“ერის ნათელი მომავალი ეკლესია-მონასტრების შენებაშია”

ერის ნათელი მომავალი ეკლესია-მონასტრების შენებაშია“ – ეს ის ფრაზაა რომელმაც უკვე საფუძვლიანად დაიკავა პირველი ადგილი ჩემი საძულველი ფრაზების ტოპ-ათეულში, ასეულსა თუ ათასეულში; ამის მიზეზი კი არც ჩემი არაეკლესიურობაა და არც იმის ფიქრი რომ რელიგიისადმი ცუდი დამოკიდებულება მაქვს ან რამე მაგდაგვარი…

ალბათ ყველა თქვენგანს მინიმუმ 10-ჯერ მაინც გაგიგიათ სიტყვათა მსგავსი კომბინაცია ნებისმიერ ტელეარხზე, ნებისმიერ დღეს, რომელსაც რომელიღაც მღვდელი დიდი სინაზითა და სათნო რეგისტრით წარმოთქვამს. რამდენჯერაც კი ასეთ რეკლამას გადავაწყდები, მით უფრო ვრწმუნდები ჰოლდენ კოფილდის სიმართლეში,  რომელიც  გვეუბნება, რომ მღვდლები ადამიანებივით არ ლაპარაკობენ, თითქოს ადამიანებზე მეტს წარმოადგენდნენ და ზევიდანაც კი დაგვყურებენ (ამის წერისას კი ის დღე გამახსენდა, როცა მღვდელს ერთერთ საკითხზე შევედავე და ამის გამო გარშემომყოფ ნათესავთა აგრესია დავიმსახურე). უბედურება კი ისაა, რომ ადამიანებს მოსწონთ კიდეც მღვდლების ასეთი რეპუტაცია. თუმცა ეს სხვა თემაა… მე ახლა იმის თაობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება რომ „მთელი ერი“ ეკლესიების მშენებლობაზეა დაგეშილი – უფრო მეტიც, ბევრისთვის ეს პრესტიჟული საქმეც კი გახდა; პირადად მაქვს ნანახი თუ როგორ ამაყობდა სუფრაზე  ერთერთი მსხვილი ტოტალიზატორების ქსელის მეპატრონე იმით, რომ ამ ანგარიშზე მთელი სამი (!) ლარი გადარიცხა (ვერ იკადრა ალბათ მაღალფასიანი ტყუილი), საიდანაც თურმე ერთი ლარი თავის სახელზე, ერთი ლარი მისი წინაპრის და დარჩენილი ლარიც შთამომავლის სახელზე გადაუნაწილებია ღმერთს ! „შენ გაიხარე, ა კაცი“ ეგრევე მიაკრეს კეთილსინდისიერ ბოხოლას თანასუფრელებმა და ვინ იცის, რამდენი მიეცა გულში მწუხარებას, რომ იგივე რამ მას არ ჰქონდა გაკეთებული.

ფაქტია რომ საზოგადოება მაინც დიდი ყურადღებით ეკიდება ამ ათობით რეკლამას და ეს საქმიანობა დღეს ისეთივე მოდადაა ქცეული, როგორც თავად ეკლესიაში სიარული და ლიტანიობაზე დაქალებთან ერთად დარჩენა. მოდა იქნება აბა რა – ეს ხომ სიკეთეა ? სიკეთეა უკვე ყოველ ნაბიჯში მშენებარე ეკლესია, რომელთა სიმრავლე მალე მღვდელთა რიცხვს გადააჭარბებს და ვინ იცის წლების მერე რა ბედი ეწევათ ამ ეკლესიებს.

არ ვიცი ამით რას ცდილობს საზოგადოება, მთავრობა თუ საპატრიარქო, მაგრამ უკვე შემაშფოთებელია (რა ევროპულად ჟღერს) ის რელიგიური ფეთიში რაც დღევანდელ საქართველოში არსებობს. ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ ქართველური დაავადებისა, რომელსაც რადიკალიზმი ქვია და ღმერთმა იცის როდის ჩაეყარა მას საფუძველი; თუ კომუნისტების დროს ეკლესიათა დანგრევით და საბჭოთა ათეიზმის შესისხლხორცებით ცხოვრობდა ხალხი, დღეს პირიქით – თავს ეკლესიათა შენებითა და წარმოსახვითი რელიგიურობით იწონებს.

მე არ ვამბობ იმას, რომ ეკლესია არაა საჭირო – ეკლესია ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რადგან მრავალი ადამიანი სულიერ კათარზისს სწორედ რომ რელიგიის წყალობით იღებს და ყველას პირადი გადასაწყვეტია თუ რა გზით დაადგება განწმენდის ამ გზას, მაგრამ დღეს სიკეთის სინონიმად, მხოლოდ რელიგიაა ქცეული და სხვა ყველაფერი მარტივად რომ ვთქვათ -იჩქმალება; კარგ და გულუხვ პიროვნებად ითვლები თუ ყოველ კვირა წირვაზე დადიხარ და  თუ ეკლესიის შესაწირში ხალხის დასანახად 100-ლარიანს ჩააგდებ, მაგრამ თუ წირვის მერე გარეთ მჯდომ მათხოვარს, რომელიც პურის ფულს გთხოვს, ლანძღვას დაუწყებ, მაგაზე ყველა თვალს დახუჭავს.

– და მაინც რაში გვჭირდება ამდენი ეკლესია ? დავიჯერო იმდენი ადამიანია საქართველოში, რომ მოცემულ ეკლესიებში ვერ გადანაწილდებიან, თანაც, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც (სულ ოდნავ უხეშად რომ ვთქვათ) ყოველი უბნის თითო კვარტალში ერთი ეკლესია მაინც დგას ? ანდაც სხვა სახით შეუძლებელია სიკეთის გამოხატვა ? მაინტერესებს გულკეთილ გადამრიცხველებს, იმაზე მაინც თუ უფიქრიათ, რომ იმ მოპოვებული თანხით, რომლითაც ეკლესიის ეზოში აგურს აგურზე დებენ, რომელიმე ბავშვთა სახლს დახმარებოდნენ ? ანდაც მოხუცთა თავშესაფარს ? ანდაც იმ ათასობით ლტოლვილისთვის გაემართათ ხელი პროდუქტით, მასიურად რომ არიან ჩასახლებულნი პატარა ქოხებში? და თუ მაინც მსგავსი პროექტების მიზანი ის არის, რომ ხალხი დადგეს ერთად სიკეთის სამსახურში, არ შეიძლება მსგავსი აქციებით, იმ მრავალ უსახლკარო ადამიანს აუშენონ საცხოვრებელი, რომელთაც ქუჩებში სძინავთ ? არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ყუთებში ჩაფლული ადამიანები.  ამ მხრივ დაინტერესებული მეცენატებიდან ერთადერთი ვინც მახსენდება პაატა ბურჭულაძე არის და მისი ფონდი „იავნანა“. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ ხელოვანისთვის, მაგრამ მარტო პაატაც ვერ აუშენებს ჭერს ათასობით ქუჩის ბინადარს. ამიტომაც ამდენი ეკლესიის შენებას, ჩემი აზრით, საშუალო დონის საცხოვრებელი კორპუსები მაინც რომ აშენდეს უსახლკარო ხალხისთვის, უკეთესი იქნება.

გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საქართველოში რელიგია ყოველთვის ერთერთი წამყვანი ფაქტორი იყო ქვეყნის ცხოვრებაში და დღესაც სურს ხალხს, რომ სწორედ ამ კუთხით გამოამჟღავნოს თავისი სიკეთე. მაშინ დავსვათ შეკითხვა: ახალი, ძვირადღირებული აგურით ნაშენები ეკლესია უფრო მეტ სიწმინდეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის, თუ ქვეყნის გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობა, რომელთა რეაბილიტაციისთვის კი არა გასახსენებლადაც კი არ იცლის ხალხი ?! ოშკი, ხანძთა, შატბერდი, პარხალი და სხვა მონასტრები, რომლებიც ჯერ კიდევ IX-X საუკუნეებში იყვნენ ქართული სამონასტრო  ცენტრები, დღეს დანგრევის პირას არიან. ბევრ მათგანს გუმბათი უკვე ჩამონგრეული აქვს, ზოგს პარაზიტი მცენარეები ჭამენ, ზოგის ბედიც ბურჯის ერთ პატარა ქვაზეა დამოკიდებული და ზოგის გარშემოც ამაყად დათარეშობენ მსხვილფეხა საქონლები. ქართული საზოგადოება კი ყურსაც არ იბერტყავს იმისთვის, რომ რამენაირად ხელახლა დაიწყოს მათი აღდგენის პროცესი (მოგეხსენებათ რამოდენიმე წლის წინ, როცა თითქმის უკვე უნდა დაწყებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქართული  პოლიტიკის დიდებული წარმომადგენლების მეშვეობით სრულიად მოულოდნელად გაუქმდა შეთანხმება თურქულ მხარესთან., რამოდენიმე დღის წინ კი მხოლოდ ოშკის რეაბილიტაციისთვის გამოიყო მცირე თანხა), ანდაც რატომ უნდა შეიბერტყოს, ახალი ეკლესია უფრო მარტივად შენდება – ერთი გადარეკვა გინდა და მორჩა – წმინდა საქმეს აკეთებ !

დასკვნის სახით რომ ვთქვათ,მიუხედავად იმისა, რომ დღეს ათეიზმიც ისეთივე  მოდური გახდა, როგორც ზეოსაოცარი რელიგიურობა, მაინც არ არსებობს ის აუცილებლობა, რომ ქვეყანა ეკლესიებით გაივსოს, რადგან ფსევდო-რელიგიური საზოგადოება იმ ტაძრებშიც კარგად ნაწილდება, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა „ვერაგ“  და სისხლადუღებულ თინეიჯერ ბიჭებს სრულიად არ სჭირდებათ „სარაზბორკე“ ადგილების მომატება – იმათაც კარგად ჯერდებიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია აითვისეს, მით უმეტეს, როგორც ზემოთ ვახსენე ყოველი უბნის თითო კვარტალში, თითო ეკლესია დგას. ასე რომ, ჯიბესქელო და ტრაბახა ბიძაკაცებო, თუ არ იცით რაში დახარჯოთ ეგ ფული და ქვეყნის ყველა რესტორანიც უკვე მოიარეთ, იქნებ გეფიქრათ იმაზე, რომ რომელიმე ნიჭიერ ახალგაზრდას შეუწყოთ ხელი კარიერის შექმნაში, რომელიმე უსახლკაროს დაეხმაროთ პატარა ბინით მაინც, ანდაც რომელიმემ ითავოთ თქვენნაირ ჯიბესქელ გარემოცვაში, რომ ვინმემ ხმა და ფული ამოიღოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, რადგან ქვეყნის ნათელი მომავალი არა ეკლესია-მონასტრების შენებაში, არამედ ერთმანეთისადმი გაწეულ სიკეთეში, წარსულის არ დავიწყებასა და ადამიანთა ერთად დგომაშია !

აი ასე მოკლედ მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა ამ საკითხზე და სრულიად არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ პოსტი შეიძლება ფათეტიკური ან პატრიოტული გამოვიდა! ფათეტიკაც მკიდია და პატრიოტიზმიც. უბრალოდ …

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. daaaaato@yahoo.ocm

     /  December 15, 2011

    ძაან კარგია, გაიხარე

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: