ჯეოსტარის წინა ტური ანუ წყლების დაღვრა ფილარმონიასა და მის გარეთ !

 ხალხნო და ჯამაათნო, მოხდა ისეთი რამ (არ ვიცი პოზიტიური თუ ნეგატიური), რომ პირველად ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე (ოტ ი დო ! ) ვუყურე ჯეოსტარის წინა ტურს, სადაც მონაწილეები ასრულებდნენ ჟურნალ Rolling Stone-ს მიერ დასახელებულ 10 საუკეთესო სიმღერას. მოკლედ, ახლა გავკადნიერდები და ჩემს მინი რევიუს შემოგთვაზებთ ამ ტურის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი სუბიექტურია, ასე რომ ვინც წინააღმდეგები ხართ, მაგრად მოეჭიდეთ !
(more…)

მრავალნატანჯი წმინდანის მუსიკალური გამოსახულება 1973

მე-20 საუკუნე რომ ცვლილებებითა და ახალი იდეებით იყო დატვირთული, ამას მტკიცება და ბევრი არგუმენტაცია არ უნდა ჭირდებოდეს. ალბათ არც ის ფაქტი დაგვაეჭვებს და ჩაგვაგდებს საგონებელში, რომ ეს ეპოქა ადამიანის გონებრივი გადატრიალების გარდამტეხი მომენტი იყო. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო ამხელა ცნობიერების რევოლუციური გადაფასება, რომ არა ხელოვანთა დიდი მხარდაჭერა, უფრო მეტიც – მათი ამბოხი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაზიმირ მალევიჩმა ”შავი კვადრატი” შექმნა, საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთი კედლის  კუთხეში მოათავსა და, თითქოს მრავალნატანჯი წმინდანი დაეხატოს, მას ხატის ფუნქცია მიანიჭა. მას შემდეგ თითქოს საზოგადოებამ გამოფხიზლება დაიწყო და ის ის იყო, ცხოვრება ახალ ტემპს აყენებდა საკუთარ მეტრონომზე, რომ ამ დროს კარზე სიხარბითა და სისასტიკით სავსე მეორე მსოფლიო ომმა დააკაკუნა. მალევიჩის შემდეგ, ვინ მოსთვლის, რამდენს სურდა შეექმნა (ან შექმნა კიდეც) ეპოქის ხატი, მაგრამ 21-წლიანი შესვენება საკმარისი არ აღმოჩნდა.

თუმცა დასრულდა მეორე მსოფლიო ომიც და მის შემდგომმა ”მსხვრევისა” თუ ”ყვავილების” თაობამ ნამდვილ ”ხატმწერებს” მისცა დასაბამი დასავლურ სამყაროში. სწორედ ამ დროს დაიწყო საზოგადოებრივი ფასეულობების ხელახალი დაბადება.

ინგლისის კონსერვატორულმა წყობამ, რა თქმა უნდა, ძნელად იგუა ამ ახალი ტალღის დგაფუნი, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო, ისტორიულმა კუნძულმა ერთი დიდი სცენის ფუნქცია მიიღო და ამ სცენაზე ავიდნენ, აწ უკვე წამოზრდილი, ჰესეთი თუ ორუელით წაქეზებული მეორემსოფლიოომსიმწარეგადატანილი ბავშვები, რომლებმაც ახალი ”ხატების წერა” დაისახეს მიზნად.

შექმნეს კიდეც !
(more…)

ძია კენი

      ერთადერთმა და განუმეორებელმა, მსოფლიო მასშტაბის ბლანჟიანმა აფერისტმა, ზაფხულში პირველმა გვამცნო, რომ ქვეყანას Uriah Heep-ის ლეგენდარული მუსიკოსი კენ ჰენსლი ეწვეოდა და ბათუმში კონცერტს ჩაატარებდა, მაგრამ დედაქალაქში ჩამოსული როკ-ლეგენდა უყურადღებოდ იქნა მიტოვებული ბათუმის ფესტივალის ორგანიზატორების მიერ და (როგორც მოგვიანებით თავად ჰენსლიმ აღნიშნა) მუსიკოსი Locomotive Promotion-ის პრომოუტერებმა გადაარჩინეს. თუ როგორ გადაარჩინეს ამაზე ლაპარაკს არ აქვს აზრი, მაგრამ ცხადია ნამდვილმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ წარმოიჩინა თავი – სხვანაირად უბრალოდ ჩვენსკენ არც კი გამოიხედავდა მოტყუებული ბრიტანელი.

გადარჩენის შედეგი კი დაახლოებით ერთი თვის წინ გაცხადდა, როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საპრომოუტერო კომპანია Locomotive Promotion-ს ძია კენი საქართველოში ჩამოყავდა. სიმართლე გითხრათ,  ბოლოს ალბათ 1 წლის წინ მოვისმინე ჰენსლის მუსიკა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიახლე იყო და იმის გამო, რომ კარგი კონცერტისთვის ფული მქონდა გადანახული, უყოყმანოდ გადავიხადე ბილეთის საფასური. თავიდან ძალზედ მეძვირა 45 ლარი, მით უმეტეს, ჩამომპალ „რკინიგზელთა სახლში“ (ფილარმონია ჰენსლისთვის ალბათ ვერ გაიმეტეს რადგან დიდეული თემურ წიკლაური დედამიწას აჩერებდა და ჩადიოდა), მაგრამ „ვინ იცის შემდეგი ნორმალური შემსრულებელი როდის გვეწვევა“-მეთქი გავიფიქრე და გავჩუმდი. კონცერტის შემდეგ მივხვდი, რომ ბილეთის საფასურისადმი პრეტენზია აზრადაც კი არ უნდა გამევლო.
(more…)