ეშმაკი და ღმერთისაგან მიტოვებული კაცი

ხავიერ ბარდემი

ხავიერ ბარდემი

გარეგნობით ბევრს აღიზიანებს – მახინჯ მექსიკელ მაჩოს წააგავს. მიჭყლეტილი ცხვირით და ჩაღამებული თვალებით. ზოგს არც მისი სამსახიობო ოსტატობა ხიბლავს (და ვერ ვხვდები თუ რატომ), მაგრამ ჩემთვის მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად იქცა. გარკვეულწილად უკვე განაპირობებს, რომ იმ ფილმებისადმი, სადაც ის მონაწილეობს, უკვე დადებითად განვეწყობი ხოლმე. დღესაც ორ ასეთ ფილმზე, სრულ შედევრებზე,  გეტყვით ორიოდე სიტყვას.

Read the full post »

მარი ბექაური – მატარებლის ხმა

 

 კაცის ამბავი

არავინ დამიჯერა. როცა ვთქვი, რომ კაცმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მატარებლის სადგური გააუქმეს, ყველამ გიჟად ჩამთვალა. თავიდან ვიფიქრე, პოლიციაში მივალ და ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არსებობს რაღაცები, რაღაც ისტორიები, რომლებიც თავიანთ გმირებთან ერთად კვდებიან. დღემდე მგონია, რომ სწორად მოვიქეცი…

ჩემი ამბავი ჩემს უძილობასთან ერთად დაიწყო. უფრო სწორად, ჯერ უძილობა იყო, რომელსაც მიზეზი ვერ გამოვუძებნე და რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე ცარიელ არყის ბოთლებს ტოვებდა, ხოლო შემდეგ კაცი მეზობელი სახლიდან, რომელიც ამ უძილობაში შემოიჭრა თავისი უცნაური ისტორიებით…

ზუსტად არ მახოვს, რამდენი ღამე მქონდა გათენებული. არც ის მახსოვს, რამ მომაგონა იმ შუაღამისას მაინც და მაინც ფანჯარიდან გადაყუდებულს მეფიქრა საკუთარ უიმედობაზე. მაგრამ ასე კი მოხდა და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი… ოთახებში უაზრო სიარულის შემდეგ ფანჯარა გამოვხსენი და სიგარეტს მოვუკიდე. ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე და მინდოდა მიზეზი მეპოვნა, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას. ჰოდა სწორედ ამ ფიქრებში ჩაძირულმა გავიგონე ვიღაცის ხმა.

„შენც არ გძინავს.“ – თქვა კაცმა გვერდითა სახლის ფანჯარიდან და რადგან პასუხის გაცემა დამაგვიანდა, ისევ თვითონ განაგრძო: „თითქმის ორი კვირაა ათენებ. თუ გინდა ჩემთან ერთად დაელოდე ხოლმე.“

„რას?“ – მივუგე დაბნეულმა.

„მატარებელს.“ – ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა. – „გინდა?“

ვიფიქრე, დარტყმულია-მეთქი და ფანჯარა მივხურე. მანამდეც გამეგონა მეზობლებისგან, რომ ცოტათი ვერ იყო. მე შეხება არ მქონია. სახლიდან ძალიან იშვიათად გადიოდა. ამიტომ ორი წლის განმავლობაში, სანამ იქ ვცხოვრობდი, სულ რამდენჯერმე მომეკრა თვალი.

Read the full post »

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი

festგასულ კვირას ფურცელზე ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ვცხოვრობდი, რაც თბილისის საერთაშორისო კინოს ფესტივალით იყო გამოწვეული. ფილმებიც ფესტივალის გახსნამდე 4-5 დღით ადრე ავარჩიე და ყველანაირად შევეცადე უნივერსიტეტი, სამსახური და ფესტივალი საუკეთესოდ შემეხამებინა ერთმანეთისათვის. საბოლოო ჯამში მოვახერხე 8 სრულმეტრაჟიანი და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა.

თუმცა სანამ კონკრეტულად ფილმებზე მოგიყვებოდეთ, 1-2 სიტყვას ორგანიზაციულ საკითხებს დავუთმობ; არ მესმის, ასეთი მასშტაბის ფესტივალის დროს რატომ უნდა იქმნებოდეს ისეთი პრიმიტიული პრობლემები, როგორებმაც „რუსთაველსა“ და „ამირანში“ წარმოიჩინა თავი. პირველ რიგში დასწრების საკითხი არის სახსენებელი. ხშირი იყო, როცა სეანსებზე უბილეთო მსურველთა რიგი იდგა, რასაც ორგანიზატორები იმით შველიდნენ, რომ ადგილების გავსებიდან რამდენიმე წუთში დანარჩენ ხალხს „შეყრიდნენ“ კიბეებზე. ყოველივე ამის გამო მაღალრეიტინგული ფილმების სეანსებზე გაუსაძლისი იყო დარბაზში სუნთქვა. პრობლემები შეიქმენა ასევე ბილეთებთან დაკავშირებით, როდესაც რამდენიმე ადამიანს (მათ შორის მეც) შემთხვევით მიჰყიდეს ჟიურის წევრებისთვის გამოყოფილი ბილეთი. ერთ-ერთ სეანსზე გარეგნულად ჩრდილოევროპელ მამაკაცს თავაზიანად მოვახსენე, რომ ჩემს ადგილზე იჯდა, მან კი ისეთი ამბავი ამიტეხა, მე ჟიური ვარ, აქ რა გესაქმებაო, რომ თავჩახრილი უკანა რიგში გადავბარგდი.

ცალკე უნდა ითქვას ასევე სუბტიტრებზეც. როდესაც ფრანგულ, რუმინულ, გერმანულ ფილმს უჩვენებ და ზედ რუსულ ტიტრებს ადებ, ცოტა არი იყოს და მაყურებლისთვის დამღლელი ხდება მისი ყურება. თანაც ტიტრებისთვის თვალის დევნებამ შეიძლება რომელიმე შესანიშნავ კადრზე არ მიგაქცევინოს ყურადღება, რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული თემაა. კარგი იქნება თუ ყველა ფილმი ითარგმნება ქართულ ენაზე (ინგლისურზე და რუსულზე მაინც) ან სუბტიტრები მაინც იქნება ქართული. მიუხედავად ამისა, ეს პრიმიტიული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი ამოსაძირკვია და იმედი მაქვს შემდეგ ფესტივალზე თავს აღარ შეგვახსენებენ.

რაც შეეხება ფილმებს, კინომცოდნის სტატუსით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მითუმეტეს, რომ რიგითი კინომოყვარული ვარ და მეტი არაფერი, ასე რომ ჩემი შეფასებებიც ამ კუთხით მიიღეთ:

Read the full post »

გუსტავ კურბე – ადამიანობის მხატვარი

მე-19 საუკუნის ფერწერაში დასაბამი ეძლევა სრულიად ახალი ტენდენციების განვითარებას; ამის ფესვები კი დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრე უნდა ვეძებოთ, რადგან ფრანცისკო გოიადან მოყოლებული, ყველა დიდი მხატვარი ისწრაფვის საკუთარი მკვეთრი ხელწერის შესაქმნელად, რაც შედეგად გვაძლევს ბუნებრივ, თავისთავად წარმოშობილ მცდელობებს მოხდეს ახალი თემების დამუშავება და უფრო სრულყოფილი სახე მიიღოს იმ ნოვაციებმა, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და  მომდევნო მრავალი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით ვითარდება. ამ საწყისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერი და „პრე-იმპრესიონისტული“ ხელოვნების დამაგვირგვინებელი ეტაპია ფრანგი გუსტავ კურბე.

გუსტავ კურბე 1819 წელს დაიბადა საფრანგეთში, გლეხის ოჯახში. ბავშვობა  მშობლიურ ქალაქ ორნანში გაატარა, იქვე მიიღო საშუალო განათლებაც. 1937 წელს კურბე ბეზანსონის სამხატვრო კოლეჯში გააგზავნეს, 2 წლის შემდეგ კი პარიზში წავიდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

ადრეული ასაკიდან კურბეს უყვარდა პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვა, რასაც უმეტესწილად განაპირობებდა სოფელში გატარებული წლები და ბუნებასთან ყოველდღიური კავშირი. მოგვიანებით დაიწყო ადამიანების დახატვაც. ამის მიზეზი კი ძირითადად მხატვრული ლიტერატურის სიყვარული. ის ხშირად ცდილობდა შეექმნა რომელიმე ლიტერატურული გმირის სახე,  რაც გამოწვეული იყო მისი მეგობრობით მწერლებთან, პოეტებთან, ფილოსოფოსებთან. 1840-იანი წლების ბოლოდან იწყება გუსტავ კურბეს დიდების ხანა. ამ დროისთვის მისი სურათები იძენენ სიმწვავეს და ხდებიან ეპატაჟურნი.

Read the full post »

არჩევანი

რამდენიმე საათში ჩემს პირველ პოლიტიკურ არჩევანს გავაკეთებ;

თუმცა ჯერაც არ ვიცი რა ვქნა.

არჩევანს როცა აკეთებ, რაღაც სასარგებლოსკენ უნდა გადაიხარო ხოლმე, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის დგახარ.

მე კი არ ვიცი ვის ვენდო; მწამებლებს? ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ გამძღარ კონფორმისტებს? რობინ ჰუდებს? პატარა კაცებს?  თუ მეოცნებეებს, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი საკუთარი პარტიის სასარგებლოდ შემოატრიალონ?

არ ვიცი.

და ალბათ არც მეცოდინება მანამ, სანამ ბიულეტენში, რომელიმე ნომერს არ შემოვხაზავ.

ნუ შემოხაზავ ნურცერთსო მეტყვით და მეც დაგეთანხმებოდით; სიამოვნებით არ შემოვხაზავდი არავის – დავხევდი, დავწვავდი, დავაჯვამდი ბიულეტენს და ასე ზარზეიმით მივიტანდი ყუთამდე, თუმცა ამ დამპალი რეჟიმის ხელში, ჩემი ეს ქმედება სისტემის სასარგებლოდ ჩაითვლება და ჩემს თავთანაც ვერ ვიქნები მართალი.

მე კი ხვალ მხოლოდ ერთი რამ მინდა;

მთაწმინდის პანთეონში ავიდე და იმ კაცის საფლავი ვინახულო ვისაც მართლა უყვარდა საქართველო.

2009 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი შემოქმედი დაკარგა.

„ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს : იძინე მშვიდად. ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია!”

რა ნამუსით გავიმეორო იგივე სიტყვები ხვალ ?

Read the full post »

Global East Rock Fail

* სტატია მარტში გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge (ნაწილი I / II / III)

1980 წელს,  საბჭოთა კავშირში თბილისმა ითავა პირველი როკ-ფესტივალის ჩატარება და სწორედ ჩვენი ქვეყნიდან დაადგა აღმავლობის გზას ანდერგრაუნდიდან – დიდ სცენამდე “машина времени” – საბჭოთა როკის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი. ეს მოხდა მაშინ, როცა ჩაკეტილ სსრკ-ში დევნა ხორციელდებოდა დასავლურ “წვრილბურჟუაზიულ” შეხედულებებზე, თუმცა მოხდა მშვიდობიანად და ყველაფერმა ჩაიარა წარმატებით. დღეს კი, XXI საუკუნეში, როდესაც ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ყოფილი სსრკ-ელებიც წარმატებით მართავენ ფესტივალებს უკვე მრავალი წლის განმავლობაში, პირველად გადაიდგა ნაბიჯი, რომ საქართველოს, კერძოდ კი – ბათუმს მასშტაბური როკ-ფესტივალისთვის ემასპინძლა. მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული და იმედგაცრუებული. მიუხედავად ამისა, ჩვეულებისამებრ, ფაქტს მხოლოდ წუწუნი და ბილწსიტყვაობა მოჰყვა და ქართველმა ხალხმა, მარტივად რომ ვთქვათ, შეირჩინა ეს იმეგაცრუება – მოქმედება არავინ დაიწყო! არც ჩვენმა „ბედნიერმა და თავისუფალმა მედიამ“ ამოიღო ხმა. დაზარალებულებს გვერდში არავინ ამოუდგა, თუმცა ნათქვამია “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო და რამდენიმე თვეში რეაგირების ნაბიჯი გადაიდგა. თუ რა შედეგია დღეს სახეზე, ამას მოგვიანებით იხილავთ.

 * დღეისთვის წარმოდგენილი სტატია ასახავს იმ სამარცხვინო ფაქტებს, რომლის მხილველიც ბათუმში მყოფი საზოგადოება გახდა. ის არ ითვალისწინებს ვიღაცის პირდაპირ ლანძღვასა და მიღებული შედეგის გამო კონკრეტული პირების ბრალეულობის წარმოჩინებას. მისი მიზანია ხალხს ნათლად დაანახოს ივლისში შექმნილი სიტუაცია და თავიდან დააფიქროს ისინი იმაზე თუ ვინ არის დამნაშავე და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

Read the full post »

ბეტონის სტადიონზე გადატყავებული მუხლები

რთულია წერა დაიწყო მაშინ, როცა პირველ წინადადებაშივე უნდა ახსენო სიტყვები „ჩემი ბავშვობა“, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, ამ სირთულის დაძლევა აუცილებელი ხდება ხოლმე;

ჩემს ბავშვობაში სახლის უკან ბეტონის სტადიონი იყო – დაჟანგული კარებით. იმ სტადიონზე ვიკრიბებოთ ხოლმე ყოველდღე და დაუღალავად ვთამაშობდით ფეხბურთს. სახლში, რა თქმა უნდა, მუხლებგადატყავებულები ავდიოდით – ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო,  ჩვენს ასაკზე, ხედვასა და ცხოვრებაზე ხაზგასასმელი აუცილებელი ატრიბუტი. მერე ის ბეტონის სტადიონი რომ უკიდურეს წერტილამდე გადაითხარა და ჩვენს მუხლებზეც იმატა შრამების რაოდენობამ, ვანო ზოდელავამ იკადრა და სტადიონზე ასფალტი დაგვიგო. არ გეგონოთ, რომ ეს ჩვენ წაგვადგა, – ესაო და გადათხრილი აღარაა სტადიონიო იქ „დიდი ბიჭები“ დაბინავდნენ და ჩვენი იქ სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა. გამოსავალი კი დიდებული მოვნახეთ; Read the full post »

ანესთეზია

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

** ამ პოსტში გაიგებთ, თუ რატომ ჰქვია ჩემს ბლოგს “ანესთეზირებული”
21-ე საუკუნის კულტურული შოკი, ენით აღუწერელი ემოციების ზვავი და მუსიკალური სამყაროს კედლისიქითა ხელოვნება. და თუმცა ძალზედ რთულია ისაუბრო ისეთ რამეზე, რისი აღმწერი სიტყვებიც ჯერ არ მოგვეპოვება ცოცხალსა თუ მკვდარ ენებში, მაგრამ მაინც შეუძლებელია გეყოს მოთმინება და გვერდი აუარო ხელოვნების ასეთ ნიმუშს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ ადგილს დაიკავებს მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. თავიდანვე გირჩევთ, რომ თუკი უბრალოდ ზერელე მსმენელი ხართ, ახლავე შეწყვიტოთ სტატიის კითხვა. ხოლო თუ მაინც ჯიუტად აგრძელებთ და მზად ხართ თავი ამ „შარში“ გაყოთ – წამომყევით !
Read the full post »

Beth Hart – Live At Paradiso – მუსიკა როგორც სექსი !

* პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე Lit.Ge

თითქმის უკვე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აფროამერიკელთა ნაწილმა ხელში გიტარა აიღო და ბლუზის დაკვრა დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ის მთავარი მალული სევდის გრძნობა, რაც ამ მუსიკას უფრო მეტად გამოყოფს სხვებისგან, კვლავაც უცვლელ „ატრიბუტად“ რჩება, თუმცა იმის გამო, რომ ყველაფერს განვითარება სჭირდება, ანგელოზების ქალაქის სანაპიროზე იმ შემსრულებელმა მოიკიდა ფეხი, რომელმაც ბლუზი უპირველესად ეროტიკასთან გააიგივა და უნდა ვაღიაროთ, რომ შესანიშნავად მოახერხა ამის დამტკიცება – სხვანაირად უბრალოდ არც შეეძლო !

მუსიკა როგორც სექსი – ამ მოსაზრებას ზედმიწევნით ამართლებს კალიფორნიელი ბეთ ჰარტი, რომელიც გარეგნობით სტაჟიან, მაგრამ მადისაღმძვრელ მეძავს წააგავს, თუმცა მისი სხეულის მიღმა ბავშვივით მეოცნებე მუსიკოსი იმალება; ბეთი ლოს ანჯელესის სანაპიროზე ცხოვრობს ქმართან ერთად, უყვარს ცხოველებთან თამაში, ოკეანის ტალღებისა და მასში ჩამავალი მზის ყურება, მაგრამ მის სასცენო ცხოვრებასთან ამ ფაქტებს არანაირი საქმე არ აქვთ. სასცენო ცხოვრება კი რით უნდა შეფასდეს თუ არა 2004 წლის მაისში, ამსტერდამში ჩატარებული კონცერტით, რომელიც შევიდა  2005 წელს გამოიცემულ DVD დისკში სახელწოდებით Beth Hart – Live At Paradiso. სწორედ ამ დისკით გირჩევთ ეზიაროთ ამ შესანიშნავი ქალბატონის შემოქმედებას.

Read the full post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 75 other followers