ბესიკ ხარანაული – ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის

ბევრი დავიწყებული, არახელსაყრელი, თუმცა მაინც  ცოდვიანი თუ უცოდველი სიმართლე; სიზმრები, რომლებიც  სამყაროს სტუმრად დარჩენილებს გვინახავს მასპინძლის  სახლში და ბედითა თუ უბედობით ისე მომხდარა რომ ჩვენი  ცხოვრების ეპიგრაფებად ქცეულან .

დღეს რამდენიმე ციტატას გადავავლე თვალი იმ წიგნიდან,  რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ წავიკითხე და ის  გრძნობა დამეუფლა, რაც სწორედ მაშინ – პირველად  კითხვისას, მწერალთან ერთად რომ დავსვი ბოლო წერტილი  წიგნში და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიჯექი ოთახში  წიგნთან ერთად. ამიტომაც, ვაკოპირებ ჩემს დაახლოებით  ერთი წლის წინანდელ რეცენზიას : )

” ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის” – ეს გენიალური  ნაშრომი 2005 წელს დაასრულა სახელოვანმა ქართველმა  მწერალმა და პოეტმა ბესიკ ხარანაულმა. ეს არის წიგნი,  რომელსაც არ აქვს მთავარი სიუჟეტი მაგრამ ყოველთვის აქვს  სიუჟეტი, რომელსაც ყავს სამი მთავარი გმირი და სამი ავტორი,  თუმცა გმირიც ერთია და ავტორიც ერთია და უფრო მეტიც, –  გმირი და ავტორი ერთიდაიგივეა!  წიგნს პირობითათ  შეგვიძლია ვუწუდოთ ავტობიოგრაფიული და მითუმეტეს, რომ  უფრო პირობითად უნდა ვუწოდოთ რომანი, რადგან როგორც  თავად ბესიკი ამბობს, ის  1500 აბზაცი რომლისგანაც წიგნი  შედგება,  1500 დამოუკიდებელი ლექსია, თავიანთ ჩარჩოებში სრულიად კანონზომიერად რომ ვერ ეტევიან და ამიტომაც რთულად თუ მოერგებოდნენ ერთმანეთს. ყველა აბზაცს ინდივიდუალური გრძნობა და ემოცია სდევს. წიგნისთვის დამახასიათებელია ის მთის სითამამე და პირდაპირობა რაც ყოველთვის შეიმჩნეოდა ავტორში. დასაწყისში თავადაც აღნიშნავს რომ, როცა ქვეყნად ვაჟა-ფშაველა გყავს, მას მერე ვინღა უნდა გაბედოს, რომ მთის ჰაერით გესაუბროს და მითუმეტეს რომ თავისი წარსული ისე გაგანდოს, როგორც დიდი ხნის ერთგულ მეგობარს, თუმცა ის აუხსნელი სითავხედე რაც კალამს ახლავს, ყოველთვის გვამარცხებს საკუთარ თავთან ჭიდილში და ალბათ ესეცაა ამ წიგნის შექმნის ერთერთი მიზეზი. დასაწყისშივე წარმოსახულმა მწერლურმა თავმდაბლობამ, შესაძლოა ისეთი განცდა შეგიქმნათ, რომ ყველაფერი ეს პირობითია,მაგრამ წიგნის კითხვისას, თითოეული აბზაცი იმ უშუალობისკენ გისახავთ გზას, რომელიც საოცრად ახლობლურ ატმოსფეროს ქმნის მთელი ნაწარმოების განმავლობაში.  ამ ვრცელ სამყაროში, მხოლოდ ორნი ხართ, – შენ და ბესიკ ხარანაული. ავტორისეული ეპიკური, ლირიული რეალიზმი თითქოს შენი ცხოვრების გზას მიუყვება. ის თავის ამბავს გიყვება ისეთივე გულწრფელობით, უშუალობით, ირონიულობით, როგორიც ეს მის ცხოვრებას ახასიათებს. მწერალი კარგად გრძნობს იმას, რომ წიგნში მხოლოდ ორნი ხართ და აბსოლუტური გულწრფელობით გიყვებათ ისეთ ამბებს, რომელთა გაგონებისთანავე, ისეთი ემოცია დაგეუფლება, რომ ხან რისი გაკეთება მოგინდება და ხან რისი,  ავტორი გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენ თავადაც იყოთ მართალი თავისი სიმართლით. რაც მთვარია ამბები ჩურჩულის ენით მოდის ჩვენამდე, რაც უფრო მეტ ინტიმურ გარემოს ქმნის წიგნთან ურთიერთობისას. და თავად წიგნიც ისეთივე მარტივი და ამავდროულად რთული  საკითხავია როგორც მასში წარმოდგენილი სიმართლე.
მწერალს კარგად აქვს გაცნობიერებული ის ფაქტიც, რომ ეჭვებითა და კონტრ-ეჭვებით წამძღვარებული ცხოვრებისეული ლაბირინთი თვითცვლილების ახალ გზას სახავს. როგორც დასაწყისშივე ახსენებს ”უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრება, რომ თვითონვე დაიბადო”. მწერლის შეხვედრა და დამეგობრება თავის ბავშვობასთან, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას რომ, მომავალი დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენად გაითავისებ წარსულს.  ის გვაგრძნობინებს, რომ ეს ცხოვრებისეული ლაბირინთი, ისეთივე რთული გასაგნებია, როგორც მარტომ დედის საფლავზე რომ კლდის ქიმიდან მოწყვეტილი ლოდი დადო, და თუმცა თუ თავადვე იგრძნობ და გაითვისებ, რომ გულშემატკივრობა და თანაგრძნობა შეიძლება ერთ პატარა მთის ტვერშიც დაინახო ყველაფერი გამოვა. ”ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის” არის წიგნი რომელიც არავის არ ეკუთვნის, არც მე, არც შენ, არც დროსა და არც სივრცეს.როგორც თავად ავტორი ამბობს, ის უბრალოდ არის წიგნი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს, დილით გაღვიძებულები საკუთარ მაგიდაზე გადაშლილს აღმოვაჩენთ. და ბოლოს და ბოლოს, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი უსახელო სიზმრები და დროა ეს სიზმრები ჩვენი ცხოვრების ეპიგრაფებად დავსახოთ !

= = = = = = = = = = = 

       კატეგორიულად ვუწევ რეკომენდაციას ამ შესანიშნავ ნაშრომს და იმედი მაქვს რომ ჩემი ზემოთ ნალაპარაკევი ფუჭი არ აღმოჩნდება და თუნდაც ერთ-ერთი თქვენგანი მიანც გადაშლით და წაიკითხავთ. მანამდე კი ერთერთ ამონარიდს მოგწერთ ამ წიგნიდან: 

       “მართლაც, რა იქნებოდა, ადამიანს თვალის დახუჭვა რომ არ შეეძლოს – სხვაზე ახლობელზე, გარეთ და გვერდით მყოფზე და რაც მთვარია, საკუთარ თავზე… ეს არ ვიცოდით მე და დედაჩემმა და ეტყობა მთელი ცხოვრება სიმართლისთვის ვებრძოდით ერთმანეთს. ქალიც და კაციც სიმართლისთვის იბრძვიან, მეგობრებიც, ცაც და მიწაც, სიცოცხლეცა და სიკვდილიც… და, აი, თითქოს გადავწყვიტე, რომ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკო, კალამიც თითქოს ამისთვის ავიღე, განსაკუთრებით, მაგრამ, შესაძლოა, მხოლოდ მე ვიცი, სიმართლე თვალსა და ხელს შუა როგორ მიქრება, როგორ ვერ ვერევი, ვერ ამოვათქვამ… მთებს, ზღვას, უდაბნოს და სხვა გამორჩეულებს თავისთავად, უჩვენოდ, პათეტიკა არ ურევიათ, იმგვარად არიან აგებულნი და ასევე დარჩებიან, თუ ჩვენ სიტყვას არ დავძრავთ და კალამს არ ავიღებთ. როცა ჩვენ ვდუმვართ, – ვუქმობთ, უძრავნი ვართ; როცა ჩვენ ხელში კალამი არ გვიპყრია, – სიმართლეში ვსუფევთ, თუმცა კი, ჩვენი მიზანი, ასევე გავაგრძელოთ ცხოვრება კვლავაც მარცხით მთავრდება პირველივე სიტყვისთანავე. ყველაფერი წარმოთქმისთანავე გვიფერადდება, გვისხვაგრძნობდება. ასეთია თითქოს კაცის ცხოვრება, მისი დანაშაული ამ ცდომილებაში, თითქოს არც ურევია, და თითქოს უნდა შეგუებოდა კიდეც ამ უძლურებას, მაგრამ არა, მას მარცხი და გულის გატეხვა ურჩევნია… ლურჯი ზღვა, უკიდეგანო ცა… ეს არის სიმართლე ? … თუ ეს მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობებია ? წარმოგიდგენიათ, რა შორსა ვართ სიმართლისაგან, როდესაც გრძნობების აღწერას ვცდილობთ ? მაგრამ რისთვისღა მოგვენიჭება გამოხატვის უნარი, ხსნისათვის ? … ყოველი მიწა რომელსაც ფეხს ვადგამთ მყარი არ არის. ძნელია  ადამიანი. ხანდახან გინდება, გაშორდე, გაექცე შენს ტყავს, მაგრამ გეუბნება ეგ ტყავი, რომ იგი მხოლოდ საპყრობილე კი არ არის, უპირველესი სარკმელია საიდანაც შუქი აღწევს შენს ადამიანობაში. მზე, მთვარე, ვარსკვლავები – მისი მეშვეობით გიკავშირდებიან.ადამიანობა ძალიან ძნელია, ამიტომაცაა, რომ ყველაზე ხშირად მასზე გვიწევს თვალის დახუჭვა, თამაში და თვალთმაქცობა. ერთი მწვარე ხვედრთაგანი ადამიანისთვის დროა, – რაც არ არის არსად, მთელს სამყაროში, სადაც არ არის ადამიანი. ადამიანი რომ არ იყოს, არ იქნებოდა არც აწმყო, არც წარსული და არც მომავალი – რაც არ არის იქ, სადაც არ არის ადამიანი. იმიტომ ,რომ ადამიანი მარადისობის აქეთ ცხოვრობს, აქ დაესახლა, არ ინდომა მარადისობა და თავს დროთი შეიქცევს, რადგან რა აზრი აქვს ცარიელ სუფევას როცა მოკვდავი ხარ. ?! ჰოდა, ისიც ერთობა : წარსული, აწმყო, მომავალი – განცდილი , განცდა, განსაცდელი. დრო არც მიწის მამულებს ზომავს და არც ცის ნაკვეთებს, დრო ზომავს განცდას, გრძნობას – აწმყო ? … ერთი კაცი მეორეს რომ ქვას აწვდის და მეორე რომ იმ ქვას კედელზე აწყობს, სანამ იმ ქვას განიცდიან, – აწმყოს დრო არის, საღამო ხანს ჭამის დროს თუ გაიხსენებენ, – წარსული იქნება, ხოლო ის თუ გაარკვიეს ან ვერ გაარკვიეს ხვალ რა უნდა ქნან, – მომავალია. კლდის ქიმზე რომ შერჩება  კაცი და ფეხის მონაცვლებაც არ შეუძლია რადგან წამითაც რომ შეიცვალოს მდგომარეობა, რომ გაინძრეს ანდა ფეხი რომ მოინაცვლოს, – ღრმა უფკრულში გადავარდება და შველას ელის – მთელი ეს დრო მისთვის აწმყო დრო არის, რადგან მისი ემოციის საათის ისარმა უკვე სამი საათი განვლო. განწირულებამ თითქოს შეაჩერა დროის სვლა,  კაცს კბილებით უჭირავს აწმყო, რომ არ შეერთოს მარადისობას, არ იქცეს წარსულად მციროდენი მომავლის გავლით. მისთვის დრო განცდით იზომება; ტყვია ჩაისხა მუხლებში, კლდედ აქცია აწმყო, იმიტომ, რომ დრო მხოლოდ ადამიანისთვის არსებობს მასთან ერთად იწყება და მასთან ერთად მთავრდება. რაც შეეხება წარსულსა და და მომავალს : მომავალი მე წარსულს მაგონებს, ორივე ზურგშექცევით დგას ადამიანთან – ერთი დაბინდულ შუშაში მოსჩანს, მეორე კაშკაშა სიცარიელეში, ყოველი აწმყო იდეა წარსულში ისახება და ტოვებს ასპარეზს ადამიანის მომავალი იდეისათვის. ადამიანის არსებობის ისტორია იდეათა გამორიცხვის ისტორიაა. როცა დამთავრდება იდეათა გამორიცხვა, როცა უცხო აღარ იქნება ადამიანში, ღმერთი იხილავს თავის იდეას. დავიწყების გზა ხსოვნისკენ მიდის !  ადამიანი ადიდებული მდინარის პირას იბადება და შიშით ყოფს ფეხს წყალში, მაგრამ, ღმერთო, წინ კიდევა აქვს გასასვლელი და არ იცის რა ელოდება ! … ადამიანი, ერთიმხრივ, დამცირებულია და მეორე მხრივ, განდიდებული; სამყარო დიდია, ადამიანი ელტვის და შეერწყმის მას, სამწუხაროდ მაშინ, როცა კარგავს განსჯის უნარს დროზე და სივრცეზე. ამიტომ, შესაძლოა, გულმავიწყობით დააჯილდოვა იგი ღმერთმა : ხომ მილიარდობითაა მის მიერ ნანახი სურათი, ნაფიქრ-თხზული და განცდილი თავგადასავლები, – მაგრამ აბა, დასვით და ალაპარაკეთ, თუ სამას სამოცდახუთზე მეტი რამ გაიხსენოს. ხომ მხედავთ რომ ორ რამეზე ვიმტვრევ მეც თავს – სიმართლესა და გახსენებაზე .”

Advertisements
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ადამიანს ყოველ დილით ვესალმები… მის თვალებში ყოველთვის ღრმა სევდა ჩანს, მასთან შეხვედრა ყოველთვის რაღაც გაურკვეველ, ამოუცნობ გრძნობას მიტოვებს ♥

    Reply
    • მართლა გასახარია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანს ყოველ დილით ესალმები. შესანიშნავი მწერალია და უაღრესად საინტერესო პიროვნება

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: