I never said I was frightened of dying.”

            მეორე ნაწილი კი საკულტო, ჩარტების დამპყრობი სიმღერით იხსნება.Money. ხურდის ჩხრიალი… სალარო აპარატზე ქვითრის მოხევის ხმა… როჯერის ”ბას-უვერტურა” . 7/4 . უცხო კომპოზიცია, გაურითმავი ტექსტით, რომელიც ერთგვარ ინსტრუმენტალურ ჯემს ეფუძნება. ვოკალზე დევიდი. ტექსტი მოგვითხრობს ფულზე, როგორც სამყაროს ერთ-ერთ სიბინძურეზე და კონცეფტუალურად ეს მთავარი ნაწილია, იმისა თუ როგორ შეიცნობს ალბომის გმირი სამყაროს დაფარულ მანკიერებებსა და სიბინძურეებს. ექსპოზიცია სრულდება და კვანძს დიკ პერის ტენორ-საქსაფონის სოლო კრავს. სოლოს განვითარება სრულდება და კულმინაცია დევიდის გიტარას ხვდება წილად.: საოცრად მიმზიდველი სოლო ორმაგი ხასიათით – დამუშავების პროცესში წყნარდება, რის შემდეგაც, ჯგუფის სხვა წევრების ინსტრუემენტებთან ერთად, საოცარ სინტეზში, უმაღლეს სტადიას აღწევს. სოლოს დასრულების შემდეგ, ერთი ვოკალური სტროფი და ფონად გაყოლილი დიალოგების მეშვეობით, ალბომი ახალ კომპოზიციაში, ლირიკულ Us And Them-ში შედის. რაიტის ნაზი ფონი ექსპოზიციას ასრულებს და კვანძს კვლავ დიკ პერი კრავს. რიკის თბილი ვოკალი, უოტერსის ტექსტს აჟღერებს, რომელიც ადამიანისა და სამყაროს გაუცხოებაზე მოგვითხრობს. ამაღელვებელი პოლიფონიური მისამღერი და ისევ სევდიანი რეპრიზა. თემა მეორედება… გამეორების შემდეგ რიკის პიანო-სოლო შესავალს უკეთებს დიკ პერის მომდევნო მომაჯადოებელ სოლოს, რომელსაც ფონად ორღანის თემა და ბექ-ვოკალი გასდევს. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეჟისორმა მიქელანჯელო ანტონიონიმ, სიმღერა თავის ფილმისთვის ”ზაბრისკი პოინტი” – რომელიც მუსიკალურად პინკ ფლოიდმა გააფორმა – დაიწუნა და როჯერ ოუტერსს უთხრა უთხრა : ”იცი, როჯერ, ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან სევდიანი; ეკლესიას მაგონებს”.) დიკ პერის სოლო ქვევით ჩამოდის და Us And Them მოულოდნელად ინსტრუმენტალ Any Colour You Like-ში გადადის. რაიტის 3 სტილის კლავიშებიანი ინსტრუმენტები და დევიდის უხეში გიტარა, ერთმანეთს მთავარი თემისთვის ეჯიბრება, რაც ჯამში საოცარ ჰარმონიასა და საუცხოო პროფესიონალურ ნაწარმოებს გვაძლევს, უმაღლესი დონის ჟღერადობით და ლირიკული სიმღერის შემდეგ, 3 წუთზე მეტ ხანს, წმინდა პროგრესივ როკ აურა იქმნება, რომელიც დევიდის კადანსით იხურება და სრულიად ახალი გიტარის თემით Brain Damage შემოდის. სიმღერა,რომელშიც როჯერისა და დევიდი ვოკალი ერთიანდება, ფონად 4 ბექ-ვოკალისტი ქალი და რაიტის კლავიში მისამღერებში. პირველი მისამღერის შემდეგ კი თავს გვახსენებს, ალბომის  დასაწყისში გამოყენებული, მანიაკალური სიცილი, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთავარი გმირი ახალი შეშლილობის გზაზეა. თემა დაუხურავად ალბომის სრულ კულმინაციას უერთდება. რაიტის კლავიშის უმაღლესი ბგერები და… Eclipse… ვოკალური თემის წამყვანი – როჯერ უოტერსი, მის პარტიას ზურგს ბექ-ვოკალისტი ლესლი დანკანი უმაგრებს. ტექსტი ერთგვარი შეჯამებაა გმირის განვლილი გზისა, რომელიც ისევე მთავრდება, როგორც დაიწყო – გულისცემა და ფრაზა შიშველ საზოგადოებას :

” There is no dark side of the moon really. Matter of fact it’s all dark.”

ცაზე ყოველთვის მთვარის ნათელ ნაწილს ვხედავთ. რა ხდება მის ბნელ  მხარეს არავინ ვიცით, ან არ გვინდა ვიცოდეთ. ასეა დედამიწაზეც: არის ხილულიცა და უხილავიც. უხილავის დანახვა კი მხოლოდ ჭეშმარიტების მაძიებელ სრულქმნილების გზაზე მდგარ ადამიანს შეუძლია. მისი ცხოვრება პრიზმაში გარდატეხილ სინათლის სხივს ჰგავს. ამ ქვეყნად ყველანი ერთ ნათებად მოვდივართ, მას შემდეგ კი, როდესაც სამყაროს შევიცნობთ და ჩვენს გონებაში რევოლუციური გადაფასება მოხდება, ჩვენი ცხოვრებაც, გარდატეხილი შუქივით, სხვადასხვა ფერის გზებს შეიძენს.

            ასე იყო 1973-ში…

            ალბათ დღესაც ასეა…

მცირედი დარედაქტირებით სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ “დრო მშვიდობისა”-ს ივლისის ნომერში.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: